რას ნიშნავს სინამდვილეში #нтвлжет?

нтвлжет – ანუ НТВ იტყუება, რუსეთის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის ოპოზიციის ახალი კამპანიაა. პროტესტის მიზეზად ტელეკომპანია НТВ-ს დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია” იქცა. ფილმს New York Times-მა ფსევდოდოკუმენტური უწოდა „კრემლის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული უკვე ცნობილი უხეში მეთოდების ნაკვალევით”. #нтвлжет აჩვენებს, რომ რუსი ხალხის გარკვეულ ნაწილს არ სურს კრემლში პუტინის ტრაგიკომიკურ დაბრუნებაზე თვალი დახუჭოს. Газпром-ის მფლობელობაში მყოფი ტელევიზიის წინააღმდეგ აგორებული ინტერნეტპროტესტი რუსული პოლიტიკის სატელევიზიოდან ონლაინსივრცეში გადანაცვლების ნიშანია.

2011 წლის სექტემბერში ამერიკელმა ავტორმა რალფ პეტერსმა Washington Post-ში დაწერა: „პუტინის გენია იწყება გასული საუკუნის „დიდი” დიქტატორების მართვის მეთოდების გაანალიზებით: საჭიროა მხოლოდ საჯარო, და არა პირადი ცხოვრების კონტროლი. პუტინი მიხვდა, რომ ადამიანებს ამქვეყნიური წუხილების შესახებ საუბარი სჭირდებათ და სამზარეულოს მაგიდასთან არყის სმისას ამის ნება რომ ჰქონდეთ, ეს სახელმწიფოს არანაირ ზიანს არ აყენებს. პუტინის რუს ხალხთან უსიტყვო შეთანხმება ასეთია: მათ შეუძლიათ დახურულ კარს მიღმა აკეთონ და ილაპარაკონ რაც უნდათ, მთავარია, ეს ქუჩაში არ გამოიტანონ”.

თუმცა, როგორც ჩანს, ძალოვნები მიხვდნენ, რომ რუნეტი – ინტერნეტის რუსულენოვანი ნაწილი – ვირტუალურ ქუჩას უფრო ჰგავს, ვიდრე ვირტუალურ სამზარეულოს მაგიდას. ხალხს შეუძლია ილაპარაკოს პრობლემებზე სოციალური მედიის და ბლოგების გამოყენებით, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ სხვები დაარწმუნონ, გამრავლდნენ და ორგანიზება გაუწიონ საპროტესტო მოძრაობას.

„[რუნეტის] უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება მასიური საფრთხე შეუქმნას რუსეთის უსაფრთხოებას”, – განაცხადა გასულ გაზაფხულს ФСБ-ს კიბერცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ანდრეიეჩკინმა.

კრემლი ცალი თვალით აკვირდებოდა სოციალური მედიით გამოწვეულ მოვლენებს საზღვარგარეთ. „შეხედეთ, რა მოხდა ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში, – თქვა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, – სწორედ ასეთ სცენარს ამზადებდნენ ჩვენთვისაც, და ახლა კიდევ უფრო მეტად ეცდებიან გეგმის სისრულეში მოყვანას”. თუმცა კრემლის მეორე თვალი დუმასა და საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო კონცენტრირებული. 2011 წლის მარტსა და აპრილში, ახლა უკვე კარგად ნაცნობმა ახალგაზრდა და კრიმინალმა ჰაკერებმა DDoS ტიპის შეტევები განახორციელეს LiveJournal-ის ბლოგზე, Новая Газета-სა და Rospil.info-ზე, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ბლოგერ ალექსეი ნავალნის ეკუთვნის (DDoS ტიპის შეტევა, მფლობელების ინფორმირების გარეშე ათასობით კომპიუტერის ბოტნეტში გაერთიანებით ხდება. ბოტნეტის მმართველის ბრძანების შემდეგ იქ გაერთიანებული ყველა კომპიუტერი უამრავ მოთხოვნას უგზავნის სამიზნე ვებგვერდს, მანამ, სანამ ეს ვებგვერდი არ დაიტბორება და ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს).

„უსაფრთხოების სამსახურის გარდა ამას თითქმის ვერავინ შეძლებდა”, – განაცხადა სახალხო თავისუფლების პარტიის ლიდერმა ბორის ნემცოვმა. 2011 წლის შეტევა იყო გაფრთხილება რუსეთის ინტერნეტმომხმარებლებისთვის, რომ რუნეტს ძალიან ყურადღებით აკონტროლებენ.

4 ოქტომბრის დუმის არჩევნების დროს, როგორც მოსალოდნელი იყო, DDoS შეტევები განხორციელდა 30-მდე ვებგვერდზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად ოპოზიციასთან ასოცირდებოდა. საიტებს შორის იყო LiveJournal-ი, ახალი ამბების პორტალები slon.ru, zaks.ru, Новая Газета-ს, New Times-ისა და Коммерсантъ-ის გაზეთების ვებგვერდები, ჟურნალი Большой Город, რადიო ЭХО Москвы და სატელევიზიო არხი Дождь. საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია ГОЛОС ასევე მოხვდა შეტევის სამიზნეებს შორის, განსაკუთრებით კი მისი Kartanarusheniy.ru, პროექტი, რომლის მთავარი მიზანიც საარჩევნო უბნებზე დარღვევების ინტერაქტიულ რუკაზე წარმოჩენა იყო.

თუმცა საკითხი, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ასე მნიშვნელოვნად იყო წარმოჩენილი ძალოვნების მიერ, ონლაინოპოზიციის შევიწროების დეკემბრის მცდელობაში პროპორციულად ასახული არ იყო. ზოგიერთი ვებგვერდი გათიშული იყო, თუმცა მათ შესახებ სხვაგან შეიძლებოდა წაკითხვა. ამ საიტებზე ასევე შესაძლებელი იყო მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეოების ხილვა, რომლებშიც ჩანდა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ძალოვნებმა და მათმა ჰაკერმა მეგობრებმა რუნეტის შესაძლებლობები სათანადოდ ვერ გათვალეს.

საარჩევნო დარღვევების გამოსააშკარავებლად სოციალური მედიის წარმატებით გამოყენების შემდეგ, ოპოზიციამ იგივე მეთოდები ასიათასობით ადამიანის მობილიზაციისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ქუჩაში გამოყვანისთვის გამოიყენა.

პუტინი გაკვირვებული ჩანდა. არჩევნებიდან ათი დღის შემდეგ სატელევიზიო გამოსვლაში მან ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების თეთრ ლენტებს დასცინა. „სიმართლე გითხრათ, – თქვა მან, – როცა ტელევიზორის ეკრანს შევხედე და დავინახე, რომ ვიღაცას მკერდზე რაღაც ჰქონდა ჩამოკიდებული, მეგონა შიდსთან ბრძოლის კამპანია იყო. მაპატიეთ, მაგრამ ეს „რაღაც” პრეზერვატივს მივამსგავსე”.

ამავდროულად, 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში, პუტინის ბანაკმა გადაწყვიტა შეერთებოდა ინტერნეტერას ახალი ვებგვერდით „ვლადიმირ პუტინი 2012”. ვებგვერდზე გამოსახული იყო სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი პუტინი და მის ფონზე თოვლიანი მთა.

როგორც ჩანს, პუტინის ხალხს კომპიუტერის ეკრანი ტელევიზორის ეკრანში აერია. სატელევიზიო გადაცემა ერთი მიმართულებით მიდის, ინტერნეტში კი ადამიანები თავიანთ აზრს გამოხატავენ. ერთადერთი, რაც პუტინის გუნდმა უარყოფითი კომენტარების ქარიშხლის შესაჩერებლად მოიფიქრა, ამ კომენტარების წაშლა იყო.

თუმცა რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ინფორმაციას კვლავ ტელევიზიით იღებს და მას შემდეგ, რაც ყველა სერიოზული ოპონენტი რამდენიმე თვით ადრე ჩამოიშორა, პუტინმა არჩევნები მარტივად მოიგო.

მარტში DDoS ტიპის შეტევები ნაკლებად ეფექტური იყო. შეიძლება წინასაარჩევნო რეიტინგებით გაბრუებულმა პუტინის ხალხმა გადაწყვიტა, რომ ძველი, გამოცდილი მეთოდი – საარჩევნო ურნაში ბიულეტენების ჩაყრა – საკმარისი იქნებოდა. არც ისაა გამორიცხული, რომ 4 დეკემბრის DDoS შეტევების სირცხვილის შემდეგ, მათ საკუთარ კიბერშესაძლებლობებს გადახედეს. თუმცა, რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, საინტერესოა, რომ ეს თავდამსხმელები (ზოგის აზრით, სპონტანური კიბერპატრიოტები) ვიღაცის თითების ერთი გატკაცუნებით შეჩერდნენ.

ისინი დაბრუნდებიან, მაგრამ ონლაინოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს – #нтвлжет მისი უკანასკნელი მცდელობაა. სისტემა კვლავ სატელევიზიო პოლიტიკით იბრძვის, თუნდაც ისეთით, როგორიც დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია” იყო. თუმცა გაჩნდა ახალი ფაქტორი – როგორც პუტინის ვებგვერდი, НТВ-ს პროგრამაც ინტერაქტიული გახდა. პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ სატელევიზიო პროგრამაზე ონლაინკომენტარებმა და პროტესტმა, НТВ მცირე დროით მაინც ინტერაქტიულად აქცია.

მაშინ, როცა რუსეთის მოსახლეობის ნახევარს უკვე აქვს ინტერნეტთან წვდომა და ყოველდღიურად 10,000-იანი მატებაა, პოლიტიკა ონლაინსივრცეში გადადის. ეს ფაქტორი ვლადიმირ ვლადიმირის ძის მესამე პრეზიდენტობას, წინა ორისგან ძალიან განსხვავებულს გახდის.

 

კომენტარები