სახელმწიფო სამშობლო

მე თუ მკითხავ, ცოტა ზედმეტს და არასწორად ვფიქრობთ იმაზე, რასაც შინაგანად სხვადასხვა სახელს ვარქმევთ, სახალხოდ კი სამშობლოს ვეძახით. ჩვენ სულ სამშობლო გვაკერია პირზე - სუფრასთან ქანაობისას, სატელევიზიო გამოსვლებში, წითელ ხიდთან ამ სამშობლოდან კურდღელივით გაქცევისას, მიტინგზე, ინტერნეტში, სექსის დროს - ყველგან და ყოველთვის სამშობლოზე, მის მომავალზე ვფიქრობთ. უფრო სწორად, ვამბობთ, რომ ვფიქრობთ, რადგან არ იფიქრო სამშობლოზე, ეს მისი ღალატია. ასეა მოდაში.

და რა არის საერთოდ სამშობლო? ადგილი, სადაც დაიბადე? სადაც ისარი ისროლე? სადაც კარგად ხარ? სადაც შენი ახლობლები არიან? კიტრისა და პომიდვრის სალათის მართლა უნიკალური არომატი? რა ჰგონიათ სამშობლო ქვეყანაში, სადაც საუკუნეებია თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არც კი გაუჭაჭანია?

სამწუხაროდ, ჩვენთვის სამშობლო ფანტასმაგორიულ ცნებად იქცა და ჯერ მის რაობაზეც ვერ შევთანხმდით. მის მნიშვნელობას ვერც გავიგებთ, სანამ სახელმწიფოს არ შევქმნით და სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სანამ ფარისევლური, მცდარი იდეალები გვაქვს, სანამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მიწა ჩვენ უფრო გვიყვარს, ვიდრე ფრანგებს ფრანგული და ტონგოელებს ტონგოური.

კარგი იქნება, თუ სიტყვას შევცვლით - სამშობლოს სახელმწიფოთი ჩავანაცვლებთ და ჩვენც შევიცვლებით - ყველა გავაკეთებთ იმას, რაც ვიცით და შეგვიძლია. სხვა გზა არ არსებობს, სხვანაირად ისევ ტყუილზე, ვირტუალურ სიყვარულზე ვილაპარაკებთ. სწორი კი, აი, ეს იქნება - მშვიდობისას ვიზრუნოთ სახელმწიფოზე და ომის დროს - სამშობლოზე. არ გეგონოთ სიტყვებით ვთამაშობდე, აქ ფუნდამენტური განსხვავებებია.

რაც უფრო კარგია შენი სახელმწიფო, მით უფრო ნაკლებად გიწევს სამშობლოზე ჭმუნვა. ჩვენ გვაქვს სამშობლო და როგორც ზემოთ ვთქვი, ასწლეულებია ვერაფრით შევძელით მისი სახელმწიფოდ გადაქცევა. იმიტომ, რომ ძალიან ძნელია; რომ თავაუწევლად უნდა ისწავლო და იმუშაო; რომ ასეთი სამეზობლო გვაქვს; რომ არ ვიცით, ეს როგორ კეთდება და არ გვჯერა, რომ ამას მოვახერხებთ.

სახელმწიფო მთელი სტრუქტურაა, რომელიც გამართულად უნდა იყოს აწყობილი. საკმარისია ამ სისტემაში რამდენიმე ხვრელი გაჩნდეს და ამას ყურადღება არ მიექცეს, წასულია საქმე. ამიტომ მოდუნება დამღუპველია. სტრუქტურა კი თავისით ვერ აეწყობა, ეს მთავრობის და მისი დამქირავებლის, ხალხის ერთობლივი ბიზნესია.

და სწორედ აქ ვადგებით მთავარ საკითხს: რისი შექმნა ვიცით? მოქმედი, წინა, იმის წინა და კიდევ იმის წინა ხელისუფლებებიდან უამრავ ადამიანს დაგისახელებთ, სრულ უმრავლესობას, ვისაც წარმოდგენაც არ ჰქონდა და აქვს, რას, რისთვის და როგორ აკეთებდა. აკეთებდა კი არა, გრამი ტვინი და მილიგრამი სინდისი არ ჰქონდა. ეს კი ნიშნავს, რომ ზემოხსენებული ბიზნესის ერთი რგოლი მოიკოჭლებს.

იმედისმომცემი მდგომარეობა არც მეორე მხარესაა. აიღეთ ნებისმიერი სფერო და დამისახელეთ ოცი თავის საქმის კარგად მცოდნე ადამიანი. მაგალითად, პროფესიონალი ჟურნალისტები, მიმტანები, მათემატიკოსები. თუნდაც მეძავები. ან აიღეთ ნებისმიერი ფაკულტეტი და მაჩვენეთ ოცი სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურზე კი არ წუწუნებს და აქციებზე კი არ დარბის, წიგნებს თავს ახლის. ანუ ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობამაც არ იცის -რა, რისთვის და როგორ.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ: იმ ორი სუბიექტიდან, ვინც სახელმწიფო უნდა ააწყოს, არცერთმა არაფრის კარგად კეთება არ იცის. ზუსტად ამიტომ ვლაპარაკობთ მუდმივად სამშობლოზე, ერზე, ქართველობაზე, მართლმადიდებლობაზე, ჩაგრულ ინტელიგენციაზე და გაურკვეველ გაბრწყინებაზე. ლაპარაკზე ადვილი ხომ არაფერია.

ამ დროს კი ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და იმისთვის, რომ ეს საქმეები გამოგვივიდეს, დავივიწყოთ სამშობლო, რომელიც გვაქვს და მივხედოთ სახელმწიფოს, რომელიც გვაქვს კი არა, ჯერ ვერ გავიგეთ, რა არის.

 

კომენტარები