ინტელექტუალების ღალატი

“ინტელექტუალები მოდერნიზაციის პროცესში მყოფი ნებისმიერი სახელმწიფოსათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. მათი არსებობა აუცილებელია ნაციისთვის მათი ცოდნის გამო, მაგრამ, იმავდროულად, საფრთხეა პოლიტიკური ერთობისათვის როგორც მათი ლიდერობის პოტენციალის, ასევე იმ მიდრეკილების გამო, რომ ადვილად გაუცხოვდნენ შესაბამისი აღიარებისა და დაფასების გარეშე”.

ამ სიტყვებს 70-იან წლებში ამერიკელი მკვლევრები წერენ, თემა კი იმიტომ გამახსენდა, რომ დისკუსია ინტელექტუალების როლისა და ფუნქციის შესახებ საქართველოშიც მიმდინარეობს და, როგორც ნებისმიერი სხვა დისკუსია – არადამაკმაყოფილებლად. დაკვირვებული ვარ – ჩემი მემარცხენე მეგობრები თემის განხილვისას, ძირითადად, ფუკოსა და დელიოზის დიალოგს „ინტელექტუალები და ძალაუფლება” ეყრდნობიან. რაც შეეხება ჩემს მემარჯვენე მეგობრებს, მათაც აქვთ გამორჩეული ტექსტი – ნოზიკის მომცრო წერილი „რატომ არ უყვართ ინტელექტუალებს კაპიტალიზმი?”. თავად ინტენცია, რომ დისკუსია ჩვენს ქვეყანაში უკვე აპრობირებული სააზროვნო პარადიგმების შიგნით დაიწყოს, ძალიან პოზიტიურად მიმაჩნია, მაგრამ ტექსტების შერჩევა ორივე შემთხვევაში საკმაოდ წარუმატებელია. ჯერ ერთი, როდესაც ფუკო და დელიოზი ძალაუფლებაზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ რაღაც ბევრად უფრო გაფანტულსა და დეკონცენტრირებულს, ვიდრე „სააკაშვილის რეჟიმი” ან, თუნდაც, „ილია მეორის ავტორიტეტია”, ამიტომაც მათი ნათქვამი ძალაუფლების შესახებ ძნელად თუ გამოდგება ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ბატალიებში. რაც შეეხება ნოზიკს, აქ უკვე თარგმანის დონეზე იწყება პრობლემები: იმდენად უხეიროდ არის ეს ადვილი ტექსტი გადმოქართულებული, რომ თაყვანისმცემლებს წესით უნდა აჟრჟოლებდეთ და ტანში ზარავდეთ, ხოლო მოწინააღმდეგეებს შეიძლება ცდუნებაც კი გაუჩნდეთ, ეს უჭკვიანესი ფილოსოფოსი უმარტივეს წინააღმდეგობებში გამოიჭირონ.

აბა, რა ვქნათ? რა და დავუბრუნდეთ იმ ტექსტებს, რომლებიც უფრო ადეკვატურია ჩვენი საზოგადოებრივი თუ ინტელექტუალური განვითარების დონისათვის; ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ჟულიენ ბენდას „ინტელექტუალების ღალატი”.

ერთადერთი ქართველი ავტორი, რომელსაც ეტყობა, რომ ბენდას წიგნი წაკითხული ჰქონდა, მერაბ მამარდაშვილია (ერთგან აკეთებს მასზე ალუზიას). არადა, წიგნი თავის დროზე – 1927 წელს – ბომბივით გასკდა და მას შემდეგ ხშირად ყოფილა განხილვის საგანი. ფრანგულად წიგნის სათაურია „La Trahison des clercs”. ეს „კლერკი” რასაკვირველია, ბანკის კლერკი არაა, მაგრამ ის არც სასულიერო პირს აღნიშნავს, უფრო, ალბათ, განსწავლულ ადამიანს. ამიტომაც თარგმნა ეს სიტყვა ინგლისურ ენაზე რიჩარდ ოლდინგტონმა (რომელიც ძველი თაობის წარმომადგენლებს შეიძლება ახსოვდეთ, როგორც გამოჩენილი ბრიტანელი მწერალი), როგორც „ინტელექტუალი”. ასე შევიდა წიგნის სათაური სხვა ენებშიც.

ბენდას მიხედვით, ინტელექტუალის ფუნქცია არის სიკეთისა და სამართლიანობის მსახურება. ამიტომაც მისთვის სამაგალითო ინტელექტუალები არიან სოკრეტე და იესო. რასაკვირველია, საზოგადოება არასოდეს იქნება აგებული სიკეთისა და სამართლიანობის პრინციპებზე, მასში ყოველთვის დომინანტურნი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებასა და მოგებას ესწრაფვიან; მაგრამ სწორედ აქაა ინტელექტუალების, ერთი მხრივ, აპრიორულად წაგებული, ხოლო, მეორე მხრივ, ამაღლებული და პატივსაცემი ამოცანა – შეახსენონ რეალპოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, რომ არსებობს უფრო მაღალი იდეალები.

ოღონდ, ბენდას მიხედვით, თანამედროვე ინტელექტუალები უარს ამბობენ საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე. სწორედ ესაა ინტელექტუალების ღალატი – ისინი ხდებიან მხარე პოლიტიკურ ბრძოლაში, საკუთარ ინტელექტს აქცევენ სხვების ძალაუფლების ნების მსახურად; ამართლებენ პოლიტიკურ რეალიზმს, იმის მაგივრად, რომ დაგმონ ის. ბენდა, რასაკვირველია, ძველ იდეალთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს.

ბენდა იხსენებს ტოლსტოის ერთ ამბავს – რუსმა მწერალმა ჯარში ოფიცერს, რომელიც რეგლამენტის დამრღვევ ჯარისკაცს ურტყამდა, უსაყვედურა, სახარება წაკითხული არ გაქვსო? რაზეც ოფიცერმა მიუგო, შენ არ გაქვს წაკითხული რეგლამენტიო? ბენდას მიხედვით, ორივე მართალია – ოფიცერმა რეგლამენტი უნდა იკითხოს, ინტელექტუალმა – სახარება. აი, როდესაც ინტელექტუალი იწყებს რეგლამენტის დაცვის აუცილებლობის ქადაგებას, პრობლემა მაშინ ჩნდება – ყოველ შემთხვევაში, ბენდას თუ დავუჯერებთ.

დღეს საქართველოში ბევრია ბენდას სტიქიური მიმდევარი ისე, რომ მისი სტრიქონიც კი არ აქვს წაკითხული. თავისი პირველადი ფორმით მისი კონცეფცია, ჩემი აზრით, ძალიან მოძველდა. არა, ინტელექტუალების ღალატი მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ არა იმ აზრით, რომ ინტელექტუალები რაღაც მათ გარეთ არსებულ იდეალებს არ უნდა ღალატობდნენ – ბოლოს და ბოლოს, სწორედ ინტელექტუალების საქმეა ამ ღირებულებების ანალიზი, გადაფასება, შეთავაზება და ვერავის დაუწესებ წინასწარ, რა უნდა სწამდეს და რა – არა. მაგრამ ბენდას იდეა ისევ აქტუალური გახდება, თუ მის პრეტენზიებს ფრთებს შევუკვეცავთ. მთავარი ღალატში ისაა, რომ ინტელექტუალები ხშირად ღალატობენ იმ ღირებულებებს, რომლებიც მათ აქცევს ინტელექტუალებად. კრიტიკული აზროვნება, ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობა, რაციონალობა აღტყინების ნაცვლად – ესაა ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ინტელექტუალური სფეროსათვის. როდესაც ინტელექტუალი დარწმუნებით წერს და ლაპარაკობს საკითხზე, რომლის შესახებ ერთი წიგნიც კი არ წაუკითხავს; როდესაც ის ცდილობს, ბრბოს აფექტს შეუერთდეს, იმის მაგივრად, რომ ეს აფექტი ცივი გონებით გაანეიტრალოს; როდესაც ის ქმნის ილუზორულ იმედს, იმის მაგივრად, რომ იმედისგან დაცლილი მზერით გააანალიზოს რეალობა; როდესაც ის არეულ-დარეული ცნებებითა და წინააღმდეგობრივი არგუმენტებით გადის იოლას, იმის მაგივრად, რომ აზროვნების სიმკაცრეზე არანორმალურად დიდი დრო და ენერგია დახარჯოს; როდესაც ის ამბობს იმას, რაც მოეწონება აუდიტორიას, და არა იმას, რამაც უნდა შეცვალოს და გააღრმაოს აუდიტორიის აზრი – მაშინ ეს ინტელექტუალი სწორედაც რომ ღალატის აქტს ჩადის; არა სამართლიანობისა და სიკეთის იდეალების მიმართ, არამედ – საკუთარი თავის მიმართ. სწორედ ესაა ერთადერთი ღალატი, რომელიც ინტელექტუალს – როგორც ინტელექტუალს (და არა როგორც მოქალაქეს, ადამიანს, ჰუმანისტს, ქრისტიანს და ა. შ. – ეს სულ სხვა განსჯის საგანია) არ ეპატიება.

დაბოლოს, ვინ არის ინტელექტუალი? სიტყვის ფართო აზრით, ინტელექტუალი ისაა, ვინც მოწინავე განათლება მიიღო. სწორედ ამ აზრით იხმარება ეს სიტყვა სტატიის დასაწყისში მოყვანილ ციტატაშიც. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ამ სიტყვას უფრო მკაცრი გამოყენებაც მივცეთ. ეს არაა უბრალოდ ჭკვიანი ტიპი – შეიძლება ადამიანი ბევრ ინტელექტუალზე ჭკვიანი იყოს, მაგრამ მაინც არ იყოს ინტელექტუალი. ეს არც უბრალოდ ის პროფესიონალია, ვინც ინტელექტუალური შრომითაა დაკავებული – შეიძლება ინტელექტუალს საწყობში დარაჯად მოუწიოს მუშაობა, მაგრამ მაინც ინტელექტუალად დარჩეს. ინტელექტუალი არის ადამიანი, ვისაც იდეები აინტერესებს – თავისთავად, პრაქტიკაში მათი უშუალო და პირდაპირი გამოყენების გარეშეც. პოლიტიკოსი, რომელიც ეცნობა პოლიტიკურ თეორიას იმისთვის, რომ იცოდეს, რა არის სამართლიანობა და როგორ იდებატოს ამ საკითხზე, ამით ინტელექტუალად – სიტყვის მკაცრი აზრით – არ იქცევა, თუმცა მისი ინტელექტი შეიძლება ბევრი ინტელექტუალისას აღემატებოდეს. ინტელექტუალს სურს, გაიგოს სამართლიანობის იდეა, სამართლიანობის იდეის ისტორია და სამართლიანობის თეორია თავისთავად (ოღონდ ეს გაგება უნდა მოხდეს მისი ეპოქის სხვა ინტელექტუალების მიერ აღიარებული სტანდარტების დაცვით და არა ნებისმიერი ბოდვით, რომელიც ვინმეს თავში მოუვა). ინტელექტუალი ნამდვილ ღალატს მაშინ ჩადის, როდესაც მასში ქრება გაგების სურვილი და რჩება მხოლოდ და მხოლოდ მოგების ინტერესი.

 

კომენტარები