ვალდებულნი ვართ, შევეშვათ

0 კომენტარი

პირველ რიგში, ტერმინოლოგიაზე შევთანხმდეთ. ანუ, გადავთარგმნოთ. Must carry და must offer ქართულად ნიშნავს „ვალდებული ხარ, გაუშვა” და „ვალდებული ხარ, მიაწოდო”. ჩემი აზრით, ასე სჯობს. თორემ, ხანდახან, როცა რაიმეს ინგლისური სახელი ჰქვია – და თან ამერიკელი ან ევროპელი ელჩის მიერ არის მოწონებული – საქართველოში ავტომატურად მიიჩნევა უდავოდ სასარგებლოდ.

თუ რას ნიშნავს ეს პრინციპი სინამდვილეში (ევრო-დემოკრატიულ ნალექს თუ მოვაცილებთ), ვრცლად მოყოლას აქ არ დავიწყებ (ტაბულაში ისედაც ბევრი დაიწერა ამაზე). მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს ნიშნავს მარტივ რამეს: ძალადობას კერძო მესაკუთრეზე.

„ვალდებული ხარ...” პრინციპის მხარდამჭერნი ამ ძალადობის აუცილებლობას ხსნიან იმით, რომ მედიის ხელმისაწვდომობა არის დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი, ცენტრალური ელემენტი. ამომრჩეველს, რათა მან ოქტომბერში ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საშუალება, ნახოს ყველა რჯულისა და ჯილაგის ტელეარხი, რომელიც კი ქვეყანაში მაუწყებლობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური სიმპათიების მხოლოდ ვიწრო სპექტრის არხებს თუ უყურა (მაგალითად, პროსამთავრობო), წავა და (ზომბირებული!) იმას აირჩევს, ვინც არ უნდა, რომ აირჩიოს, რადგან ტვინი ექნება გამორეცხილი.

გახსოვთ, ერთხელ დაგვიწერია, რომ ყველა სოციალისტს, ხალხი, რომელზეც ზრუნავს, იდიოტი ჰგონია-თქო? ის შემთხვევაა ზუსტად. მაგრამ, „ხალხი ბრძენია”-ს ტიპის მტკიცებულებებსაც რომ დავანებოთ თავი, პოლარიზებული მედიის საყოველთაო ხელმიუწვდომლობის პირობებში არჩევნების ჩატარების ერთი მარტივი მაგალითი გვაქვს თვალწინ: რუსეთი!

მიკერძოებულობის თვალსაზრისით, ჩვენი ნაციონალური მაუწყებლები რუსულებს ვერც კი შეედრება. მეტიც, უკლებლივ ყველა რუსული ფედერალური არხი ეწევა მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას” პირდაპირ და აღვირახსნილ პროპაგანდას, რომელმაც არჩევნების წინ უხამსობის ზღვარსაც კი გადააჭარბა. შედეგი? რუსეთის მმართველმა პარტიამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების მხოლოდ 30-მდე პროცენტი მოაგროვა.

თქვენ მეტყვით, კი მაგრამ, რუსეთში ამან ხომ მმართველი პარტია არ შეცვალაო? არ შეცვალა! მაგრამ ამის მიზეზი ტელეარხები კი არ ყოფილა, არამედ კორუფცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ბევრი სხვა რამ.

ამავე დროს, სხვა ქვეყნებში, სადაც ეს „სხვა რამ” არ არსებობს, მაგრამ, რომლებიც მედიაში პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით საქართველოზე უარეს მდგომარეობაში არიან, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მაინც ხერხდება. მაგალითად, ბრაზილიაში, ინდოეთში, ბულგარეთში ან რუმინეთში. ამ ქვეყნებში არამცთუ დემოკრატიული არჩევნები ტარდება, არამედ მთავრობებიც კი იცვლება ხშირად!

ბრაზილიაში, რუმინეთსა და ბულგარეთში არავითარი „ვალდებული ხარ...” არ მოქმედებს. მოქმედებს ინდოეთში, მაგრამ იქაურ მედიაში პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოზე ნაკლებია. აქედან დასკვნა: არჩევნების შედეგს მედიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ან ნაციონალურ მედიაში პოლიტიკური პლურალიზმი არ განსაზღვრავს.

მე მესმის ჩვენი მმართველი პარტიის: მას არ უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული არხების ხელმიუწვდომლობის გამო, ოქტომბრის არჩევნებმა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი დამკვირვებლებისგან შენიშვნა მიიღოს; არ უნდა, რომ ეს გახდეს ამ არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობის საბაბი.

მაგრამ, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც პრინციპები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ დათმობ? რაღაც წითელი ხაზი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური მოსაზრებები არ გადაგაკვეთინებს? ასეთი, უდავოდ, არის კერძო საკუთრების უფლება და ამ უფლების შელახვა ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტის შერყევას ნიშნავს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამის გაკეთებას დასავლეთის ქვეყნების ელჩები გთავაზობენ.

ინგლისურენოვან ევროდემოკრატიულ იმპერატივებს რომ დავუბრუნდეთ. ერთ-ერთი ასეთია level playing field, ანუ „ყველას – თანაბარი პირობები”. ასეთს უზრუნველყოფს მხოლოდ თავისუფალი ბაზარი, რისი თავისუფლების ერთადერთი გარანტია იმ კანონის დაცვაა, რომელსაც ინგლისურად ჰქვია must leave alone. ქართულად – „უნდა შეეშვა”.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები