კონფლიქტი „ვეფხისტყაოსანთან”

0 კომენტარი

ხოლო ერთი მათგან – ჟურნალისტთაგანი – მოდის და მეკითხება.

„ვეფხისტყაოსნის” ვახტანგისეული გამოცემა გამოვფინეთ ბიბლიოთეკაში. იუნესკომ ამ პოემის წლად გამოცხადა 2012.

ჰოდა, მოვიდა და იკითხა – ეს დაბეჭდვიდან 300 წელი რატომ, პოემა ხომ 1712 წლის წინ დაიწერაო. რას ვაკეთებდითო. უფრო ადრე დაგვებეჭდაო. ესეც ასე. მანამდე ჩემს უფროს კოლეგას სტუმრობდა მედიელი. აჩვენა ილიას ფოტოები და მერე მიმოწერათა ასლები. ეს ჭავჭავაძის პირადი წერილებიაო. პასუხად – რა მაგარია, თქვენ მოგწერათო?

ალბათ.

დანამდვილებით რაც მგონია (პირველ სიტყვასა ზედა მოვიდეთ), ქართველებს ყოველთვის ნაკლებად გვესმოდა რუსთაველი. ან გვესმოდა და გავურბოდით. ხსენებული შემთხვევის მასშტაბებს არ ვგულისხმობ, ბუნებრივია. ის, რომ დაწვა გვინდოდა და გმობას არ ვაკლებდით – არახალია. ის, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოეზია, რომლის იქით მართლაც არაფერი მეჩვენება, ნაცოდვილარად მიგვაჩნდა. ის, რომ მხოლოდ ოდენ აფორიზმები გვეგონა მისი ძლიერი მხარე და მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში” და ფატმანის სახე, რომელსაც მასწავლებლები შორიდან, ძალიან შორიდან გვანახებდნენ. ასე თუ გაიცანი, მერე აღარ შველის უნივერსიტეტებში ტროპის სახეობების სწავლა, ტექსტის ადრერენესანსულობის გაგება და ანტიკურ-სუფისტური სინთეზის ძებნა. მაინც ტარიელ-ავთანდილის ძმობა გეგონება ყველაფერი. რაც თავისთავად კარგია, მაგრამ მხოლოდ ეს – „ვეფხისტყაოსანი” არ არის.

აი, მაგალითად, ზღვა. შოთა ზღვის პოეტია. ანუ სივრცის. მოშლილი სა-ზღვა-რი უყვარს. ჩვენ ყოველთვის გავურბოდით ტალღებს. ხალხი ნაპირთან ცხოვრობდა და ცურვა არ იცოდა. არც ფლოტი გვყავდა. არც დიდი დანანება მინახავს სადმე ამის გამო. ეს უკვე კონფლიქტია. ტექსტსა და საზოგადოებას შორის, რომელმაც ეს ტექსტი ზეპირად იცის. თითქოს უცნაურია. და ვფიქრობ, ცუდიც. მარტო ის კი არ არის საწყენი, ტექსტის დაწერის ან, ვმკრეხელობ და, პირველად დასტამბვის თარიღი არ ვიცოდეთ.

თუმცა, ვინმეს შეიძლება იმაზე წყდებოდეს გული, მზითევად რომ აღარ იყენებენ ამ წიგნს. კაცია და გემოვნება. თუ გუნება. მე ის მეწყინა, ერთი გახალხურებული, მეცხრამეტე საუკუნის პროზაული „ვეფხისტყაოსნის” ბოლოს, მთხრობელი ამბობს, ეს ხალხი კი ვატარე აქეთ-იქით, ვაომე და ვატრფიალე, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე რას ირჯებოდნენო. ამ მთხრობელზე კი არ მწყდება გული, არამედ იმ არაერთ სტუდენტზე, რომლებიც იმავეს ამბობენ. საზეპიროებს არავინ აძლევს. არც იმას ვთხოვთ, გვითხრან შოთა კუპრი ვინ მიიჩნია რუსთაველად და ნიკო მარს რა ეგონა და რა არ. მხოლოდ, ერთი შეხედვით, მცირე რამე გვინდა. ასე, საბჭოთა სახელმძღვანელოების ენაზე რომ ვთქვათ – „რას მოგვითხრობს „ვეფხისტყაოსანი”. მაგრამ ჩვენ ვიცით კი? ან გვინდა კი ვიცოდეთ?

დაბრალებებიც გვიყვარს. იმ აფორიზმში, ძუ და ხვადი რომ სწორია, ლომი რომ წერია, გვავიწყდება. კიდევ მონების გათავისუფლება უნდოდაო. ვინმე მალე დღევანდელი ლარის კურსის საუკუნეთა ტევრიდან მჭვრეტელს დაინახავს მასში. მოკლედ, საშინლად გვასწავლიდნენ და ასეც ვასწავლით.

ტყულიად კი არ ამბობდნენ. „ვეფხისტყაოსანი” – საქართველოა. საქართველო, რომელმაც დღემდე ვერ შეიცნო საკუთარი თავი. და არავინ იცის შეიცნობს თუ არა. ან საჭიროა კი? ეგებ ასეა ის უფრო მომხიბვლელი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები