Passage a l'acte და ქართველი უყვ-რებო პოლიტიკოსები

ინგლისურ ენაში მამაკაცური პოტენციის სიმბოლო მამრის რეპროდუციული სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი სიტყვაა, testicles, სლენგით balls, ქართული შესატყვისით, ყვ-რები, ან კვერცხები.

ბუნებრივად ჟღერს როცა მამაცი საქციელის ჩამდენს ყვ-ებს უქებენ -"he has balls"! - ქართულ ენაში სიმამაცე უკანალის ქონაში გამოიხატება - „ტ -აკი აქვს", „ტ-აკიანი კაცია" და ა.შ. როცა 17 მაისს გავეშებული 20 ათასი ქართველი მამაკაცი ოციოდე გეი უფლებების დამცველი ახალგაზრდის, ძირითადად გოგონების, ჩაქოლვის მიზნით პოლიციის სიმბოლურ კორდონებში გადიოდა და ავტობუსების გადატრიალებას ცდილობდა, უნდა ვიგულისხმოთ რომ „ტ-აკი" ქონდათ და ... იმიტომ. ყველაზე „ტ-აკიან" პოლიტიკოსად ლევან ვასაძე უნდა მოიაზრებოდეს - ერთადერთი „საზოგადო მოღვაწე", რომელიც დარბევის ეპიცენტრში იმყოფებოდა და უშიშრად დაუჭირა მას მხარი.

ცოტა კვიმატი ასოციაციები უჩნდება ადამიანს, როცა წარმოიდგენს, რომ „ტ-აკიანი" მამაკაცების ბრბო, გეი უფლებების დამცველთა ჩასაქოლად დარაზმული, ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ იბრძვის. კონტექსტის გათვალისწინებით და ზემოთაღნიშნული ქართული იდიომიდან გამომდინარე ვინმე ორთოდოქსი ფსიქოანალიტიკოსი ღმერთმა იცის როგორ დასკვნებს გაკეთებდა. ალბათ „კლოზეტური ჰომოსექსუალიზმი", „ჰომოსექსუალური პანიკა" და მსგავსი ტერმინებით აავსებდა თავის ნაშრომს, მაგრამ ამ წერილის მიზანი თანამედროვე ქართული ეთნოსის ან ცალკეული პიროვნებების ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაცია არ არის. წერილის ადრესატია ერთი კონკრეტული პიროვნება - ირაკლი ალასანია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი. პიროვნება, რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა ამერიკაში და უნდა ვიგულისხმოთ (თუ ვიოცნებოთ?) რომ აქ, აშშ-ში შეძენილი განსჯის უნარით, თანაგუნდელთა უმრავლესობისგან განსხვავებულად აფასებს საქართველოში შექმნილ სავალალო მდგომარეობას.

უნდა ვიგულისხმოთ (ვიოცნებოთ), რომ ბ-ნი ალასანია სხვებზე ნაკლებად არის გაბრუებული „ოცნებით", ნაკლებად ჯერა, რომ საქართველო მოიშორებს რა „წინა მთავრობის ბალასტს" და „აღიდგენს ღირსებას", მაშინვე საყოველთაო აღფრთოვანების ეპიცენტრში მოექცევა, აფხაზებს და ოსებს „სიყვარულით შეეგებება", დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, დამპყრობელთან საბოლოოდ „დაალაგებს ურთიერთობებს" და ევრო - ატლანტიკურ სივრცეშიც ტაშფანდურით („ერისიონის" ლოტბარობით) შევა. ნაკლებად ჯერა, რომ ყოველივე ამისთვის საჭიროა „საქმის ბოლომდე მიყვანა", წინა მთავრობის სრული განადგურება და ამჟამინდელი ხარაკირის გაგრძელება - „ომი საქართველომ დაიწყო, ქართველები ტერორისტებს ამზადებდნენ, 200 პოლიტპატიმარი გვყავს" და ა.შ..

მცირე იმედს, რომ ბ-ნი ალასანია განსხვავებულად ფიქრობს, მისი ზოგიერთი გამონათქვამი გვისახავს. ამ გამონათქვანებზე დაყრდნობით ვიმედოვნებთ, რომ მინისტრი იქნებ ინსტინქტურად მაინც ეთანხმება კურტ ვონეგუტის გამონათქვამს „ადამიანი (ჩვენს შემთხვევაში ერი - ლ.ხ.) არის ის, რა ნიღაბსაც თამაშობს და ფრთხილად უნდა ვიყოთ როგორ ნიღაბს ავირჩევთ".

ივანიშვილის ჩანაფიქრით ნიღაბი, რომელიც საქართველომ უნდა აირჩიოს, არის „პატარა და უმნიშვნელო სახელმწიფო („სოფელი"), რომლის რეგიონალური თუ საერთაშორისო პრეტენზიები სასაცილოა". მოსაზრება, რომელიც ზუსტად ეხმიანება თავზარდამცემად დამაკნინებელ ეპითეტს, „ობოლი ერი", რომელიც მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა იხმარა საქართველოს მისამართით.

პატარა სახელმწიფოს როლის თამაში პატარა და უმნიშვნელო ქვეყნად ჩამოაყალიბებს საქართველოს, დიდი მეზობელი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მოაქცევს მას და ძალზე საეჭვოა ამით საზოგადოება განვითარდეს. თავს არ შეგაწყენთ იმ მცირერიცხოვანი სახელმწიფოების ჩამოთვლით, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში დიდი როლს თამაშობენ, ისრაელის მაგალითიც კმარა.

იმედია (თუ ოცნება?), ბ-ნ ალასანიას სადღაც გულის სიღრმეში სჯერა ამის და, თუ ეს ასეა, ხომ შეიძლება მიკროსკოპიული შანსი მაინც არსებობდეს, რომ წერილის სათაურში გამოტანილი passage a l'acte შესრულდება.

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის, ჯაკ ლაკანის მიერ შემუშავებული ამ ტერმინით ისეთი მოქმედება ან საქციელი აღინიშნება, რომელიც გათვლებს არ ემორჩილება; ეს არის ერთგვარი უმიზეზო ქმედება, ნახტომი გაურკვევლობაში, ნაბიჯი, რომელსაც დგამ მხოლოდ იმიტომ, რომ „აქ დგახარ, და სხვაგვარად არ ძალგიძს".

ანუ, ჩვენს კონკრეტულ ნაოცნებარში, ბ-ნი ალასანია პრემიერ-მინისტრს დაუპირისპირდება და ამას გააკეთებს ახლა, და არა მაშინ, როცა ურემი გადაბრუნდება, და ივანიშვილისადმი დაპირისპირება პოლიტიკურად მომგებიან ნაბიჯად გადაიქცევა.

ნადვილი პოლიტიკოსისთვის ერთხელ მაინც დგება გაურკვევლობაში ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობის მომენტი. ასეთი ნაბიჯის გადადგმა შინაგანი ნებელობის უკიდურეს მობილიზებას მოითხოვს, მეტაფორულად - „ყვ-ების" ქონას.

სწორედ „ყვ-ების", ქართულად "ტ-კის" მქონე პოლიტიკოსს (ორ სათაურს მაინც ვერ გავექეცით) შეუძლია „პასაჟის" შესრულება, რუბიკონის გადალახვა, როცა არ იცი მეორე ნაპირზე რა გელის. ასეთი იყო, მაგალითად იოსებ ბროზ ტიტო, იუგოსლავიის ლიდერი, რომელიც სტალინის ნებას არ დაემორჩილა და ყოვლისშემძლე სოსოს უბრალოდ განუცხადა „არა!". ეს იყო „არა" არას გულისთვის, უმიზეზო წინააღმდეგობა, გაურკვევლობაში შესვლა, რომელმაც ფაქტიურად ევროპის პოლიტიკური რუკის ცვლილებას დაუდო საფუძველი.

Passage a l'acte იმ ნიღბის რადიკალური შეცვლაა, რომელიც აქამდე გქონდა მორგებული. ეს ნაბიჯი ნაცარტუტად აქცევს იმ სიმბოლურ მანდატს რომელსაც აქამდე ვიყენებდით - პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქურდი, უსაქმური, ნამდვილი ქართველი, ნაცი, ქოცი და ა.შ.

აზრის ჩამოსაყალიბებელ კარგ მაგალითად გამოდგებოდა რობერტო როსელინის ფილმი „გენერალი დელლა როვერე". ფილმის სიუჟეტი ვითარდება მეორე მსოფლიო ომისდროინდელ იტალიაში. გესტაპომ იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძრვანელი, გენერალი დელლა როვერე, ერთერთი შეტაკებისას მოკლა. ფილმის პროტაგონისტი, რომელსაც ვიტორიო დე სიკა თამაშობს, სახელად ბარდონე, ტყუპისცალივით გავს გარდაცვლილ გენერალს. ბარდონე ქურდი, ყომარბაზი და მორალური პრინციპისგან თავისუფალი ადამიანია, რომელიც დათანხმდება გესტაპოს წინადადებას ინფორმატორად ჩაჯდეს ციხეში და თავი წარმოადგინოს როგორც გენერალმა დელლა როვერემ, და გენერლის მიმდევარი წინაარმდეგობის მონაწილე პატიმრები გერმანელებთან გამოაშკარაოს.

ფილმის სიუჟეტი ისეთნაირად ვითარდება, რომ ბარდონე, ყოვლად უბადრუკი პიროვნება, გმირის ნიღაბს არათუ მოირგებს, არამედ გაითავისებს კიდევაც, მასთან სრულ იდენტიფიკაციას აკეთებს, გადაიქცევა გენერლად და უარს განაცხადებს დაუბრუნდეს თავის წინა „მეს" - ბარდონეს. ამ მეტამორფოზას passage a l'acte - ით ადასტურებს- დასახვრეტად წავა, როგორც გენერალი. გესტაპო იძულებული ხდება დახვრიტოს ის, როგორც დელლა როვერე. „ვივა იტალია" - ამ ლოზუნგით ეგებება სახე (ნიღაბ) შეცვლილი ბარდონე გერმანელი დამხვრეტი ჯგუფის ტყვიას.

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალზე იშვიათად ჩნდება ისეთი პიროვნება, რომელიც მსგავსად ვიტორიო დე სიკას პერსონაჟისა, ნებელობას, მამაკაცურ სიძლიერეს აღმოაჩენს "ყვ-რებში" . მინდა მჯეროდეს, რომ ბ-ნ ალასანიას ამის უნარი აქვს.

რა შეიძლება გამოიწვიოს ამ „პროდასავლური" პოლიტიკოსის ჩვენმა ნაოცნებარმა „პასაჟმა", „ოცნების" ლიდერთან დაპირისპირებაში გამოვლენილმა? ბ-ნ ალასანიას პოლიტიკური თვითმკვლელობა, ქართული პოლიტიკური სპექტრის გადამუხტვა, თუ რამე სხვა? წინასწარი გათვლა შეუძლებელია.

შეძლებს კი ბ-ნი ალასანია გაურკვევლობაში გადასვლას, „ნაცებთან კავშირის" თუ „ფარული იეღოველის" იარლიყის შიშის დათრგუნვას, საკუთარ თავში „ყვ-რების" აღმოჩენას? ამის იმედს ემყარება ეს წერილი.

თუმცა ვის ვატყუებ, საკუთარ თავს? ამ ოცნებას, ალბათ, ასრულება არ უწერია. სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქართული სახელმწიფოს კასტრაციის პროცესი მალე ახალ ძალას შეიძენს, ბარდონე ბარდონედ დარჩება და გააგრძელებს უკვე გარდაცვლილი ლიდერის თანამოაზრეების გამოაშკარავება-დაპატიმრებას.

კომენტარები