ამას გულწრფელად ამბობთ, ბატონო გია?

სატელევიზიო პოლიტიკური დისკუსიების ხშირი და სტაჟიანი მონაწილე ვარ. მეგობრები ხანდახან მეუბნებიან, რად გინდა ამაზე დროის ხარჯვაო (ანუ მიმანიშნებენ, „თავს ხომ არ იბანძებო”). ვაღიარებ, რომ ამ პაექრობების ინტელექტუალური დონე ხშირად არ მაკმაყოფილებს. მაგრამ მაინც მწამს, რომ კამათი საზოგადოებაში აუცილებელია, ხოლო რაც შეეხება ხარისხს – რაც რესურსი გვაქვს, იმას „ვქაჩავთ”.

ამ დისკუსიებში, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრულ როლს მაკუთვნებენ: „პრომთავრობული ექსპერტის”, რომელსაც მთავრობის კრიტიკით ცნობილ ოპონენტს უსვამენ. ასეთი ვიწრო ამპლუა არ მომწონს – იქნებ დღეს მეც ხელისუფლების კრიტიკის ხასიათზე ვარ? მაგრამ სატელევიზიო დებატების ჟანრს თავისი კანონები აქვს და მეც თამაშის წესებს ვემორჩილები.

მაგრამ მიუხედავად ხანგრძლივი სტაჟისა, რაღაცებს მაინც ვერ მივეჩვიე. მაგალითად, ასეთ რეპლიკებს: „როგორ, ბატონო გია, თქვენ ამას გულწრფელად ამბობთ?”, ან „ძალიან გთხოვთ, ამ კითხვაზე (მაინც) გულწრფელად გამეცით პასუხი...” სწორედ ამაზე მინდა დავწერო.

ასეთი რამის მთქმელი შეიძლება თვითონაც ვერ ამჩნევდეს, რომ შეურაცხყოფას გაყენებს. ისიც ვიცი, რომ ჩვენს დისკუსიებში პირადი შეურაცხყოფაც მიღებულია და ოპონენტისთვის თავზე წყლის გადასხმაც, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა: აქ პრობლემა ისაა, რომ მთქმელს თავისი ნათქვამი შეურაცხყოფად არ მიაჩნია და არც ის ესმის, რომ ამით თვით დისკუსიას უკარგავს აზრს. ვეცდები განვმარტო, სახელდობრ რაში ვხედავ, ერთი მხრივ, შეურაცხყოფას და, მეორე მხრივ, დისკუსიის უაზრობას. ვისთვისაც ეს ისედაც ცხადია, ბოდიშს ვუხდი: კითხვას ნუღარ გააგრძელებთ.

შეურაცხყოფა მდგომარეობს იმაში, რომ მოწინააღმდეგეს ეუბნები, მატყუარა ხარო. იგულისხმება: ადამიანი იმიტომ კი არ ამბობს, რასაც ამბობს, რომ ასე ფიქრობს, არამედ იმიტომ, რომ ასე ლაპარაკი ევალება (ვიღაცის „დაკვეთას” ასრულებს). თუმცა, არაპირდაპირ, შეურაცხყოფის ბუმერანგი შემკითხველსაც ხვდება: თუ სხვაზე ასე ფიქრობ, თავად შენი გულწრფელობა რატომ უნდა იწამოს ვინმემ?

მეორე მხრივ, თუ წინასწარ დაუშვი, რომ ოპონენტი ვიღაცის მარიონეტია, რა ღირებულება აქვს მასთან კამათს? რას შეიძლება მიაღწიო? „დააჩმორო”? დასცინო? რაღაც წამოაცდენინო, რის თქმასაც არ აპირებდა?

ჩვენი პრობლემა ის კი არაა, რაზეც დემოკრატიის პროფესიონალი ქომაგები მოთქვამენ – რომ საჯარო დისკუსია ცოტაა (განსაკუთრებით „ნაციონალურ არხებზე”). მე რომ მკითხო, ასეთი გადაცემა გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე საინტერესო მსჯელობის რესურსი. მეტიც: ის, რასაც ჩვეულებრივ „დისკუსიას” ვეძახით, უმეტეს შემთხვევაში ამ სახელს არ იმსახურებს. ეს უფრო სპორტია, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთმა წამყვანმა პოლემისტმა, თავის დროზე, სრულიად სამართლიანად შეადარა მამლების საჩვენებელ ჩხუბს. აზრები, პოზიციები, არგუმენტები ამ დროს არავის აინტერესებს.

ხოლო სადაც დისკუსია, ანუ აზრთა დაპირისპირება, შეუძლებელია, იქ დემოკრატიაც ვერ იქნება. ან კი იქნება, მაგრამ ხეიბარი, ცალმხრივი, ზედსართავიანი, უფრო უცხოელების ხათრით რომ არსებობს და არა იმიტომ, რომ კარგია.

იმას არ ვამბობ, რომ კარგ დემოკრატიებში მატყუარები არა ჰყავთ და ყველა სრულყოფილად „გულწრფელია”. მაგრამ ტყუილის თქმა სერიოზულ დანაშაულად ითვლება, ხოლო მისი დაბრალება – მომაკვდინებელ შეურაცხყოფად. ამიტომ, ასეთ ბრალდებას უტყუარი საბუთის გარეშე არავინ აკეთებს.

რატომ არის ჩვენში საქმე სხვაგვარად? მე ვხედავ ორ წანამძღვარს, რომელიც ღრმად არის გამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში. პირველი: ადამიანები ზოგადად (არა მხოლოდ პოლიტიკოსები) იმისთვის კი არ ლაპარაკობენ, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან, არამედ იმისთვის, რომ ის დამალონ, ანუ მოგატყუონ. მახსოვს, გერმანიიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქართველი როგორ ამბობდა სიამაყით, გერმანელებზე ჭკვიანები ვართო. რომ დავინტერესდი კონკრეტული ინდიკატორით, რითაც გერმანელებს ვჯობივართ, მზა პასუხი ჰქონდა: მე გაცილებით ადვილად მოვატყუებ გერმანელს, ვიდრე ის მეო.

სიმართლის თქმა ნორმა კი არ არის, არამედ სპეციალური პრივილეგია, გამონაკლისი, შეიძლება სისუსტეც. მეორე ადამიანისგან სიმართლეს არ უნდა ელოდე, მაგრამ ხანდახან ის შეიძლება გამოკრთეს, როგორც ღმერთის სპეციალური წყალობა. „გულწრფელი” ადამიანი ლამის გმირია, ხოლო მისი გულწრფელობისა უბრალოდ გწამს, როგორც იმისა, რომ ღმერთი სამერთიანია. გულწრფელობა იმდენად უნიკალური თვისებაა, რომ საკმაოდ სერიოზულმა ადამიანმა შეიძლება თქვას: მავანი და მავანი იმსახურებს პრემიერმინისტრის თანამდებობას, რამეთუ გულწრფელია.

პირიქით, ტყუილის თქმა, არაგულწრფელობა ცოდვა სულაც არაა: ყველანი ეგრე არა ვართ? რატომ უნდა გეწყინოს, როცა ასეთ რამეს დაგაბრალებენ?

მეორე დიდი პრობლემაც არსებობს: რომ დაიჯერო, რომ მეორე ადამიანს მართლა შენგან განსხვავებული აზრი აქვს, ზოგადად შესაძლებლად უნდა მიგაჩნდეს, რომ პატიოსანი და ჭკვიანი ადამიანები შეიძლება ერთსა და იმავე საკითხზე არ თანხმდებოდნენ. ამის დაშვება კი ძალიან ძნელია: „როგორ, კაცო, ეს ხომ ასეა, ამაზე როგორ ამბობ, ასე არ არისო? ამას გულწრფელად ვერ იტყვი, ესე იგი, იტყუები”.

არ არსებობს განსხვავებული აზრები, არსებობს მხოლოდ განსხვავებული ტყუილები, რომლებიც სხვადასხვა „მხარეს” აძლევს ხელს. ადამიანები განსხვავდებიან არა შეხედულებებით, არამედ იმით, „ვისები” არიან. ხოლო „ვიღაცისები” არიან კონკრეტული მიზეზის გამო: ეს ან გამორჩენაა, ან პირადი ახლობლობა (აბა, მეტი რა უნდა იყოს?).

იმის დაშვება, რომ სხვას გულწრფელად აქვს შენგან საპირისპირო აზრი ისეთ საკითხზე, რაზეც შენ სრულიად დარწმუნებული ხარ, ადამიანისთვის მართლა ძნელია. შეთქმულების თეორიები გაცილებით ადვილი დასაჯერებელია, შესაბამისად – მოსახერხებელიც. ევროპა საუკუნეების განმავლობაში მიდიოდა იმის დაშვებამდე, რომ განსხვავებული მრწამსის მატარებელი (რელიგიურის, ფილოსოფიურის, პოლიტიკურის, არა აქვს მნიშვნელობა) შეიძლება თან პატიოსანი იყოს და თან ჭკვიანი. მაგრამ თუ ამის დაჯერება ვერ შეძელი, თავისუფალი საზოგადოება არასოდეს გექნება.

კომენტარები