პროტესტი კათოლიკე ეკლესიას საქართველოში

წმიდა ფრანცისკე ასიზელი
ციტატა რელიგიური გაერთიანებების განცხადებიდან:
"17 მაისის მსგავს პროპაგანდისტულ აქციებზე საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გამოხატოს პროტესტი. სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ მომსწრენი გავხდით არაერთი უხამსი და საზოგადოებრივი მორალისათვის შეუფერებელი ქმედებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ არასრუსწლოვანთა თვალწინ. იმედია, წელს მსგავს მოვლენებს არ ექნება ადგილი. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. ამასთან, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს საჯაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავი შეიკავონ, რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებრივი მორალისათვის არის მიუღებელი"

განცხადებას საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ხელს აწერს საქართველოში მოღვაწე 8 რელიგიური ჯგუფი, ამ საპროტესტო წერილს კი იმიტომ ვწერ, რომ ხელმომწერთა შორის არის ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, რომელსაც მე თავს მივაკუთვნებ.

თავშივე აღვნიშნავ, რომ სრულ მორჩილებას ვუცხადებ უზენაეს პონტიფექსს, პაპ ფრანცისკეს და ჩემს ეპისკოპოსს, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს, რწმენისა და მორალის საკითხებში, როგორც ამას მავალდებულებს საკუთარი რწმენა. თუმცა კათოლიკე ეკლესიის კანონიკური კოდექსი ერისკაცებს უტოვებს საშუალებას არ დამალონ საკუთარი აზრი, იმ საკითხებში, სადაც ეკლესია შეუმცდარი ავტორიტეტით არ სარგებლობს. შესაბამისად მსურს გამოვხატო ის უკიდურესი აღშფოთება და პროტესტი, რომელიც ეკლესიის მხრიდან გადადგმული ამ არაჰუმანური აქტის მიმართ გამაჩნია:

1. თქვენ მიერ ხელმოწერილი ტექსტი წარმოადგენს აბსოლუტურად გაუმართლებელ კოლაბორაციას ინსტიტუტთან, რომელიც წლების მანძილზე ქურდავდა, აშინებდა, აშანტაჟებდა, არბევდა და ძალადობდა კათოლიკე მრევლს საქართველოში. ფარას, რომელიც თქვენ მშვიდობისა და სიყვარულის ღმერთმა მოგანდოთ დასაცავად. ფარას, რომლის მიტაცებასაც ისინი ცდილობდნენ მრავალი წლის მანძილზე, ყველგან სადაც წააწყდებოდნენ, მათ შორის სუფრაზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. ფარას, რომელსაც ეუბნებოდნენ და ეუბნებიან, მათ შორის ლამაზად დაბეჭდილ ბუკლეტებსა თუ CD დისკებში, რომ მათი მწყემსები - თქვენ, პედოფილები ბრძანდებით. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციისგან, გამოსახატად კოლექტიური წერილის ფორმის არჩევა, მითუმეტეს იმ ინსტიტუტთან ერთად, რომლებიც არც კათოლიკე ეკლესიის სოციალურ დოქტრინას იზიარებენ და არც ქრისტეს ეკლესიის ნაწილად მივაჩნივართ. იმ ეკლესიასთან ერთად, რომელიც გამოსცემს წიგნებს, სადაც ჩვენ და თქვენ ჯოჯოხეთის გზაზე მიგვერეკებიან.

2. ამას გარდა, თქვენ გამოიჩინეთ უკიდურესი არაინფორმირებულობა და ხელი მოაწერეთ დეზინფორმაციის გავრცელებას, უმაღლეს ინტერკონფესიურ დონეზე. 17 მაისის აქცია, რომელსაც თქვენ პროპაგანდისტულს უწოდებთ, წარმოადგენს არა გეი პრაიდს, არამედ ძალადობის მიმართ წამოწყებულ გამბედავ პროტესტს, რომელიც მრავალი ათწლეულია ხორციელდება ჰომოსექსუალი პირების მიმართ. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოში, რომელსაც ნეტარი პაპის, იოანე პავლე მეორეს ხელმოწერა ამშვენებს, ცხადად არის ნათქვამი, რომ „მამაკაცთა და ქალთა დიდი რიცხვი ამჟღავნებს ღრმად გამჯდარ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებას. ეს ობიექტურად უწესრიგო მიმართება მათი უმრავლესობისთვის განსაცდელს წარმოადგენს. ამის გამო მათ პატივისცემით, თანაგრძნობითა და ფაქიზად უნდა მოვეპყრათ. მათ მიმართ აღკვეთილ უნდა იქნას ყოველგვარი უსამართლო დევნა და ჩაგვრა."

3. 17 მაისს გამართულ აქციაზე, რომელზეც მე წასვლას ვგეგმავ, მრავალ სხვა ჰომოსექსუალთან თუ ჰეტეროსექსუალთან ერთად, ვაპირებ კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოსთან სრულ თანხვედრაში, გამოვხატო უკიდურესი აღშფოთება ჰომოსექსუალების მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, რომელსაც შესაძლოა თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ნებისმიერი დაინტერესებული ადვილად ხედავს. ის არსებობს ყოველი სამი ჰომოსექსუალიდან, ერთის შემთხვევაში. ამ ძალადობრივი ქმედებების მიმართ, რომელსაც ორიენტაციის ნიშნით განიცდის ღვთის ქმნილება, დუმს ყველა თავისი ბინძური და ბილწი დუმილით. დუმხართ თქვენც.

4. თქვენ ამ განცხადებით მიეცით მწვანე შუქი იმ ადამიანთა სამომავლო ქმედებას, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, აპირებენ „მშვიდობიანი ფორმით", იმავე ადგილას შეიკრიბონ და ცემონ ძალადობის წინააღმდეგ აღმდგარი გამბედავი ადამიანები. 20 წლის მანძილზე, კათოლიკე ეკლესია უნდა მიმხვდარიყო, რას არქმევდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „მშვიდობიან აქციას ზნეობის" დასაცავად. ამგვარი აქციებით არც თუ იშვიათად მოგვხვედრია ცხვირში კომბლიანი ჯვარცმა. მაგრამ თქვენ ვერ მიხვდით. სწორედ ამიტომ, თითოეულ ნაცემ ადამიანზე, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შეკრებილი ხროვა გადაჯეგავს, ღვთის წინაშე სწორედ თქვენ იქნებით პასუხისმგებლები. 

5. ხვალ ცემას უპირებენ საზოგადოების იმ ნაწილს, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთადერთნი არიან, ვინც მხარს უჭერენ მართლმადიდებელთა მიერ წართმეული ქონების ჩვენთვის, კათოლიკე ეკლესიისთვის დაბრუნებას. ცემას უპირებენ მათ, რომლებიც ერთადერთნი არიან, ვინც ხმას იმაღლებენ, როდესაც ჩვენზე მორალურად თუ ფიზიკურად ძალადობენ, როდესაც ჩვენს შვილებს, ძმებს, დებსა თუ შვილიშვილებს სკოლაში პაპისტებსა და მწვალებლებს ეძახიან. ცემას უპირებენ მათ, ვინც პირველები ყვიროდნენ, როდესაც ჩვენ ავტორიზაციას გაგვიუქმებენ ან ბინძურ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ. 

6. მე ვიცი, რომ კავკასია უცნაური ადგილია, სადაც ყველაფერი შეიძლება სრულიად სხვანაირად გაიგო. თუმცა, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ეკლესიას ფრანცისკე ასიზელის ღვაწლი და ახალი პაპის არჩევანი, დაერქვა ამ უდიდესი წმინდანის სახელი - პირდაპირ, მტრედებისა და ძაღლების მოთვინიერებაში არ წარმოუდგენია. ფრანცისკე ასიზელი ქადაგებდა ყველაზე მიუსაფარების, პირუტყვებთან გაიგივებული ადამიანების ჯგუფებისთვის. ექსორიაქმნილი და განკვეთილი "გარყვნილებისთვის, უზნეოებისა და არანორმალურებისთვის". ის მიდიოდა მათთან, ვინც ყველასგან მოძულებულები და ჩაგრულები იყვნენ. ეკლესიისგან არავინ მოითხოვს შეცვალოს საკუთარი დოქტრინალური წარმოდგენები ჰომოსექსუალური აქტების მიმართ, მაგრამ მე როგორც კათოლიკე ეკლესიის შვილი, თქვენგან მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაუპირისპირდეთ ამ ამორალურ ზიზღს ღვთის ქმნილების მიმართ.

არ არსებობს არავითარი კომპრომისი, რომელიც გაამართლებდა ადამიანზე ძალადობას.

სრული მორჩილებითა და უდიდესი სიყვარულით,
თქვენი ცოდვილი და შესაძლოა ყველაზე უარესი შვილი,
ლევან სუთიძე

კომენტარები