პირთა წკვარამი

Красный факел не погас,
– Хунвэйбины среди нас.
„ლიაპის ტრუბეცკოი", ბელარუსული პანკჯგუფი

...ქართულ ენას (და ალბათ, ყველა ენას) აქვს როგორც სტანდარტული, ისე ამოუცნობი შესაძლებლობები; მაგალითად, სიტყვა „ქათამი" შეიძლება აღნიშნავდეს შინაურ ფრინველს (საღსალამათსაც და შემწვარსაც), ქერქეტა ქალს და პასიურ ჰომოსექსუალ მამაკაცს. ამასთან, ეს უკანასკნელი მნიშვნელობა შედარებით ახალი „გაპრავებულია" ენაში. ჩემი დაკვირვებით, სიტყვის ამ გაგებას ამკვიდრებს დეკემბრის ამნისტიის შედეგად „პოლიტპატიმრების" ციხიდან გამოსული პარტია, რომელიც კრიმინალურ ჟარგონს სადაგი მეტყველების ნაწილად აქცევს.

„შე ქათამო!" – ერთ-ერთი იყო ჩემდამი მომართულ იმ შეძახილთაგან, რომელიც გამოვარჩიე 20 სექტემბრის საღამოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ. „შენ ხარ განათლებული და დახვეწილი ნაძირალა" – მომესმა ესეც და გამახსენდა, რომ „შე ნაძირალა" რაღაცნაირი, პიკანტური სიყვარულით გაჯერებულ მიმართვად ითვლებოდა სტუდენტებს შორის თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ჟურნალისტების არაერთი თაობის აღმზრდელის, ღვაწლმოსილი ნუგზარ ფოფხაძის დეკანობისას.

ცხადია, ჩვენი მიზანი არაა ინვექტივურ ლექსიკაში ზოოვოკატივებისა და სექსუალური ელემენტების ძიება. არანაკლებ საინტერესონი არიან ელემენტები, რომლებიც მათ საჯაროდ, მკაფიოდ და ხმამაღლა წარმოთქვამენ, სხვადასხვა კონკრეტული ადამიანების მისამართით.

რა სურთ „პოლიტპატიმრებს", როცა ასე იქცევიან? ალბათ, სურთ ხორცი შეასხან ძველ საბჭოთა ლოზუნგს „მოღალატის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს": ვისაც თათხავენ, შეშინდეს, თავი ჩაღუნოს, დაირცხვინოს, სინდისმა დაჰქენჯნოს და ხალხს აღარ დაენახოს. და მეორე – შეშინდნენ სხვები „პოლიტპატიმართა" წინაშე. მსუბუქი ტერორიც იმავე მიზნებს ისახავს, რასაც კონვენციური ტერორი: მსხვერპლი/მძევალი/საჯარო ლანძღვა-გინების ობიექტი უწინარესად საშუალებაა შიშის, გავლენისა თუ ძალაუფლების გასავრცობად.

არაა საჭირო, მაინცდამაინც „პოლიტპატიმრებისა" და კომპანიის მიმართვათა ადრესატი ან ადრესატის თანამოაზრე იყო, რათა არათუ მათთან გაიგივების სურვილი არ გაგიჩნდეს, არამედ ადეკვატურად შეაფასო სამოქალაქო სოლიდარობის ეგიდას ამოფარებული ამ კრებულის ქმედება; არ თანაუგრძნო მათ, არ მოგეწონოს ფუნის ტყორცნა შუა ქალაქში, არ აღფრთოვანდე სრულიად გროტესკული პერსონაჟების ქცევა-მეტყველებით, არ გაისულელო თავი იმდენად, რომ მსგავს „პერფორმანსებს" მხოლოდ ესთეტიკური კუთხით შეხედო. გული აგერიოს მოკავშირეებად ქცეული უბირი კინტოებისა და წაინტელექტუალო ფრანტების პოზებსა და ისტერიაზე. კარგად იცოდე, რომ შეგრცხვება სწორედ მაშინ, როცა მათ დაუთმობ ან შეგეშინდება. დღეს ლექის აღზევების მიუხედავად, თუნდ მხოლოდ სიტყვიერი ძალადობა შეუძლებელია საბოლოოდ იქცეს საყოველთაო ნორმად, რადგან საკუთარ თავში აქტიური მოძალადის მპოვნელს გადააჭარბებენ ადამიანები, ვისაც მოძალადისგან გამიჯვნა და დაცულობა მოუნდება. ოღონდ ეს „საბოლოოდ" როდის იქნება – აღარ ვიცი.

მანამდე კი, ამ მოკლე დროში რას ვუყურებთ: მოძალადეებს ფართოდ უღებენ კარს საზოგადოებრივ მაუწყებელში; მათ ხვდებიან კაბინეტებში, უსმენენ და აღუთქვამენ, რომ შეუსრულებენ დანაპირებს, გაითვალისწინებენ მათ სურვილებს, რომ არა ვთქვათ, მითითებებს. განუმარტავი, დაუსაბუთებელი მიკერძოების მოტივით ჟურნალისტებს გადაცემებს უუქმებს ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ არ გაუშვებს ეთერში ხელისუფლების კრიტიკის შემცველ პოლიტიკურ რეკლამას (თან ამ რეკლამის გაშვებას კანონი ავალდებულებს).

...20 სექტემბერს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელში, არ ვიცი, რამდენი ფართოდ დაღებული პირი ტკბილ სიტყვებს დამძახოდა, უცებ მივხვდი, რომ დაკვირვების მიუხედავად, ვერ ვხედავდი და ვერ ვარჩევდი ადამიანებს. კი, საღამო იყო, ფოიეშიც მქრქალი ნათება, მაგრამ სახეთა ნაცვლად რატომღაც აღვიქვამდი მხოლოდ ბნელ ხახებს, რომლებიც სიტყვიერ ცეცხლსა და წუნწუბას მაწვიმებდნენ. მთელი ეს გრგვინვა უცებ ჩაცხრა და მოვიდა შეკითხვა: რით განსხვავდებოდნენ ეს პირები იმ პირებისაგან, რომლებიც გველაპარაკებიან საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, თავისუფლად სუნთქვაზე, ეკონომიკური აღმავლობის შეუქცევად დაწყებაზე და ინვესტიციების მოსალოდნელ ბუმზე?

ბევრი არაფრით. ეს პირებიც და ის პირებიც საქართველოს ხელისუფლებისაა. უბრალოდ, ისინი სხვადასხვა ადგილზე აქვს.

კომენტარები