ბაღები და წესრიგი

ისტორია ტირანია, ის ჩვენგან მუდმივად მოითხოვს ვიყოთ თანამედროვენი. წარსულისაგან ჩვენ მხოლოდ ნანგრევების, ძეგლების, კიჩის ან რეტროს მოთმენა შეგვიძლია. მუზეუმები ყველაზე კარგად წარმოგვიდგენს რეალობასთან ამგვარ დამოკიდებულებას. თანამედროვეობა სამუზეუმო ექსპონატად აქცევს გუშინწინდელ, თუნდაც ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილ ნივთს, და არა მარტო ნივთს, არამედ იდეებს, იდეათა შემქმნელ ადამიანებსაც. დღეს ხშირად გავიგონებთ, რომ „კლასიკა მოსაწყენია, კლასიკური ნაწარმოები, როგორც წესი, სქელტანიანია, მის წასაკითხად დრო არ მყოფნის”. სამაგიეროდ, ადვილად ვკითხულობთ „ბლოგებს”, „პოსტებს”. ეს ჟანრი შესაძლებლობას გვაძლევს ვწეროთ ისე, როგორც ვსაუბრობთ, ყურადღება არ მივაქციოთ სინტაქსს და პუნქტუაციას. მთავარია კომუნიკაცია და არა „მაღალი შტილი”, და კიდევ საკუთარი „სხეულის” საჯაროდ გამოფენა. დემოკრატია ხომ ერთგვარი ექსჰიბიციონიზმია, საკუთარი სულისა და სხეულის Exhibition, რომლის უკანაც თითოეული ჩვენგანის საბაზრო განზრახვა და ინტერესები დგას: „მნახეთ როგორი ვარ, მიყიდეთ; ეგებ, მიყიდოთ ვინმემ”. „იყავი მუდამ თანამედროვე”, „იყავი მუდმივად ინფორმირებული” – ვინც ამ მოთხოვნას არ უპასუხებს, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება, ისტორიის სანაგვე კი კვლავ მუზეუმია.

ისტორიის ასეთი გაგება ევროპული განმანათლებლობის, განსაკუთრებით კი, ფრანგული განმანათლებლობის პირმშოა. წარსულის სამუზეუმო ექსპონატად ქცევა თანამედროვეობის უსისხლო შურისძიებაა ისტორიის, წარსულისა და ტრადიციის მიმართ. რევოლუცია ამ შურისძიების რადიკალური ფორმაა. განმანათლებელთა იდეით შთაგონებულმა მასობრივმა პროტესტმა – ფრანგულმა რევოლუციამ – ერთმანეთს დაუპირისპირა გონება და ტრადიცია. „გონებას ყველაფერი ძალუძს, თუ დღეს არა, ხვალ Ratio ყველა საკითხს გადაჭრის, ყველა პრობლემას მოაგვარებს”. გონებისადმი ამგვარი ნდობის გამოცხადების პროდუქტი იყო რუსული კომუნიზმი და გერმანული ნაციზმი, მათი იდეოლოგიური და რასობრივი ევგენიკით.

ამგვარი საშიში გატაცების საფრთხე ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში შენიშნა ედმუნდ ბერკმა. მან ერთმანეთს შეადარა ინგლისური და ფრანგული ბაღი, როგორც პოლიტიკისა და სახელმწიფო მოწყობის, წესრიგისა და აზროვნების ორი განსხვავებული ფორმა. ინგლისური ბაღი ბუნებრივი წყაროებით, ლაბირინთისებური ნარგავებით, ძველი ნაგებობის ნაშთებით მეტაფორულად წარმოგვიდგენს სახელმწიფოს, გნებავთ, წესრიგის იმ ტიპს, რომელიც რაციონალიზმს, გეომეტრიულ სიმეტრიასაც აღიარებს და დროით გამოცდილ ურთიერთობის ფორმებსაც, რომელსაც ჯ.კ. ჩესტერტონი „გარდაცვლილთა დემოკრატიას”, ანუ ტრადიციას უწოდებდა.

განსხვავებულია ფრანგული ბაღი და, შესაბამისად, წესრიგისა და სახელმწიფოს ფრანგული გაგება. ფრანგული ბაღი წმინდა გეომეტრიულ პრინციპებზეა აგებული. აქ მებაღე მხატვარივით მოქმედებს. ის მთლიანად ასუფთავებს ლანდშაფტს, მოაცილებს ყველა ძველ ნაგებობას და მცენარეულობას და მათემატიკური გამოთვლებით, მიწისმზომელის იარაღით – თეოდოლიტით – აღჭურვილი, სრულებით ახალ, ხელოვნურ სინამდვილეს ქმნის. ფრანგმა მშენებლებმა (სახელმწიფოს მშენებლებმა – ე.ჯ.), აღნიშნავს ბერკი, უკუაგდეს რა ეჭვები, როგორც უსარგებლო ხარახურა, საკუთარი მებაღე-დეკორატორების მსგავსად, რომლებიც ყოველ მცენარესა და სკულპტურას ზუსტად განსაზღვრულ ადგილზე სვამდნენ, შექმნეს საერთო და ადგილობრივი კანონმდებლობა სამი პრინციპის საფუძველზე: პირველს მათ უწოდეს ტერიტორიული პრინციპი, მეორეს – ხალხთმოსახლეობის პრინციპი და მესამეს – სამოქალაქო გადასახადების პრინციპი. პირველი პრინციპის განსახორციელებლად მათ ქვეყანა დაყვეს ოთხმოცდასამ კვადრატად. ამ კვადრატებს მათ დეპარტამენტები დაარქვეს. დეპარტამენტები, თავის მხრივ, დაყვეს 1720 ნაწილად, ანუ კომუნებად. კომუნები კიდევ უფრო მცირე ნაწილებად – კანტონებად, რომელთა რიცხვი 6400-ს შეადგენს. მოკლედ, ფრანგებმა სახელმწიფოს მოსაწყობად მთლიანად გამოიყენეს ემპიდოკლესა და ბუფონის სისტემები. ასეთი დაყოფა, ფიქრობს ბერკი, არც განსაკუთრებული აღტაცების და არც გაკიცხვის საფუძველია, მაგრამ გეომეტრიის და სიმეტრიის სოციალურ ცხოვრებაში გადატანამ არა მარტო მოქალაქეებზე გადაჭარბებული კონტროლის მექანიზმი შექმნა, არამედ ბუნებრივად, ზემოდან ყოველგვარი კარნახის გარეშე შექმნილი ცხოვრების წესისა და სამეურნეო-ეკონომიკური ურთიერთობების რღვევა გამოიწვია. ეს არის ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ტრადიციასთან კავშირის რადიკალური გაწყვეტა, ანუ მოდერნულობა – თანამედროვეობა. როგორც ჩანს, ადამიანთა შორის თანასწორობა გეომეტრიული და მათემატიკური პრინციპებით ვერ დამყარდება, და თუ მაინც შევეცდებით მის დამკვიდრებას ზუსტი მეცნიერებების საფუძველზე, აუცილებლად მივალთ სახელმწიფოს მხრიდან წესრიგზე გადაჭარბებულ ზრუნვამდე და, შესაბამისად, თავისუფლების შეზღუდვამდე.

მაგრამ როგორია ქართული ბაღი? ან შევძლებთ კი „ჩვენი ქართული” ბაღი გავაშენოთ, შევქმნათ ქართული წესრიგი, თუ ეკლექტიზმს უნდა მივმართოთ და ექსპერიმენტების მეშვეობით ოდესმე აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენს გამოცდილებას და ტრადიციას მოერგება? ან ასეთი კითხვა სულაც არ უნდა დავსვათ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც მოქმედებდნენ ჩვენი წინაპრები – ლერწამივით დამყოლნი და მერყევნი ქარიან ამინდში. ქარი კი ნამდვილად ძლიერია. ეს გლობალიზაციის ქარია, აჩქარებული დრო, როგორც ამბობს ენტონი გიდენსი. ეტლი („ჯაგერნაუტი”), რომელიც დაიძრა და გაჩერება არ ძალუძს.

 

კომენტარები