კორუფცია – რეალობა და პერსპექტივა

0 კომენტარი

საქართველოში კორუფციის აღმოფხვრაზე ბევრს საუბრობენ – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, კონფერენციებსა და სემინარებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა თუ სპეციალურად ამ საკითხისადმი მიძღვნილ წიგნებში. ყველა აღიარებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველომ უკანასკნელ წლებში ექსტრაორდინარულ შედეგებს მიაღწია. ხოლო თუ გავითვალისწინებთ რა ფონზე მოხდა რეფორმების გატარება (კორუფციული თვალსაზრისით პრაქტიკულად სულით ხორცამდე გარყვნილი სახელმწიფო აპარატი, პლუს შავი სამყაროს უპირობო ბატონობა საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტზე), შეიძლება ითქვას, რომ პატარა სასწაულის მომსწრე გავხდით. ალბათ სწორედ ამით აიხსნება არაერთი ქვეყნის მთავრობისა თუ ავტორიტეტული ინსტიტუტის დაინტერესება ჩვენი რეფორმებით.

რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო ბანკმა გამოსცა საკმაოდ თხელტანიანი წიგნი სახელწოდებით „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა”. წიგნის მიზანია, გასაგებ ენაზე აღწეროს იმ რამდენიმე რეფორმის არსი, რომლებსაც, წიგნის ავტორების აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. მოკლედ გააანალიზოს რამდენად შეუქცევადია მიღწეული შედეგები და განსაზღვროს შესაძლებელია თუ არა კორუფციასთან ბრძოლის ანალოგიური მიდგომების სხვა ქვეყნებში გამოყენება.

მსოფლიო ბანკის ამ გამოცემაში ყურადღებაა დათმობილი საპატრულო პოლიციის შექმნაზე, საგადასახადო და საბაჟო სისტემების პრაქტიკულად ხელახლა აწყობაზე, ათასგვარი რეგულაციების გაუქმებით მიღწეულ ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე, ენერგეტიკაში გატარებულ რეფორმებზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შექმნაზე, მუნიციპალური სამსახურების დეცენტრალიზაციასა და სამოქალაქო და საჯარო რეესტრების მუშაობის ეფექტურობის გაზრდაზე. წიგნი ისეა შედგენილი, რომ თითოეულ სფეროზე საუბრისას, ჯერ აღწერილია 2003 წლამდე არსებული მდგომარეობა, შემდეგ მოთხრობილია რა ტიპის რეფორმები გაატარა ქვეყანამ და ბოლოს ჩამოთვლილია მიღწეული შედეგები.

ამ გამოცემაში განსაკუთრებით საყურადღებოა მსოფლიო ბანკის მკვლევრების მიერ დასმული რამდენიმე კითხვა და მათ მიერვე მოწოდებული პასუხები.

ზოგადად კორუფციასთან ბრძოლა არ არის უცხო არცერთი სახელმწიფოსთვის. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნები ბრძოლის პროცესში განსხვავებულ გზებს მიმართავენ და სხვადასხვა ოდენობის რესურსებს ხარჯავენ. შედეგებიც განსხვავებულია. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ნაკლები საბიუჯეტო დანახარჯების ფონზე პრაქტიკულად თავისუფალი არიან კორუფციისგან, ისევე როგორც ქვეყნები, რომლებიც ბევრი ფულის ხარჯვის მიუხედავად, ვერ ახერხებენ საგრძნობი შედეგების მიღწევას. ამიტომ, ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, რომელიც მსოფლიო ბანკის ამ გამოცემაშია დასმული, ესაა – რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს ასეთი წარმატება? პასუხი არ არის ერთგვაროვანი და ჩამონათვალს შეიცავს. მათ შორის, ჩემი აზრით, ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

პირველი – სახელმწიფოს ფუნქციების შეზღუდვა. საქართველოს საბჭოთა დროიდან გადმოჰყვა ტრადიცია, რომელიც გულისხმობს, რომ მოქალაქეთა ნებისმიერი პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. საბჭოთა სოციალისტური სისტემა უარყოფდა კერძო საკუთრებას და ინდივიდუალურ ინიციატივას. შედეგად, ადამიანები ნებისმიერი საკითხის მოგვარების პროცესში მთავრობის წყალობაზე იყვნენ დამოკიდებული, იქნებოდა ეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა თუ ე.წ. გასტრონომში შეძენილი სოსისის საკვების უსაფრთხოების დაცვა. ტრადიცია ბუნებრივად გაგრძელდა პოსტსაბჭოთა პერიოდში. მეტიც, 90-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში სპეციალურად იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც უნდა „ეზრუნათ” ჩვენს, მოქალაქეთა, კეთილდღეობაზე. თუმცა, სინამდვილეში, პრაქტიკულად ასეთი უწყებები დაკავებული იყვნენ მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით. გჭირდებოდა რაიმე სახის ნებართვა, ლიცენზია, სავალდებულო სერტიფიკატი, რეგისტრაცია თუ სხვა? – უნდა მიგეცა ქრთამი. ცხადია, სისტემა არ მუშაობდა და ვერც იმუშავებდა. მსოფლიო ბანკის მკვლევრები კორუფციასთან ბრძოლაში წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად სწორედ სახელმწიფოსთვის ასეთი ტიპის, ზედმეტი ფუნქციების ჩამოშორებას ასახელებენ. ფორმულა უმარტივესია – თუ მოქალაქე თავისუფალია არჩევანში და პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე, მას არ სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან პატრონობა ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე, აღარ არის საჭირო ათასგვარი სახელმწიფო სტრუქტურები, მცირდება მოქალაქესა და სახელმწიფო ბიუროკრატიას შორის კონტაქტების რაოდენობა, რასაც ავტომატურად მივყავართ შესაძლო კორუფციული გარიგებების რაოდენობის შემცირებისკენ. ამის დაწერა და გააზრება არც ისე რთულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომამ თვალსაჩინო შედეგები მოიტანა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მას ნეგატიურად შეხვდა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც რეფორმამდელი სახელმწიფო სისტემის ნაწილი იყვნენ და კორუფციული სქემებით იკვებებოდნენ. არამედ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ კვლავაც საბჭოთა სამყაროში აგრძელებს ცხოვრებას; ცხოვრებას, რომელიც მზრუნველი სახელმწიფოს/მთავრობის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ.

წარმატების განმაპირობებელი მეორე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხელისუფლებაში მყოფი ძალის ძლიერი პოლიტიკური ნებაა. მსოფლიო ბანკის აღნიშნული გამოცემის ავტორები სწორედ ამ ფაქტორს აყენებენ პირველ ადგილას. ძლიერი პოლიტიკური ნებისა და ამომრჩევლებისგან მინიჭებული მანდატის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მტკივნეული რეფორმების წამოწყება და ბოლომდე მიყვანა. სწორედ ამ ფაქტორის არარსებობა წარმოადგენს უმთავრეს მიზეზს იმისა, თუ რატომ არ არის კორუფციასთან ბრძოლა ეფექტური არაერთ ქვეყანაში, მათ შორის – დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშიც.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ამ გამოცემაში ისმის, ალბათ მიღწეული შედეგების შეუქცევად ხასიათს უკავშირდება. რამდენად მაღალია ალბათობა, რომ საქართველოში კორუფცია კვლავ არ მოიკიდებს ფეხს? რამდენად მდგრადია ახლადშექმნილი სისტემა, რომელმაც კორუფცია პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულამდე დაიყვანა?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას მსოფლიო ბანკის მკვლევრები საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზს” იშველიებენ. აღნიშნული ანალიზის მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებების მიუხედავად, ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემა არ არის მდგრადი, რადგან არ ემყარება შესაბამის ინსტიტუტებს. გარკვეული ინსტიტუტები კი, როგორებიცაა მაგალითად მედია, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ჯერ კიდევ განვითარების დაბალ სტადიაზეა და, სუსტი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პირობებში, ვერ უზრუნველყოფენ ერთგვარი მაკონტროლებელი ფუნქციის ადეკვატურად შესრულებას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღევანდელ საქართველოში ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი აღმასრულებელი ხელისუფლებაა. რადგან არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება, სწორედ ის უზრუნველყოფს კორუფციის დაბალ დონეს. გარკვეული ინსტიტუტების გაძლიერება ალბათ შესაძლებელია ხელოვნურად, სახელმწიფოს ჩარევით და კანონმდებლობის შეცვლით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანტიკორუფციულ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, საბოლოო ჯამში, მაინც ძლიერი და აქტიური სამოქალაქო სექტორია. მის განვითარებას კი დიდი დრო და ეკონომიკური ზრდის გარკვეული ნიშნულის გადალახვა სჭირდება. და ამ პროცესის დაჩქარება ხელოვნურად შეუძლებელია. ერთადერთი გზა კვლავ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები