დაკარგული ღირსება

ახლა რასაც დავწერ, მე მგონი, ისედაც ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გვახსოვს, ან არ გვინდა, რომ გვახსოვდეს, ან სულ უნდა ვიმეოროთ, რომ არ დაგვავიწყდეს. შეიძლება ეს მომაბეზრებელია, მაგრამ სხვა გზა არ არის...

როდის ცხოვრობდნენ ქართველები კარგად? თუ ბოლო საუკუნეებს გადავხედავთ, პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება – კომუნისტების დროს, სამოციან-ოთხმოციანებში, როცა ჩვენს შენახვაზე სხვები ზრუნავდნენ. მანამდე სულ ომში და დავიდარაბაში ვიყავით, სულ ვიღაცას ვიგერიებდით, ვეფარისევლებოდით, ორგაზმს ვიმიტირებდით, ერთმანეთს ვღალატობდით და ასე გავატარეთ ასწლეულები პატრონის, თუნდაც ზედმეტად მკაცრი, სისხლის მოყვარული, სადისტი პატრონის ძებნაში. და ვიპოვეთ.

ამ პატრონმა ჯერ ქართველის ხელით დაგვიპყრო, მერე მეორე ქართველის ხელით საშუალოზე მაღალი აიქიუს მქონე ადამიანები გაგვიჟლიტა, დაგვტოვა უტვინოდ, უწიგნოდ, საღი აზრის გარეშე, მერე დიდ ომში ჩაგვრთო, მერე რამდენჯერმე ტყვიაც დაგვიშინა, კინაღამ ენა წაგვართვა, მოგვწამლა, ნიჩბებით თავები გვიჩეხა, მიწები წაგვართვა, ერთმანეთთან გვაომა ზედ რუსთაველზე, სახლებიდან გამოგვყარა... რა აღარ გვიქნა ერთმორწმუნე ბოსმა, აღარ დატოვა შეურაცხყოფის სახეობა, რომელიც არ მოუყენებია და მაინც – კომუნისტური რეჟიმის დაახლოებით 20-30 წელი ქართველებისთვის ზღაპრული გამოდგა, ხოლო იმ ეპოქის ნოსტალგია – დაუვიწყარი.

გაზარმაცებული ხალხისთვის ძნელია იმ დროის (მჟავანაძე-შევარდნაძე) ადვილად მივიწყება – არავითარი საქმე, მაგრამ ხელფასი, უაზრო თანამდებობა, მაგრამ კაბინეტი, არავითარი გადასახადები, არავითარი სწავლა, მუშაობა და კონკურენცია, სამსართულიანი სუფრები, სამსაათიანი სადღეგრძელოები, მთელი „საიუზის ნაშები“ ჩვენს სანაპიროებზე, რომლებიც ჩვენი აღარაა, მოსკოვ-ლენინგრადში ჰაერიდან მოსული ფულის ფრიალი და ალკოჰოლგარეული ილუზია, რომ მთელი რუსეთი შენს ფეხებთანაა. ირგვლივ სიმშვიდე, მაღაზიები ცარიელი, საზღვრები დაკეტილი, არავინ არაფერს აკეთებს, გვაჭმევენ, გვასმევენ, გვაძლევენ და ვართ გადასარევად.

არაფრის კეთება. აი ის, რისთვისაც ყველაფრის დამთმობები ვართ. რის გარეშეც პანიკაში ვვარდებით. ოღონდ მარტოები არ დავრჩეთ და მოგვხედონ, მეტი არაფერი გვინდა.

2003 წელს ჩვენ მარშრუტი შევცვალეთ და წავედით იმის საპირისპირო მიმართულებით, საითაც ძალიან დიდხანს მივდიოდით. ამ მიმართულებას უნდა წავეყვანეთ იქ, სადაც მაშინ, როცა ჩვენ ვსვამდით, სინათლის სისწრაფით ვითარდებოდა ყველაფერი. იქ იმღერეს ბიტლებმა, მივიდნენ ჰიგზის ბოზონამდე, ცუნამისგან განადგურებულმა ერმა ღირსების გაკვეთილები ჩაუტარა მთელ მსოფლიოს. იქ აფროამერიკელებს ავტობუსში ჯერ ცალკე სვამდნენ და მერე ობამა პრეზიდენტად აირჩიეს. ორჯერ.

ჩვენ თითქოს მოგვწონდა, გვინდოდა, რაც ცივილიზებულ სამყაროში იქმნება, მაგრამ გავჩერდით. რატომ, ამას ისტორია გაარკვევს. გაარკვევს იმასაც, თუ ვისი ბრალი იყო ეს. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – ოთხ-ხუთ წელიწადში გავჩერდით. უამრავი შეცდომის, არასწორი მუშაობის, ერთმანეთისადმი გაუგონარი ზიზღის, სახელმწიფოებრიობის შეუგნებლობის, ძალაუფლების გადამეტების, სიბრიყვის, გარეშე ძალების ჩარევის, ათასი მიზეზის გამო.

ის, რაც „იქით“ მოგვწონდა, მხოლოდ ძალიან ბევრი შრომის შედეგად მიიღწევა. ამას იქ თაობები დასჭირდა, ჩვენ კი სულ რამდენიმე წელიწადში დავიღალეთ, დავფრთხით, შეცდომებმა დაგვაკომპლექსა, იმედი დავკარგეთ და ხელები ჩამოვყარეთ. საკითხი ასე დადგა – მოგვწონს დასავლეთი, მაგრამ მაგდენის თავი არ გვაქვს. ისე, თანახმა ვართ, არაფერი ვაკეთოთ და ისე მიგვიღონ თავიანთ ოჯახში. შეხედონ ჩვენს ჭიდაობის ოჯახს, ან პოლიტიკურ ოჯახს, ან რელიგიურ ოჯახს და მიგვიღონ, რა მოხდა მერე. არ მიგვიღებენ და ჩვენი უფროსი ძმა აქ არ არის? როგორ ვენატრებით და თურმე, როგორ გვენატრება!

დღეს, ამ ძალიან რთულ ისტორიულ მომენტში, საზოგადოებაში ასეთი აზრი მუსირებს: ნაციონალებმა ვერ გაამართლეს, ესე იგი, არ ვარგა გზა, რომელიც დასავლეთისკენ მიდის. ამიტომ, მოდი, ისევ მანდარინი ავიტანოთ ზედა მეზობელთან და ვიოცნებოთ, რომ ყელზე არ დაადგეს.

ბოლო დღეებია საინფორმაციო წყაროებიდან სულ ისმის – შეიქმნება პრორუსული ძალები, კიდევ ერთ ადგილას აღადგინეს სტალინის ძეგლი, ფსბ-ს თანამშრომლები პოლიტპატიმრები არიან, რუსეთი ჩვენი ძმაა, უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა, NATO-ში ვინ მიგვიღებს, უნდა დავბრუნდეთ სადაც ვიყავით და დავიბრუნოთ ღირსება...

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ღირსებას ვერ დავიბრუნებთ. არ გვაქვს და იმიტომ.

 

 

 

კომენტარები