მამაოთმავლობის საცდური

ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საქართველოს ეკლესია ასკეტურად ბნელი ორგანიზმია, ხშირად მოუწოდებს მას, სძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი. ნუ შეიძულებს ღვთის ხატებას და შეიძულოს მისი დანაშაული ღვთის წინაშე. მთელი სიმართლე კი ის არის, რომ ჩვენს ყველაზე რეიტინგულ ეკლესიას, არც ცოდვა სძულს და არც ცოდვილი. მას სულ სტოაზე ჰკიდია ქრისტიანული მორალი და ისეთი რთული თეოლოგიური აღმნიშვნელები, როგორიც ცოდვა და სათნოებაა. საქართველოს ეკლესიის კარზე მოწინააღმდეგეებს ემტერებიან. მოწინააღმდეგე კი არის ყველა, ვისაც არ მოსწონხარ ან გაკრიტიკებს.

რელიგიური ასკეტიზმის გამავრცელებელ ინსტიტუტებს დადებითი გვერდითი ეფექტების გამოწვევა ხელეწიფებათ. საქართველოს საპატრიარქოს კი ამ უსუსური ბენეფიტების მიცემაც არ შეუძლია საზოგადოებისთვის, რომლის უმრავლესობასაც ეკლესია მოსწონს და ენდობა (აბორტის სტატისტიკა გავიხსენოთ). ის რომ ბოზები ბოზობენ, ქურდები ქურდობენ და მკვლელები კლავენ - სავსებით ნორმალურია ეკლესიის წიაღისთვის, თუ ბოზი, ქურდი და მკვლელი მაზიარებელია, ფული აქვს და მორჩილად აღიარებს დედა ეკლესიის წინაშე, რომ ბოზი, ქურდი და მკვლელია. მას არავინ მოსთხოვს რევოლუციურ მორალურ წყვეტას წინა ცხოვრებასთან, მაგრამ მოსთხოვენ მორჩილებასა და დუმილს. მეათედის შეწირვასაც, ძველი ეონის წესების თანახმად.

რასაკვირველია ეს არ ნიშნავს, რომ რომელიღაც მღვდელი მათ არ მოუწოდებს შეწყვიტონ ძველი ცხოვრება/ მაგრამ თუ ისინი მაინც ისურვებენ განაგრძონ დიადი წარსული, საეკლესიო წიაღიდან მათ არავინ მოიშორებს. ამ ყველაფერს გულმოწყალების მოტივით ახსნიან, რასაკვირველია... და ბევრი იგავით, თუ როგორ არის მებრძოლი ეკლესია საავადმყოფო და აბა სხვა ვის უნდა მკურნალობდნენ საავადმყოფოში, თუ არა ავადმყოფებს?

ეკლესიისთვის, რომლის რამდენიმე ცნობილი ეპისკოპოსი, არქიმანდრიტი, მღვდელი თუ დიაკონი უბრალოდ გეია და ამის შესახებ მთელმა ეკლესიამ იცის, პრობლემა 17 მაისს „გარყვნილების პროპაგანდა“ არ ყოფილა. ეკლესიისთვის პრობლემა არც სიძვა და არც მრუშობაა. არც ამ დიადი ადამიანური სურვილის განხორციელება მონაზვნობის აღთქმის დარღვევის ხარჯზე. მეუფე ვახტანგ ახვლედიანი საბურთალოზე ცხოვრობს, ცოლთან ერთად გუდვილში ჩუსტებით დადის და საპატრიარქოს ეს ღრმად არ აღელვებს. ცოლი მეუფე ვახტანგმა რასაკვირველია ეპისკოპოსობაში მოიყვანა, არაოფიციალურად. ბალღიცა ჰყამს. ბალღებიც. საპატრიარქოს ეს ყველაფერი ნებიერ შეუვალობას არ უშფოთებს მაშინაც, როცა ასკეტურად ანგაჟირებული მრევლი მეუფეს ამხელს და მის მღვდლებს აღსარების საიდუმლოს გათქმის შანტაჟით, სხვისი ცოლების „ლოგინში ჩაგორებაში“ ადანაშაულებს. ეკლესიაში კი წიხლზე ჰკიდიათ ცოდვილი მეუფე ვახტანგიც და მისი ცოდვაც. იმიტომ რომ მათი ვახტანგია.

ამგვარადვე, 17 მაისს მორბენალ ახალგაზრდა ანაფორიან ლატენტურ გეებსა თუ ინტერნალიზებულ ჰომოფობებს (რომელთაგან ზოგი ძველ საყვარელს მისდევდა მოსაკლავად) სულ ცალ ფეხზე ეკიდათ მათი შვილები (რომლებიც მათ არ ჰყავთ), ღმერთი, რჯული და ხატი. მათ სძულდათ მოწინააღმდეგეები, განსხვავებულები და ისეთები, ვინც მათ საყვარელ მამებსა თუ მამამთავებს არ მოსწონთ. მამებსა და მამამთავრებს კი ჰომოსექსუალები იმიტომ კი არ ეზიზღებათ, რომ მათთან ერთად ერთ საკურთხეველში გაჩერება უჭირთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი სხვა ჰომოსექსუალები არიან. ისინი გარეწარი ჰომოსექსუალები არ არიან. აი ისეთები „თუ დაფარავ, შენს სახლში და შენს კელიებში რაც გინდა ის ქენი ძმაო“ და შემდეგ რასაკვირველია იგივეს შვებიან სახლებსა და კელიებში.

მართლმადიდებელი ეკლესია მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის სწორედ ამით ხდება. მათ არ აღელვებთ, რამდენ პორნოს უყურებ ინტერნეტში, რამდენჯერ იჩუკენებ, რამდენჯერ გაუტეხავ თანაკლასელსა თუ თანაკურსელს თავს - მათ სჭირდებათ სამშენებლო ხორცი, რომელიც კორპორაციას ძალას შემატებს.

რასაკვირველია ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ადგილი ჰქონდეს მართვად პროცესს, რომელსაც გენიალური მენეჯერები გეგმავენ. ჩვენი მღვდლები, რომელთა რაოდენობაც 20 წლის მანძილზე, 50-ჯერ გაიზარდა, უბრალოდ ქუჩიდან მოვიდნენ, ცოტაოდენი ძველქართული აითვისეს და ღმერთი განუტევეს. კორპორაცია საკუთარ თავს, საკუთარ ნაკლოვანებებს ინდულგენციებით ფარავს. გინდა ცხონდე ტესტოსტერონით გაჭყეპილო და სექსს დანატრებული ყმაწვილო? იჟიმავე, ოღონდ გიყვარდეს მამა ონოფრე, ოხროხინე და პაისი. იყავი მამაოთმავალი.

ყოველ მამაოთმავალს თავის მხრივ დაბალი თვითშეფასება აქვს. მას ასწავლიან, რომ სრულყოფილი ქრისტიანი ვერასდროს გახდება (როცა რომელიღაც ასეთს ეკითხები, არის თუ არა მორწმუნე, ის გპასუხობს, დასწავლილ დაზუთხული ფრაზით: - „ვცდილობ“), მაგრამ მათ, ვინც უკვე შეიმოსა შაავანდედი, ანუ "მამაოებს", სამსახური უნდა გაუწიონ. ეს სამსახური კი მდგომარეობს მისთვის ცუდის მკადრებელის გინებაში, ლანძღვაში, ცემაში და სულ მალე ალბათ მოკვლაშიც. რაღა დააკლდა 17 მაისს?

დიდი ხანია ვამბობ, რომ თანამედროვე ქართულ რელიგიას, რომელიც თავის თავს მართლმადიდებლობად მოიხსენიებს, სჭირდება რელიგიათმცოდნეთა ექსპერტიზა სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ეს უნიკალური, ნახევრადრელიგიური წარმონაქმნი, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად სტალინურ მართლმადიდებლობად მოიხსენიებენ, დღეს სრულებით აღარ წარმოადგენს იმას, რითაც მას განსაზღვრავდა ეკლესიის მცირე, ელიტარულ კრიტიკოსთა ჯგუფი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდებში (ჩემი უდიდესი პატივისცემა მათ). ავხსნა ყოველივე ის, რაც დღეს ეკლესიაში მრავალი მიმართულებით ვითარდება, მე არ ხელმეწიფება. მიუხედავად პროფესიული ინტერესისა და მოვალეობისა, უნდა ვაღიარო, ეს არც ერთ ცალკეულ ადამიანს არ შეუძლია.

ჩემთვის სრულიად თვალნათელია, რომ ეკლესია, რომელშიც მე ათი წლის წინ შევაბიჯე და ეკლესია, რომელიც დღეს გვაქვს, ტრანსფორმაციის უსწრაფეს გზას არის დამდგარი. მეტიც, ეკლესია, რომელიც სამი წლის წინ არსებობდა, დღეს ახალ ფორმებს პოულობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად. და რადგან მას სჭირდება რელიგიური სარჩული, უსწრაფესად ტრანსფორმირდება შიდასაეკლესიო ზნეობისა და ეთიკის ნორმები. შესაბამისად, ტრანსფორმაციას განიცდის რელიგიური მორალი. თანამედროვე ქართული რელიგიის სიმბოლო აღარ იწყება სიტყვით „მრწამს“. ის აღარ არის აღმსარებლობა და რწმენის რელიგია. ის ცვალებადი წეს-ჩვეულებების რელიგიაა.

რაც მთავარია, მათ ეფექტური გზები მონახეს ახალგაზრდობასთან სასაუბროდ. ეს აღარ არის ტექნოლოგიური პროგრესის მიმართ მტრულად განწყობილი ეკლესია, რომელიც რამდენიმე წლის წინ კომპიუტერის მოხმარებას არაოფიციალურად კრძალავდა. ეს არის ეკლესია, რომელიც კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლეში ახალგაზრდებს მოუწოდებს სოციალურ ქსელებში კორპორაციის პოზიციების დაიცვან. სრულიად ნათელია, რომ ქართული ფსევდომართლმადიდებლობის სახით, თანამედოვე ქართულ სახელმწიფოში გვაქვს უნიკალური იდეოლოგიური მართვის იარაღი, რომელიც ადვილად ვითარდება ძალიან საშიშ, ფეთქებად ფაქტორად. და თუ გავითვალისწინებთ კრემლის დიდ ალღოსა და კათალიკოს-პატრიარქის რევერანსებს „ბრძენი პუტინის“ მიმართ, ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება პოლიტიკური კლასი, მათ შესაჩერებლად და საზოგადოებრივი ფრონტი, რომელსაც აღარ მოერიდება თქვას, რომ ებრძვის ამ სრულიად მახინჯ, მკრეხელურ და ქრისტიანობის შემრყვნელ, ფაშისტურ ინსტიტუციას.

კომენტარები