რა შეეშალა ნაციონალურ მოძრაობას?

სააკაშვილის ხელისუფლებამ უღალატა „ვარდების რევოლუციის” იდეალებს

ანონიმური დემოკრატი

 

სააკაშვილს ბევრი შეცდომა ჰქონდა დაშვებული ამ რვა წლის განმავლობაში. რაღა ახლა მოგინდა ამ შეცდომების გამოსწორება, დაგეშვა კიდევ ერთი შეცდომა, შე კაი კაცო! 

The ვანო

 

რაკი ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო, ესე იგი რაღაცები შეეშალა. რომ არ შეშლოდა, ხომ არ წააგებდა? ახლა მისი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, რათა მანაც და ახალმა მთავრობამაც სამომავლოდ ჭკუა ისწავლონ.

მოიცათ, ერთი წამით. ჯერ შეკითხვა დავაზუსტოთ. რომელი გვაინტერესებს: ზოგადად რა გააკეთა არასწორად ნაციონალურმა მოძრაობამ, თუ რა იყო ის შეცდომა, რამაც, კონკრეტულად, არჩევნები წააგებინა?

ამ ორ შეკითხვას ხშირად არ ან ვერ არჩევენ. ალბათ თვლიან: თუ მთავრობა ყველაფერს სწორად გააკეთებს, ხალხი ყოველთვის ხელახლა აირჩევს. ვითომ?

იდეოლოგიური კრიტიკა

როცა ზოგადად ვამბობთ, რომ მთავრობას შეეშალა, ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებას ვეყრდნობით. მაგალითად, ლევან სუთიძე ტაბულაში ამტკიცებდა: ნაციონალურ მოძრაობას მეტი თანმიმდევრულობა და პრინციპულობა უნდა გამოეჩინა, 2007 წლის შემდეგ კი მან რეფორმები შეანელა და პოპულიზმის შეჯიბრში ჩაერთო. მაგალითად, დაიწყო ყოვლად უაზრო ვაუჩერების რიგება, შეეცადა ეკლესიის მოქრთამვას საბიუჯეტო ფულით, და ა.შ. – რაც საბოლოოდ მაინც არ გამოადგა.

ასეთი კრიტიკა ახლოა ჩემს პირად განწყობასთან. ის კურსი, რაც ტაბულას რედაქციას, მესვეტეებს (მათ შორის თქვენს მონა-მორჩილს) და მკითხველთა უმრავლესობას მოსწონს, ეკონომიკური და სოციალური ლიბერალიზმის სინთეზია. ამ პრინციპების განხორციელებით ნაციონალური მოძრაობა სჯობდა თავის ოპონენტებს, თუმცა 2007-ის შემდეგ ზედმეტად ბევრი დათმობა და კომპრომისი დაუშვა. ზოგის აზრით კი, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა იმდენად შეატოპინა ამ კომპრომისებში და არცთუ დემოკრატიულ ქცევაში, რომ საერთოდ გაფლანგა მორალური და ინტელექტუალური უპირატესობა ოპონენტების მიმართ.

მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა (ან ყოფილ მომხრეთა) შორის სხვა გემოვნების ადამიანებიც არიან. მათ მოსწონთ ქმედუნარიანი და არაკორუმპირებული სახელმწიფო, ღიაობა უმცირესობების მიმართ, ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლებას შეცდომად უთვლიან დოგმატურ ეკონომიკურ ლიბერტარიანელობას. მას უფრო ადრე და უფრო თანმიმდევრულად უნდა მიეხედა სოციალური სფეროსთვის (არა იმ სულელური ვაუჩერების სახით). რატომ არ შეიძლება საბაზრო ეკონომიკაც განავითარო და სოციალური გარანტიებიც შექმნა, როგორც ამას ევროპელები აკეთებენ?

კიდევ სხვამ შეიძლება თქვას, რომ ზემოაღნიშნული მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ იყო საჭირო ეკლესიასთან ურთიერთობის გაფუჭება და, ზოგადად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის უცხო ღირებულებების ზედმეტად დაცვა. თუ, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ლიბერალები ახერხებენ სოციალურ კონსერვატორებთან თანამშრომლობას („რესპუბლიკური პარტია” ჰქვია მათ კოალიციას), რატომ არ შეიძლებოდა იმავეს გაკეთება საქართველოში?

და ასე შემდეგ. ზემოჩამოთვლილთაგან რომელია მართლა შეცდომა? ამას ზუსტად ვერასოდეს გავზომავთ, რადგან სხვადასხვა იდეოლოგიის მომხრეები ერთმანეთში ვერასოდეს შეთანხმდებიან.

რა იგებს არჩევნებს?

მაგრამ თუ საკითხს უფრო ვიწროდ დავსვამთ: რა სტრატეგია მოაგებინებდა ხელისუფლებას არჩევნებს, კამათი თვისობრივად სხვა სახეს მიიღებს.

როგორც დემოკრატიის გამოცდილება გვიჩვენებს, საარჩევნო წარმატება ხშირად სულაც არ უკავშირდება იმას, თუ რამდენად თანმიმდევრულია პარტია თავის პოლიტიკაში. პირიქით, ჯგუფი, რომელიც უკომპრომისოდ შეეცდება ეკონომიკური და სოციალური ლიბერალიზმის პრინციპების განხორციელებას, დღევანდელ საქართველოში (და არა მხოლოდ აქ) არჩევნებს ვერასოდეს მოიგებს. ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს თუ არა, ესეც საკითხავია.

პოლიტიკოსის თუ პარტიის წარმატების საწინდარია სწორი პაკეტის შექმნა: მან უნდა იბრძოლოს ღირებულებებისთვის, რისიც სწამს, მაგრამ იმასაც უნდა გრძნობდეს, მოცემულ მომენტში საზოგადოება რას იყიდის. მხოლოდ იდეოლოგიური თანმიმდევრულობა ამაყ მარგინალებს ბადებს, მხოლოდ მოქნილობა – უნაყოფო და კორუმპირებულ მედროვეებს. უნდა შეახამო: სწორედ ამიტომაა პოლიტიკა ხელოვნება.

სააკაშვილმა იმიტომ შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა, თითქმის ცხრა წელი გაძლება და ამ დროში საკმაოდ ბევრის მიღწევა, რომ, მისი ერთ-ერთი დასავლელი კრიტიკოსის, ტომ დე ვაალის სიტყვებით, სხვადასხვა ადამიანებისთვის ის იყო, რაც მათ უნდოდათ: დემოკრატიც, ნაციონალისტიც, მკაცრი წესრიგის დამამყარებელიც, უპოვართა შემწეც, უმცირესობების დამცველიც.

მარადიული წარმატების რეცეპტი?

ჰქონდა შანსი, კიდევ დიდხანს ასე გაეგრძელებინა? ბევრს ეგონა (მათ შორის ამ სტრიქონების ავტორსაც), რომ „ნაციონალურ” ხელისუფლებას შეეძლო, ათწლეულებისთვის გაეძლო. ეს ილუზია აღმოჩნდა.

გასაკვირი და ასახსნელი ის კი არ არის, რომ ნაციონალებმა არჩევნები წააგეს, არამედ ის, რომ ამდენ ხანს გაძლეს. წლების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას უგროვდება „შეცდომები” (რეალური ან აღქმული), უკმაყოფილების ერთი მიზეზი მეორეს ემატება. ძველის მობეზრების ბუნებრივი სინდრომიც არსებობს. კარგს კი ადვილად ეჩვევი: ხალხს ყელში ამოუვიდა იმის შეხსენება, რომ ადრე უშუქობა და კორუფცია იყო.

განსაკუთრებით ცვალებადია ამომრჩევლის განწყობა ახალ პოსტკომუნისტურ დემოკრატიებში: აქ არჩევნებში ზედიზედ ორჯერ გამარჯვება გამონაკლისია. სავარაუდოდ, გამოუცდელ საზოგადოებას არარეალისტურად მაღალი მოლოდინები აქვს ხელისუფლებისგან და მისგან ყველა პრობლემის გადაწყვეტას ელის; ადვილად უღვივდება იმედები და კიდევ უფრო ადვილად უცრუვდება გული. განსაკუთრებით უჭირს პოპულარობის შენარჩუნება რეფორმატორ მთავრობას, რომელსაც ბევრი მკვეთრი და არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა უწევს.

„ნაციონალური” ხელისუფლების საუკეთესო მოკავშირე დიდხანს იყო ოპოზიცია თავისი უმწიფარი პროექტით, როგორმე გაემეორებინა ვარდების რევოლუცია. ამან კიდევ უფრო გაუძლიერა ნაციონალებს ქედმაღლობა, რომელიც თავიდანვე მოსდგამდათ: „ამათ მაინც ხომ ვჯობივართ!” ივანიშვილის გამოჩენამ ეს გაწყობა ვერ შეცვალა. თითქოს, არცთუ უსაფუძვლოდ: ახალი ოპოზიცია ხომ ხალხს ოცნების გარდა არაფერს სთავაზობდა. მაგრამ მერე რა? ივანიშვილმა შეცვალა ორი რამ: უარი თქვა რევოლუციის პროექტზე და მოიტანა ბევრი ფული. ეს საკმარისი აღმოჩნდა.

ცხადია, არსებობს კონკრეტული შეცდომები, რომლებიც სააკაშვილის გუნდმა სწორედ ივანიშვილთან ბრძოლის პროცესში დაუშვა. სულელური და კონტრპროდუქტიული იყო მოქალაქეობის ჩამორთმევა და უზარმაზარი ჯარიმები. რა მნიშვნელობა აქვს, სამართლებრივად რა იყო სწორი და რა – არა: მთავარია, ივანიშვილმა ამომრჩევლის თვალში მორალური უპირატესობა შეიძინა. პრინციპულად არასწორი იყო საარჩევნო რიტორიკის ცენტრში ივანიშვილის „რუსულ ძალად” წარმოჩენა: ვისაც ამის სჯეროდა, ისედაც ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა ხმას, მაგრამ მოყოყმანე ელექტორატი ხედავდა, რომ ბრალდებას კონკრეტული არგუმენტები არ ახლავს. შეცდომა იყო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე ზედმეტი დანდობა: კი, უმრავლესობას ეკონომიკური საკითხები აწუხებდა, მაგრამ არ შეიძლებოდა იმ თუნდაც მცირერიცხოვანი ფენის უგულებელყოფა, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენს. ციხეების არმიხედვაზე აღარაფერს ვიტყვი: ესეც იმ შეცდომის შედეგია, როცა მხოლოდ გამოკითხვებს და ფოკუს-ჯგუფებს უყურებ.

დემოკრატიაა მთავარი შეცდომა?

მაგრამ ეს არ არის ის ძირეული მიზეზი, რამაც ნაციონალურ მოძრაობას ძალაუფლება დააკარგვინა. უბრალოდ, დემოკრატიულ სისტემებში მთავრობები არჩევნებს აგებენ ხოლმე და ეს ხანდახან დამოკიდებულია არა (მხოლოდ) ხელისუფლების ცოდვებსა თუ შეცდომებზე, არამედ ამომრჩეველთა ემოციური განწყობის ცვალებადობაზე.

ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად ხელისუფლების ავტორიტარული გადაცდომებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დეფიციტისა, საქართველო ძირითადად მაინც დემოკრატიაა. ძალაუფლებაში ხანგრძლივად დარჩენის ერთადერთი სარწმუნო რეცეპტი კი ავტორიტარიზმია. როგორც „არაბული გაზაფხულის” გამოცდილებიდან ვიცით, უსასრულოდ არც აშკარა ავტორიტარიზმი მუშაობს, მაგრამ რამდენიმე ათწლეულს კი ძლებს ხოლმე. როგორც სააკაშვილის ზოგიერთი გაწბილებული მომხრე ამ დღეებში ამბობს, ის „პინოჩეტაშვილი” უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვერ ან არ გახდა.

ჭეშმარიტად. ოღონდ ერთიც ვთქვათ. „პინოჩეტაშვილის” პროექტის მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილის არმიშვება ძალაუფლებამდე ევროპული არჩევანის შესანარჩუნებლად იყო საჭირო. ბოდიში, აი, აქ უკვე ლოგიკაში გვეჭედება. მოგვწონს თუ არა, 21-ე საუკუნის ევროპაში (განსხვავებით მე-19 და ნაწილობრივ მე-20 საუკუნეებისაგან) პინოჩეტაშვილებს აღარ უშვებენ. თუ განუსაზღვრელი ვადით ხელისუფლებაში ყოფნა უნდოდა, სააკაშვილი პირველ რიგში პუტინს უნდა დამეგობრებოდა. ამით, სხვათა შორის, ბევრ გერმანელს და ფრანგსაც გაახარებდა და არც არჩევნებში მარცხი დაემუქრებოდა. აი, სად იყო ძირეული „შეცდომა”.

 

 

კომენტარები