ისევ ტიკი ტაკა

0 კომენტარი

დიდი ხნის წინ ლეგენდარულმა გარი ლინეკერმა თქვა: ფეხბურთს ყველა თამაშობს, გამარჯვება კი მუდამ გერმანიას რჩებაო! დღეს ამ გამოთქმის ახალი პერიფრაზი გაჩნდა: საუკეთესო ფეხბურთს ესპანეთი თამაშობს და გამარჯვებაც მას რჩება!

ესპანელების შემხედვარე, თანამედროვე ფეხბურთი თითქოს მთავარ ხიბლს კარგავს – ამოუცნობადობას. უმაღლესი რანგის ზედიზედ 3 ფორუმი ერთი და იმავე სცენარით ვითარდება – სპეციალისტები აფასებენ ფავორიტთა შანსებს, ვარაუდობენ ლიოვის გერმანიის აღზევებას, ინგლისურ რენესანსს, ჰოლანდიური ფენომენის გაბრწყინებას, საფრანგეთის პოსტზიდანურ გამოფხიზლებას, მესის არგენტინის, რონალდოს პორტუგალიისა თუ მორიგი „პელეთი” დაპიარებული ბრაზილიის დომინირებას… ჩემპიონი კი ისევ ჩავი-ინიესტას ესპანეთი ხდება და ამას რაღაც საოცარი სიმსუბუქითა და დამაჯერებლობით აკეთებს.

აი ახლაც, კონტინენტის მორიგი პირველობა ისევ ესპანელთა უპირობო ტრიუმფით დასრულდა – დელ ბოსკეს გუნდმა საფეხბურთო ისტორია უკვე მერამდენედ გადაწერა და, როგორც ჩანს, არც მიღწეულზე შეჩერებას აპირებს!

2 წლის წინ ბევრს არ სჯეროდა, რომ „ტიკი ტაკას” მქადაგებლებს შეეძლოთ გასული საუკუნის 70-იანი წლების უძლეველი გერმანიის შედეგის გამეორება და 2008 წელს მოპოვებული ევროპული ოქროს სამუნდიალოდ „გადადნობა”… შეძლეს!

მერე გაჩნდა მოსაზრება, რომ იბერიული ეპოქა აქ დასრულდებოდა და მოძლიერებული მეტოქეები მოახერხებდნენ ბურთის გაუთავებელი, „მოსაწყენი” გორაობისთვის ქმედითი კონტრიარაღის გამოძებნას. თითქოს, შეძლეს კიდეც – ამხანაგურებში ჯერ არგენტინამ გაანადგურა ყველაფრის მომგები ჩემპიონი 4:1, მერე პორტუგალიამ – 4:0, ბოლოს იტალიამაც – 2:1… მაგრამ მოვიდა ოფიციალური მატჩების დრო და ყველაფერი თავის ადგილებზე დადგა.

რა არ ვუსაყვედურეთ დელ ბოსკეს: სოლდადოს შინ დატოვება, ლორენტეს იგნორირება, უცენტრფორვარდოდ თამაში, ნეგრედოს დაწინაურება… მან კი ჯიუტად განაგრძო არჩეული კურსი და ყველა კრიტიკოსი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.

ფინალური 4:0-ის მერე აღარავის გაახსენდება ჯგუფური ეტაპის თანაბარი მატჩი იტალიასთან, ხორვატთა სასარგებლოდ არდანიშნული 11-მეტრიანები და პორტუგალიასთან შექმნილი 2 კინკილა მომენტი, რომლებმაც ვერაფრით ააცილეს ჩემპიონს პენალტების ლატარია. ახლა ეს ყველაფერი კარგად გათვლილ სტრატეგიად, ძალების დაზოგვად და გარდაუვალი წარმატების რწმენად აღიქმება. პირველ პლანზე კი ირლანდიის განადგურება, ფრანგებთან ოფლისღვრის გარეშე გამართული კატა-თაგვობანა და დაუვიწყარი ფინალი გამოდის.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გადამწყვეტი შეხვედრა ოთხბურთიანი უპირატესობით ჯერ არავის მოუგია და შესაძლოა, ვერც მომავალში მოიგოს ვინმემ! თანაც ვისთან?! ინგლისისა და გერმანიის ზედიზედ გამგდებ, კატენაჩოს გამომგონებელ იტალიასთან, რომელსაც ოფიციალურ შეჯიბრებაში 4 გოლი 1970 წლის მერე არ გაუშვია!

წლევანდელი ევროფორუმის საბოლოო შეფასება ჯერ წინაა. ალბათ შევთანხმდებით, რომ პოლონეთ-უკრაინაში არც ახალი, რევოლუციური ტაქტიკური სიახლეები გვინახავს და არც ახალი ვარსკვლავების ამობრწყინება – 16 გუნდისა და უამრავი უსახური მატჩის პირობებში ამის დიდი იმედი არც უნდა გვქონოდა (წარმომიდგენია, რა მოხდება 24-გუნდიან ტურნირებში!), მაგრამ ერთი რამ უდავოა – ესპანეთმა საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშით ფეხბურთი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა და ჩვენს პრაგმატულ ეპოქაში მინდორზე დღესასწაული დააბრუნა…

ამბობენ, 1966 წლის მუნდიალის წინ მოსკოვში ფანტასტიკურ ბრაზილიასთან 0:3 წაგებული მატჩის დროს, მოედნის ცენტრში ინერტულად გაჩერებულ ვლადიმერ ბარქაიას თანაგუნდელის საყვედურზე უპასუხია: დამაცალე, ფეხბურთს ვუყურებო! ჰოდა, ჩვენც ის დაგვრჩენია, დაველოდოთ სექტემბერს, წავიდეთ სტადიონზე და ამ გენიალური გუნდის თამაშით დავტკბეთ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები