კარგი და ცუდი იდეები ქართული მედიისთვის

ჩვენ შეჩვეული ვართ აზრს, რომ თავისუფლებას ძირითადი საფრთხე მთავრობებისგან ემუქრება. ეს ბუნებრივია: ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ნერვები ეშლებათ, როდესაც მათი პროექტების განხორციელებაში ვინმე ხელს უშლის და უნდათ, შემაკავებელი ძალები დაასუსტონ. ეს კი საფრთხეს უქმნის ადამიანის თავისუფლებას, რომელიც სწორედ ხელისუფლების შეზღუდულობაზეა დამოკიდებული.

მაგრამ თავისუფლებას საფრთხე შეიძლება იმანაც შეუქმნას, ვისაც ხელისუფლების შეზღუდვა უნდა. დემოკრატიის ქომაგთაგან წამოსული ყველა იდეა ავტომატურად არ ემსახურება თავისუფლების გაფართოებას: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ხშირად კეთილი სურვილებითაა მოკირწყლული.

სამოქალაქო მოძრაობამ მშვენიერი სახელწოდებით „ეს შენ გეხება!” წარმოადგინა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტი, რომლის გაზიარებაც, მისი აზრით, ჩვენს არჩევნებს უფრო დემოკრატიულს გახდის. ზოგი წინადადება ჭკუასთან ახლო მეჩვენა ან, როგორც მინიმუმ, განხილვის ღირსია. მაგრამ ზოგიერთი იდეა, პირიქით, საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას.

საქართველოს მედიაკანონმდებლობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მედია ცუდია, ხოლო გარე შემფასებელთა უმრავლესობა მას „ნაწილობრივ თავისუფალს” უწოდებს. რაშია საქმე? ძირითადი პრობლემა, ჩემი აზრით, ორია. პირველ რიგში, მედია (აქ სიმარტივისთვის მის ყველაზე გავლენიან ნაწილს – ტელევიზიას ვიგულისხმებ) ემსახურება არა მომხმარებელს, ანუ ხალხს, არამედ მისი პატრონების და სპონსორების პოლიტიკურ ინტერესებს. მისი მიზანია არა მოქალაქეების გართობა და ინფორმირება, არამედ მათ ტვინებში „სწორი” პოლიტიკური ორიენტაციების დამკვიდრება. ამ მხრივ, პრო- და ანტიმთავრობული ტელევიზიები არაფრით განსხვავდება.

მეორე პრობლემა, რომელიც გაცილებით მეტ მღელვარებას იწვევს, არის ის, რომ პრომთავრობული მედია მისაწვდომობის დონით გაცილებით სჯობია ანტიმთავრობულს, რაც ოპოზიციას უარეს მდგომარეობაში ამყოფებს და ქვეყანაში პოლიტიკური დისბალანსის მნიშვნელოვანი მიზეზია.

რას გვთავაზობენ „ეს შენ გეხებას” აქტივისტები? მათ მხოლოდ მეორე ზემოხსენებული პრობლემა, პრომთავრობული მედიის დომინანტობა, აღელვებთ და, რაც მთავარია, იმედი აქვთ, რომ შეძლებენ მოიფიქრონ ისეთი კანონი, რომელიც აიძულებს ამ უკანასკნელს, ნაკლებად პრომთავრობული გახდეს.

კერძოდ, მათ შემოაქვთ წინადადება აიკრძალოს „ფარული პოლიტიკური რეკლამა”. ეს ცნება უაღრესად ბუნდოვანია და შეიძლება არანაკლებ სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე ზედმეტად ფართო დებულებები პოლიტიკური დაფინანსების შეზღუდვაზე, რომლის წარმატებული ოპონირებითაც „ეს შენ გეხებამ” თავი გაითქვა. ასეთ რეკლამად შეიძლება ჩაითვალოს პრაქტიკულად ნებისმიერი სიუჟეტი, რომელიც პოლიტიკოსთა რაიმე საქმიანობას ასახავს. დაშვებულია მხოლოდ „ოფიციალურ ღონისძიებაში კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების აღსრულების მიზნით პოლიტიკური თანამდებობის პირის მონაწილეობის” გაშუქება. მაგალითად, ვანო ჯავახიშვილის შოუში პოლიტიკოსის გამოჩენა სასტიკად უნდა აიკრძალოს – ამტკიცე ახლა, რომ ეს არ არის „ფარული პოლიტიკური რეკლამა”.

მეორე შემოთავაზება: თუ კერძო სატელევიზიო არხი პოლიტიკური დებატების გამართვას გადაწყვეტს, აუცილებლად ყველა „კვალიფიციური სუბიექტი” უნდა მოიწვიოს (ანუ ყველა პარტია, რომლებმაც ბოლო წლების არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიეს: ამის კრიტერიუმიც ზუსტადაა კანონში გაწერილი). რატომ? იქნებ მაყურებლისთვის საინტერესო ის პოლიტიკური ფიგურებია, ვინც დღესაა გავლენიანი და არა ის, ვინც ოთხი წლის წინ სადღაც ოთხი პროცენტი აიღო? ნურას უკაცრავად, სახელმწიფომ (კანონმდებელმა) უკეთ იცის, რისი ნახვა სჭირდება მაყურებელს.

რაშია შეცდომა? კანონით ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, გაფუჭება კი – ძალიან ბევრის. მედიის (ისევე როგორც ნებისმიერი ინდივიდის) თავისუფლება ნიშნავს იმის უფლებასაც, იყოს მიკერძოებული, უგემოვნო, ილაპარაკოს სისულელეები და ა.შ. კანონით ვერ აიძულებ ცუდ ან მიკერძოებულ ტელეკომპანიას, გახდეს კარგი ან ობიექტური. თუ მის პატრონს გულით უნდა, რომელიმე პარტია კარგად ან ცუდად წარმოაჩინოს, ამას ყოველთვის მოახერხებს. სამაგიეროდ, შეზღუდვები ხელს შეუშლის კარგ ტელევიზიას, რომელსაც მაყურებლისთვის საინტერესო პროგრამის გაკეთება უნდა (მერე რა, რომ ასეთი ჯერ არა გვყავს).

„ფარული პოლიტიკური რეკლამის” აკრძალვა ფაქტობრივად პოლიტიკური ცენზურის პრეცედენტს ქმნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებას ყოველთვის მეტი ადმინისტრაციული რესურსი აქვს (მათ შორის, შესაძლოა, სასამართლო სისტემაზე ზემოქმედების ბერკეტიც), საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ ასეთი შეზღუდვა, პირველ რიგში, ოპოზიციურად განწყობილი მედიის წინააღმდეგ იქნება მიმართული (მის პროგრამებს, რა, ვერ მოუძებნი „ფარული პოლიტიკური რეკლამის” ნიშნებს?).

დემოკრატიის ქომაგებს სუბიექტური განცდა აქვთ, რომ თუ რუსთავი2-სა და იმედს რაღაცა დაუკანონეს, ამით ხელისუფლებას შეზღუდავენ. მაგრამ თავისი სტატუსით ესენი ისეთივე დამოუკიდებელი ტელეკომპანიებია, როგორც მაესტრო და კავკასია: უბრალოდ, სარედაქციო პოლიტიკებია სხვადასხვა. თუ ბიძინა ივანიშვილი თავის დანაპირებს შეასრულებს და არჩევნებს მოიგებს, იმავე წუთიდან როლები შეტრიალდება: ყოფილი „პრომთავრობულები” დამოუკიდებელი მედიის ფლაგმანებად იქცევიან და პირიქით (როგორც უკვე მოხდა „ვარდების რევოლუციის” შემდეგ). თუ აწესებ თავისუფალი მედიის შეზღუდვას, ვერასოდეს გათვლი, ვინ ვის წინააღმდეგ გამოიყენებს ამას.

მაშ რა ვქნათ? სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საუკეთესო რეალისტური ვარიანტი, რაც საქართველოში შეიძლება გვქონდეს, ცუდი ტელევიზიების პლურალიზმია. ეს იმის შანსსაც ამაღლებს, რომ ასეთ გარემოში მედიამფლობელებსაც და მაყურებელსაც ადრე თუ გვიან უფრო პროფესიული და ინფორმაციული პროგრამების მოთხოვნილებაც გაუჩნდეთ (თუმცა ამას დრო დასჭირდება).

აქედან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკური და ანგარიშგასაწევი „ეს შენ გეხებას” ის წინადადებებია, რომლებიც საკაბელო ოპერატორების მიერ ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტს შეეხება. ესეც საკამათოა, რადგან თავისუფალი ბიზნესის შეზღუდვას გულისხმობს და ეჭვი არ მეპარება, რომ ოპონენტებს ანგარიშგასაწევი არგუმენტები ექნებათ. მაგრამ იმ პირობებში, როცა საკაბელო ოპერატორები აშკარად პოლიტიკური ნიშნით წყვეტენ, ვისი სიგნალი გაატარონ და ვისი არა, ამ მიმართულებით ფიქრი აზრიანია. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რესტორნის მფლობელს შეეძლო ეთქვა, ჩემი რესტორანია და ვინ დამიშლის, რომ შავკანიანები არ შემოვუშვაო. მაგრამ რასობრივი დისკრიმინაცია იმდენად დიდი პრობლემა იყო, რომ რესტორნის პატრონთა უფლებები სამართლიანად გადავიდა მეორე პლანზე.

კომენტარები