პარაზიტი

პარაზიტიზმი ბიოლოგიური მოვლენაა. ერთი სახეობის ორგანიზმი – პარაზიტი, სხვა სახეობის ორგანიზმის – მასპინძლის ხარჯზე ცხოვრობს. იგივე ურთიერთობაა პარაზიტოიდსა და მასპინძელს შორის, ოღონდ პარაზიტოიდი, როგორც წესი, თავადვე კლავს მასპინძელ ორგანიზმს. თუმცა მათ შორის განსხვავება პირობითია და მკაფიო ზღვარის გავლება ჭირს.

პარაზიტების როლი ბუნებაში მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. მაგალითად, ტოქსოპლაზმით ინფიცირებული მღრღნელის ფსიქიკა იცვლება. ის ნაკლებად ფრთხილი და კატისთვის მარტივი ნადავლი ხდება. თანამედროვე მეცნიერების აზრით, ევოლუციის პროცესი პარაზიტების გარეშე ბევრად უფრო ნელი იქნებოდა.

მიუხედავად გარეგნული სხვაობისა, ადამიანების საზოგადოებაში და ბიოლოგიაში მიმდინარე პროცესებს შორის ანალოგია აშკარაა. ბუნებაში სხვადასხვა სახეობის ორგანიზმები ურთიერთობენ და, როგორც წესი, პარაზიტი მასპინძელზე ზომით მნიშვნელოვნად პატარაა, საზოგადოებაში კი პარაზიტების ფუნქციას თავად ადამიანები ასრულებენ. ადრე ამ როლს ძირითადად მეფენი, მეუფენი და მათი ამფსონები თამაშობდნენ. ზომის კანონზომიერება დაცული იყო. ეკონომისტების დათვლით, შუა საუკუნეებში ფეოდალური კასტის პარაზიტიზმის მასშტაბი მაშინდელი ეკონომიკის 10%-ის ფარგლებში მერყეობდა.

დღევანდელი პრობლემის არსი და მასშტაბი მეოცე საუკუნეში გახდა ნათელი. ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, პარაზიტიზმი სახელმწიფო ბიუროკრატიის ორგანიზებული ფორმით გამოვლინდა. ეს უკანასკნელი, პარაზიტირების ამ დრომდე ცნობილ ფორმებს შორის, ყველაზე ეფექტურია. მას აქვს პარაზიტის ყველა თვისება: იკვებება საზოგადოების ხარჯზე, ასუსტებს მას და ცვლის საზოგადოების ქცევას.

რა არის ჩვეული საქმიანობა და რისთვის არსებობს ბიუროკრატია? მისი საქმის არსი მდგომარეობს სავალდებულო წესების დადგენაში და მათ აღსრულებაში.

თუ პოლიტიკური ძალა არ იქნება სავალდებულო წესების მომხრე, მაშინ ბიუროკრატია უსაქმოდ და, შესაბამისად, უფუნქციოდ დარჩება. ჩვენი ყოველდღიურობა ამის უამრავ მაგალითს იძლევა. პოლიტიკური ძალის ნებართვით, პრეზერვატივების გაყიდვის რეგულირების შესახებ სავალდებულო წესს ბიუროკრატია დიდი სიხარულით ქმნის. შემდეგ ამ წესისადმი მორჩილების უზრუნველყოფა ასევე მისი საქმე იქნება. ამ დღეებში გახმოვანებული „უფასო” მშობიარობის ამბავიც ბედნიერების წყაროა. უამრავი ახალი იძულებითი წესი დასჭირდება ადამიანების ქცევის ცვლილებას.

რთული ამოცანა არ არის, მივხვდეთ, თუ რატომ ქმნის ბიუროკრატია სავალდებულო წესებს. ამ გზით ის აფართოებს მოქმედების არეალს, ლეგიტიმურს ხდის მასპინძლისაგან მიღებულ ფორმალურ სარგებელს და ქმნის არაფორმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

როდესაც ბიუროკრატები გრძნობენ, რომ საზოგადოებაში არსებობს რაიმე პრობლემის განცდა, მათი ამოცანა, რაც შეიძლება მეტი წესის შექმნა ხდება. მათი აზრით, რაც მეტი წესი იქნება დადგენილი, მით მარტივად მოგვარდება პრობლემა. მდგომარეობა სავალდებულო წესების შემოღების შემდეგ უარესდება და ამით კვლავ ბიუროკრატია რჩება მოგებული, რადგან ეძლევა შესაძლებლობა, მის მიერ შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად ახალი წესები მოიფიქროს.

ბუნებრივია, ბიუროკრატიის ასეთი მეტასტაზირება ძალიან სწრაფად დაღუპავდა მასპინძელს, თუმცა არსებობს პარაზიტის შემაკავებელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები. ობიექტურია გადასახადის და ქრთამის სახით მიღებული შემოსავალი, რითიც მასპინძელი კვებავს პარაზიტს. თვით თხემით ტერფამდე ბიუროკრატსაც ესმის, რომ რაღაც ზღვრის შემდეგ შესაძლებელია მასპინძელი მოკლას ან მკურნალობა გადააწყვეტინოს. სუბიექტურია პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბიუროკრატიის ორგანიზმში აღწევენ და მაღალ იერარქიულ საფეხურებს იკავებენ. შესაბამისად, პოლიტიკური ძალის (განსაკუთრებით მმართველი ელიტის) და ბიუროკრატიის სტრატეგია ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა. ბიუროკრატიას ცვლილებები არ უყვარს.

პოლიტიკურ ძალას საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქცია აქვს. ხშირად მისთვის უსარგებლოა ბიუროკრატიის მიერ აშკარად ნაფუჭები საქმეების დაცვა და საზოგადოებისთვის ცვლილებების შეთავაზება უწევს. გონიერების ელემენტების გარეშე, პარაზიტთან კი არა, პარაზიტოიდთან გვექნებოდა საქმე. პირდაპირი მნიშვნელობით პარაზიტოიდად ბიუროკრატია ვერსად გარდაიქმნა. ჩრდილოეთ კორეაშიც კი მატულობს მოსახლეობა. განპარაზიტების შემთხვევაში, ვფიქრობ, კორეელების განკურნებას კარგად ნაცნობ 40 წელზე მეტი არ დასჭირდება. ასე რომ, ისტორიულ ჭრილში პრობლემა არ არსებობს.

შესაბამისად, რაც უნდა სამწუხარო იყოს, საკუთარი და მასპინძლის კეთილდღეობა პარაზიტის და პოლიტიკური ძალის ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული.

სინგაპურის მიმართ ჩვენში ცოტა უცნაური დამოკიდებულებაა. მოსახლეობის ერთ პროცენტს გაგებულიც არ ექნებოდა ასეთი ქვეყნის არსებობის შესახებ, რომ არა პოლიტიკოსების მიერ მისი ხშირად ხსენება. წინა ხელისუფლებას მოსწონდა სინგაპური და მიზეზად მთავრობის პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოჰყავდა, ოპონენტები ამ ქვეყნისადმი სიმპათიას, სინგაპურის მმართველი პარტიის მსგავსად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხელისუფლებაში ხანგრძლივად დარჩენის სურვილს მიაწერდნენ.

ვფიქრობ, ორივე მხარის არგუმენტები მართალია. არსად, მათ შორის სინგაპურში, ბიუროკრატიისაგან სრულიად თავისუფალი ადამიანები არ ცხოვრობენ. იქ მათ ჯოხავენ, სახრჩობელაზე სისულელის გამო ახრჩობენ, სიტყვის თავისუფლება ერთ მოედანზეა დაშვებული, მაგრამ ხელისუფლებამ მოახერხა და ბიუროკრატიის მიერ ადამიანების ჯიბეში ხელის ფათურის მიდრეკილება შეზღუდა. მოახერხა შეექმნა სასამართლო, რომელიც საკუთრების გარანტია გახდებოდა. შეძლო ბიუროკრატიის მოთოკვა. დამსახურებიდან და არა თანამდებობიდან გამომდინარე, ერთ მინისტრს წელიწადში 2 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი, ხოლო მეორეს 4-ჯერ ნაკლები. თუ დასავლეთის ქვეყნებში ბიუროკრატია მოქალაქეებს შემოსავლის 30-60%-ს ართმევს, სინგაპური დღემდე მხოლოდ 15%-ით კმაყოფილდება. შედარებისთვის, ჩვენი ბიუროკრატია სინგაპურელ კოლეგებზე ორჯერ მეტს გვიღებს ჯიბიდან. ასეთმა მიდგომამ ეკონომიკური საოცრება მოახდინა და ქვეყანა მსოფლიოს უმდიდრეს ხუთეულშია მაშინ, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე დასალევი წყალიც კი არ გააჩნია.

ამ ქვეყანაში ბევრი რამ არ მომწონს, მაგალითად, ნარკოტიკების გამო ჩამოხრჩობა ან 90-იანებში საღეჭი რეზინის აკრძალვა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თუ წარმატება დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური განვითარებით იზომება, მაშინ სინგაპური ყველაზე წარმატებულია.

ყოველთვის ისმოდა, მაგრამ ახლა ლამის უთოდანაც გავიგებთ: გარემოს დაცვის საბაბით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ინიციატივებს, სამამულო მრეწველობის დაცვის საბაბით ახალი საბაჟო ტარიფების შესახებ, დასაქმებულთა დაცვის მიზნით მინიმალური ხელფასების და შრომის კანონმდებლობის ცვლილების წინადადებებს, მომხმარებელთა დაცვის საბაბით კერძო კომპანიებზე ზემოქმედების ამბავს და ა.შ. რომ არაფერი ვთქვა უნივერსალურ მედიცინაზე და სოციალური ტრანსფერტების ზრდაზე.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ინტერესჯგუფების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის ინიციატივების უმრავლესობა იმდენად მავნეა საზოგადოებისთვის, რომ ბიუროკრატიას ერთი სული აქვს, როდის დაავალებენ მათი რეკომენდაციების შესრულებას.

პოლიტიკურმა ელიტამ თუნდაც პრაგმატულად, მხოლოდ საკუთარი გადარჩენისთვის უნდა გააჩეროს ბიუროკრატიის აქტივიზმი. ან მკვეთრად შეანელოს მაინც. თუ ამას ვერ შეძლებს, განწირულია.

თერმორეცეპტორების ადაპტაციაზე დაკვირვებისათვის არსებობს ცდა – ბაყაყს ცხელ წყალში თუ დაუპირე ჩასმა, მომენტალურად ამოხტება, ხოლო თუ ჩავსვამთ ცივ წყალში და სპირტქურაზე ამ წყალს ნელა ავადუღებთ, ბაყაყი ისე იხარშება, რომ არ ინძრევა. ის ტემპერატურის ნელა მატებას ვერ გრძნობს. ჩვენ ბოლო წლები სპირტქურაზე შემოდგმული ბაყაყივით ვთბებოდით. ახლა კი შეიძლება ადუღებულ წყალში მოვხვდეთ. ვინ იცის, რა არის უკეთესი?!

 

კომენტარები