მთავრობოცენტრიზმი და ინფანტილური საზოგადოება

შევარდნაძის ეპოქის მთავარი წუხილი იყო, რომ სახელმწიფო გვაკლდა, რომ სუსტი თუ არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით. დღეს ეს აქტუალური აღარაა: მთავრობა ბევრს არ მოსწონს, ზოგს ძალიან, მაგრამ სახელმწიფოს სისუსტეს აღარავინ გლოვობს.

დღეს სხვა წუხილი უფრო გვაქვს – სუსტი ან არშემდგარი საზოგადოება. ამ სისუსტის გამოხატულება შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ იკვეთება დომინანტი თემა: საზოგადოება ვერ აწონასწორებს ზედმეტად მომძლავრებულ და გათავხედებულ სახელმწიფოს.

პრობლემა ნამდვილია. როდესაც საზოგადოებაზე ამ კონტექსტში ვსაუბრობთ, ვერ გავექცევით ზედსართავს „სამოქალაქო”, ამ სიტყვაზე კი საერთაშორისო დონორთა მიერ შთაგონებული და დაფინანსებული „ენჯიოები” გაგვახსენდება. ამათი სისუსტეები თვალსაჩინოა და ბოლო ხანებში მათ ხშირად ვახსენებთ: ხელოვნურობა, ელიტურობა, დონორებზე დამოკიდებულება. ეს არ უშლით ხელს, კონკრეტული კარგი საქმეები აკეთონ, მაგრამ აშკარად აკლიათ საკუთარი საყრდენი, რაც დამოუკიდებელ სოციალურ ძალად აქცევთ. ამიტომ მიმდინარეობს ძიება საზოგადოებრივი აქტივიზმის უფრო, ასე ვთქვათ, ორგანული ფორმებისა, ამის პროტოტიპად კი მისი გულშემატკივრები „გუდიაშვილის მოედნის მოძრაობას” ასახელებენ.

მოკლედ, ენჯიო-საზოგადოების მთავარი ნაკლია „დონოროცენტრიზმი”. ეს რომ დავინახეთ, კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. გაცილებით უფრო ღრმა პრობლემა, რომელიც ავლენს საზოგადოების სისუსტეს თუ არშემდგარობას, უფრო ზუსტად – ინფანტილიზმს, არის მთავრობოცენტრიზმი. ის ადამიანები, ვინც (სამოქალაქო) საზოგადოების გაძლიერებაზე წუხან, ამავე დროს მთავრობის ხატით არიან მონუსხული და მხოლოდ მასთან მიმართებაში შეუძლიათ ამ თემაზე საუბარი. ამგვარი აზროვნება კი ახდენს იმავეს რეპროდუცირებას, რასაც ებრძვის – ავტორიტარიზმისა.

მოდით, დავიწყოთ თავიდან. ლიბერალური საზოგადოების ძირითადი ნიშანი არის ავტონომიურობა. ეს სულ მცირე სამ რამეს გულისხმობს: ის ავტონომიური ანუ თავისუფალი ინდივიდებისაგან შედგება; ის ავტონომიურია ხელისუფლების (მაგრამ არა აუცილებლად პოლიტიკის) მიმართ; და ის მრავალი ერთმანეთის მიმართ ავტონომიური წარმონაქმნის მოზაიკაა.

ლიბერალური პოლიტიკური წყობის ძირითადი იდეაა საზოგადოების პირველადობა, რაც „საზოგადოებრივი ხელშეკრულების” ცნებითაა გამოხატული. ადამიანები ჯერ საზოგადოებად ყალიბდებიან – ანუ გარკვეული მიზნებისა და იდეების გარშემო თანამშრომლობას სწავლობენ; მერე კი გარკვეულ ფუნქციებს სახელმწიფოს აკისრებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ისტორიულად მართლაც ასე მოხდა: მაგრამ იმას კი ნიშნავს, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ სახელმწიფო იმის დასადგენად, თუ რა უნდათ, და ძალიან ბევრი რამის გაკეთება სახელმწიფოს გარეშეც შეუძლიათ.

ჩვენი სამოქალაქო აქტივისტებისთვის კი ყველაფრის ლოგიკური საწყისი სახელმწიფოა. ამ თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ცნობილი ქართული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ორ სახეობად დაახარისხა: ერთ მხარეს არიან watch dog-ები (ქართულად – „მოდარაჯე ძაღლები”), რომლებიც ხელისუფლებას აკონტროლებენ, მეორე მხარეს კი – think tank-ები (ანალიტიკური ცენტრები), რომლებიც მთავრობას ეხმარებიან. ანუ, ან მთავრობას უყეფ და კბენ, ან ლოკავ და კუდს უქიცინებ: მესამე გამორიცხულია. ჩემი იდენტობა მთავრობასთან ჩემი მიმართებაა. ამ მეტად კვალიფიციურ ენჯიო-აქტივისტს თავშიც არ მოსვლია, რომ იგივე „მოდარაჯე ძაღლები” შეიძლება ბიზნესს, რელიგიურ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, თუნდაც სხვა მათნაირ ორგანიზაციებს ჩაუსაფრდნენ, ან რომ ანალიტიკურმა ცენტრებმა თავისი ჭკვიანური აზრები მთავრობის გარდა სხვა ვინმეს შესთავაზონ.

მეორე მაგალითი: ლიბერალის ბლოგში ვახუშტი მენაბდე პირდაპირ გვეუბნება, რომ „სამოქალაქო სექტორის ღირებულება სახელმწიფოსთან კონფლიქტში გამოიკვეთება”, თანაც ის სახელმწიფოს „ერთადერთი დამაბალანსებელია”. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ამ დროს სექტორს ფეხი არ წაუცდეს და თავად არ ჩავარდეს ხელისუფლების წუმპეში, სადაც გარდუვალი გარყვნა ელის (როგორც ეს ვარდების რევოლუციამდელ სამოქალაქო სექტორს დაემართა). ამიტომ ის მუდამ ოპოზიციაში უნდა დარჩეს: ამით „პატიოსნებას” შეინარჩუნებს და ხელისუფლებასაც აიძულებს, უფრო კარგად მოიქცეს (მენაბდის სიტყვებით, მასაც „გააპატიოსნებს”).

ბატონ ვახუშტის არც კი გახსენებია ისეთი რამეები, როგორც თვით ხელისუფლების შიგნით შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები, ან, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური ოპოზიცია: ზოგი გულუბრყვილო ადამიანი სწორედ ამათ მიიჩნევს ხელისუფლების გაურყვნელობის მთავარ წინაპირობად. თუმცა, რა გასაკვირია: საქართველოში არცერთი მათგანი არ უნახავს და ეს აბა, საიდან მოუვიდოდა თავში?

სალომე ასათიანი თავის ბლოგში ტუქსავს მთავრობას იმის გამო, რომ ის საზოგადოებას „ელაპარაკება, როგორც ბავშვს”. „ბავშვივით ლაპარაკს” კი იმას ეძახის, როცა აუდიტორიას სათქმელს გადაუღეჭავ და მარტივ ოპოზიციებად დაულაგებ: ჩვენ წარმოვადგენთ პროგრესს, ხოლო ოპონენტები – ჩამორჩენილობას. კრიტიკა გასაგებია, მაგრამ სამიზნე – დასაზუსტებელი. ჩვენი პოლიტპროპაგანდისტების საუბარი რომ ადვილად ვარდება პრიმიტივიზმში, ამის შემჩნევა ადვილია. მაგრამ ეს ზოგადად პოლიტიკური დისკურსის ტენდენციაა: პოლიტტექნოლოგები სულ იმას ჩასჩიჩინებენ თავიანთ კლიენტებს, რაც შეიძლება მარტივი ენით აუხსნან რიგით არაინტელექტუალ ამომრჩეველს, რით არიან თავიანთ კონკურენტებზე უკეთესი. ის, რომ მაინცდამაინც მთავრობის წევრებს მოსთხოვო, ვთქვათ, „მოდერნიზაციის” ცნების მთელი სირთულის წარმოჩენა, გულუბრყვილოა: ამას სწორედ საზოგადოება, კერძოდ მისი აკადემიური და think tank-ური ნაწილი უნდა აკეთებდეს.

მოკლედ, ამ ხედვის თანახმად, სამყაროს ცენტრი მთავრობაა, ადამიანები (ანუ მათი აქტიური ნაწილი, გაფორმებული „სამოქალაქო საზოგადოებად” ან „სექტორად”) კი მას ან ემორჩილებიან, ან უძალიანდებიან.

ეს უფრო მაგონებს სამყაროს იმ ხედვას, რომელსაც ლიბერალიზმის მამები ებრძოდნენ: ხელისუფლება (მაშინ ამ უკანასკნელს „მონარქი” ერქვა) ხალხის მამაა, ხალხს კი ევალება დაემორჩილოს მას, როგორც შვილები მამას უჯერებენ. ჩვენი პროგრესული ლიბერალები ამოსავლად იღებენ ამ სტრუქტურას, ოღონდ ერთი შესწორებით: ისინი მამასთან კონფლიქტს მიიჩნევენ ინდივიდის უპირობო მოვალეობად. თუ მთავრობას არ უპირისპირდები, ავტომატურად ირიცხები სამოქალაქო საზოგადოების რიგებიდან და „კონფორმისტის” იარლიყიც გეწებება. ეს სამოქალაქო სექტორ-საზოგადოებას თინეიჯერული სულისკვეთების მატარებლად აქცევს: რასაც უფროსები იტყვიან, ყოველთვის საწინააღმდეგო უნდა გააკეთო, თან ერთმანეთს იდაყვები გაკრა, ხომ მაგრები ვართო.

ამისგან განსხვავებით, ლიბერალური საზოგადოება ზრდასრული ადამიანებისგან შედგება. ისინი მთავრობას განიხილავენ როგორც ერთ-ერთ (თუმცა მნიშვნელოვან) საზოგადოებრივ მოთამაშეს მრავალ სხვასთან ერთად. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია (და ევალება) განსაჯოს, რა მიაჩნია მოცემულ სიტუაციაში საკუთარ თუ ქვეყნის მთავარ პრობლემებად, რისი გადაწყვეტა შეუძლია თვითონ, რისთვის სჭირდება სხვებთან შეამხანაგება „სამოქალაქო საზოგადოებად” (ცხადია, ამ სიტყვის ფართო გაგებით), და რის მოთხოვნას აქვს აზრი მთავრობისგან. აქედან გამომდინარე, ამ უკანასკნელის მოქმედებებს ხან მოიწონებ, ხან გაკიცხავ და ხან კიდევ დააიგნორებ.

მოკლედ, თუ არ გვინდა, მთავრობა ისე გვექცეოდეს, როგორც ბავშვებს, ამას მხოლოდ ერთი რამე უშველის: უნდა გავიზარდოთ.

კომენტარები