დაუბეგრავი მინიმუმი

დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააჟღერეს ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას და ეგრეთ წოდებული დაუბეგრავი სახელფასო მინიმუმის შემოღებას. მათივე განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმის ტოლი უნდა იყოს.

თავისთავად იდეა არ არის ახალი – მსგავსი რამ ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად წინ წასულ არაერთ ქვეყანაში არსებობს. დაუბეგრავი მინიმუმი საქართველოში რამდენიმე წლის წინაც არსებობდა და 9 ლარს შეადგენდა. მისი მომხრეები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, როგორც წესი, ისეთ არგუმენტს იშველიებენ, როგორიცაა გაჭირვებულებისთვის შეღავათის მიცემა. საგადასახადო კოდექსში ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ისედაც ღარიბ მოქალაქეს საშემოსავლო გადასახადის სახით ართმევს გამომუშავებული ხელფასის რაღაც ნაწილს, ხოლო დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების შემთხვევაში, მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილი ოჯახში შედარებით მეტ თანხას შეიტანს.

რიტორიკის დონეზე ასეთი ინიციატივა ცალსახად ჰუმანური ჩანს. სავარაუდოდ, ის მოგებიანი უნდა იყოს პოლიტიკური თვალსაზრისითაც, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ იდეის ხორცშესხმას.

ყველაზე პოპულარული საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში უკვე არაერთხელ მოვისმინე, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების კლებაა. იმის გამო, რომ დაქირავებული შრომით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შემოსავლის ნაწილი გათავისუფლდება გადასახადისგან, სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადის სახით უფრო ნაკლებ თანხას აკრეფს, ვიდრე ადრე ახერხებდა. თუ დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმის ოდენობას გაუთანაბრდება (დაახლოებით 155 ლარი) და გავითვალისწინებთ, რომ დაქირავებული შრომით საქართველოში დაახლოებით 620 ათასი ადამიანია დასაქმებული (ანუ ისინი, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდიან), დანაკარგი წელიწადში 230 მილიონი ლარი იქნება.

ცხადია, ეს მცირე მოცულობის თანხა არ არის (დაახლოებით ბიუჯეტის 3%), თუმცა დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების საწინააღმდეგოდ ამ არგუმენტის გამოყენება ნაკლებად სასურველია ერთი მარტივი მიზეზის გამო – სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მატება ან კლება არ არის კარგი კრიტერიუმი იმის განსასაზღვრად, მიზანშეწონილია თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკის გატარება. ბუნებრივია, ყველა მთავრობას ურჩევნია მეტი ფული ჰქონდეს დასახარჯად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მატებასთან ან კლებასთან ერთად პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ან შემცირდება მოქალაქეთა კეთილდღეობის დონე. ზოგადად, რაც მეტი ფული დარჩება კერძო სექტორში და ნაკლებს დახარჯავს სახელმწიფო აპარატი, ეკონომიკის ზრდის ტემპისთვის უკეთესია.

სინამდვილეში პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით, უკავშირდება არა იმდენად სახელმწიფო შემოსავლების დონის ვარდნას, რამდენადაც სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ განსხვავებული მიდგომის გამოყენებას.

დაუბეგრავი მინიმუმის დაწესებით საგადასახადო სისტემაში გაჩნდება ეგრეთ წოდებული ხვრელი, რომლის გამოყენებასაც არაერთი დამქირავებელი შეეცდება ადამიანურ რესურსებზე დანახარჯების შესამცირებლად. მაგალითად, თუ დღეს რომელიმე პატარა, საშუალო ან მსხვილ ბიზნესს დაქირავებული ჰყავს თანამშრომლები, რომელთაც დაბეგვრის შემდეგ უხდის 300-300 ლარს (შესაბამისად, ყოველ დაქირავებულზე ბიუჯეტში რიცხავს საშემოსავლო გადასახადს – 75 ლარს), დაუბეგრავი მინიმუმის არსებობის შემთხვევაში (პირობითად 155 ლარის ოდენობით), ასეთ ბიზნესს საშუალება ექნება ფორმალურად „დაასაქმოს” ორჯერ მეტი ადამიანი და თითოეულზე გასცეს 150 ლარი. ბიუჯეტისთვის გადასახდელი თანხა (თითოეულ დაქირავებულზე 75 ლარი) დარჩება დამსაქმებლის მოგებად. ასეთი სქემის პრობლემა არა საბიუჯეტო შემოსავლების კლება, არამედ კორუფციული არსია.

იმის გამო, რომ საგადასახადო კოდექსი გადასახადისთვის თავის არიდების ასეთ შესაძლებლობას (ხვრელს) გააჩენს, კორუფცია დიდი ალბათობით გადავა საჯარო სექტორზე. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუროკრატების გადასაწყვეტი იქნება, რომელი დამქირავებელი ცდილობს გადასახადისთვის თავის არიდებას, ხოლო რომელი საჭიროებს რეალურად 150-ლარიან რამდენიმე ათეულ თანამშრომელს. ანუ, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ – არა.

ასეთი ტიპის განსხვავებული მიდგომებით, როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს სახელმწიფო სხვაგვარად უდგება, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონეებს სხვაგვარად, როგორც წესი, სწორედ შეძლებული მოქალაქეები სარგებლობენ. მიზეზი მარტივია – ისინი ხედავენ ხვრელებს კანონმდებლობაში და აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაიქირაონ ძვირადღირებული ადვოკატები და ბუღალტრები, რათა მაქსიმალურად მეტი მოგება მიიღონ შექმნილი საკანონმდებლო გარემოდან. ღარიბ მოქალაქეს ამისთვის არც საჭირო ცოდნა აქვს, არც დრო და არც რესურსი. რაც მთავარია, გადასახადის თავიდან აცილების მიზნით გაწეული ბუღალტრებისა და იურისტების შრომა არ ზრდის მოსახლეობის საერთო კეთილდღეობის დონეს, რადგან მისი მიზანი საზოგადოებაში არსებული რაიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება არ არის.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილის სასიკეთოდ წარმოებული პოლიტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში მდიდრებისთვის წართმევასა და ღარიბებისთვის დარიგებას გულისხმობს დაუბეგრავი მინიმუმის არსიც, საბოლოოდ, ეს არის – სახელმწიფო ხარჯები დააფინანსონ შეძლებულებმა, ხოლო გაჭირვებულები არ დაიბეგრონ), სასურველ შედეგს არ იძლევა.

2002 წელს პოლიტიკური ინოვაციების ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა. მის მიხედვით, პროგრესულმა გადასახადმა (რომელიც შემოსავლის ზრდასთან ერთად საგადასახადო განაკვეთის ზრდას გულისხმობს) ჩაფიქრებული ეფექტი 40 წლის განმავლობაში (1957-1997წწ.) ვერ მოიტანა: მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 10%-ის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის წილი (აკრეფილი საშემოსავლო გადასახადის საერთო მოცულობასთან მიმართებაში) 15%-ით გაიზარდა, დანარჩენი მოსახლეობის (90%) შემოსავლის წილმა (გადასახადების გადახდის შემდეგ, მოსახლეობის შემოსავლების საერთო ოდენობასთან მიმართებაში) 13%-ით დაიკლო.

მაგრამ დაუბეგრავი მინიმუმის, როგორც საგადასახადო ნორმის შემოღების მთავარი პრობლემა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევაა. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით მოსახლეობის ერთი ნაწილი არ გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, ხოლო მეორე ნაწილი – კი. ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მოსახლეობის ნაწილს აყენებს განსხვავებულ პირობებში, არის უსამართლო. დისკრიმინაცია შემოსავლის დონის მიხედვით არაფრით განსხვავდება სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაციისგან, იქნება ეს კანის ფერი, სქესი თუ აღმსარებლობა. თუ გვინდა, რომ საგადასახადო ტვირთი შევუმსუბუქოთ მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს – შევამციროთ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი; ყველასთვის. სხვათა შორის, ეს დასაქმებასაც ხელს შეუწყობს.

კომენტარები