უკუეთუ არა ვიხილო...

0 კომენტარი

XVII საუკუნეში თეათინელთა ორდენის კათოლიკურმა მისიამ საქართველოში რამდენიმე საავადმყოფო გახსნა. სამედიცინო მომსახურებით სამეგრელოს მთავარიც სარგებლობდა – სავარაუდოდ, სწორედ მას მოიხსენიებენ მისიონერთა დოკუმენტები „ადგილობრივ სუვერენად”. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მთავარმა გადაწყვიტა, რომ საავადმყოფოს, მკურნალობის გარდა, შეიძლება სხვა არანაკლებ სასურველ სიკეთეს გამორჩე. საბაბიც მშვენიერი ჰქონდა: 1679 წლის სექტემბრის დასაწყისში კათოლიკეებს რომიდან ახალი პრეფექტი ჩამოუვიდათ და დასავლეთი საქართველოს მისიებისათვის საჭირო ფული და სხვადასხვა ნივთები ჩამოიტანა. სამეგრელოს მთავარმა მაშინვე გააგზავნა მისიაში თავისი დიდებულები ასკაციანი შეიარაღებული ამალით. საავადმყოფო და მისია პირწმინდად გაიძარცვა.

ნუ ავჩქარდებით, მორალური შეფასებები მხოლოდ ცივილიზებულ საზოგადოებებს მიუდგება. ჰოლანდიელმა ისტორიკოსმა, იოჰან ჰუიზინგამ მოსწრებულად დაახასიათა შუასაუკუნეობრივი სოციუმი როგორც „ბავშვისთავიანი გიგანტი”: მასში ერთმანეთს ეხამება და ერთმანეთში დაუბრკოლებლად გადადის კოლოსალური ფიზიკური ძალა და გონების უკიდურესი მიამიტობა, ველური სისასტიკე და ნაზი ალერსიანობა. ჩვენს ამბავსაც მსგავსი გაგრძელება აქვს...

დაახლოებით იმავე დროს ყაჩაღური თავდასხმა გორის კათოლიკურ საავადმყოფოზეც მოხდა. თავდასხმისას დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა მისიონერი ჯუზეპე ანტონიო რომანო, რომელმაც, რის ვაი-ვაგლახით მოკეთებულმა, 1679 წლის ბოლოსთვის სამეგრელოში ჩამოაღწია. აქ იმავე დიდებულებმა შეიტკბეს და შეიწყნარეს ხეიბარი. გუშინწინდელ მტარვალებს იმდენად გული აუჩუყა მისიონერის ხილულმა და ხელშესახებმა უბედურებამ, იმდენი სიბრალული ჩააგონა, რომ ცოლის შერთვაც დაუპირეს. შოკირებულმა ცელიბატმა, როგორც ეტყობა, ვერაფერი გააწყო არამკითხე კეთილისმყოფელებთან და წერილობითი თხოვნა აფრინა რომის წმინდა კონგრეგაციაში: მეტი გაძლება აღარ მაქვს, იტალიაში დამაბრუნეთო.

შუასაუკუნეობრივი ცნობიერების ეს თვისებები (სურვილების ბატონობა ინტერესებზე, მყისიერი გადასვლა ემოციურ და ზნეობრივ პოლუსებს შორის და ა.შ.) დღესაც ჩვეულებრივია ჩვენთვის. წარმოვიდგინოთ დღევანდელი ქართველი: ახალგაზრდა, უსაქმური, ზომიერად ნიჭიერი, უზომოდ ლოთი და, ბოლო-ბოლო, მაგარი საყვარელი ტიპი და ერთგვარად ინტელექტუალიც. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადვილად საცნობი პერსონაჟი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ დებულებას (სტატუსად წოდებულს):

1. ახლა ამ ნაბიჭვარმა ეს წლები ნორვეგიულ სანატორიუმში უნდა გაატაროს? ჩამოიყვანონ და გლდანის იზოლატორში უკრან თავი! (ანდერს ბრეივიკისათვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ).

2. ნორვეგიის კუნძულზე არის ციხე, სადაც პატიმრები თავისუფლად სეირნობენ, ამ ნაბიჭვრებმა კიდევ რა ჯოჯოხეთი მოაწყვეს გლდანში! (ცნობილი ვიდეომასალების ნახვის შემდეგ).

ვიღაცისთვის ეს ორი სტატუსი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უფრო გონებამახვილებმა და კაზუისტიკაში გაწაფულებმა აქ შეიძლება იდეური სიმწყობრის კვალი შენიშნონ. მაგრამ ახლა სიტყვების შინაარსი კი არ გვაინტერესებს, არამედ დაბადების გარემოებები: ერთიც და მეორეც რეალობაზე უშუალო, პირველადი რეაქციის შედეგია. სწორედ ეს არის შუა საუკუნეები: გამდიდრდა? – გაძარცვე; ხეიბარია? – ცოლი შერთე; გაბლატავდა? – სცემე; სცემენ? – დაიცავი.

თანაც ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ რეალობის უშუალო ხილვა: არა აღწერა, არა რეფლექსია, არამედ სწორედ ხილვა, უკეთესია, შეხება. რამდენიმე დღის წინათ, იგივე გარემოება სულ სხვა მხრიდან დაინახა გოგი გვახარიამ და რადიო თავისუფლების საიტზე გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები. გარემოება კი იმდენად არსებითია, რომ ამ მოსაზრებათა გამყარების სურვილი გამიჩნდა, რადგან შუა საუკუნეები მსჯელობით დაიძლევა.

მაგრამ სწორედ მსჯელობა არის ჩვენში აკრძალული ქმედება. როგორც კი მსჯელობას იწყებ, მაშინვე „გამპრავებელთა” შავ სიაში აღმოჩნდები, მაგრამ საკმარისია პირდაპირ ეთერში შეიგინო ან ისტერიკა გამართო, რომ იმწამსვე ყველას უყვარხარ. მთავარია, რეაქცია უშუალო და სწრაფი იყოს და თანაც დინების მიმართულებით გამოვლენილი. საკითხის გასარკვევად ერთი მაგალითი მოვიყვანოთ:

იმავე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა საქართველოში რომის ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს გამოხმაურება პატიმართა წამებაზე. ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ეკლესია ერთგულია ბიბლიისა: „ვაი მას, ვინც კაენს შეეხება!”. ასეთი სიტყვები დაბადების წიგნში არ არის, ამიტომაც აკადემიურობის სრული დაცვით მოცემულია საყრდენი: „შდრ. დაბადება 4:15”. ეს არ არის ხილულზე უშუალო რეაქცია, ეს არგუმენტია, წყაროს ერთგული და ტრადიციის ფარგლებში გამწვავებული – ჩვევაში შესული აუცილებლობა, რომლიდანაც ხანგრძლივი და მტკივნეული ბრძოლის, მრავალი შეცდომისა და დანაკარგის შედეგად ბოლოს და ბოლოს ამოიზარდა ცივილიზაცია.

ამისგან განსხვავებით, ქართველი ინტელექტუალები, რომლებმაც ზულუსის საბრძოლო შეფერილობასავით მოიცხეს ცივილიზაციის ენა, ჯერაც ვერ გასცდნენ რეალობაზე უშუალო რეაქციას, ციდან მოვლენილ დასკვნებს. „გერმანიაში რომ მომხდარიყო ეს, მერკელიცა და მინისტრთა მთელი კაბინეტიც გადადგებოდნენ!” (მე დამეჯერება, რადგან დღეში ორჯერ ველოსიპედით ვმგზავრობ ბერლინის ქუჩებში); „საქართველოში ყველა მოქალაქემ იცის, რომ ის ყოველ წამს, ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე შეიძლება დააპატიმრონ და ციხეში ჩასვან” (ასე ჩანს ვლტავის ნაპირებიდან, რადგან ჰაველი მაგარი დემოკრატი როჟა იყო). ფრჩხილებში ჩასმული კომენტარები მხოლოდ ჩემს მოკრძალებულ ვარაუდებს წარმოადგენს: რას ვიზამ – მეტ-ნაკლებად წონადი არგუმენტების მოსაძიებლად არავინ გარჯილა.

საქართველოს მოქალაქეს საფრთხეები ჰყოფნის: სულ მცირე, ახალთახალ საავადმყოფოში დაწოლილი იგი შეიძლება იდიოტი ექთნის დაუდევრობამ მოკლას, მაგრამ, ფსალმუნისა არ იყოს, „კმა არს დღისა სიბოროტე მისი”, ჩვენ კი, ქართველი ინტელექტუალები, ამ რუტინულ ფონზე საკმარისი ბრწყინვალებით ვერ გამოვჩნდებით და მშობლიური ეპოქის ადეკვატურები ვერ ვიქნებით, რადგან შუა საუკუნეები, ყველაფერთან ერთად, ფერადოვანი პროცესიაცაა, მუდმივი და ცვალებადი სანახაობა, მხედველობის გამაოგნებელი და დამატკბობელი „თეატრო”, ანუ, როგორც ალბათ გოგი გვახარია იტყოდა, ვუაიერისტის ხანგრძლივი ორგაზმი...

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები