ზნეობრივი აბსოლუტი და პოლიტიკური არჩევანი

ციხის სკანდალზე ლაპარაკს ყველანი იმის თქმით ვიწყებთ, რომ რაც მოხდა, აღმაშფოთებელია, მისი გამართლება არაფრით შეიძლება. ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. ადამიანის წამების დაუშვებლობა ზნეობრივი აბსოლუტია, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებას ბარბაროსულისგან განასხვავებს. ცივილიზებულ საზოგადოებაში შეიძლება, უფრო სწორად, აუცილებელია, კამათობდნენ იმაზე, თუ სახელდობრ სად გადის ზღვარი წამებასა და დამნაშავის დასჯის თუ ეჭვმიტანილის გამოტეხვის ლეგიტიმურ მეთოდებს შორის. მაგრამ ზღვარი უნდა არსებობდეს, ხოლო მისი აშკარა გადალახვა შეძრწუნების ზნეობრივ ემოციას იწვევდეს.

ზნეობრივი ემოცია და სამოქალაქო საზოგადოება

ეს ემოცია სამოქალაქო საზოგადოების მამოძრავებელიცაა: ის მიზანმიმართულ საჯარო ქმედებაში უნდა გადავიდეს. თუ რეაქცია შედგა და მას შედეგი ჰქონდა, ესე იგი ქვეყანა ცივილიზებული საზოგადოების სტანდარტებით ცხოვრობს (თუნდაც მას ყოველთვის ვერ აკმაყოფილებდეს).

ციხის წამებაზე გავრცელებულმა კადრებმა სწორედ ასეთი საყოველთაო რეაქცია გამოიწვია – იმისდა მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური პრეფერენციები ჰქონდა. არავის შეუტანია ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა და ჯოხს რომელიმე მეორეხარისხოვან ფიგურას – ვთქვათ, ხათუნა კალმახელიძეს – ვერ გადაატეხს. ყველაზე აქტიური ნაწილი – სტუდენტობა, ქუჩაში გამოვიდა. სამოქალაქო რეაქციას კონკრეტული შედეგებიც ჰქონდა: ხელისუფლებამ სისტემური შეცდომა აღიარა, უშუალო დამნაშავეები დააპატიმრეს, ორი მინისტრი გადადგა, ციხეების სისტემას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, ვისგანაც ყველაზე ნაკლებ ელიან, რომ არსებულის განმეორებას დაუშვებს.

საკმარისია ეს? საზოგადოების ნაწილისთვის, კი – ამ ეტაპზე მაინც. სხვების აზრით, დაუყოვნებლივ საჭიროა მეტი: ბაჩო ახალაიას დაპატიმრება, ან იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის გადადგომა, რადგან უშუალოდ მათ ევალებოდათ სახალხო დამცველის თუ სხვათაგან წამოსულ სიგნალებზე რეაგირება და ეს არ გააკეთეს.

რომელია სწორი? საერთოდ, როგორი უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ქცევა ყოველივე ამის შემდეგ?

ზნეობა და ანგარიში

ამ კითხვაზე პასუხს ვეღარ გავცემთ მორალური აბსოლუტიზმის პოზიციიდან. რაც არ ნიშნავს, რომ ზნეობის პრინციპები დავივიწყოთ.

გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა ერთმანეთისგან განასხვავა „მრწამსის ეთიკა" და „პასუხისმგებლობის ეთიკა". პირველი მათგანი ზნეობრივ აბსოლუტზეა მიმართული: ამის გამო გამოდის ხალხი წამების წინააღმდეგ. მაგრამ პოლიტიკური ქმედება (გინდა რიგითი მოქალაქის, გინდა სახელმწიფოს ლიდერის) პასუხისმგებლობის ეთიკას უნდა ემყარებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ქმედება იზომება იმით, რა შედეგზეა გათვლილი. შედეგის წინასწარ განჭვრეტას კი ანგარიში სჭირდება.

სტუდენტობის დროს პლატონთან წავიკითხე, რომ ზნეობრივი ადამიანი თუ გინდა იყო, პირველ რიგში ანგარიშის ხელოვნება უნდა ისწავლო. ძალიან გამიკვირდა: კულტურაში, სადაც მე გავიზარდე, ზნეობა და ანგარიშიანობა სხვადასხვა პოლუსებზეა. აქ ანგარიში პირველ რიგში ანგარებასთან ასოცირდება, ცივი გონება კი – ცინიზმთან. ადამიანი ზნეობრივი მხოლოდ მაშინაა, როცა ანგარებას დაივიწყებს და „გულით" მოქმედებს. ალბათ ამიტომ, ჩემ გარშემო უფრო მეტად უზნეობას და ფარისევლობას ვხედავდი: ანგარებას ადამიანი, სამწუხაროდ, იშვიათად ივიწყებს, ვითომ გულით ნათქვამი და გაკეთებული კი ხშირად თვალთმაქცობაა.

ეშმაკს არ სძინავს

მრწამსის ეთიკას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა – შინაგანი სიცხადე. უეჭველია, რომ წამება ცუდია, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლა – სამართლიანი. ამგვარი საწყისი სიცხადის გარეშე ადამიანი ზნეობრივი არსება ვერ იქნება.

მაგრამ ამ სიცხადეს თავისი ხიფათი ახლავს – რელიგიის ენით რომ ვთქვათ, ის შეიძლება ეშმაკმა გამოიყენოს. სიმართლის მხარეს ყოფნას ფსიქოლოგიური კომფორტი მოაქვს: ესე იგი, მეც კარგი ვარ. მთლად უკეთესია, როცა თანამოაზრეებთან ერთად მოედანზე დგახარ და ერთად ებრძვი ბოროტებას: ყველანი ერთად ვართ სიმართლეში. ოღონდ ამ ზნეობრივმა ეიფორიამ შეიძლება გათიშოს კრიტიკული აზროვნება, რომლის ძირითადი ნიშანი სწორედ ის წყეული ანგარიშია. ბოროტებასთან ბრძოლის ენთუზიაზმი ხშირად გადადის სისასტიკეში: ასე წვავდნენ კოცონზე ერეტიკოსებს. ანდა, ადამიანები შეიძლება უნებური იარაღი აღმოჩნდნენ უარესი ბოროტების ხელში, ვიდრე ის იყო, რომელსაც ებრძოდნენ (თუმცა მერე იტყვიან, მერე რა, ჩვენ ხომ კარგი გვინდოდაო).

პასუხისმგებლობის დისკომფორტი

ამის საპირისპიროდ, პასუხისმგებლობის ეთიკა არ არის ფსიქოლოგიურად კომფორტული. მისით ნაკარნახევი არჩევანი შეიძლება არც იყოს მთლად მისაღები მორალური აბსოლუტის პოზიციიდან, რაც მტკივნეულია. „მრწამსის ეთიკის" მებაირახტრეები წამსვე მაკიაველიზმის ბრალდებას წამოაყენებენ. მაგრამ პასუხისმგებლობის ეთიკას უფრო თავმდაბალი, სამაგიეროდ, რეალისტური მიზანი აქვს: არა სიკეთის დამკვიდრება, არამედ ბოროტების თავიდან აცილება, რაც სწორედ რომ მორალური მისწრაფებაა. ეს უკანასკნელი კი ხანდახან (თუმცა არა ყოველთვის) ნაკლები ბოროტების ჩადენით ან მხარდაჭერით მიიღწევა.

ცივილიზაცია, სხვა სიტყვებით მოდერნულობა, საზოგადოების ის მდგომარეობაა, როდესაც არსებობს გამაერთიანებელი მორალური აბსოლუტი (მაგალითად, ადამიანის უფლებები), მაგრამ, ამავე დროს, შეგნებულია, რომ მასთან მხოლოდ მიახლოება შეიძლება. ხოლო თუ როგორ უნდა მიუახლოვდე, ეს რაციონალური კამათის საგანია. უპირობო მრწამსი არსებობს, როგორც საბოლოო ორიენტირი, მაგრამ ქმედება, რომელსაც „პოლიტიკა" ჰქვია, რაციონალურ ანგარიშს ემყარება.

დასჯის ემოცია თუ მომავლის გათვლა?

ციხეების სკანდალის შემთხვევაში, მრწამსის ეთიკა მოითხოვს მომხდარის დაგმობას და დამნაშავეების დასჯას. მაგრამ დასჯის რა ფორმა და ხარისხი დააკმაყოფილებს ჩვენს მორალურ ინსტინქტს? აი, აქ იღვიძებს ეშმაკი: სამართლიანობით ინტოქსიკაცია ანგარიშსწორების ნაკლებ მომხიბლავ ვნებაში გადადის. აღარ მოვიყვან მრავალრიცხოვან მოთხოვნებს, რომ ხელისუფლების უკლებლივ ყველა წარმომადგენელი და მომხრე ცოცხზე ჩამოეცვას: მივაწეროთ ეს გადამეტებულ ემოციურობას, თუმცა მგონია, რომ უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ლინჩის სასამართლოსკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუნდაც, ბაჩო ახალაიას დაუყოვნებლივი დაპატიმრების მოთხოვნა. ბევრის აზრით, ეს ადამიანი უშუალოდ მონაწილეობდა წამებაში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მოედანზე გამოსული ხალხი ამ მტკიცებულებებს ვერ შეაფასებს. პირუთვნელმა და გამჭვირვალე გამოძიებამ – რომლის მოთხოვნაც სრულიად ლეგიტიმურია – შეიძლება გამოავლინოს მისი ბრალეულობა, ან არც გამოავლინოს. როცა ამ გადაწყვეტილებას ქუჩაში შეკრებული ხალხი იღებს, ის ბრბოდ იქცევა.
პოლიტიკური სასჯელის ყველაზე ადეკვატური ფორმაა იმ მთავრობის შეცვლა, რომელიც პასუხს აგებს ნანახ უმსგავსობაზე. უნდა გამოვიყენოთ თუ არა ის ამ შემთხვევაში? „მრწამსის ეთიკიდან" გამომდინარე, ეს უეჭველია. ოღონდ ამას მიტინგი აღარ უნდა: არჩევნები ისედაც კარსაა მომდგარი. მეტიც, ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მამხილებელი კადრების გამომზეურების დრო სწორედ საარჩევნო კალენდართან იყო მისადაგებული (ცხადია, ცივი და საკმაოდ ცინიკური გონებით). ახლა ბურთი რიგითი ამომრჩევლის მოედანზეა.

რამ უნდა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი: დამნაშავე ხელისუფლების დასჯის ემოციამ თუ „პასუხისმგებლობის ეთიკაზე" აგებულმა გათვლამ? ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საკითხი ასე დგას: რომელი პოლიტიკური ჯგუფისგან გველოდება ნაკლები საფრთხე, რომ ჩვენი უფლებები დაირღვეს (არა მხოლოდ ციხეში?). რომელი მათგანისგან გვაქვს მეტი იმედი, რომ ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდება ან, როგორც მინიმუმი, ნაკლებად გაუარესდება?

ეს გათვლა ყველა მოქალაქემ თვითონ უნდა გააკეთოს. რაკი წინასაარჩევნო ვითარებაა, ჩემს პოზიციას არ დავმალავ: დიახ, ციხეში მომხდარის გამო ხელისუფლება დასჯას იმსახურებს. მაგრამ თუ არჩევნები ალტერნატულმა ძალამ მოიგო, დიდი ალბათობით, გაცილებით მეტი საფრთხეები გველოდება, მათ შორის, ადამიანის უფლებების სფეროში. ეს არ არის კომფორტული მდგომარეობა, მაგრამ არჩევანი მხოლოდ მის შიგნითაა შესაძლებელი.

კომენტარები