WINTER IS COMING…

ზამთარი მოდის... ჩრდილოეთში კი უდიდესი ბოროტება მძვინვარებს... ბოროტება, რომელსაც ყველაფრის განადგურება შეუძლია და ყველას, ვინც ამ ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის, ჩადენილი დანაშაული მიეტევება...

ეს თანამედროვე საქართველოს რეალობა არ არის, მას არსებული რეალობისაგან მხოლოდ ბოლო კომპონენტი განასხვავებს...

ეს, ამერიკელი მწერლის ჯორჯ მარტინის გახმაურებული ბესტსელერის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" (A Song of Ice and Fire) და ამავე წიგნის საფუძველზე შექმნილი პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების" (Game of Thrones ) სცენარია.

ვისაც ამ ნაწარმოების თუნდაც ერთი სერია უნახავს, იცის, რომ იგი ძალაუფლებისათვის და სამეფო ტახტისათვის ბრძოლას ეხება, ბრძოლას ნებისმიერი მეთოდებით...

ნაწარმოებში დაახლოებით იმ სიხშირით გვხვდება პოლიტიკურ მეტოქეთათვის სასტიკი სასიკვდილო განაჩენის გამოტანა/აღსრულება (ფორმების ჩამოთვლა, მათი მრავალფეროვნების გამო, შორს წაგვიყვანს), რა სიხშირითაც საქართველოში დაკითხვებზე იბარებენ პოლიტიკურ ოპონენტებს...

არა, პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდების პარალელის გავლებას არ ვაპირებ, ვფიქრობ, ეს ნაკლებად იქნება ადეკვატური...

პირიქით, პარალელების არგავლების პრობლემაზე მინდა საუბარი...

მიუხედავად იმისა, რომ სტარკების, ბარათეონების, ლანისტერების თუ ტარგარიანების გვარები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომებში არიან ჩაბმული, მათ ერთი რამე ზუსტად იციან – ჩრდილოეთიდან ისეთი ბოროტება მოდის, რომელიც ყველა გვარს თუ ყველა სამეფოს განადგურებას უქადის და ეს ჭეშმარიტება არა მხოლოდ გვარის გამორჩეულმა წარმომადგენლებმა, არამედ ყველაზე შემარცხვენელმა წევრებმაც იციან...

ყველა სამეფო ერთობლივი ძალებით ცდილობს, დაიცვას ჩრდილოეთის კედელი, რომელიც საერთო ძალებით ააგეს ბოროტების შესაჩერებლად (ვფიქრობ, აქ კავკასიონის ქედის გახსენება არ იქნებოდა ურიგო)...

ჩრდილოეთის კედლის დაცვა, ერთგვარი მონანიებაა... პასუხისმგებლობაა არასწორი ცხოვრებისთვის (ალბათ, ბოროტებაც წარსული/წინაპრების შეცდომებისაგან დაიბადა), ყველას აქვს უფლება მოინანიოს და ყველა მეფე ვალდებულია, მისცეს მონანიების შანსი...

ჩრდილოეთიდან მომავალი ბოროტების იდეა ამერიკელი კაცის გონებაში დაიბადა, და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის შინაგანად, პრაქტიკულად უცხოა ჩრდილოეთიდან მომავალი ბოროტების არსი, მის მიერ არ დაიხარჯა ერთი დადებითი სიტყვაც კი, ამ ბოროტების შინაარსის დახასიათების დროს.

ნაწარმოების არცერთი პერსონაჟი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოროტება თვალით არ უნახავს, არასოდეს შეაფასებს დადებითად ბოროტების მეთაურის მზაობას რომელიმე სამეფოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, არ საუბრობს, რომ მათ სამეფოში არსებობს კეთილგანწყობა ბოროტების მიმართ...

არ იყენებს ბოროტების რესურსს საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად... არ არის მომეტებულად პოლიტკორექტული ზემოაღნიშნულ ბოროტებაზე საუბრის დროს...

ვიცი, ბევრი შემედავება, რომ ჩვენგან ჩრდილოეთით კარგი ხალხიც ცხოვრობს. იმ კედლის მიღმაც ცხოვრობს პატიოსანი ხალხი, მაგრამ ისინი ან ებრძვიან ან გაურბიან ბოროტებას, ხოლო ვინც მასთან თანამშრომლობს საკუთარი ნებით, მსხვერპლად ახალშობილ შვილებს სწირავს, ინცესტის შედეგად დაბადებულ შვილებს.

ბევრი იმასაც მეტყვის, რომ შედარება უტრირებულია, რასაკვირველია, ასეა (ბოლოს და ბოლოს, ადგილობრივი ბარათეონის პოზიცია, ამ საკითხში, პრინციპულად განსხვავდება ორიგინალისგან), მაგრამ „თამაშის" მონაწილეები ხომ უცვლელნი არიან...

P.S. ტექსტის გაგებისთვის აუცილებელია საქართველოს, არანაკლებ, 200-250 წლის ისტორიის ცოდნა და ზემოთქმული ნაწარმოების (ტექსტური ან ეკრანიზებული ვერსიის) გაცნობა.

კომენტარები