პატრიარქის ქადაგებაზე

0 კომენტარი

14 აპრილს გამოქვეყნდა პატრიარქის ქადაგება ემიგრანტებზე და მათ შთამომავლობაზე, რასაც ზოგი ემიგრანტის საკმაოდ ემოციური რეაქცია მოჰყვა.

ვფიქრობ, რომ დღეს მრავალრიცხოვანი (საქართველოს მასშტაბით) ქართული ემიგრაციის არსებობა და ის ფაქტი, რომ იქ ბავშვების ბევრი თაობა გაიზრდება, საქართველოსთვის არის უნიკალური ისტორიული შანსი, საბოლოოდ დააღწიოს თავი იმ მანკიერ „ევრაზიულ" წრეს, რომელშიც აგერ ორას წელზე მეტია იმყოფება და რაც უფრო მონდომებით ცდილობს მისგან თავის დაღწევას, მით უფრო ძლიერ ისრუტავს ჭაობივით.

ჩვენს ბავშვებს საშუალება მიეცათ, გაიზარდონ სხვა მენტალიტეტის – დასავლური, აზიური (იაპონიას, კორეას, ინდოეთს, ჩინეთს და, თუ გნებავთ, თურქეთს, სინგაპურს და ა.შ. ვგულისხმობ), ლათინოამერიკული – გარემოში და, ამავე დროს, მშობლებისა და, იმედია, ეკლესიის დახმარებით საქართველოს პატრიოტებად დარჩნენ. სამწუხაროდ, ჩვენ, მათი მშობლები, ამ „ევრაზიულ" მენტალიტეტს მთლიანად ვერასდროს მოვიშორებთ.

ასე ფიქრის უფლებას მაძლევს ის, რასაც ჩემ გარშემო ამერიკაში ვხედავ. ჩიკაგოს ქართულ ეკლესიას აქვს ბედნიერება, წირვა ატაროს ერთ-ერთ ბერძნულ ეკლესიაში, სადაც სამიდან ერთი პატარა (ჩვენთვის საკმარისი) დარბაზი გამოგვიყვეს.

ეკლესია ძალიან დიდია, კვირაობით წირვაზე უამრავი ხალხი მოდის. ესენი არიან მეორე, მესამე თაობის წარჩინებული და მდიდარი ბერძნები. რა თქმა უნდა, ბავშვებს ბერძნულს ასწავლიან და თავიანთ ადათ-წესებსაც არ ივიწყებენ. ასეთი (ბერძნული) ეკლესია ჩიკაგოში მრავალია, მრავალრიცხოვანი მრევლით. საბერძნეთის ბერძნებისაგან განსხვავებით (რომლებიც, როგორც აქედან ჩანს, უმეტესად უსაქმურები არიან), აქაური ბერძნები მშრომელი და წარმატებული ხალხია. ამერიკის მცირე ბიზნესის 14% მათ ეკუთვნის – რაც ეთნიკურ ჯგუფებს შორის უმაღლესი მაჩვენებელია. მცირე ბიზნესი კი, როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს.

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფებზე, თუ მაინც და მაინც მართლმადიდებლები გინდათ – ბულგარელებზე, სერბებზე, რუმინელებზე, უკრაინელებზე.

ჰოდა, ეს ყველაფერი მაძლევს იმის ღრმა რწმენას, რომ ემიგრაციაში გაზრდილი ქართველები არა დაკარგული თაობა, არამედ იმ ჯანსაღი ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რომელიც შეძლებს საქართველოს საბოლოოდ ამოყვანას იმ მანკიერი „ევრაზიული" ჭაობიდან, საიდანაც ვერა და ვერ ამოვედით.

საქართველოც გადარჩება და ქართული ეკლესიაც, იმიტომ რომ საქართველოც და ეკლესიაც მარადია (რა თქმა უნდა, გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთში), მოძღვრები და მრევლი კი – მოკვდავები ვართ.

ამიტომაც, ვისაც „ევრაზიიდან" თავის დაღწევა უნდა, 19 აპრილის მიტინგს ამ კუთხით უნდა შეხედოს და არა – როგორც ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერის გამოხატულებას.

საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს უახლოეს წლებში, ჩვენი ბავშვები უწყვეტად გააგრძელებენ მოქალაქეებად და პატრიოტებად ჩამოყალიბებას და მომავალში, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში აქტიურ მონაწილეობასაც მიიღებენ.
მაგრამ ყველას ინტერესშია, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები