სად ვიყავი 9 წელიწადი

0 კომენტარი

ემოცია ოხერი რამაა. ის შეიძლება უცბად, ერთი კონკრეტული, სუბიექტურად აღქმული გამოცდილების გამო აღიბეჭდოს ქვეცნობიერში, მის შეცვლას კი წლები და, ხშირად, სრულიად ირაციონალური პროცესები სჭირდება.
ქართული ოპოზიცია დიდი ხნის მანძილზე აგროვებდა განაწყენებულ და/ან წარუმატებელ ადამიანებს – იმათ, ვინც ფეხი ვერ აუწყო თანამედროვეობას, რეფორმებს მხოლოდ ირაციონალური ნეგაცია დაუპირისპირა და გამოსავალს იზოლაციონიზმში და ნაცნობი ჭაობის უძრაობასა და სიმშვიდეში ხედავდა. ეს ადამიანები ახლა ხელისუფლებაში არიან და რაც დრო გადის, სულ უფრო შეუძლებელი ხდება მათი ქმედებებისა თუ უმოქმედობის ახსნა, არათუ გამართლება. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი მთავრობის მხარდამჭერთა ემოცია მათ მიერ რეალობის რაციონალურ აღქმას ჯერ არ დასწევია. ამიტომ, საფუძველმორყეული და პოზიტიური იდეის არმქონე მეოცნებეების თავდაცვა ძირითადად ორ ინფანტილურ, ერთსვლიან შეკინკლავებაში გამოიხატება. პირველი: „აბა, ადრე უკეთესი იყო?" (ამასთან, კითხვაზე რაციონალურ პასუხს მნიშვნელობა არა აქვს); და მეორე (მათი აზრით, ჩამჭრელი შეკითხვა): „კი მაგრამ, სად იყავი 9 წელიწადი?" (ანუ საქმე კია ცუდად, მაგრამ საქმე ხომ აქამდეც ცუდად იყო – მერე რა, რომ „ქ.ოცნება" უკეთესობისთვის აირჩიეს!).

დიდი ხანია სიტყვათშეთანხმება „9 წელიწადზე" ავტომატური რეფლექსი განმივითარდა: მის წარმომთქმელს შემდგომი ძალისხმევის გარეშე ვუსვამ ამნეზიის და/ან კრიტიკული აზროვნების მწვავე უკმარისობის დიაგნოზს. მიუხედავად ამისა, აზარტის გულისთვის, გადავწყვიტე გამეხსენებინა, თუ რას ვაკეთებდი ავადსახსენებელ 2004-2012 წლებში:

სად ვიყავი მაშინ, როცა აჭარას ვიბრუნებდით და ქობულეთში ჩასასვლელად სამწყება ბლოკ-საგუშაგოს გავლის საჭიროება ისპობოდა? ან მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის წინ რუსი ფეოდალის მიერ მართული პროვინციული ბათუმი კოსმოპოლიტურ რეგიონულ ცენტრად ყალიბდებოდა?

სად ვიყავი, როცა უშუქობაზე ლაპარაკი ყოველდღიური რუტინიდან ცუდ ტონად გადაიქცა? ან მაშინ, როცა უგზობა იმდენად გადაავიწყდათ ადამიანებს, რომ „ასფალტი ვჭამოთო?", ქილიკობდნენ?

სად ვიყავი, როცა ყველასათვის საძულველი „გაიშნიკები" სამსახურიდან გაყარეს, პოლიციის რეფორმა ჩაატარეს და ადამიანებმა სიტყვა „ძაღლობა" დაივიწყეს?

სად ვიყავი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქვეყნიდან ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ვყალიბდებოდით?

სად ვიყავი, როცა ქურდობა არაგლამურული, სწავლა კი კარგი ტონი ხდებოდა? ან როცა პოლიტიკური მკვლელობები და ადამიანების გატაცების გზით ბიზნესის კეთება (რაშიც სამართალდამცავებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ), ყოველდღიური რუტინიდან ეგზოტიკურ მოგონებად იქცა?

სად ვიყავი, როცა პირველად ქვეყნის ისტორიაში, არა კომისიებითა და საბჭოებით, არამედ რეალურად მოისპო კორუფცია და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულიდან ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნად იქცა?

სად ვიყავი, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები ინერგებოდა და უმაღლესებში „მოწყობის" კულტურა ქრებოდა? როცა ცოდნას და შრომას ფასი დაედო, ნაცნობობასა და აღებ-მიცემობას კი აზრი დაეკარგა?

სად ვიყავი, როცა მოქეიფე, დარდიმანდი ნაცია, რომელმაც თავი დღემდე ერთეული გმირების ძალისხმევით და არა ცხოვრების საერთო, შეგნებული წესით მოიტანა, მერიტოკრატიულ საზოგადოებად ტრანსფორმირდებოდა?

სად ვიყავი, როცა 136-ე ადგილიდან მე-9 ადგილამდე ავდიოდით მსოფლიოს ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში? როცა საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორად სახელდებოდა 5 წლის მანძილზე?

ოცა 27 გადასახადიდან 21 უქმდებოდა და საგადასახადო ტარიფები მცირდებოდა? როცა (დავესესხები პრემიერს) „კომპლექსური ნალოგი" (დღემდე არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ კარგად ჟღერს) 16% ხდებოდა (რამაც სწორედაც რომ ამოსუნთქვის საშუალება მისცა შავი ბუღალტერიით, მექრთამეობითა და „კრიშებით" გაგუდულ ბიზნესს)?

სად ვიყავი, როცა არასაჭირო ინსტიტუტები და დაწესებულებები უქმდებოდა, ან როცა ლიცენზიების რაოდენობა ათასიდან ასზე ნაკლებამდე მცირდებოდა?

სად ვიყავი, როცა ახალ რეალობას ადვილად შეჩვეულ ადამიანებს ავიწყდებოდათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ 14-ლარიანი პენსიაც კი წლობით არ გაიცემოდა, რაც კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ქმედებებით იყო განპირობებული?

სად ვიყავი, როცა ზედიზედ რამდენიმე წელი ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით იზრდებოდა? როცა კოჯრელი, წავკისელი, დიღმელი, საგურამოელი, ქიზიყელი გლეხები ასობით ათას დოლარს იღებდნენ თავიანთი ახლადდაკანონებული, გამოუყენებელი მიწის ნაკვეთების გაყიდვაში, რომლებზეც ინვესტორები ვენახებს, სასტუმროებს, ვილებსა და ქარხნებს აშენებდნენ?

სად ვიყავი, როცა სიღნაღი, მესტია, ბათუმი, თელავი, ახალციხე, ძველი თბილისი და პლეხანოვი შენდებოდა? ან მაშინ, როცა უწინ გარესამყაროს მოწყვეტილი და სისხლის აღებით გათანგული უშგულელები ღამისთევაში 80 ლარს იღებდნენ თითო უცხოელი ტურისტისგან?

სად ვიყავი, როცა იუსტიციის სახლები შენდებოდა, ან როცა ტრადიციულად მაჩანჩალა, ცივილიზაციის პერიფერიულობას შეჩვეული საქართველო ინოვაციის ავანგარდში გადადიოდა? – როცა მოქალაქეებს წუთების მანძილზე შეეძლოთ ტვირთის განბაჟება, პირადობის მოწმობის, პასპორტისა და მართვის მოწმობის აღება, ქონების რეგისტრაცია თუ ბიზნესის დაწყება?

სად ვიყავი, როცა პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, ან ბურჯანაძე გრუ-ს სპეცრაზმის დასახვედრად ემზადებოდა? სად ვიყავი, როცა სამი თვე რუსთაველზე შარდის სუნი, „საკან #5-თან" კი ინტელიგენტების გრძელი რიგი იდგა?

სად ვიყავი, როცა მეორედ 20 წლის მანძილზე, რუსეთი „ღირსების" პარტიას ათამაშებდა, თანაც თითქმის იმავე უღირსი ფიგურების გამოყენებით? ან როცა ღირსების მაძიებელთა ლიდერი, თავისივე აღიარებით, ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ებრძოდა?

სად ვიყავი, როცა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს არაკეთილსინდისიერი და უკანონო გზით მითვისებულ ქონებას (ხშირად პროცესუალური დარღვევებით, მაგრამ მაინც სახელმწიფოს სასარგებლოდ) აბრუნებინებდნენ და, ამის სანაცვლოდ, სრულიად დაუმსახურებლად ათავისუფლებდნენ პასუხისმგებლობისგან? (ისე, სულ მაინტერესებს, ამ გაგანია სამართლიანობის აღდგენის ეპოქაში, რომელი წლის მდგომარეობით ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას?)

სად ვიყავი, როცა მოსამართლეები იმ მხარეს აღარ აბამდნენ დოქს ყურს, რომელი მხარეც მეტს გადაიხდიდა? (თუმცა, ვაღიარებ, მაშინ უსამართლობის განცდა არავის ჰქონდა: ქრთამის მიტანისას ხომ ყველა თანაბარ პირობებში იყო. შესაბამისად, მაღალი იყო ქრთამის მიმტანის თვითრეალიზაციის განცდაც).

სად ვიყავი, როცა ადამიანები იმდენად ეჩვეოდნენ წესრიგს, მშვიდობიან განვითარებასა და კორუფციის გარეშე ცხოვრებას, რომ თავიანთი უახლოესი წარსული და, მასთან ერთად, მართლაც სისტემური ძალადობის შემოქმედნი და კორუფციის მახინჯი სახეები ავიწყდებოდათ?

სად ვიყავი, როცა უმეცარ და უუნარო მოხელეებს ახალგაზრდა, მოტივირებული, კომპეტენტური კადრები ანაცვლებდნენ? როცა სახელმწიფოებრიობა ცარიელ ადგილზე იქმნებოდა ქვეყანაში, რომლის მითიურ სახელმწიფოებრივ ტრადიციას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ცოცხალი ადამიანების შეგნებასთან?

სად ვიყავი, როცა საქართველო არშემდგარი ტერიტორიული წარმონაქმნიდან რეგიონისთვის მისაბაძ სახელმწიფოდ ყალიბდებოდა? როცა პირველად ბოლო 600 წლის მანძილზე, ქართველი იმას კი არ დარდობდა, რომ „აწმყო არ სწყალობს" და იმას კი არ იმედოვნებდა, რომ „მომავალი მისია", არამედ აწმყოში ქმნიდა მომავალს?

სად ვიყავი, როცა (ალბათ, პირველად საქართველოს დოკუმენტირებული ისტორიის მანძილზე) კარგს კარგი დაერქვა და ცუდს – ცუდი?

პასუხი მოკლე და მოსალოდნელზე პროზაულია, ამხანაგებო:

საქართველოში ვიყავი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი – რამეთუ (ისევ ჩვენს პრემიერს დავესესხები) მქონდა ამისი ფუფუნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები