შეუქმენით პრობლემები ჰომოფობებს!

მღვდელბუღას სამართალი
როცა სახელმწიფო ზიზღის გარშემო გაერთიანებულ მასასთან მარცხდება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლა შეუძლებელია და თქვენ უუნარო ხართ საკუთარი ცხოვრება ფაფარაშლილი გიჟებისგან დაიცვათ.

პოლიტიკოსებს უყვართ ყველა, ვისაც ელექტორალური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მათ ხშირად სამართლის მხარეს დგომას, სიძულვილით სავსე მასის კეთილგანწყობის მოპოვება ურჩევნიათ. თუმცა ეს საყოველთაოდ ცნობილი წესი, არ უნდა იქცეს ლგბტ პირებისთვის ფრუსტრაციის მიზეზად. ინფორმირებულ და მანევრირების უნარის მქონე უმცირესობას, ადვილად შეუძლია მოუქნელი და ტლანქი უმრავლესობის დამარცხება. პლანეტის ყოველი მეათე მოქალაქე გეია. ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. თქვენ კარგად იცით, რომ მათი ნაწილი, ვინც ახურუშებული დარბოდა რუსთაველზე, სიამოვნებით დაკავდებოდა სექსით იმათთან, ვის საცემადაც იქ მოვიდა. ლგბტ პირები იმაზე მეტნი არიან, ვიდრე ის მასა, რომელიც მათ საცემად დარბოდა! იმაზე ბევრად მეტი! მაგრამ ახლა ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს.

ჰომოფობიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშუალებაა არ დაგეზაროს ბოლომდე მიიყვანო საკუთარი უფლებების დაცვა. თუ თქვენ დაგემუქრნენ ან მოგაყენეს შეურაცხყოფა, პირისპირ ან ინტერნეტის მეშვეუბით, თუ თქვენ პრობლემები გექმნებათ სამსახურში ან მის გარეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული ორიენტაცია გაქვთ, მიმართეთ კანონს. შექმენით პრობლემები! პრობლემები, სადაც ჰომოფობი მასის მობილიზებას ვერ მოახერხებს.

შესაძლოა მრავალ ადამიანს ჰომოსექსუალი ეზიზღება, მაგრამ ჰომოფობი იშვიათად არის მზად თქვენთვის გინება პოლიციასთან პრობლემად უღირდეს. სიძულვილის გამოხატვა მხოლოდ მაშინ ღირს, როცა ამას პრობლემა არ მოყვება. თქვენ სწორედ ეს პრობლემები უნდა შექმნათ. არ აქვს მნიშვნელობა, დააკავებს თუ დააჯარიმებს მას პოლიცია. საკმარისია ჰომოფობი შეწუხდეს. სწორედ ასევე, ჰომოფობებს ხშირად ურჩევნიათ სამსახურის შენარჩუნება, თქვენს გინებას. დაწერეთ წერილები, გაგზავნეთ მის სამსახურში, დაიმუქრეთ, რომ ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება, თუ ჰომოფობიურ გამოხატვას არ შეწყვეტს. შემდეგ აასრულეთ ეს მუქარა. იყავით აქტიურები. შეუქმენით მათ პრობლემები, ნებისმიერი კანონით ნებადართული სახით და ლგბტ პირებს ბევრად ნაკლები პრობლემა ექნებათ. ჩვენ არ გვჭირდება მათი გაკეთილშობილება. ჩვენ გვჭირდება ბევრი პრობლემები მათ თავზე, იმისთვის რომ ნაკლები პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს კეთილსინდისიერი მოქალაქე.

დაბოლოს, თუ თქვენ ხართ დამქირავებელი, არ დაასაქმოთ ჰომოფობი, გააგდეთ ის სამსახურიდან. გააგდებისას განუცხადეთ, რომ თქვენ არ გჭირდებათ ფაშისტებთან მუშაობა. სასურველია ეს გააკეთოთ თანამშრომლების თვალწინ, რომ სამაგალითოდ იქცეს. დაეხმარეთ თქვენს თავს ან თქვენს გეი მეგობრებს.

არ დაგეზაროთ შექმნათ პრობლემები. რადგან როგორც ვიხილეთ, ჰომოფობებს არ ეზარებათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენ ბოლომდე მიიყვანთ საქმეს. რომ მუშტის გაქნევამდე, მათ რამდენჯერმე დაიბარებენ პოლიციაში, დაკარგავენ სამსახურს ან სხვა შემოსავალს. კერზო დამსაქმებელს უღირს, გაუშვას ერთი თანამშრომელი და თავიდან აიცილოს პრობლემა. თუ არ უღირს, მიახვედრეთ, რომ სულ ტყუილად! ხოლო თუ თქვენი შეურაცხმყოფელი ჰომოფობი მუშაობს საჯარო სამსახურში - აქ უკვე არა მხოლოდ ხმაურით, არამედ კანონით გზითაც შეიძლება გადაწყდეს პრობლემა.

დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ რომ ღმერთი ტაბურეტკით მორბენალი მღვდლების მხარეს არ არის.

კომენტარები