ჰარმონია

0 კომენტარი

ჰარმონია - თანაზომიერი, ურთიერთშეჯერებული სისრულის პერცეფციაა, საკუთარი ,,მე''-ს სხეულის, მიკრო და მაკრო სამყაროსთან აზრობრივი მიკუთვნება-გამიჯვნის გააზრებაა
გიორგი გ. თუმანიშვილი

დისჰარმონიულობა დამახასიათებელია თანამედროვე მსოფლიოს ყველა საზოგადოებისათვის, საზოგადოება კი, ბუნებრივია ,თავის მხრივ, ვერ იქნება ჰარმონიული თუ მისი მოქალაქეები არ იქნებიან ჰარმონიულნი.

ჰარმონიული საზოგადოება და მით უფრო სახელმწიფო მასში შემავალი ყველა ინდივიდის ჰარმონიულობის თვალსაზრისით - უტოპიაა. მაგრამ, უტოპია არ არის ადამიანის სურვილი ესწრაფვოს მდგომარეობას, რომელშიც მარტივად რომ ვთქვათ თავს კარგად იგრძნობს შინაგანი სიმშვიდის და თვითრეალიზაციის თვალსაზრისით, ასევე ექნება თვითსრულყოფის და გარესრულყოფის მოთხოვნილება და სურვილი, ასევე ამ სურვილების რეალიზების საშუალება.

ჰარმონია შეიძლება ითქვას რომ არის მდგომარეობა. ამ მდგომარეობისთვის უცხოა შინაგანი კონფლიქტი, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს შიშს, შფოთვას, პანიკას და მრავალ სხვა გამოვლინებას, რომელიც ნერვულ აშლილობებს წარმოადგენს. ჰარმონიისთვის, ასევე, უცხოა აგრესია.

აგრესია ლათინურად (aggressio) შეტევას და თავდასხმას ნიშნავს. ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს. ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში, სამართალში მას სხვადასხვა შინაარსობრივი შევსება აქვს. აქ მინდა შევეხო აგრესიულ ქცევას, რომელიც გამოვლენილია და მიმართულია არა შინაგანი, არამედ გარე სამყაროსადმი (სოციუმისადმი). აგრესიას, როგორც მოტივირებულ დესტრუქციულ ქცევას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში ადამიანთა მშვიდობიან თანაცხოვრების დაუწერელ და დაწერილ სოციალურ ნორმებს (მათ შორის სამართლის ნორმებს).

აგრესიას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქცევას აქვს წარმოშობის მიზეზები. აგრესია, როგორც ასეთი, არის დამახასიათებელი თითოეული ცოცხალი ორგანიზმისათვის (ცხოველთა სამყარო). აგრესიული ქცევის მრავალი სახეობა და ტიპი არსებობს. აქ მინდა შევეხო ე.წ. კომპენსატორულ აგრესიას, რომელიც ხასიათდება სისასტიკით, დაუნდობლობით, ძალადობით და სრული დესტრუქციულობით. აგრესიის ეს სახე ემსახურება (ე.ფრომი) ,,იმპოტენტი'' ადამიანისათვის სრულყოფილი, სავსე ცხოვრებით ჩანაცვლებას. ამის გააზრება ამავე ადამიანის მიერ ფაქტობრივად არ ხდება, მით უფრო მხოლოდ ამ წინადადების წაკითხვამაც შესაძლოა მასში გამოაღვიძოს ანტაგონიზმი, რომელიც, თავის მხრივ, მომდინარეობს შინაგანად ამ მიზეზის აღიარებიდან.

გააზრებულ ჰარმონიამდე გზა გულისხმობს ილუზორული ფსიქოლოგიური კონსტრუქციებისათვის, ქცევისა და შესაბამისად მოქმედებისათვის არაილუზორული სახელის დარქმევას, ასევე ამ კონსტუქციების, ქცევისა და მოქმედების მიზეზების გააზრებას.
ერთის მხრივ, აუცილებელია საკუთარი თავის შემეცნება, მოგზაურობა საკუთარ ,,მე''-ში, მისი გაცნობა და მასთან აზრობრივი იდენტობის დამყარება, ხოლო მეორეს მხრივ საკუთარი ,,მე''-ს და საკუთარი ქცევის განზოგადება და გარედან მისი თვითკრიტიკული შეფასება და ანალიზი.

თანამედროვე ცხოვრებაში, მისი ინფორმაციული რიტმით, ანუ ყოველდღიურობით, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენი ,,მე'' თითქოს მიძინებულია ან/და ,,გათქვეფილი''. მართალია ჩვენ ვმოქმედებთ, გამოვხატავთ ერთი შეხედვით ჩვენ სურვილებს და აზრებს, ვიბრძვით, მაგრამ რამდენად არის ეს სურვილები და აზრები რეალურად ჩვენი? რამდენად არის ეს ბრძოლა, მისი მიზეზები და შედეგები ჩვენ მიერვე გააზრებული?

სწრაფი, გააზრებული რეფლექსია, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცნობთ ჩვენ ,,მე''-ს, ჩვენ თვითოობას (Self /Roberto Assagioli/). მართალია, ფსიქოლოგიაში არსებობს თეზა, რომლის მიხედვითაც, შეუძლებელია დამკვირვებელი (სუბიექტი) და დაკვირვებადი (ობიექტი) ერთი და იგივე იყოს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ,,მე'' ვერ იქნება ერთდროულად სუბიექტიც და ობიექტიც, ვინაიდან სუბიექტად გახდომის შემდგომ, ობიექტი აღარ არსებობს და პირიქით. მიუხედავად ამისა არსებობს ე.წ. ქვე ,,მე''-ები (Subpersonalities), რომელთა შემეცნებაც შესაძლებელია, აუცილებელია ისინი გავიცნოთ, რათა შევძლოთ შევიმცნოთ ჩვენი თვითოობა. ჩვენ გვაქვს ემოციები, შეგრძნებები, წარმოდგენები, ინტუიცია, ფიქრები, იმპულსები, სურვილები და მეხსიერება, რომელშიც ხატების სახით ,,ილექება'' ჩვენი ცხოვრების განვლილი მოვლენები. მთლიანობაში, ზემოჩამოთვლილი აყალიბებს თითოეული ჩვენგანის ე.წ. ,,მე''-ს რაობას.

ჰარმონია გულისხმობს საკუთარი ,,მე''-ს შემადგენელი ნაწილების შემეცნებას და მათ შორის თანაზომიერ ბალანსს, ამავდროულად ,,მე''-ს ბალანსს გარე სამყაროსთან, რომლის განხორციელებაც, პრაქტიკულად, უტოპიურია მანამ სანამ, არ შევიმეცნებთ საკუთარ თავს, საკუთარი სურვილების რეალურ მიზეზებს.

საკუთარი თავის შეცნობა, ძალიან საინტერესო პროცესია, ვინაიდან ის დაკავშირებულია გარკვეულ ძიებასთან. თუ ვინ ვარ სინამდვილეში, როგორი ვარ, რა მსურს და რატომ მსურს ეს და არა ის.

გააზრება იმისა, რომ სამყაროში რაღაც ისე არ არის, როგორც თქვენი აზრით, უნდა იყოს, უკვე პირველი ნაბიჯია გზაზე, რომელიც სავსეა მრავალი საინტერესო აღმოჩენებით. ამ აღმოჩენებში, კი ყველაზე ღირებულია საკუთარი თავის აღმოჩენა და აღმოჩენილის შემდგომი რეალიზაციაა სრულყოფის თვალსაზრისით. გააზრებული თვითრეალიზაცია, ჩემი აზრით, არის ადამიანის სიცოცხლის საზრისი და ცხოვრების, როგორც ერთადერთი განუმეორებელი საჩუქრის მადლიერი მიღება.

გააზრებისა და საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ნებისმიერი ბრძოლა, რომელშიც ერთი შეხედვით მონაწილეობას ვღებულობთ ან სხვათა ბრძოლაა, ან უბრალოდ გაუაზრებელი, მასის მიერ თავმოხვეული და ვითომ გათავისებული რეფლექსიაა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები