რეგვენი არს

0 კომენტარი

ადამიანის განსაზღვრება „მოაზროვნე არსება" გვეუბნება, რომ ყველა აზროვნებს, ვინც ადამიანია, მაგრამ ხშირად ჩვენი ქმედებები საპირისპირო დასკვნის გაკეთების სურვილს გვიჩენს. მოაზროვნეები ყოველთვის ხედავდნენ ამ განსხვავებას და აფიქსირებდნენ მას. მაგალითად, იმანუელ კანტი, თავის ნაშრომში „რა არის განმანათლებლობა?" ორი ტიპის აზროვნებას განასხვავებს ერთმანეთისაგან: ზრდასრული და უმწიფარი ადამიანის აზროვნებას. მისი აზრით, ზრდასრულია ის, ვინც საკუთარ აზროვნებას იყენებს, ხოლო ის, ვინც ამას არ აკეთებს, უმწიფარია. ამგვარად, ასაკით ზრდასრული ადამიანიც უმწიფარია, თუკი იგი უარს ამბობს აზროვნებაზე და სხვის მიერ ნააზრევს მოიხმარს. ამას კი ადამიანი, როგორც წესი, ორი მიზეზის: სიმხდალისა და სიზარმაცის გამო აკეთებს. შესაბამისად, თუკი ადამიანმა დასძლია შიში და სიზარმაცე და თავად იაზროვნა, ის ზრდასრულია.

აზროვნებას და ზრდასრულობას სხვანაირად აკავშირებს ფანტასტი აზიმოვი.

მისი მოთხრობის მიხედვით, რომელსაც „რეგვენები" (Silly Asses) ეწოდება, სადღაც, კოსმოსში, არსებობს ვინმე ნარონი, რომელიც მთელი სამყაროს რასებს ორი კატეგორიის მიხედვით ანაწილებს: დიდი ზომის წიგნში მას შეაქვს რასები, რომლებმაც მიაღწიეს აზროვნებას, ხოლო მცირე ზომის წიგნში – ის რასები, რომლებმაც მიაღწიეს ზრდასრულობას. ზრდასრულობის ერთადერთი კრიტერიუმი არის თერმობირთვული სინთეზის დაუფლება.

ნარონს ამცნობენ, რომ დედამიწამ მიაღწია ზრდასრულობას და ის სიხარულით შეიტანს მის სახელს მცირე წიგნში და გამოთქვამს იმედს, რომ მალე დედამიწის მკვიდრნი სხვა პლანეტის ცივილიზაციებს დაუკავშირდებიან, რაზეც მას მოახსენებენ, რომ ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან დედამიწელებს ჯერ კიდევ არ გაუღწევიათ კოსმოსში. ნარონისათვის ეს გაუგებარია, ვინაიდან თუ ჯერ კოსმოსში არ გაუღწევიათ, მაშინ სად ჩაატარეს დედამიწელებმა თერმობირთვული ცდები? ის შეძრწუნებულია, როდესაც იგებს, რომ მათ ეს საკუთარ პლანეტაზე ჩაატარეს, შლის დედამიწის სახელს მცირე წიგნიდან და გადააქვს იგი დიდ წიგნში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედება ჯერ არასდროს ჩაუდენია, ის ხედავს გარდაუვალს. უმწიფარ არსებებს მომავალი არ აქვთ და ისინი აუცილებლად განადგურდებიან. „რეგვენები, – ჩაიბუტბუტა მან"... ასე მთავრდება მოთხრობა.

აზიმოვის ამ მოთხრობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ზრდასრულობა აზროვნების ავტონომიურობას კი არ გულისხმობს, არამედ პასუხისმგებლობასაც საკუთარი ქმედების ნებისმიერ შესაძლო შედეგზე. დედამიწამ დააკმაყოფილა მოთხრობაში მოცემული კრიტერიუმი, მან მიიღო თერმობირთვული სინთეზი, მან მიაღწია პროგრესს გარკვეულ სფეროში, მაგრამ... საკუთარ პლანეტაზე ტესტების ჩატარება, საკუთარი პლანეტის გაჩანაგება არ არის ზრდასრული ადამიანის ქმედება. მსგავსი საქციელი სწორედაც რომ ჰგავს უმწიფარი ბავშვის საქციელს, რომელიც კი მიწვდება ზედა თაროზე განლაგებულ ტკბილეულს, მაგრამ გზაში დალეწავს ჭურჭელს, ავეჯს და ა.შ. მიზანი მიღწეულია, მაგრამ რის ხარჯზე?

სამწუხაროდ, საქართველოში მრავლად მოიძებნება უმწიფარი აზროვნების მაგალითები. ჩვენთან ადამიანები მზად არიან დათმონ ყველაფერი, რათა მიაღწიონ საწადელს და არ ითვალისწინებენ იმას, თუ რა დამატებითი შედეგი ექნება მათ ამა თუ იმ ქმედებას. პოლიტიკის სფერო, როგორც ყველაზე ხილული, განსაკუთრებით ცხადჰყოფს მსგავსი უმწიფრობის მაგალითებს.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერს საკუთარი მაგალითები დაუდგა თვალწინ, მაგრამ ჩემთვის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე უმწიფარი (აზიმოვის გაგებით) გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფოსა და ტერორისტების შესაძლო კავშირის არსებობის შესაძლებლობის დაშვებაა. რა თქმა უნდა, იმის მტკიცება, რომ ყოფილი მთავრობა ტერორისტებს ამზადებდა, სერიოზულ ზიანს მიაყენებს პოლიტიკურ ოპონენტს; რა თქმა უნდა, ეს გამართლებულია იმ ამოცანის მიღწევისათვის, რაც ოპონენტის განადგურებას გულისხმობს; რა თქმა უნდა, რაღაც კონტექსტში, ეს ძალიან ჭკვიანური სვლაც არის, მაგრამ ის, რაც ამ სვლას მოჰყვება, ხომ უფრო მეტს აზარალებს, ვიდრე პოლიტიკური მოწინააღმდეგეა? ის, რაც შენს ამ ბრძოლაში „შემონადგურდება", ხომ ის ქვეყანაა, რომლის მართვაც მოგიწევს მომავალში? თერმობირთვული სინთეზის მიღწევაც ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ რეგვენის გარდა, არავინ გადაიხდიდა იმ ფასს, რაც ადამიანებმა გადავიხადეთ.

აზიმოვის მოთხრობა დედამიწის უპერსპექტივობის დაფიქსირებით მთავრდება. მსგავს „რეგვენებს" მომავალი არ აქვთ და ისინი აუცილებლად განადგურდებიან. არც მე ვამყარებ დიდ იმედებს, რომ აწ უკვე ზრდასრულობაში მყოფი უმწიფრები გამოიცვლებიან, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ახალგაზრდა თაობა, რომელიც ხედავს რა უმწიფარი აზროვნების მავნე შედეგებს, აუცილებლად გაიზრდება და მიაღწევს ზრდასრულობას, რაც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, სწორედ ზრდასრული ახალგაზრდობა დაიცავს საქართველოს უმწიფარი ზრდასრულების მავნე გადაწყვეტილებებისაგან. რატომღაც მჯერა ასე, და მგონია, რომ არ ვცდები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები