ამერიკის თავდაცვის ხარჯების შემცირება ყველას ეხება

0 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას 15 ტრილიონ დოლარზე მეტი ვალი აქვს. ეს თითქმის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებას უდრის. ხარჯების მკვეთრი შემცირება აუცილებელია. თუმცა, 2013 წლის თავდაცვის ხარჯების გეგმა, რომელიც გზას კონგრესისკენ მიიკვლევს, მნიშვნელოვნად თუ არ შეიცვალა, ამერიკაში ხარჯების კლების ათწლიანი ეპოქა დაიწყება. სუპერსახელმწიფოს ძლევამოსილება და საიმედოობა შეირყევა. ეს კი გავლენას მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე, იქონიებს.

როგორც ყოველ თებერვალს, ახლაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დაგეგმილი ხარჯები იმ ახალი თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისია, რომელიც 5 იანვარს გამოქვეყნდა.

ბიუჯეტის პროექტი 2013 წელს თავდაცვის ხარჯების 614 მილიარდი დოლარით შემცირებას ითვალისწინებს – მათ შორის ერაყსა და ავღანეთში. ეს – 2012 წლის შესაბამის ხარჯებთან შედარებით – 32 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია. ამას, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, 487 მილიარდი აშშ დოლარის კლება მოჰყვება.

მეტიც, თუ ერთი მხრივ, ორი პოლიტიკური პარტია კონგრესში და მეორე მხრივ, კონგრესი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდებიან ამ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე, თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 500 მილიარდი შეიძლება ჩამოეჭრას. ამრიგად, ის, რაც დღეისათვის ნახევარტრილიონიანი კლება ჩანს, 2013 წლის 1 იანვარს, შესაძლოა, ერთ ტრილიონად იქცეს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ბერკეტია ობამას ხელში, რომ წარდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებას მიაღწიოს.

თუ კონგრესი ამერიკის საბიუჯეტო კურსის შეცვლას ვერ შეძლებს, ხარჯების შემცირების ისეთ გზას კი არ დავადგებით, რომელიც უფრო მშვიდობიან სამყაროსთან მიგვიყვანს – არამედ ისეთს, უფრო მშვიდობიან სამყაროს ძირს რომ გამოუთხრის.

აი, რა შეიძლება მოხდეს; აშშ-ის არმია 72 ათასი ჯარისკაცით, მათ შორის რვა საბრძოლო ბრიგადით შემცირდება. აშშ-ის საზღვაო ძალები 20 ათასი საზღვაო ოფიცრით, მათ შორის ექვსი ბატალიონით და შვიდი საავიაციო ესკადრონით და 130 სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო ავიახომალდით შემცირდება. აშშ-ის საზღვაო ფლოტს ცხრა გემი მოაკლდება. რეზერვებიც, რასაც ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, მოიკლებს.

ეს ყველაფერი ახალ სტრატეგიას ეფუძნება. გადაწყვეტილია: ერაყსა და ავღანეთში კონფლიქტების თანდათან შენელება, შემცირებული ზომის, მაგრამ გაზრდილი ბრძოლისუნარიანობის მქონე სამხედრო ძალის შექმნა, აზიისა და ახლო აღმოსავლეთისკენ აშშ-ის ყურადღების გადანაწილება. ეს უფრო ინოვაციურ, პარტნიორულ გლობალურ ურთიერთობებზე მეტ დამოკიდებულებას ასახავს. სინამდვილეში, სტრატეგია გლობალურ რეალიებს კი არა, საკუთარი თავისთვის დაწესებულ შიდა საბიუჯეტო შეზღუდვებს ეფუძნება. შესაბამისად, ის პრობლემებით არის სავსე.

ყველაზე თვალშისაცემი პრობლემაა, რომ ერაყი და ავღანეთი უდიდეს გამოწვევებად რჩება. ერაყში შექმნილი პოლიტიკური ვაკუუმი ღრმავდება და ირანი მის შესავსებად ემზადება. სირია, პრაქტიკულად, ცეცხლის ალშია გახვეული, ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მოვლენების განვითარების გეზი გაურკვეველია. ამასობაში, რუსეთისა და ჩინეთის მიერ წახალისებული ირანი უთანხმოების შეტანას ყველგან ცდილობს, სადაც კი ხელი მიუწვდება. ამ რეგიონისადმი კრემლის დიდი ინტერესი და მასთან საქართველოს სიახლოვე – თბილისიდან ირანი უფრო ახლოა, ვიდრე სოჭი – ვითარებას საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხად აქცევს.

ავღანეთის კონფლიქტი, როგორც ყურანის რამდენიმე შემთხვევითი დაწვის საპასუხო აგრესიამ აჩვენა, მხოლოდ NATO-ს ზოგი პოლიტიკოსის გონებაში ნელდება. ბრიუსელის კორიდორებში შეიძლება იმაზე კამათი, შევძელით თუ არა ამ კონფლიქტის სათანადოდ მოგვარება ან ძალიან დიდხანს ხომ არ მოგვიწია იქ დარჩენა. ISAF-ის თითოეულმა წევრმა ავღანეთის მთებში საკმაოდ ბევრი ჩადო, რომ იქაურობა მიატოვოს და გამოვიდეს. არ გეგონოთ, ვცდებოდე – ფსონად სასიცოცხლო ინტერესი დევს და საქართველო ის ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე ახლოა ამ ბრძოლასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დასავლეთში ტერორისტების დევნაა მოდაში, ერი სახელმწიფოები აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მთავარ გამოწვევად რჩება.

ირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიდის.

სულ ახლახან, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი გაძლიერების ათწლიანი გეგმა გააცნო საზოგადოებას – 400 თანამედროვე კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტა, 28 რეაქტიული და სარაკეტო წყალქვეშა გემი, 50 საბრძოლო გემი, 600 გამანადგურებელი ავიახომალდი, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მცირე რადიუსის რაკეტები და 2,300 ახალი ტანკი. პუტინი ამ გეგმას, სავარაუდოდ, ვერ შეასრულებს. თუმცა ფაქტია – როცა ამერიკა ამცირებს, რუსეთი აძლიერებს.

რუსეთის შიდა პრობლემებმა, შესაძლოა, არმია შინვე შეაჩეროს, მაგრამ შიდა არეულობებმა, სავარაუდოა, მოსკოვს ამა თუ იმ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმისკენ უბიძგოს. რუსული ტანკები, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზეა განლაგებული, ნათელი შეხსენებაა – პუტინის რუსეთი აგრესიულ ქვეყნად რჩება.

წყნარი ოკეანის რეგიონს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აფრთხილებს, რომ ჩინეთი „ცდილობს გრძელი რადიუსის დარტყმის შესაძლებლობა განავითაროს და შექმნას ისეთი სამხედრო ძალები, რომლებიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში განლაგებას ან ოპერირებას შეძლებენ”.

ამ ეგრეთ წოდებულ მისასვლელის ან რაიონის ბლოკირების შესაძლებლობებში გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, წყალქვეშა გემები და საზღვაო ბომბდამშენი თვითმფრინავი შედის.

მოკლედ თუ ვიტყვით, როდესაც ამერიკა ამცირებს, ჩინეთი აძლიერებს – წყნარ ოკეანეში, ანუ, რეგიონში, რომელიც, ვაშინგტონის თქმით, აშშ-ის ყურადღებას ახალი ცენტრია.

სინამდვილეში, წყნარი ოკეანის რეგიონი ახლო აღმოსავლეთამდეა გადაჭიმული და უზარმაზარი, წყლით დაფარული სივრცეა. ეს სივრცე – ჰონოლულუდან იოკოჰამამდე და იოკოჰამიდან სპარსეთის ყურემდე – აშშ-ის სამხედრო ფლოტმა აშშ-ის მობილური სამხედრო ავიაციის დახმარებით უნდა აკონტროლოს. ამ უკანასკნელთ კი შემცირება ელის.

და ბოლოს, გლობალურ პარტნიორულ ურთიერთობებზე მეტად დამოკიდებულების იდეა ფუჭი წინაპირობაა. ნუ მოელით, მაგალითად, NATO-ს ევროპელი მოკავშირეებისაგან რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, რათა ამერიკის წყნარი ოკეანისაკენ ყურადღების გადატანის კომპენსირება მოხდეს. ნუ მოელით რაიმე ახალ პოლიტიკურ გამბედაობას და რუსეთისგან აგრესიულობისთვის პასუხის მოთხოვას.

ამ ტიპის უარყოფით ანალიზს ზოგისგან იმის თავგამოდებით მტკიცება მოჰყვება, რის გაკეთებასაც ამერიკა მომდევნო ათი წლის განმავლობაში გეგმავს. ბომბდამშენი ავიაციის და თერთმეტივე ავიამზიდის შენარჩუნება და ოთხი გამანადგურებლის დაყენება ესპანეთში და ზღვისპირა საბრძოლო გემებისა სინგაპურსა და ბაჰრეინში, იმ პოზიტიურ ნაბიჯებს შორისაა, რომლებსაც ახალი სტრატეგია და წარდგენილი ბიუჯეტი შეიცავს. კიბერთავდაცვაზე დაფინანსების შენარჩუნებაც ძალზე დადებითი ნაბიჯია. ზოგი იტყვის, მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ამერიკა დედამიწაზე ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოდ დარჩება.

დიახ, დარჩება, მაგრამ ეს არ არის მთავარი ფაქტორი ორი მიზეზის გამო: პირველი, როდესაც აშკარა გახდება – და უსათუოდ გახდება – რომ მსოფლიო მეტად და არა ნაკლებ საშიშ ადგილად იქცა, დაკარგული შესაძლებლობების აღდგენას მეტი დრო და თანხები დასჭირდება. მეორე, არ გვსურს ამერიკის სიძლიერეში მწარე გამოცდილებამ დაგვარწმუნოს – ამაში დარწმუნება ბრძოლის გარეშე გვირჩევნია. გვინდა, რომ ამერიკის ძალას აღვიქვამდეთ ომისა და კონფლიქტის შეკავების გზით. გვსურს, რომ ამერიკის ან ამერიკის მოკავშირეების დაზარალებაზე ფიქრიც კი ვერავინ გაბედოს. აღქმა, საერთაშორისო პოლიტიკაში, ბევრს ნიშნავს.

2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტის განხილვისას, აშშ-ის კონგრესი უნდა დაფიქრდეს, როგორ აღიქვამენ ამერიკას მომავალში მისი მეგობრები და მოწინააღმდეგეები.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები