წიგნები, რომლებმაც წაგვიკითხეს

თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ განძის საპოვნელად მიწას ვთხრიდით. მე და ჩემი მეზობელი, რომელიც სულაც არ ჰგავდა ჰეკლბერის და ეზოს უკან, ჩაის სიმბოლურ პლანტაციებში გამოყოლაც კი ეზარებოდა სათამაშოდ. მაგრამ სიზმარი რისი სიზმარია. ჰოდა, ვთხრიდით. საქმე და მთელი უბედურებაც ის იყო, რომ ზუსტად მაშინ მეღვიძებოდა, როცა ნიჩაბს სკივრს დავკრავდი და სიამაყით გადავხედავდი ჩემს თანამზრახველს. ან იქნებ მთავარი სიკეთე ამ ამბის სწორედ ეს გამოღვიძება უნდა ყოფილიყო. მერე რაღა მენახა სიზმრად?

მე და ჩემი მშობლები ერთი დასახელების წიგნებს ვკითხულობდით ჩვენ-ჩვენს ბავშვობაში. გარდა, ვთქვათ, ვინმე საშუალო რანგის ინგლისელი მწერლის საყმაწვილო დეტექტივებისა, რომლის მსგავსი წიგნები 90-იანების კოოპერატივ-გამომცემლობებმა მრავლად ბეჭდეს. და სადაც, ვთქვათ, კოლეჯის მოსწავლის ამბავია, რომელიც ფოტოაპარატის საყიდლად ფულს აგროვებდა, მაგრამ იმ დანაზოგით დურბინდი იყიდა, რადგან რაღაც კერძო გამოძიებაში ჩაერთო. მეც დავიწყე ფულის გროვება და მერე ეს მთელი ოთხი ათასი კუპონი რობერტო ბაჯოს „ნაკლეიკაზე” გადავცვალე, 4 ნომერი იყო და ძნელად ამოიდიოდა, როგორც მაშინ ვიტყოდით ხოლმე.

არ ვიცი, რატომ ეწოდებოდა „ბიძია თომას ქოხს” საბავშვო, მაგრამ ტვენის თავზარდამცემად გენიალური ამბების გვერდით ეს წიგნი მომაჩეჩეს და მთელი კითხვის პროცესი უცხადესად მახსოვს. აჰა, ჩემი სოფლის ოდის ოთახი. კოღოები. და კედელზე რატომღაც ლომონოსოვის სურათი, რომელიც სულაც სამყაროს შემქმნელი მეგონა. მონები. ბამბა. ამერიკა. საბძელში მცხოვრები გომბეშოს ყიყინი. და სხვა მსგავსი რომანტიკანი. ძალიან მაგარი და დაუბრუნებელი – ჩემი აზრით. ხოლო ამის მერე რატომღაც „სალამურას თავგადასავალი” წავიკითხე – დიდი ქართული ზღაპარი.

მაგრამ მარტო წიგნები როდი გახსენდება, ყველაფერი – რაც მაშინ მოხდა. აი, ერთი გოგო, რომელიც ასაკით ჩემზე უფროსი იყო, მე ბეკი დავარქვი და მიყვარდა. ბებიაჩემი ასწავლიდა და დავყვებოდი გაკვეთილზე. და მინდოდა რამე დაეშავებინა

და მერე ამეღო ეგ ამბავი ჩემს თავზე და ბებიაჩემს მის მაგივრად გავეწკეპლე. ასე იცის...

მაგრამ იმ დიდი, აუცილებელი ავტორების გარდა (ვერნი, რიდი, სტივენსონი და სხვანი), რომლებსაც მგონი ახალი თაობა აღარასდროს წაიკითხავს, იყო სხვა წიგნებიც – ვანო ურჯუმელაშვილის „სამხრეთის ვარსკვლავი”, მოთხრობა საბჭოთა, სამაგალითო პიონერზე, იური ოლეშას „სამი გოდორა”, რომელსაც ბოლო სამი გვერდი აკლდა და დღემდე მისი დარდი მაქვს, „ფილმი ზღაპრები” – ანიმაციები ტექსტად, ლამის მთელი ტელედანაკლისი რომ ამინაზღაურა და სხვანი. ვინ იცის, სად დევს ახლა ეს წიგნები, ან დევს კი?

„ბემბის” რომ ვკითხულობდი, გარდა ამბის განვითარებისა, საშინლად მაინტერესებდა რა ერქვა ავტორს. საბჭოთა გამომცემლებს დაჟინებით მიეწერათ – ფ. ზალტენი. წიგნს ასეთი, გარე-ფეტიშებიც აქვს. ბლომად. მერე მოძებნი. უი, ფელიქსი – იტყვი და თითქოს დიდი ამოცანა ამოხსენი.

იცით, რაღაც წიგნები საერთოდაც გამოვტოვე. არ მქონდა. მერე დამეზარა. მაგალითად, „პინოქიო” (მისი წვრილცხვირა კლონის საქმე ვიცოდი) და „კარლსონიც” სულ ახლახან გადავშალე. პრინციპით – წაკითხული ხომ უნდა გქონდეს. მივხვდი, რომ დიდი წიგნებია, მაგრამ იმასაც, რომ რაღაც ბავშვობაში უნდა წაიკითხო. ემილის ახლა ვერაფერი ჩაანაცვლებს, თავისი გამოთლილი კაცუნებით.

ასე ბევრი გამოვა, წერტილი უნდა დავსვა.

როგორი დასასმელია, იმ სიზმრიდან გამოფხიზლებას ჰგავს, ზევით რომ მოგიყევით – სკივრს ნიჩაბს დაარტყამ და უნდა გაიღვიძო. რას იზამ.

კომენტარები