ცნობისმოყვარეს მოგზაურობა მარსზე

პლანეტა მარსის ზედაპირი

დაგუგლეთ mars curiosity და ამ დროისთვის 9 მილიონზე მეტ ლინკს ამოგიგდებთ. მარსმავალ კურიოსიტის წარმატებული დაშვება მარსის ზედაპირზე, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერების ბოლო დროის უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. შეიძლება ითქვას, კურიოსიტის (რაც ქართულად ცნობისმოყვარეობას ნიშნავს) ციებ-ცხელება დგას. ეს არც არის გასაკვირი 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტისთვის, რომელზეც 400-ზე მეტი მეცნიერი და ინჟინერი მუშაობდა.

თითქმის 9 თვე დასჭირდა კოსმოსურ ხომალდს იმისთვის, რომ მარსმავალი კურიოსიტი მეწამულ პლანეტამდე მიეყვანა და 6 აგვისტოს წარმატებით გადაესვა მის ზედაპირზე. ის აღჭურვილია 15-მდე საკვლევი ინსტრუმენტით, რომლებითაც მარსის ატმოსფეროსა და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა დღემდე არნახული სიზუსტით იქნება შესწავლილი, თანაც გაცილებით უფრო ფართო არეალზე, ვიდრე ეს წინამორბედებს შეეძლოთ. მისიის მთავარი მიზანია ორგანული ნაერთების ძიება: არის თუ არა, ან იყო თუ არა ადრე მარსზე სიცოცხლე – ამ კითხვებზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს. ამასთან, შესწავლილი იქნება მარსზე ადამიანის დაშვების პირობები.

კურიოსიტი თავის წინამორბედებზე ორჯერ დიდია – დაახლოებით საშუალო ზომის ჯიპის და 900 კილოგრამს იწონის. ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგიას ის რადიოაქტიური პლუტონიუმისგან იღებს.

მარსმავალმა დაშვებისთანავე გადაიღო პლანეტის ზედაპირის ფოტოები, მოგვიანებით კი ატმოსფეროსა და ნიადაგის ნიმუშების შეგროვება და დამუშავება დაიწყო. ამისთვის პირველად იყო გამოყენებული ლაზერული გამოსხივება. როგორც მისიის ერთ-ერთმა ინჟინერმა ინტერვიუში ხუმრობით განაცხადა, ამ ექსპერიმენტის დროს არცერთი მარსიანელი არ დაზიანებულა. შემდგომ კურიოსიტიმ ზედაპირზე გაიარა და შეამოწმა, რამდენად მყარად „დგას ბორბლებზე” – მარსის რთულ რელიეფზე გავლა დედამიწელი

პლანეტა მარსის ზედაპირი
მანქანებისთვის ადვილი საქმე არაა და აქ ძალზე დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ რამეს არ დაეჯახოს ან არ გადაყირავდეს.

რამდენიმე დღის წინ კურიოსიტიმ თავისებური კონცერტიც კი გამართა: Reaching the stars „იმღერა” (ანუ, დედამიწისკენ გამოუშვა ჩანაწერი) და ადამიანებმა პირველად მოისმინეს მარსიდან გამოგზავნილი ხმა. ამის შემდეგ მან მოგზაურობა დაიწყო და გაემართა 400 მეტრით დაშორებული ადგილისკენ, სახელად გლენელგი, სადაც ნიმუშების შეგროვებას და ანალიზს განაგრძობს.

უკვე ერთი თვეა, რაც კურიოსიტი მარსს სტუმრობს. ენერგეტიკული რესურსი ერთ წელზე მეტხანს უნდა ეყოს. მეცნიერები მარსის შესახებ ახალი ინფორმაციის მოლოდინში არიან.

მისიების მოკლე ისტორია

მარსს ხელოვნურმა თანამგზავრმა პირველად 1965 წელს ჩაუფრინა. ეს იყო მარინერ 1. 1971 წელს მარინერ 4 გახდა მარსის პირველი ხელოვნური თანამგზავრი, ხოლო 1976 წელს ვიკინგ 1 პირველად დაეშვა მარსის ზედაპირზე. მას შემდეგ ამ პლანეტისკენ 50-მდე მისია გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნების მიერ, საიდანაც დაახლოებით მესამედი წარმატებით დასრულდა, დანარჩენებმა კი მარცხი განიცადა.

რატომ მარსი?

მზის სისტემის პლანეტებს შორის მარსი ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას და მთვარის და ვენერას მერე ყველაზე ახლოა. სწორედ ეს განაპირობებს მისდამი განსაკუთრებულ ყურადღებას. უბრალო ცნობისმოყვარეობას სულ უფრო მეტად ენაცვლება პრაგმატული ინტერესი: დღეს მარსი დედამიწელებისთვის იგივეა, რაც მე-16 საუკუნეში ევროპელებისთვის ამერიკის კონტინენტი იყო. შემთხვევით არ დაერქვა მასზე გაშვებულ პირველ ხელოვნურ თანამგზავრს „ვიკინგი”.

დედამიწის მსგავსად, მარსის ერთი დღე-ღამე 24 საათია, თუმცა რადიუსით ორჯერ პატარაა. მარსის ბრუნვის ღერძი თითქმის ისევეა მისი ორბიტის მიმართ დახრილი, როგორც დედამიწის, ამიტომაც, მასზეც არის სეზონები. თუმცა მისი ორბიტა უფრო ექსცენტრულია, ანუ გაწელილი და სეზონებს შორის განსხვავებაც ბევრად მკვეთრია. ტემპერატურა ზედაპირთან იცვლება -140-დან +35 გრადუსამდე. მარსის წელიწადი 687 დღეს შეადგენს.

მყარი ზედაპირის მქონე მარსს აქვს ატმოსფერო, რომელიც უმეტესწილად ნახშირორჟანგისგან შედგება, თუმცა დედამიწისაზე ბევრად თხელია. შედარებისთვის, მის ზედაპირთან ყველაზე დიდი ატმოსფერული წნევა ისეთივეა, როგორც დედამიწის ატმოსფეროში 35 კმ სიმაღლეზე. ადამიანს კი 4 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე ჟანგბადის ბალონის გარეშე სუნთქვა უჭირს. ჟანგბადი ატმოსფეროში ბევრად მცირე რაოდენობითაა.

მარსზე არის წყალი. თუმცა ზედაპირზე ის თხევად მდგომარეობაში პრაქტიკულად არ გვხვდება, მხოლოდ ყინულია პოლარულ ქუდებში. ამავე დროს, მასზე ისეთი გეოლოგიური წარმონაქმნებია, რომლებიც იქ ოდესღაც წყლის არსებობაზე მიუთითებს.

მარსის ზედაპირის რელიეფი უაღრესად მრავალფეროვანია. არქტიკისა და ანტარქტიდის მსგავსად, მას „ახურავს” პოლარული ქუდები,

მარსმავალი კურიოსიტი
რომლებიც გაყინული წყლისა და მშრალი ყინულისგან (გაყინული ნახშირორჟანგი) შედგება. გვხვდება მთები და ველები, ალაგ-ალაგ კი დასერილია კანიონებით. მარსზე იმყოფება მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთა ოლიმპოსი, რომლის სიმაღლე 27 კმ-ია და ყველაზე დიდი კანიონი ვალეს მარინერისი – დაახლოებით 4000 კმ სიგრძის. თუმცა გეოლოგიური აქტივობა, მაგალითად, ვულკანების ამოფრქვევები, არ შეინიშნება. მარსს ორი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს: ფობოსი და დეიმოსი, რომლებიც, როგორც ფიქრობენ, ადრე ასტეროიდები იყვნენ და მარსმა ისინი გრავიტაციის წყალობით „მოიტაცა”.

პირველად პლანეტას გალილეო გალილეი დააკვირდა ტელესკოპით. მარსის როლი გადამწყვეტი იყო ჰელიოცენტრული სისტემის ჩამოყალიბებისას: სწორედ მისი უკუღმა მოძრაობის ახსნისას მივიდა კოპერნიკი დასკვნამდე, რომ სამყაროს ცენტრში იმყოფება არა დედამიწა, არამედ მზე.

სიცოცხლე მარსზე

მარსზე სიცოცხლის არსებობაზე საუბარი მას მერე დაიწყო, რაც 1877 წელს ჯოვანი სკიაპარელიმ მის ზედაპირზე შენიშნა ზოლები, რომელიც ფორმით წყლის არხებს ჰგავდა. ზოგმა ჩათვალა, რომ ისინი ხელოვნური იყო, გონიერი არსებების მიერ გათხრილი. 1899 წელს ნიკოლა ტესლამ ატმოსფერული რადიოგამოსხივების შესწავლისას საერთო რადიოხმაურში პერიოდული სიგნალები შენიშნა და ჩათვალა, რომ ეს გონიერი არსებების გამოგზავნილი სიგნალები იყო. სავარაუდოდ, მარსიდან.

ამ დროიდან დაიწყო ის, რასაც შემდგომ „მარსის ციებ-ცხელება” უწოდეს. მარსზე სიცოცხლის არსებობას მიეძღვნა სამეცნიერო-პოპულარული თუ ფანტასტიკის ჟანრის უამრავი წიგნი, კინო, სერიალი და ანიმაციური ფილმი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰერბერტ უელსის „სამყაროთა ომი” იყო. მის მიხედვით 1938 წელს ორსონ უელსმა რადიოსპექტაკლი დადგა, რომელსაც ახალი ამბების სახე მისცა. ერთ-ერთ სერიაში ახალი ამბები მარსიანელების შემოტევის შესახებ იტყობინებოდა. ადამიანებს ეს ამბავი ნამდვილი ეგონათ და ნიუ იორკი მასობრივმა პანიკამ მოიცვა.

ვიკინგ 1 მარსის ზედაპირზე. 1976
მარსის ციებ-ცხელება გაგრძელდა მანამ, სანამ მასზე პირველი ხელოვნური თანამგზავრი დაეშვა. ვიკინგ 1-ს იქ სიცოცხლე არ დახვდა. დღემდე ვერც გონიერი და ჯერჯერობით ვერც პრიმიტიული ფორმით სიცოცხლე ვერ იპოვეს, თუმცა ითვლება, რომ მარსზე არსებული მინერალები და წყალი მცენარეულ ვეგეტაციას ხელს უნდა უწყობდეს.

მომავალი მისიები

მარსზე მომავალშიც მრავალი მისია შესრულდება. ადამიანის გაშვება კი ჯერჯერობით ძალიან რთულ ამოცანად რჩება. პირველ რიგში, დღევანდელი ტექნოლოგიებით მარსზე მოგზაურობას სულ ცოტა ორი წელი სჭირდება. საჭირო იქნება დიდი რაოდენობით საკვებისა და აღჭურვილობის თან წაღება. გარდა ამისა, უწონობის მდგომარეობაში ასე ხანგრძლივად ყოფნა მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის, ხოლო კოსმოსური სხივების დასხივება – უაღრესად საშიში. თუმცა, მეცნიერები და ინჟინრები უკვე მუშაობენ ისეთ ტექნოლოგიებზე, რომელიც სატელიტს საშუალებას მისცემს ბევრად დიდი სიჩქარე განავითაროს და მარსამდე სულ რაღაც 40 დღეში ჩავიდეს. ასევე მუშაობენ კოსმოსური სხივებისგან დამცავ მოწყობილობებსა და მცენარეების თანამგზავრზევე გაზრდის შესაძლებლობაზე.

დარწმუნებული ვარ, ადამიანი ამ დაბრკოლებებს გადალახავს და დაახლოებით 20-30 წელიწადში მარსზე ფეხს დაადგამს, ხოლო მე, ალბათ, ამის შესახებ ტაბულაში სვეტის დაწერა მომიწევს.

 

კომენტარები