ქლიავიანი ჩაი

0 კომენტარი

„ინგლისის დედოფალი საუზმეზე მიირთმევს ქლიავიან ჩაის და ამბობს ორ სადღეგრძელოს”.

მიეწერება Real-TV-ს დილის გადაცემას.

 „Завтрак английской королевы состоит из чая со сливками и двух тостов”.

87% სიზუსტით მოდელირებული სავარაუდო ორიგინალი.

 

ამგვარი ეპიგრაფის შემდეგ ქართული „მედიასივრცის” მიმოხილვა არც არის საჭირო – ისედაც გასაგებია ყველაფერი. სხვათა შორის, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინმე გესლიანად გონებამახვილი ოპოზიციონერის მოგონილია ეს ციტატა, თუ მართლაც ითქვა დილის ეთერში. რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ გონებამახვილი ოპოზიციონერები იშვიათობაა, არამედ იმიტომ, რომ ციტატა ზომაზე მეტად რეალისტურია...

მეტსაც ვიტყოდი: სინამდვილისადმი მიბაძვის, მისი იმიტირების მისწრაფება ბევრად უფრო დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით სინამდვილე, რომელსაც ზოგჯერ უარესიც წასცდება ხოლმე. ეპიგრაფად მოყვანილი სიტყვები პირადად არ მსმენია, მზად ვარ გამონაგონადაც მივიჩნიო, რადგან ამგვარად შემთხვევითობას გამოვრიცხავთ და პრობლემის არსს უშუალოდ ჩავწვდებით. გამონაგონი სინამდვილესავით ბრმა არ არის, ის მოთხოვნილების გამო და გამიზნულად იქმნება. აქ მოთხოვნილება სრულიად ცალსახაა: იდეურ მიმართულებას კი არ ვსაყვედურობთ, არამედ უვიცობას, ეს კი ნიშნავს, რომ ისეთი მედია გვწადია, რომელიც არ დაკმაყოფილდება ჩვენი სოციალური წყლულების გაღიზიანებით და რაღაც ახალს გაგვაგებინებს. სარკაზმის სამიზნეც არაა შემთხვევითი: ინტელექტუალური დონე, რომელზედაც მსგავსი ხუმრობები იბადება, მშვიდად ურიგდება მაესტროსა და მეცხრე არხს – სხვა თუ არაფერი, სრულყოფილად დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ადგილებიც შევსებული უნდა იყოს – აი, Real-TV-ს ფენომენს კი სულიერი დისკომფორტი შემოაქვს, რადგან აღმოჩნდება, რომ ამომრჩევლის სოციალური როლი ისეთ ადამიანებთან ერთიანობას გვიქადის, რომლებთანაც საერთო ძალიან ცოტა გვაქვს, ან სულაც არაფერი.

ქართული მედიის პოლიტიკური ასპექტი ძნელი გასაგებია საღად მოაზროვნე ადამიანისათვის. ჯერ მარტო ტერმინოლოგიის ათვისებაც ჭირს, რადგან ხან აბსურდულ სიტყვაშეთანხმებებს ვაწყდებით („თეფშების დაყადაღება”), ხან ონომასტიკურ რელიქტებს („ალისტრახო”), ხანაც აშკარად ნაკლულ გამოთქმებს („ანატომია”, რომელმაც სადღაც დაკარგა ზედსართავი „პათოლოგიური”). უეჭველი მხოლოდ ერთი რამ არის: საინფორმაციო ასპარეზზე გამოსული პოლიტიკური სუბიექტები და მათ სამსახურში ჩამდგარი მედია-რაინდები წელებზე ფეხს იდგამენ იმისათვის, რომ ოპონენტს რაც შეიძლება ადვილად გაეხსნას გზა ამომრჩევლის გულამდე. ამიტომაც ეს ასპექტი გამოვტოვოთ...

სერიოზულად კი პოლიტიკური პოლარიზაციის სიმწვავე არ არის თვით დაავადება, ის მხოლოდ სიმპტომია. რისი?

ჩემი ურთიერთობა ქართული მედიის იმ ნაწილთან, რომელსაც ერთნი „თავისუფალ ტელევიზიებს” უწოდებენ, სხვანი კი „ჟოპო-ტივიებს”, სავსებით გამოიხატება ერთი სატელეფონო საუბრით. მაესტროში მიმიწვიეს (გადაცემის სათაურს ტაქტიანად გამოვტოვებ) და მთხოვეს მელაპარაკა სხვადასხვა წინასაარჩევნო კვლევის სანდოობაზე, საზოგადოების პოლიტიკურ აქტივობაზე, პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგებზე და ა.შ. მივუგე, რომ ამ საქმეში ჩახედული არა ვარ. პასუხი იყო: „არა უშავს, რამენაირად მაინც ხომ ხართ ჩახედული...”. თემის გასახსნელად საკმარისია.

უფრო საინტერესოა მეორე ნაწილი, კერძოდ, რუსთავი 2 და იმედი. ამათი შეფასება ბევრად უფრო სასიამოვნოა, რადგან გვიანდელი ანტიკურობის ხანაში გასეირნებისა და, შესაბამისად, ერუდიციით თავის გამოჩენის საშუალებას გვაძლევს: ოდესღაც ოფიციალურად აღიარებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ რომის იმპერიაში ადგილი იმით დაიმკვიდრა, რომ ქრისტიანობის სასტიკი მდევნელის, იმპერატორ დიოკლეტიანეს მოფიქრებული მმართველობის სისტემა აითვისა და მისი ინსტიტუტები გამოიყენა. ზუსტად ასე კიწმარიშვილისა და პატარკაციშვილის სახსრებითა და მარიფათით შექმნილი ტელევიზიები ლამის ინერციით განაგრძობენ არსებობას. ავტომატიზმამდე მიყვანილი უნარ-ჩვევების კომპლექსი პროფესიონალიზმად საღდება, ნამდვილი პროფესიონალიზმის ნაკლებობა კი რამდენიმე სუსტ წერტილში იჩენს თავს: ძირითადად, სხვა ქვეყნების ტელევიზიებიდან გადმოღებული „სეკონდ ჰენდ” სიუჟეტები (ჩვეულებრივ, საქართველოს შესახებ და, უმეტესად, არჩევნებს შორის მშვიდ პერიოდებში), რომლებშიც საეთერო დროს მოყოლილის მოყოლით კლავენ, და ეგრეთ წოდებული „კულტურის” გაშუქება, სადაც ვერ გამოიყენებ მაშველ ფრაზებს – „პრეზიდენტმა მოინახულა”, „გუგავამ განაცხადა” და ა.შ. – და სადაც ცოტა ტვინის განძრევაც საჭიროა.

ბუნებრივია, რომ განახლებულ სინამდვილეს, თუ ის მართლაც განახლებულია, ვერ აღწერ შევარდნაძის ან ელცინის დროინდელი სწორხაზოვნებით. მანკიერია ასეთი სტრატეგია: მაყურებელი საბოლოოდ გადაეჩვევა უგულავასა და ზოდელავას შორის განსხვავების შემჩნევას.

სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო ტელეკომპანიების მაიმუნადაა ქცეული და იქ არსებული პროექტების მქრქალ ორეულებს ქმნის... ან იქნებ არც ქმნის... ერთხელაც გადავრთავ მაგ არხზე და თუ რამე გავიგე, შეგატყობინებთ...

აი, რუსულენოვანი არხი კი ცალკე საკითხია. არათუ საჭირო, აუცილებელიცაა, ოღონდ ეს უნდა იყოს ქართული არხი რუსულ ენაზე და მით უკეთესად მიაღწევს სასურველ მიზანს, რაც ნაკლებად შეეცდება აუხსნას რუსებს, რა ცუდ სახელმწიფოში ცხოვრობენ ისინი, და მეტი გულწრფელობით აჩვენებს, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო.

ასეთ პირობებში ცხადია, რომ მედიის პოლარიზაცია არის, ერთი მხრივ, პოლიტიკური კლასის განუვითარებლობის, მეორე მხრივ, საკუთარი პროფესიული ჩამორჩენილობის შედეგი. სწორედ ამ პირობებმა წარმოქმნა სოციალურ ქსელებში ტერმინი „შუაშისტი”. ეს არ არის უპოზიციო, მერყევი ან აპოლიტიკური სუბიექტი. „შუაშისტი”, უპირველეს ყოვლისა, ისაა, ვისაც ქართულ მედიაში გავრცელებული პარადიგმებით ეთაკილება აზრის გამოთქმა.

უბედურება კი ის არის, რომ ცუდი მედიაც ისევე ძლიერად მოქმედებს საზოგადოებაზე, როგორც კარგი: უბრალოდ, მისი მოქმედება იმით გამოიხატება, რომ ბრიყვები მეტყველებენ, გონიერნი კი დუმან, ხოლო იმით, რომ პოლიტიკური პოზიციის სრული და აქცენტირებული გამოხატვისათვის ინდივიდებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს მხოლოდ მაესტროსა და Real-TV-ს ენა რჩება, მთელი საქართველო წააგებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები