ღვთიური ფიზიკა

     Почём опиум для народа - ოსტაპ ბენდერი. თორმეტი სკამი

შენი არამართლმადიდებელი დედა მ****** - უყივლა გარდატეხის ასაკში მყოფმა ბიჭმა ფიჯელ მორაგბეს 24 ნოემბერს. სტადიონზე, თან ქართულზე, ვის არ შეუგინია, მაგრამ სიტყვა „არამართლმადიდებელი“ ძალიან უცნაურად გაისმა, მით უმეტეს ბავშვისგან და მით უმეტეს - მართლმადიდებლისგან. იმ მომენტში სასაცილო იყო, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ეს ტრაგედიაა. 21-ე საუკუნის საქართველოს ტრაგედია.

ჩვენთან ეკლესია ეკლესიაზე შენდება, იქ დასაქმებული ადამიანები შარშანდელ მანქანებს აღარ კადრულობენ, სანთლები და ხატები ძალიან კარგად იყიდება, საპატრიარქო ფერმებს და სასურსათო მაღაზიებს ხსნის, მღვდლები წმინდანები ჰგონიათ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სასულიერო პირები დღეს გადასარევად ცხოვრობენ.

კი მაგრამ, რას ვიღებთ სამაგიეროდ? რა სიგნალები მოდის დღეს სასულიერო პირთა დიდი ნაწილისგან? რაში ვიხდით მილიონებს? რას მოვისმენთ დღეს მე, თქვენ და ის პატარა ბიჭი ეკლესიაში? მაგალითად იმას, რომ იაპონია ღმერთმა დასაჯა ცუნამით; ამერიკა გარყვნილებას ნერგავს საქართველოში; ვინც ახალ პირადობის მოწმობას აიღებს, ერთი წელი არ აზიარებენ; ვინც განსხვავებულად აზროვნებს და იქცევა, გათახსირებული ავადმყოფია; მონასტერს დენის ფული აქვს გადასახდელი და იქნებ შესაწირით დაეხმაროთ (შეგახსენებთ, საპატრიარქო ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს); ვინც მართლმადიდებელი არაა, არის იეღოველი, ქვეყნის დამაქცეველი და ჩასაქოლი;

თუ რამეა, ანაფორიანი ადამიანი ტელევიზიაშიც შევარდება, ჟურნალისტებს დაასისხლიანებს და მერე არჩევნებსაც დააკვირდება. აბა ვინმემ გაბედოს და ხმა ამოიღოს!

ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც მარხვა შეგიძლია გადააგორო სამარხვო ბეფსტროგანოვზე და შოკმანჟეზე, მაგრამ შარვლიან ქალებს ტაძარში ლანძღავენ. ეს კი ნიშნავს, რომ სინამდვილეში წარმოდგენაც არ გვაქვს, რა არის რწმენა. ჩვენ არასწორად გვიხსნიან მის მნიშვნელობას.
 

                           მე მომწონს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ
                          მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს
                          საერთოდ არ გვანან - მაჰათმა განდი

 

და რა არის ქრისტიანობა, მუსლიმანობა, ბუდისტობა და ნებისმიერი სხვა რელიგიური მიმდინარეობა რეალურად? რას გვეუბნება ღმერთი? ჩაქოლე განსხვავებული? არა. დაწყევლე მეზობელი? არა. იყავი გაბრაზებული? არა. იყავი ფარისეველი? არა. ის გვეუბნება, რომ მთავარია სიყვარული, სიკეთე, ურთიერთპატივისცემა და თავისუფლება.

ეროვნული მოძრაობის პერიოდში თბილისში ძალიან ხშირად ისმოდა „ჩვენთან არს ღმერთი“. მაშინ რთული დრო იყო და ბუნებრივად გაჩნდა იმედი, რომ ღმერთი ჩვენთან იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, თავად ჩვენ ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს მისკენ. დღემდე.

გასაგებია, რომ 70 წლის განმავლობაში ამ სფეროსთან საერთოდ არ გვქონდა შეხება როგორც სახელმწიფოს და უცბად ვერ მოვახერხეთ სწორი გზით წასვლა, მაგრამ ნელ-ნელა მოდის დრო, როცა ჩვენ, ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ყოფნაზე მეოცნებე ქვეყანამ, წინ ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ. როგორც, მაგალითად, ეკონომიკაში, ხელოვნებასა თუ სპორტში.

შემიძლია პირველი სვლა შემოგთავაზოთ: ერთმანეთს ხშირად გავუღიმოთ, ფეხით მოსიარულეები გავატაროთ, ნუ ჩავყოფთ ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირს... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ყველამ ვიცით, რა გვეშლება. საპატრიარქომ გააკეთოს უპოვართა თავშესაფრები, სადაც ადამიანი მივა, გათბება, ისადილებს, დაიძინებს და იგრძნობს, რომ ვიღაც მასზე ზრუნავს, ვიღაცას უყვარს.

ამის შემდეგ აღარ დაგვჭირდება „ჩვენთან არს ღმერთის“ ყოველ წამს გამეორება - იქ, სადაც დადებითი ენერგია გაიცემა, ეს ენერგია ცირკულირებას იწყებს და საზოგადოებაში ილექება. ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ეს ფიზიკაა.

 

 

კომენტარები