სხვაგან არიან

რამდენიმე წლის წინ ერთ საინტერესოდ გაკეთებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, რომელიც 1945 წლის ზაფხულში აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას ეხებოდა. ფილმი საკმაოდ დეტალურად აღწერს როგორც იმ ამერიკელი ჯარისკაცების ემოციებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ ოპერაციაში, ისე ჰიროშიმას იმ მკვიდრთა განცდებს, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. მახსოვს გამიკვირდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფაქტის ამდენი მონაწილე ჯერ კიდევ ცოცხალი აღმოჩნდა, მათ შორის ის ამერიკელი ჯარისკაციც, რომელიც თვითმფრინავში უკანასკნელი შეეხო ადამიანის მიერ მტრის გასანადგურებლად გამოყენებულ პირველ ბირთვულ იარაღს.

მაგრამ ფილმი შთამბეჭდავი იყო არა იმის გამო, რომ საინტერესო ისტორიას ასახავდა, არამედ იმის გამო, რომ ცდილობდა აეხსნა, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. რამ მიიყვანა ადამიანები იქამდე, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგათ? რამ შეიძლება აიძულოს ქვეყანა, რომელიც თავისუფლების იდეალებს იცავს მთელ დედამიწაზე, მყისიერი საკვდილისთვის გაიმეტოს ათობით ათასი ადამიანი?

იაპონელები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ, ფილმში იხსენებენ საკუთარი თვალით ნანახ შემზარავ სურათებს, წამის მეათედში გამქრალ ადამიანებს, გამანადგურებელ ჰაერის ტალღას, დამწვარ სხეულებს, შავ წვიმას და სხვა. ისინი თვლიან, რომ შეუძლებელია იმის გამართლება, რაც ჰიროშიმაში მოხდა გასულ საუკუნეში. მათი აზრით, ამისთვის საჭირო არგუმენტები ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს.

თუმცა ფილმი ასევე ინტერესდება, რას ფიქრობენ ჰიროშიმას ტრაგედიაზე ის ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ ოპერაციაში. განიცდიან თუ არა ისინი სინდისის ქენჯნას იმის გამო, რაც გააკეთეს? ყველაზე საინტერესო ფილმის სწორედ ეს ნაწილია – არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ ნანობს ჩადენილს, პირიქით – ყველა მათგანი, უკვე საკმაოდ ასაკოვანი, დაჟინებით ამტკიცებს, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ამერიკელები და იაპონელები სხვადასხვა კულტურულ სივრცეში აზროვნებდნენ და, შედეგად, ერთმანეთის უბრალოდ არ ესმოდათ.

1945 წლის აგვისტოსთვის, ამერიკას იაპონიის წინააღმდეგ ომი პრაქტიკულად მოგებული ჰქონდა. ივლისის პოტსდამის შეთანხმების თანახმად, მოკავშირეები იაპონიისგან უპირობო დანებებას ითხოვდნენ. ფილმში ამერიკელი სამხედროები იხსენებენ, რომ ისინი ყოველდღე ელოდნენ იაპონიის მხრიდან კაპიტულაციაზე განცხადების გაკეთებას. მაგრამ ეს არ მოხდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამერიკულმა დაზვერვამ დაადგინა, რომ იაპონელები კაპიტულაციას იმპერატორის შეურაცხყოფად აღიქვამდნენ და ამაზე არასოდეს დათანხმდებოდნენ. შემდგომი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ამერიკამ პირობა შეცვალა და, სრულმასშტაბიანი კაპიტულაციის ნაცვლად, მხოლოდ იაპონიის სამხედრო ძალების დანებება მოითხოვა. ამ გზით, იმპერატორის ღირსება დაცული უნდა ყოფილიყო. მაგრამ იაპონიამ არც ამის შემდეგ შეწყვიტა სამხედრო მოქმედებები. გავიდა დღეები და ამერიკულმა დაზვერვამ ერთობ უცნაური ინფორმაცია მოიპოვა – ამერიკის მხრიდან პირობის შეცვლა იაპონიის სამხედრო ხელმძღვანელობამ გამოვლენილ სისუსტედ აღიქვა. რასაც მოჰყვა მოწოდება იაპონური სამხედრო შენაერთებისთვის – ებრძოლათ ბოლომდე, რადგან გამარჯვება უკვე არც ისე შორს იყო. ფილმში ამერიკელი ვეტერანები ამბობენ, რომ ამ დროს ყველა მიხვდა – იაპონელები არასოდეს გაჩერდებოდნენ და მსხვერპლი განუზომლად დიდი იქნებოდა. გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სწორედ ამის გამო მიიღეს.

არ ვიცი რამდენად ზუსტია ისტორიულ მოვლენათა ეს ქრონოლოგია, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2 მარტის განცხადებამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე პარლამენტში გამოთქმული ინიციატივის საპასუხოდ გაკეთდა, სწორედ ეს ფილმი გამახსენა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის გაადვილება ჩვენთვის მომგებიანია. ყოველი შემოსული უცხოელი ნიშნავს აქ დახარჯულ ფულს, ანუ შემოსავალს კონკრეტული ოჯახებისთვის. უკვე წლებია, ჩვენთან ბარიერების გარეშე შემოდის რუსული საქონელი, ისევე როგორც რუსული კაპიტალი, რადგან ერთიც და მეორეც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას, იქნება ეს გამოწვეული ბაზარზე იაფი და მრავალფეროვანი პროდუქციის გაჩენით თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. დამატებით რუსეთის მოქალაქეების გადაადგილებისთვის ბარიერების მოხსნა ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად სრულიად გახსნილ ურთიერთობას ვთავაზობთ რუსეთს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ „კეთილი” ქვეყანა ვართ ან შემხვედრ ნაბიჯს ველოდებით, არამედ იმიტომ, რომ ასეთი მიდგომა ჩვენთვის მომგებიანია. მომგებიანია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეორე მხრიდან საზღვარი პირწმინდად ჩაკეტილია.

და როგორ აღიქვა რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში სავიზო რეჟიმის გაუქმება? ალბათ ჩვენს სისუსტედ. კრემლმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ საქართველოს ძალიან სურს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენა; იმდენად, რომ მზად არის ეს ცალმხრივად გააკეთოს და შემდეგ დაელოდოს რუსეთის მხრიდან ანალოგიურ ნაბიჯს. და დაიწყო ის, რასაც რუსეთი ყოველთვის კარგად აკეთებს ასეთ დროს – ვაჭრობა. 2 მარტის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა შემოთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რუსეთში უვიზო რეჟიმი თბილისში რუსეთის საკონსულოს გახსნაზე თანხმობაში გაგვიცვალონ. ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ რუსეთი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში იმყოფება და ელის დროს, როდესაც საქართველოს ისე გაუჭირდება, რომ მზად იქნება ეროვნული ინტერესები „ამქვეყნიურ სიკეთეებზე” გაცვალოს – მაგალითად, უვიზო მიმოსვლაზე ან ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნაზე.

ფილმი, რომელზე საუბრითაც სტატია დავიწყე, სწორედ იმიტომ გამახსენდა, რომ ჩვენ და დღევანდელი რუსეთიც ასევე სხვადასხვა კულტურულ სივრცეში ვაზროვნებთ. და ჩვენც არ გვესმის ერთმანეთის. უფრო სწორად, ჩვენ გვესმის რუსეთის, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ იმავე საბჭოთა იმპერიული სივრცის ნაწილი ვიყავით. მაგრამ რუსეთს არ ესმის ჩვენი, რადგან სხვა სამყაროში ჩარჩა. სამყაროში, სადაც არ ესმით, რომ ბაზრის ჩაკეტვით პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებს აზარალებ; სადაც სჯერათ, რომ NATO-ს წევრი მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხეს წარმოადგენს; და სადაც იმედი აქვთ, რომ უვიზო მიმოსვლა შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიებში გაუცვალონ.

მოკლედ, სხვაგან არიან.

 

კომენტარები