მონოპოლიები და საქართველო

არა, არ გაგიკვირდეთ, სწორედ მონოპოლიებზე მინდა გითხრათ ცოტა რამ. მე არაერთხელ დამიწერია, რომ მონოპოლიებში საშიში არაფერია, მით უმეტეს, მცირებაზრიან საქართველოში, რომლის საზღვრებიც იმპორტისთვის ღიაა.

ნებისმიერ პოტენციურ მონოპოლიას იმდენი კონკურენტი გაუჩნდება, ვინმე აუცილებლად მოახერხებს, რომ გადალახოს ყველა ბარიერი და ეს პრივილეგია ხელში ჩაიგდოს. ამიტომ ცხადია, მონოპოლისტისთვის, თუნდაც მისი მდგომარეობა მთავრობის მიერ იყოს გამაგრებული, არანაირი გარანტია არ არსებობს.

როგორც სხვა ეკონომისტებს, მეც მიყვარს მაგალითების მოშველიება და აი, პირველი: წარმოიდგინე, რომ ხარ დიდი გერმანული ლუდის კომპანია, რომელსაც გაინტერესებს ახალი ბაზრები. საქართველოსაც უთვალთვალებ. და რას აღმოაჩენ? სულ 200-300 ათასი ლუდის მსმელი, რომელთა მსყიდველუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ უმრავლესობა ქართულ, იაფ ლუდს ამჯობინებს. წარმოების გახსნაზე ხომ საერთოდ არ ღირს საუბარი, მით უმეტეს, რომ მიუხედავად თავისუფალი ვაჭრობის ინიციატივებისა, მეზობლებთან ჯერ არ გვაქვს ექსპორტის დიდი იმედები. არ ღირს – თუნდაც მონოპოლიზება შეძლო.

ბევრს უყვარს ბუნებრივ მონოპოლიებზე საუბარიც – მათ ვურჩევდი თომას დილორენცოს სტატიას გაეცნონ, ბუნებრივი მონოპოლიების შესახებ მითებს რომ ამხელს. თუმცა სინამდვილეში ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, ვის კონტროლქვეშ იქნება ესა თუ ის სექტორი. ყველაზე კარგი წამალია დაუყოვნებელი პრივატიზება. მაგრამ მათზე, ვისაც ამით ფულის შოვნა სურს, ან კონტროლი, ან ბევრი აბდაუბდის გამოქვეყნება – ეს არგუმენტი არ ჭრის.

ახლა მინდა იმ ყველაზე ყბადაღებულ სფეროზე დავწერო, რომელმაც მაიძულა ეს თემა კიდევ ერთხელ გავიმეორო – ეს არის ბენზინის დისტრიბუცია. ვიცი, რომ ვრისკავ ბენზინის გამყიდველებთან შეკრულად გამასაღონ – ამასწინათ ვიღაც ამტკიცებდა, რომ ოქროს საბადოების ლიცენზიებს ვარიგებ, რადგან კახა ბენდუქიძესთან მეგობრობაში ვარ „შენიშნული”, მაგრამ როგორმე ავიტან – თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ ამ ბოლო დროს ბევრმა საკუთარ პრინციპებს ფული ამჯობინა და ახლა ყველაზე ასე ფიქრობენ.

ბენზინი ძალიან დიდი პოლიტიკის საკითხი რომაა, ალბათ ყველამ ვიცით. ახლა მისი ფასი ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პოლიტიკოსების და მედიის დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხს აქცევს მეტ ყურადღებას, ხოლო უფრო მარტივი, ცხოვრებისეული ამბები – როგორც ფერედიკ ბასტია იტყოდა, „ის, რაც არ ჩანს” – ნაკლებად აინტერესებთ.

ის, რაც ჩანს, არის ბენზინის ფასები, რომელიც თბილისში მართლაცდა ჯადოსნური ჯოხის დაქნევის მსგავსად იცვლება. და თანაც სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში, ძალიან ჰგავს ერთმანეთს (თუმცა ყველაზე მეტად მოხმარებულ ბენზინსა და დიზელზე მაინც არის განსხვავებები). არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ კომპანიების საქმეში ჩავერიო – ყველაზე უარესი, რაც შეიძლება წარმოიდგინო, ხომ სწორედ ისაა, რომ მთავრობას ვუყიჟინოთ ჩაერიოს და იმანაც სრულიად უგუნური შეცდომა დაუშვას. გახსოვს, მკითხველო, რა მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა გამსახურდიამ პურის ფასი გაყინა? 3 წელი რიგში ვიდექით და ძალიან უხარისხო პურს მივირთმევდით.

სწორია, ასე მოხდება ახლაც, თუ ამ კომპანიების საქმეში ჩარევას გავაგრძელებთ. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის საშუალებით ბოლო ხანებში ისიც გავიგეთ, რომ სახელმწიფო ბენზინს ერთი კომპანიისგან არ ყიდულობს და თანაც, წლების მიხედვით, პროპორციები იცვლება. ახლა ორ რამეს მეტყოდნენ: 1. ყველა ეს კომპანია სინამდვილეში ერთია. 2. შემომტანია ერთი.

პირველი: ყველა კომპანია ერთი არაა, ეს ყველამ კარგად იცის. რამდენიმე მათგანი ხომ სულაც უცხოურია. საერთოდ, საქართველოში მრავალი (100-ზე მეტი) კომპანია ყიდის ბენზინს (მე არ ვაპირებ ვახსენო რომელიმე), რომელთაგან ზოგიერთი დიდ ქსელს ფლობს, ხოლო ზოგიერთი მხოლოდ ერთ სადგურს. რამდენი შეიძლება კიდევ იყოს? ამას მოგვიანებით ავხსნი.

მეორე: შემომტანიც არ არის ერთი, არც ორი და არც ათი – არის იმდენი, რამდენიც ამ საქმეს მოერევა. საწვავის იმპორტი გაცილებით უფრო რთული საქმეა, ვიდრე დისტრიბუცია. ამ საქმიანობისთვის საჭიროა: დიდი და მაღალი ხარისხის რეზერვუარები, ფულადი რესურსების დიდი ნაკადი და მარაგები, ქონება, რომელიც შეიძლება გარანტიად გამოდგეს. რომ არაფერი ვთქვათ მაღალი ხარისხის მენეჯერულ ცოდნასა და გამოცდილებაზე.

ცხოვრებაში სიტუაცია კიდევ უფრო ადვილად დასანახია: წარმოიდგინეთ, რომ ბენზინის იმპორტი გადაწყვიტეთ.

1. პირველ რიგში, უნდა მონახოთ უცხოური ფირმები, ვინც ბენზინს ყიდის. გამოცდილი, კარგი ისტორიით, სადმე ახლოს, სასურველია ბენზინის ნაწილის კრედიტად გაცემის შესაძლებლობებით (ამას რომ წაიკითხავს, ვინმე ამ საქმით დაკავებული, აუცილებლად გააპროტესტებს – სადაა ასეთი კარგი ცხოვრებაო).

2. უნდა მოძებნოთ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაინტერესებული იქნება თქვენთვის სასურველი მოცულობის ბენზინის გადმოტვირთვაში.

3. შესთავაზოთ გამყიდველს თქვენი პირობები. გაითვალისწინეთ, რომ გამყიდველისთვის მისაღებია, რაც უფრო დიდი რაოდენობით იყიდი – ამ შემთხვევაში ის პირობებს არბილებს და ფასებს ამცირებს.

4. გასათვალისწინებელია ასევე სატრანსპორტო საშუალების გრაფიკიც, მით უმეტეს, თუ დიდ მოცულობას ვერ ყიდულობ – მას არ შეუძლია მცირე ტვირთებზე მოცდეს.

5. უნდა გამოითვალოთ სახლში არსებული მარაგები, მათი გაყიდვის ტემპები და საცავი მოცულობების ოპტიმალური გამოყენება.

6. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მცირე რაოდენობით ბენზინის შემოტანა ავტომატურად გიზრდით დანახარჯებს ერთ ლიტრზე გადათვლით, მით უმეტეს, როდესაც კონკურენტებს არ სძინავთ.

7. მცირე კომპანიებს ასევე უფრო ძვირი უჯდებათ საქმიანობა, რადგან ისინი იძულებული არიან კომპანიის მენეჯმენტის, აუდიტის, იურიდიული და სხვა ხარჯები მცირე მოცულობის საწვავზე გადაანაწილონ და ერთეული ლიტრის დანახარჯები მაღალი ჰქონდეთ.

8. დიდ გავლენას ახდენს ასევე ბუნებრივი დანაკარგების პრობლემა – რაც მეტხანს გააჩერებ საცავში ბენზინს, მით უფრო დიდი ალბათობაა მისი აორთქლების და დანაკარგის. ამ პრობლემის ერთი ნაწილია ამ დანაკარგის ხარჯებში გატარება – მესაკუთრეს და საგადასახადო სამსახურს ეს არ სიამოვნებთ. ასეთი დანაკარგები მცირე კომპანიებისთვის ძნელად გადასატანია და იმპორტი და საბითუმო ვაჭრობა მათთვის შეუძლებელია (ეს ანაბანა ყველა გამყიდველმა იცის).

მთავარი დასკვნები ამ მცირე ექსკურსიდან ისაა, რომ:

1. რაც ნაკლებ ბენზინს ყიდი, მით უფრო ძვირი გიჯდება ერთეული – ლიტრი, და გაქვს ნაკლები მოგება.

2. მცირე ფირმები ბენზინს ვერ შემოიტანენ – არავინ იყიდის.

3. მონოპოლიებთან ბრძოლა უდავოდ მიგიყვანს მაღალ ფასებამდე.

კომენტარები