რა ღირს ოპიუმი ხალხისთვის?

ხელისუფლების ინიციატივა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, სიახლეს არ წარმოადგენს. ცნობილია 1990-იან წლებში რამდენიმე ნობელის პრიზის მფლობელი ეკონომისტის ინიცირებული მიმართვა, ამერიკის პრეზიდენტს დაესრულებინა „ნარკოტიკებთან ომის” 20-წლიანი პროგრამა, რომელმაც ძირითადად ნარკოტიკების გამსაღებელთა გაძლიერება, უზარმაზარი მაფიის შექმნა და ასობით მილიარდობით დოლარის გადაყრა განაპირობა. ზუსტად ასევე მოხდა, როდესაც 1920-იან წლებში იმავე ქვეყანაში „მშრალი კანონი” შემოიღეს – ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, იატაკქვეშა წარმოება, უმაღლესი ფასები, მაფიის გაძლიერება, უამრავი მსხვერპლი – ასეთი იყო შედეგები. ასე დამთავრდება ნებისმიერი მთავრობის მცდელობა, ამ გზით გადაჭრას პრობლემები.

ამიტომაც, მისასალმებელი იყო, რომ ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ადამიანის პირად პასუხისმგებლობაზე – ვინ, თუ არა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გვერდით მდგომზე, მეზობელზე, უბნელზე, მეგობარზე, ნათესავზე და ძმაზე?

თუმცა ეს წერილი არც ჰეროინს ეხება და არც მარიხუანას, არამედ პოლიტიკურ ნარკოტიკებს, რომელსაც პოლიტიკოსები ხშირად ურიგებენ ამომრჩევლებს. ვისაც ილფის და პეტროვის წიგნი არ წაუკითხავს, მაგრამ ფილმი მაინც უნახავს, მიხვდება, რომ მასში გამოყენებული ფრაზა ოპიუმის შესახებ, შემთხვევითობას არ წარმოადგენდა. პოლიტიკოსები მრავალი საუკუნეა აბრიყვებენ მოსახლეობას. წელს საქართველოში არჩევნებს ველოდებით და ასეთ მოვლენას ბევრს უნდა ველოდოთ.

გვარს არ დავასახელებ (არ ღირს მხოლოდ მას დავაბრალოთ ეს) და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ამას წინათ გვამცნობდა: „მთავრობამ მოსახლეობა სოციალურად გააღარიბა”. ეს, ფრაზა, რომელიც ბევრი გაუთვითცნობიერებელი ამომრჩევლისთვის უმტკივნეულო და, სამაგიეროდ, „გულის მომფხანი” ემოციური წამოძახილია, უფრო საშიშ ნარკოტიკს წარმოადგენს, ვიდრე თვით ჰეროინი ან ოპიუმი.

ჯერ ერთი, სრული აბსურდია და გაბრაზებული და უგონო პოლიტიკური ბოდვის ელემენტია სიტყვათა კომბინაცია „სოციალური გაღარიბება”. სიტყვა სოციალური ნიშნავს საზოგადოებრივს (სხვა არაფერს) და ადამიანი საზოგადოებრივად ვერ გაღარიბდება, არამედ მხოლოდ პირადად მოახერხებს ამას.

მეორე, როგორ გაყალბებულადაც უნდა მივიჩნიოთ ქართული სტატისტიკა, ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში (ანუ ბოლო 8 წელიწადში), მაგალითად: ა) ხელფასები 4-ჯერ გაიზარდა; ბ) საბანკო ანაბრების მოცულობა 7-ჯერ; გ) ავტომობილების რაოდენობა 4-ჯერ; დ) საერთაშორისო ვაჭრობა 5-ჯერ და კიდევ ბევრი სხვა ობიექტური, ადვილად დასანახი ცვლილებაა. შესაბამისად, ეს გამოთქმა იმ შემთხვევაშიც ტყუილი და სისულელეა, თუ მას სიტყვა „სოციალურს” მოვაშორებთ. გამორიცხულია აქ ჩამოთვლილი ცვლილებები ადამიანების საყოველთაო გაღარიბების ფონზე ხდებოდეს, ტენდენცია მკვეთრად დადებითია. თუმცა ეს სისულელე ამ პოლიტიკოსს შესაძლებელია უბრალოდ უცოდინრობაში ჩავუთვალოთ ან არაინფორმირებულობაში. გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ინფორმირებული იქნებოდა, ამ სისულელეს აღარ იტყოდა.

მესამე, ანუ რატომ არ მჯერა, რომ ეს პოლიტიკოსი ამ სისულელეს აღარ იტყოდა, თუ მას სწორი ინფორმაცია ექნებოდა. თვითონ ეს მიდგომა, რომ მთავრობას შეუძლია ქვეყანა, ხალხი და ადამიანები გააღარიბოს ან გაამდიდროს, ეკონომიკის არასწორი და პოლიტიზებული ხედვიდან მოდის. უნდა გაეგებოდეს თუ არა ამდენი პოლიტიკოსს, მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ ელემენტარული სტატისტიკა ხომ უნდა იცოდეს?

რაც ამ ფრაზაში ყველაზე პრობლემატურია – სახელმწიფოსთვის ზედმეტი ფუნქციების/პასუხისმგებლობის გადაცემის აშკარა მცდელობაა. ახლა ასეთი შეგონების მერე, რაც ამ ფრაზაში გამოიხატება, ძალიან ძნელია ადამიანები დაარწმუნო, რომ მათი გამოკვება, განათლება, სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად პატრონობა, მთავრობის საქმე კი არა, მათი პირადი პასუხისმგებლობაა. დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება ცდილობდეს მხოლოდ იმდენი პასუხისმგებლობა აიღოს, რასაც ზიდავს – პრაგმატული აზრიდან გამომდინარე – მას ამდენი ფული არ აქვს, ყველაფერს რომ ჩაეჭიდოს. მაგრამ ახლა ამ სულელურ მემარცხენეობას თუ ავყევით, შემდგომი თაობების პოლიტიკოსები სწორედ ასეთი დოგმით იქნებიან მომართულნი – სახელმწიფო ადამიანის პატრონია, მთავრობა ეკონომიკის წარმმართველი, ქარხნების და ფაბრიკების აღმშენებელი და სამუშაო ადგილების დამრიგებელი.

ეს ყველაფერი შედარებით უწყინარი იქნებოდა, რომ არა ორი რამ: 1) ეს ყველაფერი ჩვენ ხარჯზე უნდა გაკეთდეს – შენ მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე და არა სხვის. 2) ადამიანების ბედ-იღბლით ისეთი მანიპულირება, როგორიც ამ ერთი შეხედვით უწყინარ ფრაზაში გამოიხატება, ტოტალიტარიზმის რეალური საფუძველია. ახლა მისმა ავტორმა სრულიად საწინააღმდეგო რომ ამტკიცოს, ეს მოსაზრება უკვე გამოთქმულია და ხალხს ამის უფრო სჯერა. ადამიანებს პრეტენზია უჩნდებათ, რომ მათ არ ეხმარებიან, ფულს არ ჩუქნიან, არ აძლევენ იაფ კრედიტებს, არ უფინანსებენ ჯანმრთელობის დაცვას ან ხელმისაწვდომ განათლებას, სიღარიბიდან არ ამოჰყავთ, უმუშევრობის კომპენსაციას არ ურიგებენ. სწორედ ესაა ტოტალიტარიზმი – სახელმწიფოს მიერ ყველა პასუხისმგებლობის აღება, რასაც სწორედ ასეთი ფრაზეოლოგია უქმნის საფუძველს. გარწმუნებთ, ადამიანს თვითონ არ მოუვა თავში აზრად, სხვის ხარჯზე იცხოვროს. ამას ხალხის უმრავლესობა სირცხვილად ჩათვლიდა, რომ არა ასეთი პროპაგანდისტები. არცერთი ნამდვილი ტოტალიტარული იდეა არ დაწყებულა ბოროტი იდეებით, არამედ მათი მიზანი ყოველთვის და მხოლოდ „ადამიანებზე ზრუნვა” იყო.

ფრაზის ავტორი და მისი ფინანსური პატრონი (რომლის წმინდა ტოტალიტარული დარიგებები უკვე საკმაოდ მოვისმინეთ) ამბობენ, რომ ის, რასაც დღევანდელი მთავრობა აკეთებს – არ ვარგა. მაგალითად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს სჯობს, ფული ხალხს უბრალოდ დაურიგო, რადგან ამით ისინი შეღავათს ნახავენ. ეს მათი ბრიყვული ახლომხედველობის მაჩვენებელია – პოლიტიკა, მით უმეტეს ოპოზიციის, ცხადია, შორს არ ცდილობს გაიხედოს. მთავარია, ახლა გავაბრიყვოთ ხალხი და მერე ან ხელისუფლებაში მოვალთ და გაბრიყვების ახალ მეთოდებს ვიპოვით, ან თუ ვერ მოვალთ, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას და ხალხს რა მოუვა?

ბევრს ხომ ისედაც ჰგონია, რომ ქვეყნის „პატრონი” (ბელადი, წინამძღოლი, კარგი კაცი, კეთილი ბიძია) რომ მოვა, მათ აუცილებლად ფულს დაურიგებს – რადგან მდიდარია. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ეს მდიდარი პატრონი ჩვენივე გადასახადების ხარჯზე აპირებს ფულის დარიგებას? მთავარია, რომ დაარიგებს. ხოლო თუ ეკონომიკა ამის შედეგად სულ გაჩერდება და ბიზნესები ჭაობში ჩაიხრჩობიან, სამაგიეროდ (ღარიბი ვიქნებით, მაგრამ) „სოციალური სამართლიანობა” გვექნება!

„მთავრობა არ არის პრობლემის გადაწყვეტა, მთავრობა თვითონაა პრობლემა” – ეს გამოთქმა არ ეკუთვნის ვინმე ცნობილ ანარქისტს, ეს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სიტყვებია, მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის. როდესაც პოლიტიკოსები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მთავრობამ უნდა გაგვამდიდროს – სწორედ ეს სიტყვები უნდა გვახსენდებოდეს. ჩემი რჩევა იქნება, ეს სიტყვები ყველამ პატარა ფურცლებზე დავწეროთ და ყოველთვის, როდესაც მოვისმენთ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირებებს – ფურცელი ამოვიღოთ და დავხედოთ. ეს გაგვახსენებს, რომ მთავრობას მხოლოდ ჩვენი ფული აქვს და ჩვენი ფულით ვერ გაგვამდიდრებს.

მთავრობისთვის კი ჩვენი ბედ-იღბლის გადაწყვეტის და პასუხისმგებლობის გადაბარება ყველაზე უარესი ფორმის ნარკოტიკია, რადგან ჩვეულებრივ ნარკოტიკში ადამიანები თავისუფლებას ეძებენ, ხოლო სახელმწიფოში – მონობას პოულობენ.

ჰოდა, რა ღირს ოპიუმი ხალხისთვის?

 

კომენტარები