რატომ უნდა გაიმართოს 17 მაისს აქცია, იმავე ადგილას

0 კომენტარი

ამ ბლოგპოსტის დაწერა ირაკლი ვაჭარაძის ლიბერალში გამოქვეყნებულმა სტატიამ გადამაწყვეტინა. მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა, როგორც ვაჭარაძის, ისე იდენტობას საქმიანობის მიმართ, მსურს რამდენიმე პუნქტი შემოგთავაზოთ იმაში გასარკვევად, თუ რატომ მიმაჩნია ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღნდეგ ბრძოლის დღეს, ორკთა ბანაკისთვის სახეში სილის არტყმა, საშვილიშვილო აუცილებლობად.

 

პირველ რიგში - გარდაუვალის შესახებ

გეი ლიტურღია შედგება. გარდა იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის აქტიური მემბრანისთვის მზერა ჩემი პროფესიული ვალია, დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ მორდორის თავზე ღრუბლები იკრიბება და ორკები თავდასხმისთვის ემზადებიან. მაღალი ალბათობითა და მომეტებული დამაჯერებლობით მსურს დაგარწმუნოთ, რომ ბნელი ძალა ჰომოფობიის წინააღმდეგ დაწესებულ დღეს, სიძულვილისა და ძალადობის აღლუმად აქცევს. 17 მაისს საყოველთაო მემორანდუმიც რომ გავაფორმოთ ყველა ”ლიბერასტმა” ქუჩაში გაუსვლელობის შესახებ და ხბოს ტყავზე დაწერილ ბიბლიაზე ფიცი დავდოთ, რომ ტუალეტში ჩავიკეტებით და გარეთ არ გავალთ, ზომბების რუსთაველზე გამოფენა გარდაუვალია.

საფრთხე და რისკი დადგება მიუხედავად იმისა, გავა თუ არა იდენტობა ქუჩაში. გავა თუ არა რომელიმე არასამთავრობო თბილისის ცენტრალურ მოედანზე. ორკებს ღრმად სჯერათ, რომ ამა და ამ დღეს, სადღაც რუსთაველზე ჩნდებიან პიდარასტები და ისინი უნდა განადგურდნენ. თუ ვერ იპოვიან საკბილოს, დაიწყება ის, რაც უკვე მოხდა. შენიშნავენ რომელიმე ფერად ბიჭს, ან ”ბიჭური გარეგნობის” გოგოს და დაკბენენ. თუ ვერც ისინი იპოვნეს, მიადგებიან იდენტობას და ყველა იმ შენობას, სადაც ლიბერასტები ეგულებათ.

მე იმ ოჯახიდან ვარ, სადაც ნადირობა უყვარდათ. როცა რამდენიმე საათის ხეტიალის შემდეგ მამაჩემი ნადავლს ვერ პოულობდა, ჩიტების ბუდეებს ჩამოუვლიდა ხოლმე. რატომ? იმიტომ რომ არავის სურს ხელცარიელი დაბრუნდეს შინ. თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ეყოფათ ბაქიბუქი, რომ აქციის ჩატარებას ხელი შეუშალეს? არა, მათ ნანადირევი ჯიხვის რქა სჭირდებათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არავის აჩუქებს უსაფრთხო 17 მაისს. საპატრიარქო კათედრაც რომ დაქვრივდეს, მოსკოვი ამის უფლებას წითელ ანაფორიანებს არ მისცემს. ისღა აკლია შიოლას, ქარის წისქვილებს ებრძოლოს - მან ზუსტად იცის, რატომ გამოუყო ჰომოსექსუალთა სიძულვილს, საშობაო ეპისტოლეს ვრცელი ნაწილი.

ფიქრნი ამაონი უნდა წარხდნენ, ჩვენ უნდა გავფრთხილდეთ და შევიარაღდეთ.

მერმე და მერმე მშვიდობით - სისუსტის ძალაუფლების შესახებ

მოწმეა ცაში ღმერთი და მიწაზე ბიძინა, რომ ნებისმიერი უკან დახევა სისუსტეა. საქართველოს საპატრიარქოში ინტელექტუალური რეფლექსიების არ სჯერათ, ისინი პატივს სცემენ მხოლოდ შეუვალ ადამიანებს. თუ ვინმე აპირებს მომავალში ამ ანტიმართლმადიდებლური რელიგიური ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლას, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით გავნადგურდებით.

17 მაისი დიდი ხანია აღარ არის ლგბტ უფლებების დაცვის დღე - ის გამოხატვის თავისუფლების დაცვის დღეა. ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ძალის დემონსტრირებას ცდილობენ არა მხოლოდ მავნებლები. ამ ასპარეზზე სუსტებმა უნდა აჩვენონ საკუთარი შეუვალობა, მათი მოტივების სერიოზულობა. თუ მზად არ ხარ ცხვირი გაიტეხო თავისუფლებისთვის, მას არ იმსახურებ. და თუ თავისუფლებას არ იმსახურებ, მაგრამ მაინც გსურს ის გქონდეს, მინიმუმ ალტერნატივებზე უნდა იფიქრო. ამდენად, კითხვა ასე უნდა დაისვას - ისინი ჩვენ მაინც მოგვაკითხავენ, რას ვაპირებთ, რომ ცხვირიც გვქონდეს და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების სასტარტო პოზიციაც?

დიახ, სახელმწიფო მიგვატოვებს, მიგვატოვებს მედია, მიგვატოვებს ყველა, მათ შორის სხვა უმცირესობებიც, სახალხო დამცველიც და ვისაც არ დაეზარება ან დაეზარება.

კრემლი და ასოცირების ხელშეკრულება

როცა კრემლს სურს არეულობის მოწყობა, მას არ სჭირდება ლიბერალების მხარდაჭერა. მას სჭირდება თავდამსხმელი, - რომელიც ყავს და მსხვერპლი, - რომელსაც ადვილად იპოვნის.

ჩვენ კი გვჭირდება ცოდნა, რომ რუსეთის ადგილობრივი მეხუთე კოლონის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა. არავის ისე არ დაარტყამს პრორუსული კურსი გვერდებში, როგორც ლგბტ თემს. არგუმენტი, რომ თავისუფლებისთვის ხელის განძრევა კრემლის წისქვილზე წყლის დასხმაა, ისტორიამ უკუაგდო. დიახ, მაიდანმა აიძულა პუტინი ყირიმში შეჭრილიყო. დრო რომ უკან დავაბრუნოთ, უკრაინელებს სახლში წასვლა უნდა ვურჩიოთ? იანუკოვიჩს ჰქონდა მხარდაჭერა, მაგრამ აქტიურმა ადამიანებმა, ”მარგინალებმა” და ”პიდარასტებმა” ის გადააყენეს. ჩვენ ვერ შევედრებით უკრაინელთა გამბედაობას, მაგრამ გაგზავნო სიგნალი, რომ ტრაკი კი არა, კუდუსუნის გაგრძელება გაქვს - ნიშნავს წიხლი ურტყა სწორედ იმ წისქვილს, რომელზეც რუსეთი მუშაობს.

შიში, ტყვნა და შიმშილი

შიში ოხერია, მეც მეშინია, ყველა ნორმალურს ეშინია. მაგრამ ჩვენ ვიზომებით მისი გადალახვის გადალახვით, სტრატეგიის შემუშავების უნარითა და მოქნილობით.

არ იქნება 17 მაისს სამოქალაქო საზოგადოების განაცხადი, რომ ისინი ვერ შეეგუებიან დათმონ გამოხატვის თავისუფლება? ყოველი ასეთი სისუსტის დემონსტრირებისას ჩვენ საკუთარ კუბოს ლურსმანს დავაჭედებთ.

ამ ბრძოლაში იდენტობა ბევრჯერ მიატოვეს მარტო. ირაკლი ვაჭარაძეს საკმარისი საფუძველი აქვს აქტიური ბრძოლა დატოვოს და შუბლით არ შეასკდეს ორკთა ბანაკს. ვერავის მოვთხოვთ იყოს გმირი, აფრიალოს დროშა და არ შეშინდეს. შიში სამარცხვინო არ არის.

მაგრამ არის მომენტები, ის დამღუპველია.

რას გავაკეთებ მე? იმას, რასაც ყოველ ოთხშაბათს ვაკეთებ - მოუკლებლივ ვილაპარაკებ.

„Hier stehe ich. Gott helfe mir. Ich kann nicht anders“.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები