ვირჩევთ საუკეთესოს...

ლამაზი ვარ, ჭკვიანი ვარ, ძლიერი ვარ, კეთილი ვარ და ეს ყველაფერი მე აღმოვაჩინე.
სტანისლავ ეჟი ლეცი

მე ისეთი კარგი ვარ, გული თვითონ მიჩუყდება.
ქართული სიმღერა

„ომი იყო, ომში ვიბრძოდი, სიკვდილსაც ბევრჯერ გადავურჩი, გაყინული პენსიები დავუბრუნე ხალხს, ბევრი თქვენგანის ოჯახში ცრემლიც დაღვრილა, როცა მკლავდნენ"... „მოკრძალებით" შეგვახსენებს კობა დავითაშვილი და გვთხოვს უფლებას, ჩვენთან ერთად იცოცხლოს, იბრძოლოს და გაიმარჯვოს.

ბატონ კობას, არც მავანი სერგო ჯავახაძე ჩამორჩება და აცხადებს, რომ ეს თანამდებობა იმისთვის სჭირდება, რომ ოჯახზე იზრუნოს (მისი ოჯახი, როგორც თვითონ აცხადებს, ჩვენ ვართ – ქართველი ხალხი).

მავდროულად, ოჯახის უფროსის გულწრფელობით, გვანდობს თავის ძლიერ მხარესაც – სუფთა პოლიტიკური წარსული (საინტერესოა, რომელი პოლიტიკოსის რეინკარნაციად მიიჩნევს თავს ბ-ნი სერგო).

ამხანაგი გ. თარგამაძე, როგორც ყოველთვის, თანმიმდევრულია ღმერთის სიყვარულში, ასევე აცხადებს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ბოროტებაა და უნდა ვებრძოლოთ (შეგახსენებთ, რომ ქართული კანონმდებლობა ერთსქესიანთა ქორწინებას საერთოდ არ ცნობს). თუმცა ამხ. თარგამაძეს სიახლეც აქვს ამომრჩეველთათვის – ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ჰესები, – დასძენს ის.

ყველასაგან გამორჩეული შემთხვევაა სახალხო პარტიის წინასაარჩევნო კლიპი, აქ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რას ლაპარაკობენ მონაწილეები, მთავარი კადრია... ვფიქრობ, მონაწილეებიც და კლიპის რეჟისორიც, სიღრმისეულად იცნობენ ემირ კუსტურიცას შემოქმედებას, შესაბამისად, პროდუქტიც ისეთია, რომ დიდი რეჟისორიც უყოყმანოდ მოაწერდა ხელს.

ქალბატონი ნინო, როგორც ჩანს, „ივიწყებს წარსულს" და დამაჯერებლად აცხადებს, რომ „დღეს ის არ არის, რაც ადრე იყო"... უფრო მეტიც, ამჯერად, საყოველთაო თანასწორობას გვპირდება ყველას (ამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, ვინაიდან მათი რევანშის საფრთხეს ქ-ნი ნინო ასევე შეგვახსენებს).

რაც შეეხება ლიდერებს (ჩემი აზრით, ლიდერებს), გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კლიპი სპეციფიკურია, წინასაარჩევნო სიბრძნე აქ, ძირითადად, ჰანგებით გადმოიცემა და, როგორც ჩანს, ავტორები ფიქრობენ, რომ სიტყვას მოსდევს ფიქრი, რაც სრულიად ზედმეტია მაშინ, როცა საქმე არჩევნებში (თან პირველ ტურში) გამარჯვებას შეეხება.

თუმცა, ბატონი გიორგის კლიპში მაინც არის ერთი საყურადღებო წინადადება – ერთად გავაგრძელოთ წინსვლა... სამწუხაროდ, კლიპიდან კარგად არ ირკვევა, რომელი წინსვლის გაგრძელებაზეა საუბარი, იმაზე, რაც ქვეყანამ განიცადა „სკანდალურ" ცხრა წელიწადში, თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე.

ვფიქრობ, ეს ბუნდოვანება შეგნებულად დატოვა კლიპის ავტორმა, აბსოლუტურად მართებულად, სხვათა შორის...

დავით ბაქრაძის კლიპი სწორადაა აგებული, ზომიერადაც – დასავლური საგარეო პოლიტიკა, პირადი (გადამოწმებადი) გამოცდილება, NATO-სთან და ევროკავშირთან დაახლოება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მთავრობის ერთობლივი კონტროლი, გამჭვირვალობა, რაღაცნაირი კონკრეტიკა... მემარცხენე იდეები, გასაგები დოზით... მოკლედ, ეს-ესაა ფიქრობ, რომ რაღაც გაიგე... ძახილის ნიშანივით წელში გაიმართე...

მაგრამ... სიუჟეტი გრძელდება: „დავით ბაქრაძე, მთელი ცხოვრება, პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას"...

დაჩაჩანაკების შემდეგ ძახილის ნიშანი კითხვის ნიშნად გადაიქცა, – თქვა სტანისლავ ეჟი ლეცმა...

კომენტარები