გააღეთ, ხალხია!

განმარტებითი ლექსიკონი:

სტადიონი: ადგილი, სადაც იმართება სხვადასხვა სპორტული და მუსიკალური ღონისძიებები. ხანდახან მიტინგებიც.

გულშემატკივარი: ადამიანი, რომელსაც აქვს ბილეთი და, შესაბამისად, ზემოხსენებულ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი და სრული უფლება.

ბილეთი: ოფიციალური საშვი, რომელშიც გულშემატკივარი ფულს იხდის და რამდენიმე საათით ხდება კონკრეტული ადგილის მეპატრონე (რუსეთთან შეხვედრისას ბილეთები დანომრილი არ იყო, იმიტომ რომ არ იყო დანომრილი სკამები, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში).

ჭიშკარი: სტადიონის გარედან შიგნით მოხვედრის ერთადერთი საშუალება. მას ყველგან აღებენ, როცა სტადიონზე რაიმე ხდება. უნდა გაიღოს ყველა, თან ბოლომდე.

ორგანიზატორი მხარე: (სპორტული ფედერაცია, დაცვა, სტიუარდები): ორგანიზატორი ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხოება და ვიზიტორებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა.

სტადიონის გახმოვანება: მატჩამდე, შესვენებაზე და მატჩის შემდეგ კარგად უნდა ისმოდეს მუსიკა. საჭირო დროს ასევე მკაფიოდ უნდა ისმოდეს ჰიმნები და გამომცხადებლის ხმა.

და თხოვნა: ოცი წელიწადი მიილია და ამ პუნქტების შესრულებას არ დაადგა საშველი. იქნებ დაიზეპიროს ყველამ, ვისაც ეხება. როგორც ლექსი. სულ რამდენიმე კუპლეტი გამოვა.

17 მარტს რაგბიზე წავედი. მიუხედავად არაადამიანური სიცივისა, წავედი ადრე, რომ მშვიდად შევსულიყავი. თამაში სამზე იწყებოდა და სამის ნახევარზე დიდი ჯგუფი პატიოსნად მივადექით სტადიონის პირველ ჭიშკარს, რომელიც ზუსტად ისე იყო შეღებული, როგორც ჩაბნელებულ საქართველოში აღებდნენ სანთლიან-ეჭვიანი მასპინძლები. ამ მიკროსკოპული სივრცის გადასალახად ერთი მხრიდან დაახლოებით ასი გულშემატკივარი იდგა, ბილეთებს იქნევდა და აქა-იქ უკვე გინებაც ისმოდა. მეორე მხარეს კი ათამდე ფორმიანი ადამიანი იყო გამაგრებული და ცდილობდა... ოდნავ შეღებულ ჭიშკარში არავინ შესულიყო.

კარგი.

მომდევნო კარი სულაც დაკეტილი დაგვხვდა. იმის შემდეგიც. იქ ვიკითხეთ, რატომ არ გვიშვებდნენ. ერთმა მხრები აიჩეჩა და მიიხედა, მეორემ ადგილები არ არისო, მესამემ შემდეგ შესასვლელთან მიდითო.

კარგი.

შემდეგ შესასვლელთან უკვე ორასი კაცი იდგა და მაგინებლები სჭარბობდნენ ბილეთის მქნეველებს. პერიოდულად განწირული კივილიც ისმოდა. ვიღაც ყვიროდა, რომ ჟურნალისტია და აკრედიტაცია აქვს. ამას განსაკუთრებით აღარ უშვებდნენ. მეორე მხრიდან კვლავ მოგვიწოდეს, ცოტაც გაგვესეირნა.

კარგი.

მომდევნო ჭიშკარიც დაკეტილი დაგვხდა და იმის მერე კი უკვე დიდგორის ბრძოლა იყო გაჩაღებული. აქეთ ხუთასი ვერაგი დამპყრობელი და იქით ასჯერ ნაკლები ვაჟკაცი მამულიშვილი, რომლებიც გოჯ მიწას არ უთმობდნენ მომხვდურთ. ლექსიკა გაცილებით დამძიმებული გახლდათ პირველ ჭიშკართან (გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და დავარქვათ ბარიერი) შედარებით.

კარგი? კარგი.

აქ უკვე სტრატეგიაზე ჩავფიქრდით. ხმლები ვიშიშვლოთ და მტერს ვეკვეთოთ? თუ უკან დავიხიოთ და ზურგიდან შემოვუაროთ? კი, მაგრამ დრო გადის, თამაში იწყება. რამდენიმე დაკეტილი კარის და უმძაფრესი ლოკალური შერკინების შემდეგ დავლანდეთ ოდნავ ფართოდ გაღებული ჭიშკარი, სადაც შეტევაში მყოფ ქომაგებს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ მოპოვებული. წინ, ქართველნო! გავეცი ბრძანება და გადამწყვეტი იერიშიც დაიწყო. შევარდით. შევარდით ისე, რომ ბილეთი არც გვიჩვენებია!

კარგი.

იქ, შიგნით სიურპრიზი დაგვხვდა – ყველგან, სადაც გვითხრეს, ადგილი არ არისო, ბევრი ადგილი იყო. თურმე ხუმრობა ყოფილა ყველაფერი, თურმე ორგანიზატორებმა კაცურად შეგვახურეს, რომ უკეთესად გვეგულშემატკივრა. ყოჩაღ. რა ჯობია, როცა გგონია, რომ გექცევიან როგორც უბრალოდ ნახირს და არკვევ, რომ თან დაგცინიან. გონებაში შეურაცხყოფათა დახარისხებაში ვიყავით, როცა გაირკვა, რომ თურმე ჰიმნები დაიწყო. ჩამიჩუმი არ ისმოდა, უბრალოდ, რაღაცნაირად გაირკვა. ვერცერთი ჰიმნის ვერცერთი ნოტი ვერ გავიგეთ, ვერც შემდეგ გავიგეთ შემადგენლობები, ვერც შემდეგ ლელოების ავტორები. ვერაფერი. ჭიშკრების არ იყოს, დიქტორიც ფიქცია ყოფილა – იყო, რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ არავის ესმოდა.

კარგი რა!

 

 

 

კომენტარები