დემოკრატია ონტოლოგიურ ღრიჭოში

ზაალ ანდრონიკაშვილმა რადიო თავისუფლების საიტზე გამოაქვეყნა საინტერესო ბლოგი, რომელიც იწყება სიტყვა „შუაშისტების” აბსურდულობის ჩვენებით: ასე უნდა ერქვას ადამიანს, რომლის მიზანი დაპირისპირებულ მხარეთა შორის შუაში ყოფნა ანუ ნეიტრალურობაა, რაც პოზიციის არქონას ნიშნავს. ხოლო მას და მეგობარ „შუაშისტებს” (ანუ მათ, ვისაც ასე მოიხსენიებენ) სრულიად გამოკვეთილი პოზიცია აქვთ, რომელიც (გაგიკვირდებათ) „დემოკრატიის სრულ და უპირობო პრიორიტეტს” გულისხმობს. ამით ის უპირისპირდება ორივე ძირითად პარტიას, რომელთაგან ერთ-ერთი, ავტორის თქმით, განასახიერებს „ერთპარტიულ ავტოკრატიას”, მეორე კი – „ეთნონაციონალიზმის რენესანსს”.

 

ონტოლოგიური ღრიჭო და პოლიტიკური რეალობა

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ავტორი მაინც არ განმარტავს თავის ადგილსამყოფელს მოცემულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც, მოგვწონს თუ არა, ამ მომენტში ორი „ცუდი” ძალის – ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების, დაპირისპირებით განისაზღვრება. თუ ის შუაში არ არის, მაშ სადაა?

სტატიიდან გამომდინარე, მის პოზიციას შეგვიძლია ვუწოდოთ „ზეისტი” ან „გარეთისტი”: ის პოლიტიკური პროცესის გარეთაა და მას ზევიდან გადმოჰყურებს. ბლოგის საკვანძო სიტყვად შეგვიძლია ჩავთვალოთ „ერთნაირად”: მისთვის ზუსტად ერთნაირადაა მიუღებელი ორივე პოლიტიკური ძალა. ჩვენ კი ვიცით, რომ წერტილი c მხოლოდ იდეალურ გეომეტრიაშია ზუსტად თანაბრად დაშორებული a და b წერტილებს. რეალურ ფიზიკურ სივრცეში ან ერთთან იქნები ოდნავ უფრო ახლოს, ან მეორესთან. ზაალ ანდრონიკაშვილი იმიტომ არის ზუსტად ერთნაირად დაშორებული ორივეს, რომ პოლიტიკური სივრცის გარეთაა.

ბლოგმა გამახსენა მერაბ მამარდაშვილის ლექციები, რომლებშიც ის ცდილობდა განესაზღვრა, რა არის ფილოსოფია და ვინ არის ფილოსოფოსი. ის ამოდიოდა იქიდან, რომ ფილოსოფია თავისი არსით მეტაფიზიკაა, ანუ სინამდვილის ისეთ შრეებს განჭვრეტს, რაც ფიზიკური რეალობის მიღმაა. ასეთი რამის დასანახად კი ფილოსოფოსი, რომელიც გარდაუვლად არის ამ ფიზიკური სამყაროს ნაწილი, ამავე დროს, უნდა მოწყდეს მას, რეალობის გარეთ ან ერთგვარ „ონტოლოგიურ ღრიჭოში” წარმოისახოს თავი (რაც, ცხადია, ძალიან ძნელია).

მაგრამ იგივე მერაბი თვლიდა, რომ ფილოსოფოსს აქვს მორალური ვალდებულება, იყოს პოლიტიკური, და მისი უნარი, უფრო ღრმად დაინახოს სინამდვილე, მხოლოდ ამძაფრებს მის ამ ვალდებულებას (ეს ყველაფერი პლატონის მოძღვრებიდან მოდის, მაგრამ ახლა ასე შორს ვეღარ წავალ). ოღონდ როცა ფილოსოფოსი პოლიტიკურ ამპლუაშია, ის ამოსავლად იღებს ამ სამყაროს როგორც ის არის, მთელი მისი არასრულყოფილებით. ამიტომაც მერაბი აქტიურად მონაწილეობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც იყო სახალხო ფრონტი ან ეროვნული კონგრესი, რითაც აკვირვებდა ზოგიერთ მის ფილოსოფოს მეგობარს, ვისი აზრითაც ყველა იმდროინდელი პოლიტიკური ჯგუფი „ერთნაირად ცუდი” იყო.

 

ინტელექტუალის ოცნება

როცა ზაალ ანდრონიკაშვილი „დემოკრატიის უპირობო პრიორიტეტზე” ლაპარაკობს, ის ასეთი ონტოლოგიური ღრიჭოდან იხედება და დემოკრატიის წმინდა იდეას განჭვრეტს. უფრო სწორად, ქართველი ინტელექტუალისთვის წმინდა იდეათა სამყაროს ცვლის მოგონებები გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში და სხვა „ნორმალურ” ქვეყნებში გატარებულ დროზე. ჩვენი არჩევნები რაღაცით კი გვაგონებს იმათ არჩევნებს, მაგრამ ეს მხოლოდ უფრო მტკივნეულს ხდის განსხვავების განცდას: კი ჰგავს, მაგრამ იქამდე ბევრი უკლია. „დემოკრატიის უპირობო პრიორიტეტი” ნიშნავს მხოლოდ ამის თქმას: მინდა, რომ ჩვენი დემოკრატია იმათსას ჰგავდეს.

მაგრამ ეს მხოლოდ ნატვრაა (რომელსაც სრულად ვიზიარებ) და არა მესამე პოლიტიკური პოზიცია, რადგან ის არანაირ ხელშესახებ და პროდუქტიულ ქმედებას არ გულისხმობს. შესაბამისად, ის შეუძლებელია ორ არსებულს შევადაროთ და მას რაიმე უპირატესობა მივაწეროთ.

ანდრონიკაშვილი, სხვა ყველაფერთან ერთად, ორ „ცუდ” პარტიას უწუნებს იმას, რომ არგუმენტირებულად არ აკრიტიკებენ ერთმანეთს და მხოლოდ, უკეთეს შემთხვევაში, სუბიექტურ რწმენაზე დამყარებულ იარლიყებს აკერებენ. მაგრამ მის არგუმენტებს ორივე პარტიის წინააღმდეგ შეიძლება იგივე პრეტენზია წაუყენო და მასვე შეუტრიალო. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე ის ამბობს: „დემოკრატია მისთვის შორეული პერსპექტივაა, მასზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკური საფრთხეები არ დაემუქრება, როდესაც გაჩნდება ისეთი ოპოზიცია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მშვიდად გადააბარებს შორეულ მომავალში, როდესაც პოლიტიკოსთა შემდეგი (ან იმის შემდეგი) თაობა წამოიზრდება”. დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები ამას შეეკამათებიან, თუმცა, ჩემი აზრით, ჭეშმარიტების მარცვალი ამ მტკიცებაში ნამდვილად არის. მაგრამ ზუსტად იგივე გამოსდის ზაალ ანდრონიკაშვილსაც, ოღონდ აქცენტების ოდნავი დაზუსტებით (ის გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე არ ლაპარაკობს). ისიც იმას ამბობს, რომ დღეს არსებული ორი ძირითადი პოლიტიკური ძალიდან არცერთი არ არის დემოკრატიული, ხოლო „დემოკრატიის უპირობო იმპერატივი” მხოლოდ რამდენიმე ინტელექტუალის თავშია, რომელთაც პოლიტიკური ქმედების უნარი ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ. რამდენ ხანს უნდა ველოდოთ, ვიდრე ეს იმპერატივი ონტოლოგიური ღრიჭოდან გადმოდინდება და პოლიტიკურ ძალად განსხეულდება? სავარაუდოდ, საამისოდ პოლიტიკოსთა ახალი თაობა უნდა წამოიზარდოს. მანამდე რა ვქნათ?

 

დემოკრატიის რესურსი

დემოკრატია – განსხვავებით სიკეთისგან, სამართლიანობისგან, თავისუფლებისგან და ა. შ. – ნაკლებად დაიყვანება რაღაც მარტივ იდეაზე. ეს არის პროცედურების, ჩვევების, განწყობების ერთობლიობა, რომელიც დიდხანს და რთულად ყალიბდება. მისი ცენტრალური კომპონენტია ღია, საჯარო ბრძოლა ძალაუფლებისთვის ხალხის მასების მობილიზებით. დღეს ქართული დემოკრატია არსებობს და პირველ რიგში მჟღავნდება ბრძოლით, რომელშიც ჩაბმულია სწორედ ის ორი ძალა, რომელიც ზაალ ანდრონიკაშვილს (და არა მარტო მას) არ მოსწონს. მაგრამ ის ვითარება, როდესაც ნორმატული იდეების მოყვარულ ინტელექტუალებს არცერთი ძირითადი პოლიტიკური ძალა არ აკმაყოფილებს, სწორედ რომ ტიპურია დემოკრატიისთვის.

ცხადია, ჩვენი დემოკრატია ბევრად უფრო არასრულყოფილია, ვიდრე ასევე არასრულყოფილი დასავლური მოდელები, რომლებიც ჩვენთვის ნორმატიული ორიენტირის ფუნქციას ასრულებენ. განსხვავებების მოძებნა არც ისე რთული სავარჯიშოა, რომელიც ბევრს გაგვიკეთებია. სირთულე მაშინ იწყება, როდესაც ვსვამთ კითხვას: რით არის გაპირობებული ეს განსხვავება და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? აქ დემოკრატიის დედის რძესთან ერთად შეთვისებული განსაზღვრება უნდა გავიხსენოთ. ის „ხალხის ძალაუფლებაა”, ესე იგი ისეთია, როგორიც ხალხი, ვინც ამ ძალაუფლებას ატარებს. დღეს ქართველმა ხალხმა შეძლო, ეწარმოებინა ისეთი პოლიტიკური ელიტა, თავისი ხელისუფლებით და ოპოზიციით, რასაც ვხედავთ: ამდენი „გავქაჩეთ”, უკეთესი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არ შეგვძლებია. თუმცა, ნელ-ნელა რაღაცებს ვსწავლობთ. თუ რამე უკეთესობა იქნა, სწორედ ამ პოლიტიკური პროცესებიდან ამოიზრდება და არა ონტოლოგიურ ღრიჭოში ჩასახული კეთილშობილური, მაგრამ სტერილური იდეებიდან.

კომენტარები