სოფლის ცხოვრება

0 კომენტარი

ძალიან არ მომწონს, როგორ იწყება და სად მიემართება ჩვენი საპარლამენტო საარჩევნო კამპანია.

ზოგადად, არ მომწონს ჩვენი ოპოზიციის ინტელექტუალური უსუსურობა და ირაციონალიზმი; უუნარობა, მკაფიოდ დაინახოს და შეაფასოს რეალობა; ძველი სტერეოტიპებითა და შტამპებით ოპერირება; მისი საბჭოთა, ბოდიში და, პოლიტიკური კულტურა; მისი დესტრუქციული შემართება...

არ მომწონს, რომ ასეთი ოპოზიციის ხელში პოზიცია მოდუნებული და ზედმეტად თვითდაჯერებულია; რომ პოპულიზმი ხშირად გასდის, რადგან იმათთან, ვინც მეორე აბზაცში მოყვანილ აღწერას ექვემდებარება, კონკურენცია ძალიან ადვილია.

ზოგად პრობლემებზე წუწუნს სიამოვნებით გავაგრძელებდი და იმასაც დავამატებდი, რომ ეს მთელ ოპოზიციას (მადლობა ღმერთს!) და მთელ პოზიციას (მადლობა ღმერთს!) არ ეხება, მაგრამ კონკრეტულ რაღაცაზე, რაც ამ კამპანიაში არ მომწონს, მინდა დავწერო.

არ მომწონს ის, რომ ისევ აქტუალური გახდა სოფლის მეურნეობის “აღორძინების” თემა, რომელსაც ვერც ოპოზიცია ვერაფრით შეეშვა და ვერც პოზიცია.

მეც და სხვებს აქაც ბევრჯერ დაგვიწერია და ისედაც ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობა, როგორც საქართველოს ეკონომიკის ნაწილი, უკანასკნელი თუ არა, ერთ-ერთი ბოლო საბჭოთა გადმონაშთია, რაც საქართველოს იმ ავადსახსენებელი წლებიდან შემორჩა.

ამ დარგში არსებულ საწარმოთა აბსოლუტური უმრავლესობა გლეხური, ოჯახური მეურნეობებია, რომლებიც თავისი სიმცირის გამო – და იმის გამო, რომ ჩამორჩენილ ტექნოლოგიებს იყენებენ – კატასტროფულად არაეფექტურია. სოფლად ცხოვრობს მთელი მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ ნაკლები და აწარმოებს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8%-ზე ოდნავ მეტს.

რაც მთავარია, ეკონომიკის ამ ნაწილის მკვეთრი ზრდა (აღორძინება!) პრაქტიკულად შეუძლებელია. ზრდას სჭირდება პირველ რიგში აგროსაწარმოები ბევრი მიწით, რომელიც საქართველოში არ გვაქვს. უფრო სწორად, გვაქვს, ოღონდ ამ მიწაზე ბევრი ხალხი ცხოვრობს. სოფლად მცხოვრებ დაახლოებით 700 ათას ოჯახზე მოდის დამუშავებისთვის ვარგისი 700-ვე ათასი ჰექტარი მიწა. ანუ თითო ოჯახზე თითო ჰექტარი.

ამ პირობებში აგრომეურნეობების გამსხვილება რომ დაიწყოს (რაც მოდერნიზაციის აუცილებელი პირობაა), მილიონამდე ადამიანი საცხოვრებლად უნდა გადმოვიდეს ქალაქებში. ეს თუ ბუნებრივად მოხდა (და აუცილებლად მოხდება, რამეთუ ეკონომიკის ზრდას უპირობოდ სოფლად მცხოვრებთა რაოდენობის კლება მოჰყვება), ამ “დიდ გადასახლებაში” მონაწილე ადამიანებს (მათი უმრავლესობა ჯერ არც კი დაბადებულა) საკმარისი დრო (10-დან 30 წლამდე) ექნებათ ადაპტაციისთვის, ქალაქში (არა სოფლის მეურნეობაში) დასაქმებისთვის საჭირო განათლების მიღებისთვის და ა.შ.. თუკი ამ პროცესს ხელოვნურად დავაჩქარებთ, “დიდი გადასახლება” მალე მოხდება, მაგრამ იქნება მოუმზადებელი და ეს ადამიანები შეემატებიან ქალაქში მცხოვრებ უმუშევართა რიცხვს.

რაც ზემოთ დავწერე, სინამდვილეში, პრობლემის ცოტა არ იყოს გამარტივებული აღწერაა. მას ბევრი ნიუანსი აქვს, მაგრამ ზოგადად ეს აღწერა სწორი უნდა იყოს.

ჩვენი პოლიტიკოსები პრობლემის მოგვარების (ან, თუ გნებავთ, მენეჯმენტის) ორ გზას გვთავაზობენ: ერთს მთავრობა (პრეზიდენტი სააკაშვილი) და მეორეს ოპოზიცია (პრეტენდენტი ივანიშვილი). აქვე დავძენ, რომ ივანიშვილი აქ უფრო ოპოზიციის კრებითი სახეა – საბოლოო ჯამში, ყოველი ჩვენი “მეოცნებე” თუ “არა-მეოცნებე” სოფლის მეურნეობის საკითხში ერთ აზრზეა.

მთავრობის პროგრამა, მოკლედ რომ აღვწეროთ, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი ურბანული ცენტრების შექმნა და გაფართოებაა: მექანიზაციის ბაზები, პროფესიული გადამზადების ცენტრები, ლაზიკა ბოლოს და ბოლოს.

ოპოზიცია გვთავაზობს სუბსიდიებს, ე.წ. იაფ კრედიტებს (რაც იგივე სუბსიდიაა) და რაღაც გაუგებარ (მარქსისტულ?) გეგმებს, რომლის მიხედვითაც “გლეხური მეურნეობის მცირე მოცულობის ინდივიდუალური სასაქონლო ნაშთები”(!) უნდა “გამსხვილდეს”(!) და “წინასავაჭრო დამუშავების შემდეგ”(!) ქალაქის მომხმარებელს უნდა მიეწოდოს (იხ. ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი).

პირველი პროგრამა გამიზნულია იმისკენ, რომ სოფლის მცხოვრებს ცოტათი მაინც გაუადვილდეს საკუთარი, თუნდაც მცირე, აგრობიზნესის წარმოება და ქალაქში გარდაუვალ მიგრაციას მომზადებული შეხვდეს. მეორე – იმისკენ, რომ გლეხი (არ უნდა გადავეჩვიოთ ამ სიტყვას?!) ისევ გლეხადვე დარჩეს, იმავე სოფელში, მთავრობის დახმარების იმავე იმედად.

ვინც ამ ჟურნალს კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ მე პირადად მთავრობის მიერ ვინმეს მომავალზე ზრუნვის ზოგადად წინააღმდეგი ვარ. მაგრამ, თუკი სხვა გზა არ არის – სოფლად ელექტორატის დიდი ნაწილი ცხოვრობს, ხოლო ნებისმიერ პოლიტიკოსს არჩევნები აქვს მოსაგები – მომავალზე ისეთი ზრუნვა მირჩევნია, რომელიც განვითარებას ცდილობს და არა კონსერვაციას. არ მგონია, რომ ნამდვილი ქართული ოცნება საქართველოს ჩამორჩენილ აგრარულ ქვეყნად გადაქცევა იყოს!

ჰოდა, რატომ არ მომწონს სოფლის მეურნეობის “აღორძინების” მთელი ეს დისკურსი? იმიტომ, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ თუ არ დაღუპა სოფლის მეურნეობა და ეკონომიკა მთლიანად, ასეთი ოპონენტების ხელში ბოლოს და ბოლოს აუცილებლად დაღუპავს, რადგან იძულებული იქნება ოპოზიციის უპასუხისმგებლო პოპულიზმს საკუთარი პოპულიზმი დაუპირისპიროს. მე კი არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეკონომიკური წინსვლის ბურჯი ჭოპორტის პამიდორია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები