თეატრი ცხადში

0 კომენტარი

ქართული თეატრის მდგომარეობა ისეთი მძიმეც არ არის, როგორც „საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" 14 იანვარი, ანუ ქართული თეატრის დღე აღნიშნა. ასეთი ტიპის ღონისძიებებს თეატრთან პროფესიულად დაკავშირებული ადამიანები ესწრებიან და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ათასობით ლარით მოწყობილ მოსაწყენ საღამოებში ხარჯვით გამოწვეულ სიბრაზეს ერთმანეთის ნახვით იკლავენ. მერამდენე წელია ვუყურებ(თ), როგორ სულ უფრო და უფრო ნაკლებად მონაწილეობს „საქართველოს თეატრალური საზოგადოება" (პირველი თავმჯდომარე რომ ილია ჭავჭავაძე იყო, ახლა კი გოგი ქავთარაძეა!) თეატრალური პროცესების განვითარებაში და თავს, ძირითადად, მხოლოდ შემოქმედებითი ან ხსოვნის საღამოებით გვახსენებს. სამაგიეროდ, ხშირად გვესმის მისი ხელმძღვანელებისა და ცალკეული წევრების სახელები, რომელთა ცხოვრებაში თეატრი პარლამენტმა ჩაანაცვლა. სწორედ თეატრალიზებულ რეალობაზე მინდა გითხრათ.

თანამედროვე ქართული პროფესიული დადგმები, უპირველესად, აქტუალობისა და დამაჯერებლობის ხარისხით ჩამორჩება „წარმოდგენებს", ცხადში რომ იმართება. რომელი ერთიც არ უნდა დაგისახელოთ და გაგახსენოთ, სიუჟეტი ყველგან იმდენად მოულოდნელად ვითარდება, რომ დრამატურგს შეშურდება. პოლიტიკოსები თუ სასულიერო წრის წარმომადგენლები ისეთ კომიკურ სიტუაციებში აღმოჩნდებიან ხოლმე, რომ უმალ პერსონაჟებად აღიქმებიან და მათი საქციელისადმი (ტელე)მაყურებლის ინტერესიც იზრდება. და ეს მაშინ, როცა თანამედროვე თეატრი სწორედ მაყურებლის ნაკლებობას უჩივის.

რეალობაში „გათამაშებული" სცენაზე დადგმულს ჟანრთა მრავალფეროვნებითაც სჯაბნის. გროტესკულთან ერთად, განა რომელიმე თეატრში გინახავთ ერთდროულად დოკუმენტური და ტრაგი-ფარსულ-ფანტასმაგორიული „სპექტაკლები"?! საჭირო აღარ არის წარმოსახვა, რადგან ყველაზე წარმოუდგენელი სწორედ ცხადში ხდება, თვალების მაგრად დახუჭვის გარეშე. ასეთ დროს, როგორ გინდა შეებრძოლო ერთ დიდ წარმოდგენად გადაქცეულ რეალობას?!

თანამედროვე ქართულ თეატრში გათამაშებულ რომელ წარმოდგენას შეუძლია გაჩვენოთ ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა გან(უ)ვითარებ(ლობ)ის დონე ისე მძაფრად და გროტესკულად, როგორც, მაგალითად, სოციალურ ქსელს, რომლის ქართველ მომხმარებლებს არ ერიდებათ გვამცნონ: In Sameba, with Mama Daviti ან In Samtavro, with Mama Gabrieli. ამ ორიდან, კიდევ კარგი, რომ მხოლოდ მამა დავითის „დათაგვას" ახერხებენ, თუმცა, ვინ იცის, იქნებ მხოლოდ ჯერჯერობით...

რეალობის ყველაზე კომიკური ფრაგმენტები საზოგადოების გაუკუღმართებულ რელიგიურობას უკავშირდება. ამის მაგალითია ერთ-ერთი მომღერლის მიერ გოზინაყის მომზადებისთვის საჭირო ნიგოზის კურთხევის შემთხვევა, უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის კი თბილისში „გამოფენილი" აბრები გავიხსენოთ: „სამარხვო შაურმა", „სამარხვო აჭარული ხაჭაპური" და ა.შ.

საზოგადოების „ჩართულობის" და სიუჟეტის განვითარებით დაინტერესების ხარისხით, ცხადში გათამაშებული ისტორიებიდან ყველაზე პოპულარულია „დედა პარასკევას ხილვა", რომელიც თავისი ინტერაქტიული ხასიათითაც გამოირჩევა, რადგან მასში ათასობით ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გამოცხადების თანახმად, დედამ იხილა ბერი გაბრიელი, რომელმაც ამცნო, რომ ორი სურვილი შეუსრულდებოდა ყველას, ვინც შობამდე მის საფლავთან ან მისი სახელობის მონასტერში მივიდოდა. ზემოთ აღნიშნულმა დედამ მოგვიანებით ეს უარყო, მაგრამ დაიგვიანა – დანიშნულების ორივე ადგილი ხალხის ნაკადს ვეღარ იტევდა...

ვიდრე გვექნება თეატრი, რომელიც აისხლეტს ყველაზე მტკივნეულს და აქტუალურს, არ დაგვაინტერესებს ფორმათა მრავალფეროვნებით, სათქმელის სიმწვავით, შემსრულებელთა ოსტატობითა და დამაჯერებლობით, მაყურებელს კვლავ ცხადში გათამაშებული გაიტაცებს. თანამედროვე საზოგადოების მიერ შექმნილი რეალობა იმდენად პარადოქსულია, უფრო ხატოვნად რომ ვთქვათ – ფანტასმაგორიული, რომ სოციალური ქსელის თუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, კონკურენციას უწევს თეატრს, რომელიც თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, გამომსახველობითი ხერხებით და შემოქმედებითი შესაძლებლობებით ხშირად აცდენილია დროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ.

ცხოვრება თუ სიზმარია, ცხადი დაუსრულებელი წარმოდგენა გამოდის, რომელსაც თეატრში უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება, თუ პარლამენტში ან მონასტერში, ხელოვანებზეც არის დამოკიდებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები