ტომი და ერი

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლისდა სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავანახეთ ყველას, რომ ცივილიზაციისკენ მიმავალ გზაზე უკვე კარგა ხანია გაჩერებულები ვართ. ხან წინ ვდგამთ მოკლე ნაბიჯს, ხან უკან, მაგრამ „ზედიზედ ორჯერს წინ“ ვერ მოვაბით თავი. რა მოხდა იმ სიმბოლურ ადგილას, ბიბლიოთეკას და ეკლესიას შორის, ყველამ ვიცით, თუმცა ერთ აზრამდე არ მივდივართ. აი, პირველი პრობლემა, რომელიც წინ არ გვიშვებს.

ერთ აზრამდე იმასთან დაკავშირებითაც კი ვერ მივედით, კარგია თუ ცუდი, რომ ახალგაზრდა გოგოს „ქართველმა ვაჟკაცმა“ სისხლი ადინა. ამ დღეებში უამრავი კომენტარი წავიკითხე და მათი უმრავლესობა „კარგიას“ ემხრობოდა. პრობლემა მეორე - ერთმანეთის მიმართ არანორმალური ზიზღი და სისასტიკე. ციხეშიც და ბიბლიოთეკასთანაც. ქუჩაშიც და ვირტუალურ სივრცეშიც.

მე მართლა არ ვიცი დედამიწის ზურგზე სახელმწიფო, სადაც ხალხი ასე მკვეთრადაა ორად გაყოფილი და ასე ვერ იტანს ერთმანეთს. თან მესამე ათწლეულია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი არის ის (თუ შეიძლება, რომ ამას საერთოდ მიზეზი და ახსნა ჰქონდეს), რომ საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო და საკონსტიტუციო წესრიგი. ესეც მესამე ბარიერი - სახელმწიფოში კანონი არაა ყველასთვის ერთი. ხოლო როცა კანონი არ კანონობს, განვითარების შანსები ქრება და ამიტომაც ვდგავართ იქ, სადაც გივი გუმბარიძის დროს ვიდექით.

ზემოთ სიმბოლური ადგილი ვახსენე და ამ სიმბოლოში (ქაშუეთი-საჯარო) კიდევ ორი ძალიან დიდი პრობლემა იმალება, რელიგიური ფანატიზმი და უწიგნურობა. არადა, ამის მოგვარება უმარტივესია - ვკითხულობთ წიგნებს და ვიგებთ იმას, თუ რა არის სინამდვილეში რწმენა.

მას შემდეგ, რაც ამას ვიგებთ, ვხვდებით იმასაც, რომ კანონის და წესრიგის უზენაესობა ჩვენთვისვეა ძალიან კარგი. ვხვდებით და ვთანხმდებით თამაშის საერთო წესებზე. ეს უკვე ნიშნავს, რომ ერთ აზრამდე ვართ მისული! ერთიანობა გააქრობს ზიზღს და ზიზღის არარსებობა - დაუნდობლობას...

ტომ! პასუხი არ არის - ამით იწყება ყველაფერი.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები