ქართული ოცნების განათლების პოლიტიკის პირველი თვეები

0 კომენტარი

ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ განათლების პოლიტიკაში დაგეგმილი ან მიღებული გადაწყვეტილებები, შეგვიძლია, სამ ჯგუფად განვიხილოთ. ჩანს ცალსახად დადებითი ცვლილებები. არის პოზიტიური მიზნების მქონე, მაგრამ დაგეგმვისა და განხორციელების თვალსაზრისით პრობლემური მიდგომები და, სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი გადაწყვეტილებებიც, რომლებშიც პოზიტიურის დანახვა რთულია. ზოგადად კი, სახელმწიფო მოხელეების რიტორიკა ხშირად უფრო სწორია, ვიდრე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

დადებით ცვლილებებში შეგვიძლია ორი მთავარი მიმართულება გამოვყოთ – თავისუფლება და გამჭვირვალობა. სკოლებს მეტი უფლებები მიეცათ, თავად გადაწყვიტონ, თუ რა სერვისებს აირჩევენ. მაგალითად, საჯარო თუ კერძო სკოლას თავად შეუძლია გადაწყვიტოს, იქირავებს თუ არა მანდატურის სამსახურს. სკოლებს აღარ ეკრძალებათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩარევის გარეშე, დაამყარონ ურთიერთობა მედიასთან, კვლევით ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სატრენინგო ორგანიზაციებთან. ეს საზოგადოებას მეტ საშუალებას აძლევს, ჩაერთოს სკოლების დახმარების პროცესში. სკოლისთვის უფრო მარტივი ხდება, საკუთარი პრობლემები ნაკლები შეფერხებებით გადაჭრას.

დადებითია სახელმწიფოს გადაწყვეტილება, განაახლოს მონაწილეობა განათლების საერთაშორისო კვლევებში. კვლევების ნაწილი (TIMSS, PIRSL, PISA) საშუალებას იძლეოდა, მიგვეღო გარკვეული ინფორმაცია ქართველი მოსწავლეების მიღწევების შესახებ და შეგვედარებინა ისინი სხვა ქვეყნების მიღწევებისთვის. კვლევები გარკვეული პერიოდულობით მეორდება, ეს კი საშუალებას იძლევა გავიგოთ, რამდენად უმჯობესდება მოსწავლეების შედეგები. დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში საქართველოს სახელმწიფომ გადაწყვიტა, უარი ეთქვა ამგვარ კვლევებში მონაწილეობაზე. ამით სახელმწიფო უარს ამბობდა, გამართული ინსტრუმენტის გამოყენებით გაეზომა საკუთარი ეფექტურობა. საზოგადოება მიუკერძოებელი წყაროდან ობიექტური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას კარგავდა.

ეს კვლევები რომ ობიექტური შეფასებისა და გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია, უახლესი მონაცემებითაც დასტურდება. 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა წინა წელს ჩატარებული საერთაშორისო კვლევების (TIMSS/PIRLS) შედეგები, რომელიც 2006-07 წლების შედეგებთან შედარების შესაძლებლობას გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი, პოლიტიკოსები და, მათ შორის, ამ კვლევების საქართველოში ადმინისტრირების მონაწილეები გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამტკიცებდნენ, რომ სკოლებში განათლების რეფორმა არასწორად მიმდინარეობდა და განათლების ხარისხი უარესდებოდა, კვლევებმა საპირისპირო აჩვენა.

წიგნიერების, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით, მეოთხე და მერვე კლასებში ჩვენს მოსწავლეებს ადრინდელთან შედარებით უკეთ აქვთ განვითარებული სააზროვნო კომპეტენციები. ხარისხის ზრდა კი სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგა, სკოლებს მეტი თავისუფლება და პასუხისმგებლობა გადაეცათ სასწავლო პროცესის, ფინანსებისა და პერსონალის მართვის თვალსაზრისით. ჩატარდა მასწავლებლების ტრენინგების რამდენიმე სერია, სახელმძღვანელოები შეიცვალა და სკოლების ინფრასტრუქტურა და მასწავლებლების ანაზღაურებაც გაუმჯობესდა. გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ამ კვლევების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ ის ფაქტიც გამოდგება, რომ მიუხედავად ამ კვლევებში ჩართვის ხელახალი სურვილისა, დღევანდელ ხელისუფლებას მათი უკანასკნელი შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის მანძილზე საერთოდ არ უხსენებია ის, რომ საქართველოში განათლების შედეგების თვალსაზრისით რეალური პროგრესი გვაქვს.

დადებითია სახელმწიფოს სურვილი, უფრო ფართო ჯგუფებთან კონსულტაციებით მოხდეს სიახლეების დაგეგმვა, ვიდრე ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდებოდა. ამ მხრივ გამორჩეულია სახელმწიფოსგან შედარებით დამოუკიდებელი რეფორმების კომისიის შექმნა, რომელიც როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით განვითარების კონცეფციებზე მუშაობს. გახსნილობის დამატებითი ნიშნები გაჩნდა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის თვალსაზრისითაც. თუმცა მნიშვნელოვანია იმის შემჩნევაც, რომ ამ ცვლილებების ინსტიტუციონალიზაციის ან რამენაირად ნორმატიულად ასახვა სისტემაში ჯერ არ მომხდარა.

ასევე დადებითია განათლების ბიუჯეტის პოზიტიური ცვლილებაც. 2013 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი დაახლოებით 60 მილიონი ლარით გაიზარდა. ასევე იზრდება მასწავლებლების ხელფასები. არც ბიუჯეტისა და არც ხელფასების ზრდა არ შეიძლება ავტომატურად ჩაითვალოს დადებით სისტემურ ცვლილებად. ეს ზრდა ჯერ არ არის იმ მასშტაბის, რომელიც, მაგალითად, შეცვლიდა დამოკიდებულებას მასწავლებლის პროფესიის მიმართ, ან სკოლებს მნიშვნელოვნად მეტის ან უკეთესის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა. დადებით სისტემურ ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს უმაღლესი განათლების დონეზე დოქტორანტურის დაფინანსებისთვის თანხის გამოყოფა.

დადებითი მიზნების მქონე, მაგრამ პრობლემური გადაწყვეტილებები გაცხადდა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით. თუ სასწავლო მასალები ან უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა საქართველოს უფრო მეტი მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი, ეს ცალსახად დადებით შედეგებს მოიტანს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური განვითარებისთვის. თუმცა, არასწორი დაგეგმვით, შესაძლოა, სულაც ვერ მივიღოთ სასურველი შედეგები. მაგალითისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, მისი მიზანია სასკოლო სახელმძღვანელოების გაიაფება. სწორედ ამ მოტივაციით სცადა დიმიტრი შაშკინმა სახელმძღვანელოების ბაზარში ჩარევა, რითიც არათუ გაიაფება, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სახელმძღვანელოების გაძვირებაც კი გამოიწვია. ამიტომ უმჯობესია, ხელმისაწვდომობის ზრდის სხვა გზებზე ვიფიქროთ. ასეთი იქნებოდა სოციალურად დაუცველების ხელშეწყობა, სკოლის ბიბლიოთეკების გაძლიერება და სხვა.

შეიძლება ითქვას, რომ დადებითი მიზნის მქონე, მაგრამ ძალიან პრობლემური განსახორციელებელია გადაწყვეტილება, წინა წლებში გათავისუფლებული აკადემიური პერსონალის საქმეების განხილვასთან და სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ცხადია, არსებობდა ხალხი, ვინც უსამართლოდ დაითხოვეს სამსახურებიდან. მაგალითისთვის, დაითხოვეს იმ სკოლების დირექტორები, რომელთა მოსწავლეებმაც გააპროტესტეს საატესტატო გამოცდების შემოღება. თუმცა მედიით ისეთ ხალხსაც ვხედავთ, ვინც წლების განმავლობაში უმაღლესებში კორუფციაში იყო ჩართული და ახლა „სამართლიანობის” აღდგენას ითხოვს.

პრობლემურია სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ბაკალავრიატში სწავლის საფასური 14 მიმართულებით სრულად დააფინანსოს. მიმართულებების სრულად დაფინანსება არც სამართლიანი და არც ეფექტური გზაა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისთვის. არ არის ახსნილი, თუ რატომ ფინანსდება, ვთქვათ, ინჟინერიის, ისტორიის, ფილოსოფიის ან ფილოლოგიის მიმართულება და არ დაფინანსდება ფსიქოლოგია, სოციოლოგია, გეოლოგია და სხვა. ასე ვერც იმათ დააფინანსებ ეფექტურად, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

თუ ამ მიმართულებებს იმიტომ ვაფინანსებთ, რომ აქ ჩამბარებელთა რიცხვი შემცირდა, საჭიროა პრობლემის სათავის გათვალისწინება. იქნებ ამ სპეციალობებს მიმზიდველობას შემდგომი დასაქმების, ან განათლების ხარისხის თვალსაზრისით უმაღლესებში არსებული პრობლემები უკარგავს? თუ ჩვენი მიზანი ხელმისაწვდომობის ზრდაა, რა გარანტია გვაქვს, რომ ამ მიმართულებებზე სწორედ ის ხალხი არ ჩააბარებს, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აწუხებს დასაქმების პრობლემა (დავუშვათ, შეძლებულები, ან ისინი, ვინც თვლის, რომ უმაღლესში სწავლა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის სჭირდება)?

ამგვარმა მიდგომამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ცვლილებები უმაღლესებში. სახელმწიფო ფინანსების მოზიდვისთვის სასურველი ხდება სწორედ დაფინანსებული მიმართულებებით სტუდენტების ადგილების ზრდა – რაც შესაძლოა სულაც არ იყოს სწავლების ხარისხის ან უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესაბამისი. ეს ცვლილება ასევე მოტივირებულს ხდის უმაღლესს, რომ უარი თქვას ლიბერალური განათლების პრინციპებზე და პირველივე კურსიდან დაიწყოს სპეციალიზაცია.

ცალსახად უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილება, რომელიც კვლავ ზრდის უმაღლესში ჩასაბარებლად მოთხოვნილი გამოცდების რაოდენობას. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაგეგმილი იყო სასკოლო გამოსაშვები გამოცდებისა და ერთი მისაღები გამოცდის ქულების კომბინირების საფუძველზე აბიტურიენტების უმაღლესებში მიღება. მართალია, არც ეს სისტემა იყო კარგი, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რაც არასათანადო ბარიერების შემცირებასა და მისაღები კრიტერიუმების მრავალფეროვნების გაზრდას უკავშირდებოდა. ახალი გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებს კვლავ 4 მისაღები გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. დამამთავრებელ კლასებში მთელი აქცენტი კვლავაც რჩება გამოცდების დაძლევაზე და არა მრავალმხრივი განათლების მიღებაზე. განათლების მინისტრის რიტორიკა აშკარად აცდენილია ამ გადაწყვეტილებას. არაერთ გამოსვლაში მან სწორად აღნიშნა, რომ გამოცდები არ შეიძლება იყოს სისტემის გაუმჯობესების ინსტრუმენტი. თუმცა მნიშვნელოვანია იმაზე ზრუნვაც, რომ გამოცდები განათლების სისტემის გაუარესების ინსტრუმენტი არ გახდეს.

ასევე ცალსახად უარყოფითია გადაწყვეტილება, რომ უმაღლესი განათლების სფერო რეალურად ორად გაიყოს – საეროდ და სასულიეროდ. ქართული ოცნების ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებზე გავრცელდება რეგულაციები, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცის ამ ნაწილზე ხარისხის მართვის ნაკლები მექანიზმების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ გადაწყვეტილებით ეკლესია ხდება განათლების ხარისხის სტანდარტების დამდგენიც, განათლების განმახორციელებელიც და ხარისხის მაკონტროლებელიც. სახელმწიფო კი ვალდებულია, ამგვარ სისტემაში დააფინანსოს სწავლა და აღიაროს ამ სისტემის გაცემული ხარისხები.

ახალი ხელისუფლებისთვის 2013 წელი არის შანსი, რომ მოამზადოს სიახლეები, მათ შორის, შესაძლოა, არაპოპულარულიც. ცხადია, განათლების სფეროში რთულია რაიმე დადებითი ცვლილების სწრაფად შემოტანა. ამიტომ წლის განმავლობაში იმ თამაშის პრინციპების დადგენა და შემდგომი განვითარების საფუძვლების ჩაყრაა საჭირო, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაუმჯობესებას მოიტანს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები