დავიწყებული დილემა

0 კომენტარი

კაპიტალიზმი თუ სოციალიზმი? ეგებ „კონვერგენცია"? ჯერ დამოუკიდებლობა თუ ჯერ დემოკრატია? ერთმორწმუნე რუსეთი თუ ურწმუნო დასავლეთი? იქნებ უნიკალური, საკუთრივ ქართული „მესამე გზა"? –არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამ ინფანტილური დილემებით მთელი თაობა ცხოვრობდა და იმახინჯებდა სიცოცხლეს. ზოგიც მათ გამო კლავდა ან კვდებოდა. მერე გავიზარდეთ და გვეგონა, რომ რამდენიმე ძირეულ კითხვას მაინც საბოლოოდ გავეცით პასუხი. და ასეც იყო მანამ, სანამ ყველაფერი ისევ თავდაყირა არ დადგა და მორალური თუ მათემატიკური აქსიომები თავიდან არ გახდა სამტკიცებელი.

90% იმისა, რაზეც ადამიანები კამათობენ, არის საღი აზრი სისულელის წინააღმდეგ. ალბათ ამის გამოა, რომ ბოლო დროს ასე ცოტა იწერება მიმდინარე მოვლენებზე: ყველაფერი იმდენად ცხადია, რომ წერაც დასაზარია – ნებისმიერი პოლიტიკური ტექსტი წინასწარაა ბანალური ტრუიზმებისთვის განწირული:

მოსაწყენია, სერიოზულად ამტკიცო, რომ უცხო ქვეყნის აგენტების, აგრესიული სეპარატისტების, რელიგიური ექსტრემისტების და უბრალოდ კრიმინალების ციხიდან გამოშვება – მით უმეტეს, „პოლიტპატიმრის" შარავანდით – უგუნურობაა.

მოსაბეზრებელია, ყოველდღიურად თავი უყადრო იმას, ვინც არ იცის, რომ სამცხე-ჯავახეთია და არა სამცხე-თიანეთი, ავღანეთი და არა ავგანისტანი, მთიანი ყარაბაღი და არა ნაგორნი კარაბახი, ვერტმფრენი და არა ვერტალიოტი, ფულის გათეთრება და არა ფულის გარეცხვა, სიახლე და არა ნავიზნა, მყიფე და არა ხრუპკი, მგრძნობიარე და არა რანიმი, კაპიკი და არა კაპეიკა, მივლინება და არა კამანდიროვკა, თითიდან გამოწოვილი და არა თითიდან გამოწუწნული.

უინტერესეოა კამათი იმასთან, ვინც ვერ ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობის სტილის შეცვლა შინაარსის შეცვლას ვერ გამოიწვევს, ვინც არ იცის, რომ დაყვავებით ამ ქვეყანასთან სასურველი შედეგისთვის არავის მიუღწევია, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ შეუძლებელია „ასავალ-დასავალის" სამაგალითო გაზეთად შემრაცხავი ადამიანი იყოს დასავლური ღირებულებების მატარებელი, ან უბრალოდ ჭკვიანი...

რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკური ფრონტის ხაზი კრიტიკულ აზროვნებაზე, ან უბრალოდ, აზროვნებაზე გადის. დემოკრატიის მთავარი ნაკლი ისაა, რომ საღი აზრიც და სისულელეც ორივე „აზრია" და მათ მატარებლებსაც, შესაბამისად, თითო-თითო ხმა აქვთ. ამიტომ, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები ერთგვარ კეთილშობილ კონსპირაციაზეა დაფუძნებული – სადაც გონიერი ადამიანები, მიუხედავად მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებებისა, თამაშის ისეთ წესებზე თანხმდებიან, რომელიც არ დაუშვებს დემოკრატიის ოხლოკრატიად ქცევას.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? მასშტაბი რომ შევცვალოთ და დროის პრიზმაში ყველაფერს ოდნავ შორიდან შევხედოთ, ყოველგვარი გაურკვევლობა უმალ გაქრება და დღევანდელი მოვლენები მარტივად იპოვიან თავიანთ ადგილს ისტორიის შესაბამის თაროზე. რაც უნდა დავხუნძლოთ არაერთგვაროვანი დეტალებით, უხეშად დახატული მთლიანი სურათი მარტივია – ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც სძულთ რუსეთი (რადგან ის მათ თავისუფლებას ეცილება), ხოლო მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც სძულთ სააკაშვილი (რადგან ის იმ ტრადიციების შენარჩუნებაში უშლის ხელს, რომელსაც ბოლო 200 წელია ებრძვიან განათლებული ქართველები).

მეტყვიან, რომ ამგვარი განზოგადება არასწორია. მაგრამ მოდი, ასე შევხედოთ: შეიძლება ქართული ოცნება დეკლარირებულად პრორუსული ძალა არაა, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ყველა ამომრჩეველი არჩევანს სწორედ ამ ძალის სასარგებლოდ აკეთებს. ანალოგიურად, შეიძლება ქართული ოცნების ყველა მხარდამჭერი „ასავალ-დასავალის" ერთგული მკითხველი არ იყოს, მაგრამ ამ გაზეთის ყველა მკითხველი ქართული ოცნების მხარდამჭერია.

ამასობაში კი ყველაფერი ძალიან სწრაფად ლპება დანიის სამეფოში. გამარჯვებულები ისევ გაბრაზებულები არიან და ბრაზი თითქმის არ კლებულობს. ნუთუ ახსნა მხოლოდ ფსიქოლოგიურია? ნუთუ პასუხი მხოლოდ „გადაუწყვეტელი ემოციებია" – მდგომარეობა, როცა მოგებული, რთული ემოციური ფონის გამო, თავს გამარჯვებულად ვერ აღიქვამს?

ასეც რომ იყოს, მაინც გაუგებარია, რა აიძულებს გამარჯვებულს გააკეთოს ის, რაც ცალსახად საზიანოა ქართული სახელმწიფოსთვის – როცა საქართველოს ტერორისტულ სახელმწიფოდ აცხადებს, როცა ორაზროვან განცხადებებს აკეთებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, როცა ეკონომიკურად დამღუპველ ნაბიჯებს დგამს... რასთან გვაქვს საქმე – არაკომპეტენტურობასთან თუ საბოტაჟთან?

ჩვენ წინაშე ისევ ის ირონიული დილემა ბრუნდება, რომელიც მთელი 90-იანების მანძილზე გვტანჯავდა – როცა სამარჩიელო მხოლოდ ის იყო, ჩვენი მთავრობა უნებლიეთ, ტოტალური არაკომპეტენტურობის გამო ასხამდა მტრის წისქვილზე წყალს, თუ გაცნობიერებულად იდგა რუსეთის სამსახურში. დილემის ირონიულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენთვის, უდანაშაულო მოქალაქეებისთვის, ამ კითხვაზე სასურველი პასუხი სწორედ „არაკომპეტენტურობა" იყო. ეს პასუხი იმედს გვიტოვებდა, რომ ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების შემთხვევაში, ხელებდაკაპიწებული შრომისა და კეთილსინდისიერი მეცადინეობის შედეგად, გამორიცხული არ იყო, მთავრობას მოეხერხებინა და ესწავლა ის, რაც, წესით, დაწყებით კლასებში უნდა აეთვისებინა.

ახლაც, როგორც მაშინ, იმედი არ გვტოვებს, რომ საქმე გულწრფელ ადამიანებთან გვაქვს. თუმცა, რაც დრო გადის – ისევე, როგორც 90-იანებში – ამის ნაკლები და ნაკლები ილუზია რჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

TI-ის ინიციატივით, პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ პრორუსული აგიტაცია უნდა აიკრძალოს

კომენტარები