უცხოელი ინვესტორი – მტერი თუ მოყვარე?!

0 კომენტარი

ბოლო დროს როგორც მედიით, ისე სოციალურ ქსელებითა თუ პირადი საუბრებისას ხშირად ვისმენ და ალბათ თქვენც, მოსაზრებას – უცხოელი ინვესტორი ღმერთი ხომ არ არის, რომ მისი ყველა სურვილი და კაპრიზი დავაკმაყოფილოთო. რა თქმა უნდა, არ არის. თავად საკითხის ამგვარი დასმაც – ინვესტორი მტერია თუ მოყვარე, ღმერთია თუ ეშმაკი, თავშივე არასწორია. იგი არც მტერია და არც მოყვარე, არც ღმერთი და არც ეშმაკი.

ინვესტორი პრაგმატულად მოაზროვნე (ხანდახან ზედმეტადაც კი), კონკრეტულ შედეგზე, სარგებლის და მოგების მიღებაზე ორიენტირებული პირი ან პირთა ჯგუფია. რომელიც, რისკს წევს აბანდებს რა საკუთარ კაპიტალს ამა თუ იმ ქვეყანაში და ამა თუ იმ პროექტში და ბუნებრივია, მისი უმთავრესი მიზანი მოგების მიღებაა.

სახელმწიფოსთვის ინვესტორი საშუალებაა კონკრეტული სახელმწიფო ინტერესის სარეალიზაციოდ – ქვეყანაში მაქსიმალურად სწრაფად განვითარდეს ეკონომიკა, ბიზნესი, დაინერგოს მაღალი ტექნოლოგიები, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი. ეს ძირითადად ბიზნესის ისეთ დარგებს და მიმართულებებს ეხება, რომლებიც მარალი კაპიტალტევადობით ხასიათდება და თავად სახელმწიფო რესურსი, ან ქვეყნის შიდა საინვესტიციო შესაძლებლობები არ არის საკმარისი აღნიშნულის სარეალიზაციოდ. მაგალითად, ენერგეტიკა, ჰიდრო და თბოელექტროსადგურები, მაგისტრალური გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.

ცოტა უცნაურია, რატომ აქვს საზოგადოების ნაწილს გადაჭარბებული მოლოდინები და მცდარი სტერეოტიპები, რომ ინვესტორისთვის რატომღაც ისეთივე ძვირფასი და მშობლიური უნდა იყოს ჩვენი „სალი კლდეები" და ის ფასეულობები, რაც ჩვენს ქვეყანას ან თითოეულ ჩვენგანს უკავშირდება. და რომ ინვესტორი, თურმე იმაზე ფიქრით და დარდით უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს, როგორ განვითარდება და რა მდგომარეობაში იქნება ის, სადაც ჩვენ „მამა–პაპა გვეგულვის". არა, რა თქმა უნდა არა. ეს სალი კლდეებიც, და ის მიწაც, სადაც მამა–პაპა გვეგულვის და ისარიც გვისროლია ოდესღაც, ჩვენი ზრუნვის და ჩვენი ფიქრის საგანი უნდა იყოს. და ამას ინვესტორს ნუ მოვთხოვთ.

რაც შეეხება მტრობას და მოყვრობას – უცხოელი ინვესტორი მტერი იქნება თუ მოყვარე, ამას თავად ჩვენი, სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა განსაზღვრავს. რამდენად ეფექტურად, რამდენად რაციონალურად გამოიყენებს ხელისუფლება იმ შესაძლებლობას და პოტენციალს, რაც ყოველ კონკრეტულ საინვესტიციო ქეისს შეიძლება გააჩნდეს, თავად ხელისუფლებისა და მთელი საზოგადოების გონიერებაზეა დამოკიდებული. ანუ, რამდენად შევძლბთ ჩვენი და უცხოელი ინვესტორის ინტერესების თანხვედრასა და ინტერესთაშორისი „ოქროს შუალედის" პოვნას.

ასე რომ, ჩვენ, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად შეგვიძლია ინვესტორისგან შევქმნათ როგორც მტერი, ისე მოყვარე. ეს ჩვენზე და ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები