ამბოხის წინააღმდეგ

0 კომენტარი

"თუ ცუდ ფილმს იღებ ჰიტლერის წინააღმდეგ
ეს ნიშნავს რომ სულაც არ ხარ ჰიტლერის წინააღმგდეგი"
ჟან–ლუკ გოდარი

ჯეიმს ჯოისის რომანში "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას" არის ერთი პატარა გარდამტეხი მომენტი, წამი, როდესაც პატარა სტეფან დედალოსი "ხდება" ხელოვანი. არა მაშინ როდესაც ძველ ფილოსოფოსებსა თუ პოეტებს ციტირებს, არც მაშინ როდესაც თავად ცდილობს რამე ახალის შექმნას, არც მაშინ როდესაც ცდილობს ამოხსნას და გაანალიზოს ხელოვნებისა და პოეზიის რაობა, არამედ მაშინ როდესაც ის წარმოთქვამს საკრალურ სიტყვებს, მაშინ როდესაც არც მეტი არც ნაკლები ციტირებს თავად ლუციფერს: "NON SERVIAM" (არ მოვემსახურები) . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვანი (ან არტისტი) ყოველთვის და აუცილებლად არის ის ვინც არათუ "არ ემსახურება", ანუ არ ემორჩილება გავრცელებულ წესებსა და ნორმებს, არამედ მიდის მათ წინააღმდეგ და უტევს ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით. როგორც წესი, ასეთი "წესები და ნორმები" შეგვიძლია მოვაქციოთ უფრო ზოგადი სიტყვის "ძალაუფლების" ქვეშ (მნიშვნელობა არ აქვს რომელ კონკრეტულ ძალაუფლებაზეა საუბარი).

ეს შესაძლოა ერთგვარი ანა–ბანაა რიგითი მკითხველისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც იტყვიან, ჯერ კიდევ აქტუალური. თანამედროვე ქართულ კულტურაში სიტყვა "პროტესტი", როგორც წესი, კონკრეტულ სახელისუფლებო ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ აქციებსა და დემონსტრაციებს მიესადაგება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მცირე და დიდ ( მაგ. პატიმრების წამების წინააღმდეგ აგორებული პროტესტი, რომლის გაიგივებასაც ჩვეულებრივ, რიგით ანტი–სახელისუფლებო პროტესტთან ვერ მოვახდენთ) გამონაკლისებს. არამგონია, უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ფართომასშტანიანი მიტინგების რაოდენობით ბევრ ქვეყანას ჩამოვრჩებოდეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ე.წ. "კულტურული პროტესტის" გამოცდილება.

ერთ–ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული კლიშე – ქართული კულტურა არ არსებობს, შესაბამისად ვერ იარსებებს მისი კონტრ–კულტურა, ჩემი აზრით, საფუძველშივე მცდარია. ქართული კულტურა არსებობს, როგორი ზედსართავი სახელითაც არ უნდა შევამკოთ ის – მკვდარი, მომაკვდავი, და ა.შ. მაგრამ მისი კონტრკულტურა ვერ იარსებებს იმიტომ რომ ტრადიციული „სტატუს ქუო" კულტურასა და კონტრ–კულტურას შორის შეირყა და თითქმის აღარც არსებობს.

იტალიელი რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის თქმით, ხელოვნება ყოველთვის სკანდალია, სკანდალი არა იმდენად ეპატჟურობის თვალსაზრისით, რამდენადაც იმ გაგებით რომ შემოქმედებითი აქტი უკვე გულისხმობს "ნორმალური", "ჩვეულებრივი" აზროვნებიდან გასვლას, ე.წ. კოდის დარღვევას. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი ასეთი შემოქმედებითი აქტი პოლიტიკურია, ან უკეთ – არაკონფორმისტული. ნებისმიერ შემთხვევაში Non Serviam ადგილზეა, სწორედ ეს გახლავთ ხელოვანისა თუ არტისტის მთვარი მამოძრავებელი ძალა, განსაკუთრებით კი დღევანდელ საქართველოში (რასაკვირველია აქ არ იგულისხმება "ხელოვანების" თუ ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი, რომელთა მოტოც, პირიქით, გახლავთ Noi Serviam), საკუთარი არაკონფორმულობის რამენაირი ფორმით დამტკიცება, ეს გახლავთ მთავარი პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც შეიძლება მოიპოვო არტისტის წოდება. სინამდვილეში ეს მისწრაფება არაკონფორმულობისკენ, პროტესტისა და ძალაუფლების გამოწვევისკენ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამართლებულია , მაგრამ როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, ადგილი აქვს ერთ პატარა მაგრამ მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ შეცდომას.

ცოტა ხნით დავივიწყოთ სრულიად კონფორმისტი ხელოვანებიც, რომლებიც "არაკონფორმისტობას" იბრალებენ ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო (ხელოვანის სტატუსი), ან ხელოვანები, რომელებიც "სინდისის დამშვიდების" გამო ცდილობენ შექმნან არა რამე ახალი, არამედ პროვოკაციული (უმარტივესი გზა "არაკონფორმულობის" სტატუსისკენ). მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობენ ე.წ. გულწრფელი ნონ–კონფორმისტებიც, რომელთა უპირველესი სიძნელე ისაა რომ არ იციან რის მიმართ არიან ნონ–კონფორმულები.

მთავარი სიძნელე მდგომარეობს იმაში რომ ზემოთხსენებულმა ძალაუფლებამ დაახლოვებით 70–იან წლებიდან მოყოლებული (ანუ 60–იანების შემდეგ) შეძლო და მოახდინა ადაპტაცია არა მარტო ხელოვნების მიმართ, არამედ იმ ფასეულობების მიმართაც, რასაც ეს ხელოვნება ატარებდა. ავტორიტარული, "მორალზე" დაფუძნებული ძალაუფლება გადაიქცა სამომხმარებლო ძალაუფლებად, რომელიც არანაირ "მორალს" არ ცნობს ეს გახლავთ "უჩინარი" ძალაუფლება, რომლის აღშფოთება ან გამოწვევა ფაქტიურად შეუძლებელია, მან ადაპტირება შეძლო ერთის მხრივ – ინდეფერენტულობით, მეორეს მხრივ კი – აბსოლუტური ღიაობით ყოველგვარი პროტესტის მიმართ. ეს პროცესები , რასაკვირველია, ბევრის აზრით დასავლური საზოგადოების და ამდენად ძალაუფლების პროგრესზე მიუთითებს. ძალაუფლების გამოწვევის შეუძლებლობა არ არის და არ შეიძლება იყოს მონაპოვარი ან იმავე ძალაუფლების "გაკეთილშობილების" ნიშანი. მოხდა ერთი რამ , გაუფასურდა პროტესტი – რომელიც დავუშვათ კინოს შემთხვევაში, სოციალური შინაარსის ფილმის მიმართ – ორიოდე საათის ინტერესს თუ იწვევს. თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა, ერთგვარ ანაქრონისტულ საზოგადოებებს (რუსეთი, ისლამისტური სამყარო, საქართველო და ა.შ.) სადაც ჯერჯერობით არ მომხდარა ძველი ძალაუფლების სრული ჩანაცვლება სამომხმარებლო ძალაუფლებით.

მაგრამ ხელოვანის sine qua non, ანუ "არ ვემორჩილები" და სურვილი ეს "დაუმორჩილებლობისა" არსად წასულა. სწორედ მისი ანაქრონისტული ხასიათის გამოა რომ ეკლესია მგრძნობიარეა მეტნაკლებად კონტროვერსიული ხელოვნების მიმართ . შესაბამისად ყველაზე ადვილი გზა "გულის მოსაფხანად" სწორედ რომ ეკლესიის გამოწვევაა . აქ არ შევეხებით იმ მოვლენას როდესაც ბარიკადები, სადაც უნდა მოხდეს ძალაუფლებისა და ხელოვანის შეხვედრა, გადალახულია და ხელოვანი არც მეტი არც ნაკლები, ზემოთხსენებული პაზოლინის სიტყვებს რომ დავესესხოთ, მტრის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ეს სურვილივე იწვევს 60–იანი წლების ყალბი ესთეთიკის გავრცელებას საქართველოში, ანუ იმ დროის, როდესაც ხელოვნება, ჯერ კიდევ ძალაუფლების ადაპტაციამდე, მეტნაკლებად ღირსეულ ოპონირებას უწევდა იდეოლოგიას და მის "გაკეთილშობილებაში" უდიდესი წვლილი შეიტანა.

მთავარი სიძნელე კი, საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის კვლავ რჩება ადგილობრივი , ლოკალური პროტესტის განზოგადების შეუძლებლობა. იმისათვის რომ ხელოვნების პოლიტიკურმა პროტესტმა არა მხოლოდ სინდისის დამშვიდების როლი შეასრულოს, არამედ გამოიწვიოს რეალური ცვლილებები, საჭიროა ერთგვარი კონტრ-ადაპტაცია, ანუ თავად "ბრძოლის" მეთოდების გადახედვა.

სლავოი ჟიჟეკის ცნობილი პარაფრაზი: "მეოცე საუკუნეში ვცდილობდით ძალიან სწრაფად შეგვეცვალა სამყარო. ახლა კი დროა, კვლავ დავუბრუნდეთ მის ინტერპრეტაციას, ანუ აზროვნებას" - შესაძლოა კარგად მიესადაგოს დღევანდელი ხელოვანების მდგოამარეობას: "არ იმოქმედოთ, [ჯერ] უბრალოდ იაზროვნეთ".

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები