„გვირგვინი” და „ხალხი”

0 კომენტარი

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაფლულ თანამედროვე ადამიანს საკუთარი ქვეყნის წარსული სტატიკურად და ერთხელ და სამუდამოდ გაფორმებულ რეალობად წარმოუდგება.

ბევრი ფიქრობს, წარსული არ იცვლება, იცვლება მხოლოდ აწმყო. მაგრამ სხვადასხვა ეპოქის ისტორიის სახელმძღვანელოების ერთი თვალის გადავლება ნათლად დაგვანახებს, რომ წარსული მუდმივად იცვლება. იტალო სვევო აღნიშნავდა: „წარსული მუდამ ახალია. ცხოვრების წინსვლასთან ერთად ის მუდმივად იცვლება. მისი ერთი ნაწილი, რომელიც დავიწყებაში გადაგდებულად მოსჩანს, კვლავ წამოტივტივდება, მეორე კი – დავიწყებას ეძლევა, რადგან ის ნაკლებად მნიშვნელოვანია. აწმყო არის წარსულის დირიჟორი, როგორც ორკესტრის წევრი. მას, აწმყოს, ეს ბგერა სჭირდება და არა სხვა რომელიმე. და ამგვარად წარსული წარმოგვიდგება ზოგჯერ მოკლედ, ზოგჯერ კი გრძლად”. ისტორია მუდმივად განიცდის გადაწერას, ხელახალ გააზრებას, და რადგანაც ისტორია მეხსიერებაა, ის ყოველთვის საგნებთან, გეოგრაფიულ ადგილებთან, ტექსტებთან, არქიტექტურასთან, არქივებთან, მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან და, გნებავთ, ასაკოვან ხეებთანაც არის დაკავშირებული. სწორედ ამის გამო, ყოველი ახალი პოლიტიკური იდეოლოგია არქიტექტურასა და კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილებს, მათთან დაკავშირებულ მეხსიერებას უმართავს ბრძოლას, მით უმეტეს, თუ ეს იდეოლოგია რადიკალურად ახალია. თავის მხრივ, ახალი იდეოლოგია მეხსიერების ახალ ადგილებს და ისტორიის იმ ეპიზოდებს წამოსწევს, რომელიც აქამდე მივიწყებული იყო და უმნიშვნელოდ მიიჩნეოდა.

შუა საუკუნეების მეხსიერება და სიმბოლიკა დაკავშირებულია მონარქთან. მეხსიერების, ისტორიის აკუმულაცია ხდება მონარქის სხეულის ირგვლივ. ძეგლების, პოეზიის, მხატვრობის მიზანი მონარქის ხსოვნის უკვდავყოფაა. აქ მთავარი ცნებებია: „ბატონი”, „ვასალი,” „ქვეშევრდომი”. ძალაუფლების ლეგიტიმატორი არის ეკლესია, რომლის მოძღვრების თანახმად, „არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთისაგან არიან დადგენილნი” (რომ.13.1). დავით აღმაშენებლის მიერ („ქუთაისელი ბიჭი”, როგორც მას უწოდა ერთმა ინტელექტუალმა) სამშობლოს გაგება ჯერ შორს არის იმ გაგებისაგან, რომელიც თერგდალეულების მიერ კონსტრუირებულმა ნაციონალიზმმა მოიტანა. შესაბამისად, შუა საუკუნეებისა და ფეოდალური სტრუქტურისათვის უცხოა „სუფთა სისხლის”, „გენეტიკურად ქართველის” კონცეპტი. მეფე არის მეფე ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ქრისტიანია და მას, როგორც სუვერენს, აღიარებს. რატომ? „რადგან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. რადგან, რაკი ყველანი მონათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. აღარ არის არც იუდეველი, არც ელინი... რადგან თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტეში” (გალ.26).

ფეოდალიზმი, შუა საუკუნეები, ძალაუფლების ღვთაებრიობისა და წარმომავლობის, ეთნიკური კუთვნილების მეორეულობის ამ სახარებისეულ კონცეფციას ემყარება. ევროპული ფეოდალიზმი განვითარების ორ ეტაპს გაივლის: პირველ ეტაპზე ფეოდალიზმი წარმოდგენილია მრავალი მცირე მოცულობის სათავადოების (საგრაფოები და ა.შ.), ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ძალაუფლების წერტილების სახით. თითოეული ეს სათავადო/საფეოდალო მიწის გარკვეულ ნაწილს განკარგავს. იდეალურ-ტიპური თვალსაზრისით, ამგვარად მოწყობილი საზოგადოება დამოუკიდებელი ფეოდალების გაერთიანებაა. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ამ საფეოდალოში ფეოდალი თვითონ, დამოუკიდებლად, განკარგავს თავის მიწას, აღასრულებს სამართალს, თვითონ, უმაღლესი ხელისუფალის ჩაურევლად, აგვარებს პრობლემებს თავის მეზობლებთან. მეზობელი სათავადოს თავდასხმის შემთხვევაში თვითონვე იცავს საკუთარ უფლებასა და საკუთრებას. მეფის ამოცანა მდგომარეობს სამეფოს, როგორც მთელის, დაცვასა და სამეფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაში. თუ სამეფოს საფრთხე დაემუქრება, ის იწვევს ფეოდალთა საბჭოს, კრებს ფეოდალებისაგან შედგენილ არმიას.

სხვა დროს, მშვიდობის პირობებში, მეფე ერთ-ერთი ფეოდალთაგანია და პრობლემებს სხვა ფეოდალებთან ურთიერთობაში იმავე მეთოდებით წყვეტს, რა მეთოდებსაც „რიგითი” ფეოდალები ერთმანეთთან ურთიერთობისას მიმართავენ. საყოველთაო, ყველგანშემღწევი და ყველაფრის მაკონტროლებელი ძალაუფლება ძალზე სუსტია, რადგან თვით ფეოდალების ორმხრივი დამოკიდებულებაა სუსტი; ჯერ კიდევ არ არსებობს ბატონობის ისეთი ტექნიკები, როგორიცაა, მაგალითად, მმართველობითი ბიუროკრატია ან მსგავსი ინფრასტრუქტურა, რომელთაც შეუძლიათ უწყვეტი, თანმიმდევრული კონტროლის განხორციელება.

ასეთი სოციალური და პოლიტიკური სისტემის პირობებში არ არსებობს ერთიანი ნაციონალური მეხსიერება და არც ისეთი ძეგლები, რომელთანაც საერთო ნაციონალური მეხსიერება იქნებოდა დაკავშირებული. სარაინდო რომანი და ეპოსი საერთო ნაციონალურ ეპოსად და მეხსიერების რეზერვუარად კი არ გვევლინება, არამედ რაინდული ეთიკისა და ფეოდალური სტრუქტურის ასახვად. ამიტომ „ვეფხისტყაოსანი” შუა საუკუნეებში აღიქმება არა საერთონაციონალურ ეპოსად (როგორც ეს ჰგონია თანამედროვე ქართველს), არამედ რაინდულ-ეთიკურ კოდექსად, რომლის მთავარი სულისკვეთება არის მეგობრობა და არა კონკურენცია. აქედან გამომდინარე, სრულებით ცხადი ხდება „ვეფხისტყაოსნის”, როგორც სამზითვო წიგნის და ფეოდალიზმის მთავარი ამბის – რაინდობის, ურთიერთკავშირი და მიზანი: რაინდული ეთოსის დაცვა და მის მიხედვით ცხოვრება.

ფეოდალიზმის მეორე ეტაპზე ეს ვითარება განიცდის რღვევას, რასაც განაპირობებს, ერთი მხრივ, მოსახლეობის რიცხვის ზრდა და, მეორე მხრივ, მიწის რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის შანსების კლება. ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება მოსახლეობა, მაგრამ მიწის რესურსები იგივე რჩება. შედეგად, საზოგადოებრივი სტატუსის შესანარჩუნებლად ფეოდალები იძულებულები ხდებიან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მიწისათვის ერთმანეთთან იბრძოლონ. ფორმირებას იწყებს ქალაქები და ე.წ. თავისუფალი, ფეოდალური სტრუქტურიდან „ამოვარდნილი” და „არაღიარებული” სოციალური ფენა – ვაჭრებისა და ხელოსნების სახით. თანაბარი უფლებების მქონე ბატონების (არისტროკრატიის) ლაბილური სტრუქტურა წონასწორობას კარგავს და იწყება ბრძოლა პირველობისათვის, რომელიც არც ფეოდალების სურვილებს პასუხობს და არც მათ მიერ არის დაგეგმილი. ამ, აქამდე უცნობ, კონკურენციულ ბრძოლაში თანდათანობით ყალიბდება რაინდების იერარქიული საზოგადოება, სადაც გამარჯვებული რაინდები ძალას სხვა რაინდებისაკენ მიმართავენ. ამ პროცესის პირველი ფაზის შედეგს წარმოადგენს მეფის ძალაუფლება, აბსოლუტური მონარქი, რომელსაც სრულებით მონოპოლიზებული აქვს ძალაუფლება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის მიერ ადამიანის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღი – ფიზიკური ძალადობა – მეფის მონოპოლია, მისი პრეროგატივა ხდება. ამ ძალადობის კონტროლი კი არცთუ ისე ადვილია, რადგან ქვეშევრდომებს სამეფო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები არ აქვთ. ძალაუფლებისათვის კონკურენტულ ბრძოლაში დამარცხებულები ძალაუფლებისათვის კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვებულების კარზე დაქირავებულების მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ამ საშუალებით ახერხებენ საკუთარი ეკონომიკური და საზოგადოებრივი მდგომარეობის, შესაბამისად, სოციალური სტატუსის უზრუნველყოფას. თანდათანობით ყალიბდება ბიუროკრატიული აპარატი, საფუძველი ეყრება სახელმწიფოს ახალ კონცეფციას, სადაც ძალაუფლება ხორციელდება არა იარაღის, არამედ ბიუროკრატიული აპარატის მეშვეობით. და კარზე დაქირავებულთა ეს ფენა, ქალაქის ბურჟუაზიასთან ერთად, შემდგომ დაამხობს სამეფო ხელისუფლებას. სწორედ ისინი, ბიუროკრატები და თავისუფალი ფენები – ბურჟუაზია მოამზადებს იმ გადატრიალებას, რომელიც შემდგომ შექმნის თანამედროვე „ერ-სახელმწიფოს” (Nation-State) ერთიანი სამოხელეო აპარატით, არჩევითი ხელისუფლებით, ერთიანი მეხსიერებით, რომლის უწყვეტობას უზრუნველყოფს განათლების საერთო სისტემა და მედია. ასპარეზზე გამოდის „მოქალაქე”, ავტონომიური არსება, რომლის უფლებები საერთო წარმომადგენლობითი ორგანოს, პარლამენტების მიერ გამოცემული დაწერილი და გამოქვეყნებული კანონმდებლობებითაა დაცული. არავინაა ქვეშევრდომი, არამედ ყველა მოქალაქეა. ამ პროცესს თან ახლავს სამოქალაქო ომები და ამ ომების მეხსიერება, რომელიც ნაციონალური მეხსიერების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს შექმნის. მოკლედ, დასავლური ნაციონალური და ლიბერალური ტრადიცია იქმნება „ტკივილის” (სამოქალაქო ომების ტკივილი, უფლებებისათვის მებრძოლი ჯგუფებისა და ინდივიდების ტკივილი) ან „გამოგონებული ტკივილის” მეხსიერებით.

ქართული ნაციონალიზმის ფორმირებასაც ასეთი პროცესი უნდა გაევლო, მაგრამ ისე „ბუნებრივად” არ წარიმართა, როგორც ევროპაში. ქართული ნაციონალიზმის ფორმირება, ევროპულისაგან განსხვავებით, ქვეყნის შიგნით მიმდინარე სოციალური კანონზომიერებების, სტრუქტურული ტრანსფორმაციის შედეგად კი არ მოხდა, არამედ ინტელექტუალების ინტერვენციის მეშვეობით. ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანი როლი ამ თვალსაზრისით ითამაშეს „თერგდალეულებმა”, განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძემ. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ”, მწერლობამ და გაზეთებმა (ანუ, როგორც სოციოლოგები ვიტყვით, „სოციალიზაციის აგენტებმა”) ფეოდალური საქართველოს მოსახლეობას, ადრე ფეოდალურად დაქუცმაცებული ერთეულების მკვიდრებს, ერთიანი ნაციონალური მეხსიერება და ერთიანი ისტორიის განცდა შეუქმნა. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”, ზოგადად, „თერგდალეულების” ზეგავლენა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სამეგრელოში ჩასულმა ილია ჭავჭავაძემ გაკვირვებულმა აღნიშნა: სამეგრელოში ჩავედი, საქართველო კი ვნახეო. ამ დროიდან მოყოლებული, კახელისა და მეგრელის თავში არსებობს ერთიანი საქართველოს ტკივილებით აღსავსე ისტორია, რომელსაც უწყვეტად კვებავს ისტორიისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, განათლების ერთიანი სისტემა და მნემოტექნიკის (დამახსოვრების ტექნიკის) ისეთი საშუალებაც კი, როგორიცაა ქართული სუფრა, სადაც საქართველოს ისტორია მითოპოეტურ ფორმაში წარმოგვიდგება. თუ შუა საუკუნეებში ხელისუფლების ლეგიტიმაცია ხდება ეკლესიის მეშვეობით, ნაციონალიზმის ეპოქაში წინა პლანზე გამოდის ხალხი. ხალხი ხდება ძალაუფლების წყარო. ამიტომ სრულიად კონტექსტუალურია ილია ჭავჭავაძის მოსაზრება: „ჩვენი „ქართლის ცხოვრება” ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მომქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული”. ილიამ ამ გამონათქვამით ერთმანეთს დაუპირისპირა „გვირგვინი” და „ხალხი”, თუმცა ფეოდალური საქართველოს დატოვებული მემკვიდრეობა ახალი იდეოლოგიის – ნაციონალიზმის – მეხსიერების ინტეგრალურ ნაწილად და ეროვნულ სიამაყედ აქცია. ამგვარად გაგებული ნაციონალიზმის მთავარი მეტაფორა არის ხე, რომლის თითოეული ფოთოლი არის ინდივიდი. ხის ვარჯი საერთო ნაციონალურ მეხსიერებას განასახიერებს, ხოლო ფოთოლი თითოეული ჩვენგანის ნაციონალურ თვითგახსენებას. ნაციონალიზმის მოთხოვნაა, რომ ეს ფოთოლი ჯანსაღი იყოს, არ დაჭკნეს (გამუდმებული ზრუნვა და კონტროლი დემოგრაფიაზე), სხვა მეტაფორაც არსებობს: საქართველო, როგორც ჩონგური, რომლის არცერთი სიმი არ უნდა გაწყდეს, ხოლო მასზე ხელის ჩამოკვრამ ჰარმონიული ხმა უნდა გამოსცეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები