რატომ არ ვართ შვეიცარია

0 კომენტარი

მრავალი ჩვენგანი შვეიცარიაში მგზავრობისას უთუოდ დამტკბარა შვეიცარიის ჭიუხების, მთების, ტყეების, ანკარა მდინარეებისა და ტბების სილამაზით. ჩვენი ქვეყანაც მოგვგონებია და შვეიცარიისა და საქართველოს გეოგრაფიული რელიეფის მსგავსებით აღფრთოვანებულებს, არაერთგზის დაგვისვამს კითხვა საკუთარი თავისათვის: გარემოებათა რა გადაჯაჭვამ აქცია მთიანი, წიაღისეულით არცთუ მდიდარი, მრავალენოვანი და კონფესიურად ჭრელი, დიდი, ძლიერი და მადიანი სახელმწიფოების გვერდით მყოფი პატარა ქვეყანა – შვეიცარია – იმად, რაც დღეს არის? ამ კითხვაზე პასუხს ადვილად იპოვით პაულ ვიდმერის შესანიშნავ ნაშრომში „შვეიცარია, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა” (Paul Widmer, Die Schweiz als Sonderfall, Grundlagen-Geschichte-Gestaltung, Zürich, 2007), რომლის ასევე შესანიშნავი თარგმანი, უკვე ყველა ქართულენოვანი მკითხველისათვის ხელმისაწვდომია (Paul Widmer, Die Schweiz als Sonderfall). მე პირველი არ ვარ, ვინც საქართველო და შვეიცარია ერთმანეთს შეადარა. ქართველ მკითხველს ვურჩევ გადაიკითხოს ცნობილი ქართველი ინტელექტუალისა და მწერლის, გერონტი ქიქოძის სრულებით თანამედროვე ესე „შვეიცარია”. გ. ქიქოძე შვეიცარიის ბუნებაზე ერთგან წერს: „განსაკუთრებული ელფერი ეძლევა მშვენიერს ბუნებას, როცა მას კულტურაც ეუღლება: ის კარგავს ველურ ქალწულებრივობას, მაგრამ სამაგიეროდ რაღაც გამოუთქმელ ინტიმურ ხასიათს იღებს” (გ. ქიქოძე, რჩეული თხზულებანი, ტ. II, 1964, გვ. 317). „კულტურის შეუღლება” ბუნებასთან გულისხმობს ადამიანის ჩარევას ბუნებაში, მის „მოშინაურებას”, მეცნიერების და ტექნოლოგიების მეშვეობით ბუნებაში „შეღწევას”. ზოგადად, ეს „შეღწევა”, გნებავთ, შეჭრა, და ასევე ბუნებაში ჩარევის შეგნებული, გააზრებული რეგლამენტაცია, ადამიანური ფაქტორის გარემოზე ზეგავლენის შეგნებული შემცირება – ცივილიზებულობის გამოვლენის ორი, განსხვავებული ფორმაა. და მაინც, გეოგრაფიული რელიეფითა და კულტურულ-ენობრივი მრავალფეროვნებით შვეიცარიის მსგავსმა საქართველომ რატომ ვერ მიაღწია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობის იმ სიმაღლეს, რაც დღეს არის შვეიცარიაში?

ქართული სამეცნიერო ლიტერატურა და ისტორიული წყაროები საქართველოს „ბედუკუღმართობის” მიზეზად რამდენიმე გარემოებას ასახელებს. მათ შორისაა ქართველთა ეთნო-ნაციონალური ხასიათი, ე.წ. ბუნება. ასე მაგალითად, „ქართლის ცხოვრება” წერს: „ნათესავი ქართველთაი ორგულ-ბუნება არს პირველითაგან თვისთა უფალთა; რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და მშვიდობაი პოონ და განსუენებაი იწყონ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძუელი მატიანე ქართლისაი და საქმენი აწ ხილულნი” (ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა დავითისი). მეორე, რასაც ქართველ მეცნიერთა ნაშრომებში ვიპოვით, ჩვენი დიდი მეზობლებია, რომელთა დამპყრობლური პოლიტიკა ქვეყნის ინტენსიურ განვითარებას უშლიდა ხელს; მესამე, ქართველებს არ ჰყავთ ნათესავი ერები (თითქოს პოლიტიკაში ნათესაობა რაიმეს ნიშნავდეს). ყველა ამ და კიდევ მსგავსი ფაქტორების ერთობლიობით შეიქმნა „მსხვერპლის”, „წამებული ერის” ნარატივი, „მოთქმა-ვაების” ჟანრი, რომლის თანახმადაც, ჩვენი „ბედუკუღმართობის” ყველა მიზეზი ან ჩვენ მიღმაა, ჩვენგან დამოუკიდებელია, ან კიდევ, ბუნებით, ბიოლოგიურად განპირობებული ჩვენი ხასიათია.

პატრიოტიზმი ნებისმიერ საფუძველზე პოულობს ნოყიერ ნიადაგს. თუ ძლიერი და წარმატებული ქვეყნა ხარ, ეს თავისთავად წარმოშობს სიამაყის განცდას. მაგრამ, არცთუ იშვიათად, წარუმატებლობა და ვაგლახი სოციალური ყოფა, ნაციონალური გამორჩეულობის იდეით კომპენსირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების მოწყობა არ შეგიძლია, მაშინ ისტორია და ისტორიული სიამაყე იძენს გადამეტებულ მნიშვნელობას. „ახლა არაფერი არ ვარ, მაგრამ დიდებული წარსული მქონდა”. წარსულის განდიდება, ისტორიის ფეტიშად ქცევა, ზარმაცი, არაფრისმკეთებელი, უსაქმური საზოგადოების თვისებაა.

ფატალიზმი, წინასწარგანწირულობა და სხვათა გადაწყვეტილებებზე ჩვენი ბედის სრული დამოკიდებულობა, თანამედროვე ქართული ნაციონალური შეგნების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. არცთუ იშვიათად, გამორჩეული თუ საშუალო სტატისტიკური ქართველისაგან დღესაც გავიგონებთ ფრაზებს: „თუ ამერიკას ნებავს...”, „...გასაღები მოსკოვშია”, „ისინი მოლაპარაკებულები არიან...” და ა.შ., რაც პრაქტიკულად გამორიცხავს თვით ჩვენი, ინდივიდუალური ძალისხმევის მნიშვნელობას. ამ ფილოსოფიას თუ გავყვებით, ქართული კულტურის ლამის ერთადერთი ორიგინალური თავისებურება – აწ უკვე საყოველთაოდ ცნობილი ჩვენი ბინძური სადარბაზოები – სულ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების (ახლა უკვე ქართული სახელმწიფოს) დამსახურებაა და არა ჩვენი სამოქალაქო, საზოგადოებრივი შეგნების მაჩვენებელი. ასე იქმნება „მსხვერპლის” და „ჯვარზე გაკრული ერის, კავკასიაზე მიჯაჭვული პრომეთე/ამირანის” კონცეფცია, რომელიც ყოველ ჩვენგანს სოციალური და, გნებავთ, მორალური პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს. აბა, რა უნდა გვექნა? ჩვენზე არაფერი იყო დამოკიდებული? ირანი და თურქეთი, რუსეთი და დაღესტანი, იეღოველები და გეები და კიდევ ვინ იცის, ვის დავაბრალებთ მომავალში (იქნებ უცხოპლანეტელებს) ჩვენს არასახარბიელო მდგომარეობას.

მიზეზები კი ყოველთვის გარეთ არ არის. ის არის ჩვენში და ჩვენს კულტურაში; ჩვენი კულტურის გამოკვეთილ თავისებურებაში: სპონტანურობასა და მჭვრეტელობაში; მეოცნებეობასა და ნატვრაში. შვეიცარია და ევროპა, ევროპული საზოგადოების კეთილდღეობა, რომელსაც ასე მიელტვის მთელი სამყარო, არის არა მხოლოდ კონტემპლაციის-მჭვრეტელობის, არამედ მჭვრეტელობასა და მეოცნებობასთან დაპირისპირების, აქტიური მოქალაქეობის და რაციონალური აზროვნების, გამიზნული, თვლად შედეგებზე ორიენტირებული ქცევის შედეგი, რომელსაც დასავლელი ადამიანის ცხოვრებაში „დღის წესრიგის” ფორმა აქვს. ეს ჩემი მოსაზრება არ გახლავთ უბრალოდ სხვათა და საკუთარ თავზე მარტივი დაკვირვების შედეგი. უკვე რამდენიმე წელია ილიას უნივერსიტეტში ვკითხულობ კურსს „ვებერი. პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება. ტექსტი და კომენტარი”. უფრო სწორად, მე და ჩემი სტუდენტები ერთად ვკითხულობთ ტექსტს და შემდეგ ვმართავთ დისკუსიას. „დიდი წიგნების” კითხვის პრაქტიკა, სტუდენტებთან ერთად კვლევითი პროექტების განხორციელება საუკეთესო საშუალებაა თავიდან აიცდინო ის „სიჩლუნგე”, რომელიც ზოგჯერ აკადემიურ, კაბინეტურ საქმიანობას ახლავს თან. თავს არ შეგაწყენთ ვებერის კონცეფციის დეტალების გადმოცემით. მისი კონცეფციის მხოლოდ ერთ ასპექტს აღვნიშნავ. ევროპულ ცივილიზაციას, ვებერის აზრით, „უნივერსალური მნიშვნელობა და ვარგისიანობა” რაციონალიზმმა მიანიჭა. ყოფით ენაზე „რაციონალიზმში” უნდა ვიგულისხმოთ მოვლენათა ახსნის ისეთი ხერხების გამოყენება, როგორიცაა დასაბუთება – არგუმენტაცია და თეორიის ექსპერიმენტით დადასტურება. პრაქტიკულ ცხოვრებაში რაციონალიზმი გულისხმობს საკუთარი მოქმედების დაგეგმვას, მიზანდასახულ მოქმედებას, დღის წესრიგს, დროის იმგვარ ხარჯვასა და განაწილებას, რომელსაც მოგება მოაქვს. ჩემი და ჩემი სტუდენტების ყურადღება სწორედ „დღის წესრიგმა” და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის ვებერისეულმა კონცეფციამ მიიქცია. გადავწყვიტეთ, მცირეოდენი კვლევა ჩაგვეტარებინა და სტუდენტებისთვის გვეკითხა, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს ხუთი, ათი წლის შემდეგ. ცხადია, ეს კვლევა ვერ იქნებოდა რეპრეზენტაციული, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა შედეგი, რომელიც მივიღეთ. ჩვენ მიერ გამოკითხული სტუდენტების დიდი უმრავლესობა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ოცნებობდა, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა მეტ-ნაკლები გეგმა საკუთარი მიზნების მისაღწევად. „ბიზნესგეგმის” არქონა ჩვენი კულტურის ადამიანის ერთ-ერთი თავისებურებაა. ჩვენს კულტურაში ადამიანები არაფერს გეგმავენ, დროის დინებას მიყოლილები, გარეგან გამაღიზიანებელზე სპონტანურად პასუხობენ. ამიტომაც კითხვაზე „რას შვრები, რას აკეთებ?” ხშირად ვპასუხობთ: „რა ვიცი რა, ვარ”. დიახაც რომ ვართ, მაგრამ არასოდეს გვაქვს მომავლის მეტ-ნაკლებად რაციონალურად გააზრებული გეგმა. ეს გამოარჩევს ჩვენს კულტურას დასავლური ევროპული კულტურისაგან. ჩვენი კულტურის ადამიანის „ბუნებრივი მდგომარეობა” არის „დღესასწაული”. ჩვენ მას ველოდებით, ის თავისთავად უნდა დადგეს ჩვენი აქტიური მოქმედების და კონკრეტული გეგმის დაუსახავად.

უყურებ საზეიმოდ გამოწყობილ მაღალ ქუსლებზე შემდგარ სტუდენტ გოგონებს და უზურგჩანთებო, ჯიბეებში ხელებჩაწყობილ ვაჟებს და გახსენდება ცნობილი ხელოვანის ნახატი სახელწოდებით: „როდის თხოვდები”.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები