როგორ ვიფიქროთ დემოკრატიაზე

უცხოეთში მოგზაურობის შემდეგ ინტერნეტში რომ ვიქექებოდი („აბა, რა მოხდა სამშობლოში?”), ორმა ტექსტმა მიიზიდა ჩემი ყურადღება. ერთი იყო ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგი „პოლიტიკური ორთოდოქსია”, მეორე კი – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გაზეთ ასავალ-დასავალისთვის. ახლა დავწერ, რაში ვხედავ კავშირს მათ შორის, თუმცა ზაალ ანდრონიკაშვილის ნაწერს ბევრ რამეში ვეთანხმები, ივანიშვილის ინტერვიუმ კი – ვცდილობ, ზრდილობის ფარგლებში დავრჩე – უკიდურესად უარყოფითი ემოციები აღმიძრა.

ანდრონიკაშვილის ესეს ძირითადი თეზისი ისაა, რომ „საქართველოს პოლიტიკური პრობლემები (იგულისხმება დემოკრატიის არასათანადო განვითარება – გ.ნ.) დიდწილად კულტურული პრობლემებია”. სრულიად ვეთანხმები – ჩემი დაკვირვებით, საქართველოში მოაზროვნე ადამიანთა დიდი უმრავლესობაც ასე ფიქრობს. სავსებით ვეთანხმები იმასაც, რომ ამ კულტურული პრობლემის ძირითადი გამოვლენაა მონოლოგური (ანდრონიკაშვილის ტერმინით – „ორთოდოქსული”) აზროვნება, ან, უფრო მარტივად, განსხვავებული აზრის აუტანლობა.

ხსენებული ესე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც საკმაოდ წარმატებული შესრულება ინტელექტუალური სავარჯიშოსი: „შეადარეთ ქართული პოლიტიკა განვითარებული დემოკრატიების პრაქტიკას და იპოვეთ ათი განსხვავება”. თუმცა, სადავოც შეიძლება ვნახოთ. მაგალითად, დასავლური პოლიტიკური დისკურსი სულაც არ არის თავისუფალი მორალისტური ბინარული დაპირისპირებებისგან, რომელთაც ანდრონიკაშვილი ქართველებს უწუნებს. ეს სხვანაირად ვერ იქნება, რადგან ადამიანის აზროვნებაა ასე აგებული. მაგრამ ცხადია, არის განსხვავება ბინარული ოპოზიციების გამოყენებასა და მოწინააღმდეგის სრულ დემონიზაციას შორის.

ასეთი სავარჯიშოს შესრულებას აქვს ღირებულება, თუ უბრალოდ კიდევ ერთხელაც კი არ დავიწუწუნებთ, რომ „ევროპამდე ბევრი გვიკლია” (ვინ არ იცის ეს?), არამედ ვეცდებით, უფრო კონკრეტული დიაგნოზი დავსვათ და ამით თერაპიისკენ გადავდგათ ნაბიჯი.

თერაპიის გზებზე ზაალ ანდრონიკაშვილი არაფერს ამბობს. მაგრამ ვარაუდის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ის იმ პარადიგმაში აზროვნებს, რასაც ტაბულას რამდენიმე ნომრის წინ „ჰეგემონური დემოკრატიზაცია” ვუწოდე. ერთი მხრივ, ავტორი ზოგადად პოლიტიკური კულტურის პრობლემაზე მიანიშნებს, მაგრამ მისი საყვედურების კონკრეტული სამიზნე მხოლოდ მმართველი პარტიაა. რატომ? არა მგონია, ვერ ამჩნევდეს, რომ დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის შეუფერებელი ქცევა საპირისპირო ბანაკშიც შეიმჩნევა, მაგრამ იმათთან მას საქმე არა აქვს: მთავრობას მეტი მოეთხოვება. ის თუ „კარგად მოიქცევა”, დემოკრატიის სუფევაც დამყარდება.

ამას მე ვეძახი დემოკრატიულ ნორმატივიზმს: ხელისუფლება დემოკრატიულად უნდა მოიქცეს, იმიტომ რომ ასეა სწორი (ფილოსოფიურ ენაზე, იმიტომ რომ ასე მოითხოვს „კატეგორიული იმპერატივი”). განათლებული ინტელექტუალების, ანუ საზოგადოების მორალური და ინტელექტუალური ავანგარდის, ამოცანაა მთავრობა შეარცხვინოს და დასცინოს, თუ ის ამ იმპერატივის მოთხოვნებს გადაუხვევს.

მაგრამ ასეთი ინტელექტუალური ნორმატივიზმი უფრო განათლებული მონარქიის სიტუაციას შეესაბამება, ვიდრე დემოკრატიის. დემოკრატიას უფრო რეალისტური, ანუ საღი აზრის პრინციპებზე დამყარებული აზროვნება უხდება. დემოკრატია არის იქ, სადაც არსებობს სულ მცირე ორი ალტერნატული პოლიტიკური ელიტა, რომელიც თანხმდება გარკვეული თამაშის წესებზე. ამ წესების ნაწილია ის, რომ ოპონენტი არ უნდა დაამცირო, არ უნდა ეცადო მის პიროვნულ დემონიზაციას, უნდა დაუშვა, რომ შეიძლება მასაც ქვეყნის ინტერესები ამოძრავებდეს. ის „კულტურული პრობლემაც” ასე წყდება.

არცერთ განვითარებულ დემოკრატიაში ამ საბაზისო წესებს და ღირებულებებს ყველა მოთამაშე არ იზიარებს. არსებობს ჯგუფები, რომლებიც მათზე უარს ამბობენ და ფუნდამენტურ ღირებულებებს არ აღიარებენ. ისინი „მეინსტრიმის”, ანუ ძირითადი ნაკადის გარეთ არიან: მათი მარგინალიზაცია დემოკრატიული პროცესის ნაწილი და წინაპირობაა. ეს მარგინალიზაცია შეიძლება კანონით იყოს გამაგრებული (დემოკრატიებს უცდიათ კომუნისტების და ნაცისტ-ფაშისტების კანონგარეშე გამოცხადება), მაგრამ უფრო ხშირად მორალურია: მარგინალური პარტიები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ მათთან ურთიერთობა (მაგალითად, კოალიციაში შესვლა) ერთგვარი ტაბუა. მათ ფორმალურად იტანენ, მაგრამ რეალურად სისტემაში არ უშვებენ.

რაც პრაქტიკულად არც ისე ადვილი ამოცანაა: მაგალითად, როცა ავსტრიაში ნაცისტების მიმართ სიმპათიებში შემჩნეული პარტია სამთავრობო კოალიციაში აღმოჩნდა, ევროკავშირმა მთლიანად ავსტრიის „გარიყვა” სცადა. ეს ნაბიჯი, ჩემი აზრით, პროდუქტიული ვერ გამოვიდა, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ აღიარებულია „წითელი ხაზების” არსებობის, დემოკრატიული კონსენსუსის გარეთ მყოფი ჯგუფების მარგინალიზაციის საჭიროება.

თუ ჩვენში პოლიტიკური კულტურის დეფიციტზეა ლაპარაკი, „ძირითად ნაკადსა” და მარგინალურ ჯგუფებს შორის „წითელი ხაზების” არქონა მისი ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. ის პირდაპირ ებმება იმ პრობლემას, რაზეც ზაალ ანდრონიკაშვილი (სრულიად სამართლიანად) ლაპარაკობს. ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობა ემყარება რაღაც საერთო ღირებულებების და წესების აღიარებას და წინასწარ გულისხმობს იმათ გარიყვას, ვინც ლიბერალურ კონსენსუსში არ ჯდება.

აი აქ შემოდის ივანიშვილის ინტერვიუ. მისი ძირითადი აზრი გამოხატულია ოპოზიციის ლიდერის შესავალ სიტყვებში: „მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად გამოხატულია „ასავალ-დასავალის” ფურცლებზე! შეიძლება, რამდენიმე გაზეთი ვერც დავასახელო, რომელიც მსგავსი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პოზიციებითა და პრინციპულობით გამოირჩევა”.

ვისაც გაზეთი ასავალ-დასავალი ერთხელ მაინც აუღია ხელში, ალბათ აღიარებს, რომ ის არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ ზოგადად ცივილიზაციის მიღმაა. მასზე თქმა, „ფაშისტურიაო”, კომპლიმენტია. მე რომ მკითხო, მისთვის ინტერვიუს მიცემაც სირცხვილია, მაგრამ როცა დემოკრატიის დაცვის სახელით პოლიტიკაში შემოსული ლიდერი ამ გაზეთს ხაზგასმით უწონებს „ეროვნულ და სახელმწიფოებრივ პოზიციას”, მას ცალსახად გაჰყავს თავი „დემოკრატიული მეინსტრიმის” გარეთ. ამის შემდეგ ჩემთვის პირადად არავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს, რუსეთის დაკვეთით მოქმედებს თუ, უბრალოდ, ასეთია და რა ქნას. მთავარი დასკვნაა, რომ მისი მარგინალიზაციის სურვილი ადეკვატური პოზიციაა დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ადამიანისთვის: თუ მისი „დემონიზაცია” ხდება, ის მას იმსახურებს. სამწუხაროდ, ეს მარგინალურობა მასთან ასოცირებულ ძალებსაც შეეხება.

რაკი ლაპარაკია დღესდღეობით წამყვან ოპოზიციურ ფიგურაზე, გამოდის, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ვითარება ტრაგიკული ყოფილა. ამ ვითარებაში, არც ისე იოლია ჩამოვაყალიბოთ ნორმატული მოთხოვნებიც ხელისუფლების მიმართ. კი, მას მაინც უნდა ვუკიჟინოთ, პატივი სცეს ოპოზიციას, როგორც ინსტიტუტს; მაგრამ ვერ ვთხოვთ, პატივისცემა გამოხატოს რეალური ოპოზიციის ძირითადი მოთამაშის მიმართ.

კომენტარები