შტრიხები სამეგრელოს ანთროპოლოგიისათვის

0 კომენტარი

სამეგრელოში იშვიათად მივდივარ. მართალია, იქ გავიზარდე, მამისეული სახლიც მაქვს და ჩემი ოჯახის წევრებიც სიხარულითა და სიყვარულით მელოდებიან, ჩასვლის მაინც მეშინია. მეშინია, რომ სამეგრელოს ნისლი და ჭაობი, ჭაობის „ოშხივარი” გააქრობს ჩემ მიერ წლობით ქალაქში ნაგროვებ ცოდნას, მეგრელების – ჭაობისა და ნისლის ხალხის – წიაღში ჩავრჩები და სამუდამოდ გადამეკეტება გზა ქალაქისაკენ, რომელიც ჩემთვის, უპირატესად, მოკირწყლული ტროტუარი და საკუთარი თავიდან „მიღმა სამყაროს” განდევნის ადგილია. ქალაქი ჩემთვის ის სივრცეა, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ბებიაჩემის უბადლო თხრობით ჩაბეჭდილი „ძველი ფერმიმკრთალი ხილვების” თავდასხმებისაგან მიცავს. მოკლედ, ძალიან ვუფრთხილდები უნივერსიტეტში და ქალაქის „ქვის ცივ სხეულთან” ურთიერთობით ნასწავლ პრაგმატულობასა და ემოციის დამალვის შეძენილ უნარს. და კიდევ იმ მოგონებებს გავურბივარ, სამეგრელოს ნესტიანი ჰაერის ჩასუნთქვისას, ჩემს მეხსიერებაში რომ წამოყოფს ხოლმე თავს. ამ მოგონებათაგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის. მასზე სხვა დროს გესაუბრებით.

რატომ ნისლისა და ჭაობის ხალხი? რას ვგულისხმობ ამ მეტაფორაში? ყველას გაგვიგონია მეგრელებზე გავრცელებული აზრი: „აფერისტი”. არა მგონია, მეგრელი საქართველოს სხვა რომელიმე კუთხის შვილზე მეტად იმსახურებდეს ამ ეპითეტს, მაგრამ ეს წოდება ხშირად მეგრელების მიმართ გამოიყენება (გამიგონია ანეკდოტი, სადაც „მეგრელობა” პროფესიად და მოწოდებად არის წარმოდგენილი და არა წარმომავლობად). ამგვარი იარლიყის ერთ-ერთი მიზეზი მეგრელების ამბივალენტური, ორაზროვანი მდგომარეობა და ის კითხვებია, რომლის საჯაროდ დასმას სრულებით უსაფუძვლოდ ვერიდებით ხოლმე: „ვინ არიან მეგრელები? როგორ შეიძლება ერთდროულად მეგრელიც იყო და ქართველიც? რაღაც გაუგებარი ენაც გქონდეს („ჟღურტული – მეგრელთაგან მრუდი ლაპარაკი, გინა ჩხიკვთა და კაჭკაჭთაგან ლაპარაკი. ესე არს მეგრელთა და მისთანათა ავენოანთა ლაპარაკი”. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბილისი, „მერანი”, 1991) და თან თავს ყველაზე აღმატებულ ქართველად აცხადებდე? ალბათ, აფერისტია?” როგორც ჩანს, ამ ერთგვარი „უნდობლობის”, ორაზროვნების გადალახვა საქართველოს უახლეს ისტორიაში მეგრელების მთავარი პრობლემა იყო. ერთი მხრივ, მათ სურდათ ჰქონოდათ „მეგრელობა”, ერთგვარი „საკუთარი” ლოკალური იდენტობა, განმასხვავებელი ნიშანი, როგორც ეს აქვთ სხვა ქართველებს, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა კუთხის მკვიდრი ქართველებისთვის დაემტკიცებინათ „ქართველობაში” საკუთარი აღმატებულობა, ერთგვარი რჩეულობა. ზვიად გამსახურდიასადმი ემოციური დამოკიდებულება, „გარდარეული სიყვარული” მის მიმართ, რომლითაც, ვგონებ, ყველაზე მეტად მეგრელები გამოირჩეოდნენ (სხვა კუთხის მკვიდრი ქართველები ზვიადის მომხრეობას, პირველ რიგში, მეგრელებს მიაწერდნენ. მახსოვს ჩემი მეგობრების უნდო, ეჭვებით აღსავსე მზერა: „ზვიადისტი ხომ არ არის? ხომ არ ინიღბება?”), ქართველებისათვის „უმაღლესი ქართველობის” დამტკიცების სურვილით იყო ნაკარნახევი. „ჩვენი კუთხის შვილი ყველას შეახსენებს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო: სწორედ მეგრელია ის, ვინც დანარჩენ ქართველობას აჩვენებს, რას ნიშნავს პატრიოტიზმი”. მეგრელების მიერ გამსახურდიასთან საკუთარი თავის გაიგივება ნიშნავდა ამბივალენტობის, ორმაგობის, „ეთერული” მდგომარეობის გადალახვას, ერთგვარი სიმყარის შეძენას, კუთხის უმაღლესი წარმომადგენლის – ქვეყნის პირველი პირის – პრეზიდენტის ფიგურით, საქართველოს ისტორიისათვის საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, სამეგრელოს, მნიშვნელოვნების წარმოჩენას. მეგრელისათვის ყველაზე საწყენი ამ შემთხვევაში იყო გაუგებრობა, რომლითაც მეგრელების ქართულ-ნაცისტურ იდეას ქალაქის საზოგადოება შეხვდა (ყოველ შემთხვევაში, მისი ლიბერალური, ელიტარული და შეიარაღებული ნაწილი). მეგრელებს „აწყენინეს”. ფსიქოანალიტიკურად მათ უარი უთხრეს მამრის (კოსმოსის შემქმნელის) პოზიციაზე ქართული კულტურის შიგნით და მსახურის პოზაში ჩააყენეს. ფეოდალური მეხსიერების მატარებელი მეგრელებისათვის ეს უცნაური მოვლენა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საწყენი კი – ნამდვილად. ეს წყენა ჯერ კიდევ არის დარჩენილი მათს კოლექტიურ მეხსიერებაში.

როგორ შეიძლება გადაილახოს ეს წყენა? ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ თვალსაზრისით უკვე მოხდა. ეს იყო ვარდების რევოლუცია. მეგრელებისათვის ის, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა ერთგვარ შურისძიებას შევარდნაძის რეჟიმზე, მაგრამ, ამასთან ერთად, მანვე დაანახა სამეგრელოს მკვიდრებს, რომ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად ყველა კუთხის თანამონაწილეობაა საჭირო და არავის არ უნდა ჰქონდეს „ქართველობაზე” განსაკუთრებული პრეტენზია ან, გნებავთ, მონოპოლია. ვარდების რევოლუციამ ქართული სახელმწიფოს შენებისათვის ახალი შანსი შექმნა. ეს კი უნდა გულისხმობდეს ქვეყნის შენებას, მომავლის ქმნას არა მეგრელების მიერ საკუთარი განუმეორებლობისა და განსაკუთრებულობის მტკიცებით, არამედ სხვა კუთხის მცხოვრებთა ყურისგდებით და მათთან ერთად საერთო ქართული წესრიგისა და თავისუფლების ქმნადობაში თანამონაწილეობით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები